ევროპელ ტურისტებს პოსტკონფლიქტურ, უცნობ ქვეყნებში მოგზაურობა იზიდავს
ევროპელი ტურისტები უპირატესობას აქტიურ სანახაობებს ანიჭებენ, ღირშესანიშნაობების მხოლოდ დათვალიერებით არ კმაყოფილდებიან, სურთ, რომ თავად იყვნენ ჩართული აქტივობებსა და ამა თუ იმ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„საქართველოში დიდი განძი გვაქვს, ოქროს ზოდები ყრია, მხოლოდ მტვრის გადაწმენდა სჭირდება და გამოჩნდება, რომ ეს ოქროა“, - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უნიკალური პოტენციალი აქვს, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა გახდეს.
„ასათვისებელი ბევრია, ახლა ვიყენებთ საქართველოს პოტენციალის მაქსიმუმ 10%-ს, ფიზიკურად მეტს ვერ ვახერხებთ. ბალნეოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ქვეყანა ვართ. მთელ მსოფლიოში 12 სახის სამკურნალო წყალი არსებობს, საქართველოში კი - ამ ერთ პატარა ქვეყანაში 9 სახეობის სამკურნალო წყალია. ბალნეოლოგიური ტურიზმის თვალსაზრისით შეგვიძლია, გავხდეთ ერთ-ერთი მეგაქვეყანა მსოფლიოში. სამედიცინო ტურიზმს უდიდესი პოტენციალი აქვს საქართველოში. ბორჯომში, წყალტუბოში, საირმეში, ნუნისში არსებული ინფრასტურქუტირის ფარგლებში ამ ეტაპზე ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. წარმოიდგინეთ ადამიანის მენტალიტეტი, როცა საქმე ეხება ჯანმრთელობას, ბოლო კაპიკი, შეიძლება, დახარჯოს, რომ კარგად იყოს, ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქართველოში სწორედ სამედიცინო ტურიზმი იქნება,“ - ამბობსშალვა ალავერდაშვილი.
როგორ უნდა მოიზიდონ განვითარებადმა ქვეყნებმა ევროპელი ტურისტები? - ამ თემაზე ჰოლანდიურმა კვლევითმა ინსტიტუტმა CBI-მ კვლევა ჩაატარა და შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა. ერთ-ერთი მთავარი, რაც განვითარებად ქვეყანას ევროპელებისთვის მიმზიდველს ხდის, უნიკალური და არატრადიციული სანახაობებია. კვლევის თანახმად, განვითარებად ქვეყნებს ის განსაკუთრებული კულტურული და ბუნებრივი რესურსი აქვთ, რაც ევროპელ მოგზაურებს ყველაზე მეტად იზიდავთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ტურისტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მათ ძირითადად, საერთო ინტერესები და მოთხოვნები აქვთ; კვლევაში ვკითხულობთ, რომ ევროპელ ტურისტებს სურთ, რაც შეიძლება მეტი იმოგზაურონ და ამ მოგზაურობის შედეგად მეტი განათლება მიიღონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა შესახებ, ძალიან უყვართ გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება სოციალურ ქსელებში. ევროპელი ტურისტები შემოსავლების ძალიან დიდ ნაწილს მოგზაურობაში ხარჯავენ, ყოველთვის ეძებენ ინტერაქციას, სურთ იყვნენ ჩართული სხვადასხვა კომბინირებულ აქტივობებში, მაგალითად, მოსწონთ კრეატიული ტურიზმი, კულინარიული და ეკოტურიზმი.
ამავე კვლევაში წერია, რომ თანამედროვე ევროპელი მოგზაურები უფროს თაობებთან შედარებით გაცილებით გამოცდილები და განსხვავებულები არიან. ისინი უპირატესობას აქტიურ სანახაობებს ანიჭებენ, ღირშესანიშნაობების მხოლოდ დათვალიერებით არ კმაყოფილდებიან, სურთ, რომ თავად იყვნენ ჩართული აქტივობებსა და ამა თუ იმ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი სურვილია, იყვნენ მოგზაურები და არა მხოლოდ ტურისტები. ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი CBI განვითარებად ქვეყნებს ევროპელი ტურისტების მოსაზიდად რეკომენდაციებს სთავაზობს:
- ევროპელ მოგზაურებს მოსწონთ განსხვავებული და ექსკლუზიური შთაბეჭდილებები, უნდა იგრძნონ, რომ ის, რასაც თქვენს ქვეყანაში განიცდიან, ყველაზე უნიკალურია და არავის არასდროს მსგავსი რამ არ გაუკეთებია.
- თქვენი ქვეყნის ბუნებრივ და კულტურული რესურსების გათვალისწინებით მოძებნეთ ის, რაც სხვებს არ აქვთ, იყავით ნოვატორები და კრეატიულები, ევროპელ ტუროპერატორებთან თანამშომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივი მუშაობა ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.
- გქონდეთ ინტერაქტიული კომპონენტები, მიეცით ტურისტებს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში - ღვინის დაწურვაში, მოსავლის აღებაში.
- სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად გამოიყენეთ ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა - სუნი, ხმა, გემო, შეხება, ეს ყველაფერი შთაბეჭდილებებს განსხვავებულს ხდის.
- ყოველთვის იქონიეთ სათადარიგო გეგმა - რა ფაქტორებმა შეიძლება, მოახდინოს ნეგატიური გავლენა ტურისტების მოგზაურობაზე თქვენს ქვეყანაში? იყავით მომზადებული, ყოველთვის უნდა იყოს გეგმა B. თუ გაწვიმდა, იქონიეთ ფერადი ქოლგები.
- მნიშვნელოვანია, რომ შთაბეჭდილებები იყოს ე.წ. ავთენტური, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყვნენ რეალური ადამიანები რეალური ემოციებით - აქტივობები არ უნდა იყოს დადგმული. ამავე დროს, თითოეულმა მოგზაურმა უნდა იგრძნოს, რომ ტურისტული აქტივობები პერსონალურად მისთვის არის.
Georgian Hospitality Group-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროპელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობა დღეს უკვე აღარ არსებობს, ქვეყანამ დაკარგა ის უნიკალური მიმართულება, რომელსაც არა ერთი უცხოელი უნდა მოეზიდა.
„საყდრისი თავისი მნიშვნელობით შეგვიძლია, გავათანაბროთ ქართულ ღვინოსთან, იმავე ძალის მატარებელი იყო, შეიძლება, უფრო მეტიც. ეს ოქროა, არგონავტების ისტორია, იქმნებოდა ძალიან კარგი, ლოგიკური ჯაჭვი, ეს არ იყო მითური რამ, იყო ძალიან ცოცხალი, ნამდვილი არქიტექტურა, თუნდაც გამოქვაბული დავარქვათ. ტურისტები ეზიარებოდნენ იმას, რომ 3 000 წლის წინ აქ ვიღაც ოქროს ამზადებდა. მისი აფეთქება კი საშინელი დანაშაულია“, - ამბობს საბა კიკნაძე.
ევროპელ ტურისტებს რომ ყველაფრისგან განსხვავებული და უნიკალური შთაბეჭდილებები იზიდავთ, ამას იმ სანახაობების სიაც ადასტურებს, სადაც ისინი ყველაზე ხშირად დადიან. ევროპულ ვებპორტალ Wanderlust-ის ცნობით, ევროპელებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილების ათეული ასე გამოიყურება:
- გალაპაგოსის კუნძულები
- რუანდაში მთის გორილებთან შეხვედრა
- ტიმბუქტუ მალიში
- ლემურები მადაგასკარში
- ბორა ბორა
- იგუასუს ჩანჩქერი არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე
- სტრომბოლი იტალიაში
- ანტარქტიკა
- სალა დე უიუნის მარილის ტბა ბოლივიაში
- სამლოცველოები მიანმარში
იმისთვის, რომ განვითარებადი ქვეყანა ევროპელების ყველაზე საინტერესო ათეულში მოხვდეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია. წარმატება უმეტესწილად კარგ რეკლამას მოაქვს, ამიტომ ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი CBI ქვეყნებს მოუწოდებს, ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურონ.
- სოციალური ქსელები ტურისტების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ევროპელი ტურისტი სწორედ სხვების რეკომენდაციებს ითვალისწინებს, სამოგზაუროდ წასვლამდე საინტერესო ადგილებს კი სოციალურ ქსელებში ეძებს. შეისწავლეთ, სად, ვინ, რომელ სოციალურ ქსელს რა მიზნით იყენებს და ეს ინფორმაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.
- უნდა გქონდეთ მაღალი ხარისხის ვებგვერდი, რომელიც თქვენი ქვეყნის ტურისტულ ადგილებს პოპულარიზაციას გაუწევს, გამოიყენეთ ვიდეოები და ფოტოები ამბების მოსაყოლად, რათა თქვენი გზავნილი უფრო ნათელი იყოს. განათავსეთ რეკლამები სამოგზაურო ჟურნალებსა და ვებგვერდებზე, რომლებზეც წვდომა თქვენს სამიზნე ჯგუფებს აქვთ. ასევე, მიმართეთ პროფესიონალ ბლოგერებს, რომ წერონ თქვენი ტურისტული ადგილების შესახებ.
შალვა ალავერდაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა პრიორიტეტები უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს.
„როდესაც ვამბობთ, რომ უნდა გვყავდეს ბევრი ტურისტი, ამას უფრო სწორი დაგეგმარება სჭირდება. რომ ვთქვათ, სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ტყუილია, ნამდვილად ცდილობს, თუმცა პრიორიტეტები უნდა გამოიკვეთოს. ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება, ჩვენი რეკალმირება ბაზარზე არ უნდა შეწყდეს, კიდევ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში უნდა დახარჯოს ამაზე სახელმწიფომ ფული. ერთწლიანი და ორწლიანი მარკეტინგული კამპანია კურორტს ვერ გააცოცხლებს. ეს მიმართულებები არ უნდა იყოს დამოკიდებული მთავრობის ცვლილებებზე, ძალიან გულისტკივილით მინდა გითხრათ, რომ სიღნაღის შესახებ ბოლო სამი წელია არანაირი სარეკლამო კამპანია არ მიმდინარეობს, რაც ძალიან ცუდია,“ - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
„აქცენტები სწორია, ობიექტების ნუსხა ასე თუ ისე სწორად არის შერჩეული, ვგულისხმობ კულტურულ მემკვიდრეობას, გარემოს, ბუნებას, ლანდშაფტს, ღვინოს. თუმცა ყველაფერს სათანადო ყურადღება ჯერ არ ექცევა, მაგალითად, ხევსურეთი და შატილი საერთოდ ამოღებულია თვალთახედვიდან ამ ეტაპზე, განსაკუთრებულ პრომოუშენს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისასვლელი გზაც არ არის“,- ამბობს საბა კიკნაძე.
მთავარი გამოწვევა, რაც დღეს საქართველოს ტურისტების მოზიდვის გზაზე ხვდება, რეგიონში არსებული კონფლიქტებია. საქართველოდან არც თუ ისე შორს - სირიაში წლებია, სამოქალაქო ომი გრძელდება, ყარაბაღში კი სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია, სულ რამდენიმე წლის წინ აგვისტოს ომი მოხდა, მანამდე საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სისხლიანი დაპირისპირების გამო არაერთხელ აღმოჩნდა. ზემოთჩამოთლილი მიზეზები საკმარისია იმისთვის, რომ დღეს ევროპელმა ტურისტმა კავკასიაში ჩამოსვლისგან თავი შეიკავოს, თუმცა ამავდროულად არა ერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც სისხლიანი ომიდან რამდენიმე წელიწადში ქვეყანა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად ქცეულა. მაგალითად, ვიეტნამი, სადაც კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, დღეს უამრავ ტურისტს მასპინძლობს. საინტერესოა შრი ლანკას მაგალითიც, სადაც 2009 წელს 25-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა, ამის შემდეგ კი ევროპელი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ევროპელები ასევე ძალიან ხშირად სტუმრობენ მიანმარს, ეთიოპიას, მოზამბიკს. ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი CBI განვითარებად სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეისწავლონ ეს მაგალითები, როგორ მოახერხეს ვიეტნამმა, შრი ლანკამ, მიანმარმა და სხვა ქვეყნებმა კონფლიქტიდან რამდენიმე წელიწადში ტურისტებისთვის ასეთ მიმზიდველ და საინტერესო ადგილებად გადაქცევა.
- გამართეთ პრესკონფერენციები, გაცნობითი ტურები ჟურნალისტებისთვის, რათა მათ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე წერონ, სოციალურ ქსელებში შთაბეჭდილებები გაუზიარონ მეგობრებს, ყოველთვის მიაწოდეთ ინფორმაცია პარტნიორებსა და მოგზაურებს თქვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
- ნეგატიური ფაქტორები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენეთ და აქციეთ პოზიტივად. მაგალითად, კუნძულ მონსერატზე 1995 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა დედაქალაქი, დღეს კი აქ ტურიზმი ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, მოგზაურებს შესაძლებლობა აქვთ, სწორედ ის ადგილები მოინახულონ, სადაც წლების წინ ვულკანის ლავა გადმოდიოდა.
- ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ინფრაქტრუქტურის აღდგენა. ამის შესახებ კი უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები, მოგზაურებმა უნდა იცოდნენ, რომ დაზიანებული შენობები აღდგენილია, ცხოვრება კი ჩვეულ რიტმშია.
Georgian Hospitality Group-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ პოზიტიური გზავნილები, რაც ტურისტებს უსაფრთხოების განცდას შეუქმნის, ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის კი დიდი თანხები უნდა იხარჯებოდეს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ პოზიტიური მესიჯები ამ რეგიონსა და საქართველოზე იყოს მუდმივად ბევრი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა გადაფარვა. მარტივი მაგალითია, იუგოსლავია იბომბებოდა, როდესაც ხორვატია ამბობდა, რომ საუკეთესო დასასვენებელი ადგილია და ახერხებდა ტურისტების მოზიდვას. ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, ჩვენი მესიჯები არც ისე ინტენსიურია და არ არის მიმართული ბაზრიდან ბაზარზე, ამის გადაფარვა რუსეთში არ არის საჭირო, ეს უნდა გადაფარო ევროპაში. როგორც კი რაიმე უარყოფითი მოხდება, უნდა ვხარჯავდეთ ფულს, გაცილებით მეტი მესიჯი უნდა იყოს, რომ აქ კარგია, მზე ანათებს, ვერ ვახერხებთ ამას, უფრო მეტი ფული და ენერგიაა საჭირო“, - ამბობს საბა კიკნაძე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში საქართველოს საზღვარი ევროკავშირის 8417-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. 2015 წლის იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია. ევროკავშირის მოქალაქეები საქართველოს ძირითადად ზაფხულში სტუმრობენ, სწორედ ამ პერიოდში ფიქსირდება ყველაზე დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ. 2015 წლის ივლისში 35778 ევროპელი ჩამოვიდა საქართველოში, აგვისტოში კი საზღვარი ევროპიდან 36716-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
ავტორი: ხატია შამანაური