საქართველოს შეუძლია რეგიონში ელექტრონული მუსიკის ჰაბად იქცეს
“აქ ბუნებასთან ერთად შეუძლიათ დატკბნენ თავისუფლებით, ზოგიერთი, კიდევაც სვამს და კლუბებშიც დადის, რაც ჩვენთან აკრძალულია”.
მუსლიმურ ქვეყნებში “აკრძალულ ხილი” და ევროპაში ძვირი სიამოვნება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის შედარებით იაფია- ვიზიტის მიზანიც ხშირად თბილისის ღამის კლუბები და ელექტრონული მუსიკაა.
ვინ სად და როგორ ატარებს დროს საქართველოში, რა მოსწონთ და რა უქმნით დისკომფორტს უცხოელ ტურისტებს- ამის გასარკვევად eugeorgia.info-მ გადაწყვიტა დედაქალაქში ერთი დღე ტურისტული მარშრუტით ევლო. როგორც აღმოჩნდა, გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გზებზე საცობები ისევე აწუხებთ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას.
ტურისტული მარშრუტი რუსთაველის გამზირიდან დაიწყო. პირველი რესპონდენტები ფილიპინელი ტურისტები არიან, იანისა და ლისთვის ბოლო დღეა თბილისში და მეგობრებისთვის სუვენირებს არჩევენ.
“მეგობარმა გვითხრა ამ ქვეყნის შესახებ და ძალიან მოგვეწონა, გუდაურშიც ვიყავით, ღამე ვბრუნდებით ფილიპინებზე. განსაკუთრებით მოგვეწონა საჭმელი, განსხვავებული და გემრიელია, ხალხი სტუმართმოყვარეა, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ ინგლისური ბევრმა არ იცის და კომუნიკაცია გაგვიჭირდა”,-ამბობს იანი.
საქართველოს შესახებ ადრე არაფერი სმენია, მაგრამ 2 თვის წინ ინტერნეტში ნანახმა სურათებმა ავსტრალიელ ლაურისაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ევროტურის სიაში საქართველოც ჩაწერა. ლაურისა უკვე 2 თვეა ევროპაში მოგზაურობს. თბილისი ბოლო გაჩერებაა.
“ინტერნეტსაიტებზე ვეძებდი ქვეყნებს და იქ ვნახე საქართველოს სურათები. ერთი დღეა, რაც აქ ვარ და ძალიან მომწონს ქვეყანაც და ხალხიც. პროფესიით ექიმი-დიეტოლოგი ვარ და ამის მიუხედავად, თავს ვერ ვიკავებ ამ “არაჯანსაღი საკვებისგან”, ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო”,- ამბობს ლაურისა.
მორიგი გაჩერება ძველი თბილისია, დღეს აქ რუსებისა და არაბების სიმრავლე შეინიშნება.
“საქართველოზე ყოველთვის კარგი წარმოდგენა გვქონდა და მოლოდინმაც გაამართლა, ძალიან ლამაზი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხით”-ამბობს ვლადიმერი, რომელიც თბილისში მეგობართან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა.
“არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ვარ, თბილისში ჩვენი საელჩო არ არის და უფრო დაუცველად ვგრძნობ თავს, ამიტომ კარგი იქნება ცალკე იყოს პოლიცია, რომელიც უშუალოდ იზრუნებდა ტურისტების უსაფრთხოებაზე”- ამბობს მაჰმუდი.
შემდეგი რესპონდენტი პოლონელი იულიაა, რომელსაც ერთ-ერთ სოციალურ კაფეში გავყევით. იულია ერთი კვირაა თბილისშია, “კივი-კაფეში” დასასვენებლად და ხალხის გასაცნობად დადის. ამბობს, რომ პირადად მას არ შეხებია, თუმცა შესამჩნევი იყო გენდერული უთანასწორობა და ასევე, გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
“პოლონეთში თითქმის ყველამ იცის საქართველოს შესახებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან უყვართ, მეც მომწონს აქაურობა, ხალხი, საჭმელი. როგორც ვხედავ, ქალთა უფლებების საკითხი არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი. მსიამოვნებს, როდესაც ტრანსპორტში უფროს ადამიანებს უთმობენ ადგილს, მაგრამ როდესაც მე შემომთავაზეს, ცოტა უხეხრულად ვიგრძენი თავი. კიდევ ერთი დისკომფორტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მარტო როცა დადიხარ მოახერხებ გადატვირთულ ავტობუსში ყოფნას, მაგრამ არ არის ადაპტირებული მათთვის, ვისაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, ასევე, ბავშვთან ერთად რომ ახვიდე, ვერ შეძლებ გაჩერებას”,-ამბობს იულია.
ძველი თბილისიდან მთაწმინდის პარკში ვინაცვლებთ, სადაც თბილისის ზედხედით აღფრთოვანებული, ქალაქ უფსალადან ჩამოსული შვედი ტურისტების ჯგუფი დაგვხდა. იზაბელამ, ლუვისამ და ვიქტორმა საქართველოს შესახებ მხოლოდ ახლახან, მეგობრისგან გაიგეს.
“ამ დრომდე არაფერი ვიცოდი საქართველოზე, აღფრთოვანებული ვარ ხედებით, ხალხიც მეგობრულია, მაგრამ, მაინც მგონია რომ ძალიან შეჩვეულებიც არ არიან ტურისტებს, 1-2 ტაქსის მძღოლის გარდა ყველა ძალიან მომეწონა”,-ამბობს იზაბელა.
“იაფია, განსაკუთრებით შვედეთთან შედარებით, ჰოსტელში ვრჩებით და მომსახურებაც მოგვწონს, ერთადერთი, რაც არ მომწონს ეს საშინელი საცობებია, ძლივს მოვაღწიეთ აქამდე”,- ამბობს ლუვისა.
ტაქსის მძღოლებით უკმაყოფილება გამოთქვა სედათმაც, რომელიც სტამბოლიდან თბილისში დასასვენებლად უკვე მეორედ ჩამოვიდა.
“ყველაფერი მომწონს გარდა ტაქსის მძღოლებისა,ცდილობენ შორი გზებით გატარონ და მეტი გამოგართვან, სხვა ყველაფერი სუპერ არის ჩემთვის, ფასებიც ძალიან იაფია”,-ამბობს სედათი.
მთაწმინდის პარკიდან ისევ ძველ თბილისში ვბრუნდებით, ერეკლეს ქუჩაზე ერთ-ერთ ადგილს ვარჩევთ, სადაც ტურისტების სიმრავლეა. დები, ჰესა და ნორა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან არიან, ჩემპიონთა ლიგის მატჩის ბარსელონა-ატლეტიკოს სანახავად კაფეში მოვიდნენ. ქვეყანა ძალიან მოეწონათ, თუმცა განსხვავებულმა კულტურამ არაბ ტურისტებს დისკომფორტიც შეუქმნა.
“მეგობრებმა გვირჩიეს აქ ჩამოსვლა, ზაფხულში ისევ დავბრუნდებით 1-2 კვირით ოჯახთან ერთად. ერთადერთი, რამაც დისკომფორტი შექმნა არის ის, რომ საპირფარეშოები ყველგან არ არის და წინა დღეს ძალიან დიდი მანძილის გავლა მოგვიწია, ასევე, საპირფარეშოებში არსად წყალი არ დგას, მხოლოდ ქაღალდია, რასაც ჩვენ შეჩვეულები არა ვართ, ასევე კარგი იქნება თუ ყველგან ცალ-ცალკე იქნება კაცებისა და ქალებისთვის, ესეც უხერხულობას გვიქმნის”,- ამბობს ჰესა.
“დღეს ქუჩაში მომმვარდა მათხოვარი, ფული რომ არ მივეცი, ხელით შემეხო და უხეშობა დაიწყო, რაც არაკომფორტული იყო. სხვა ყველაფერი კარგია, ფასებიც ნორმალურია ჩვენთან შედარებით”,-ამბობს ნორა.
ტურისტული ღამის ცხოვრება ბოლოსთვის შემოვინახეთ და სანაპიროზე ერთ-ერთ ახლადგახსნილ კლუბში მივედით, სადაც ცნობილი ესპანელი დიჯეი ალექსანდერი (Alex Under) ქართველ დიჯეისთან ერთად უკრავდა. DJ ვაკო ამბობს, რომ ბოლო წლებში ღამის კლუბები და ელექტრონული მუსიკა სწრაფი ტემპებით ვითარდება, თუმცა მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაც, რომ ეს სფერო ტურიზმის განვითარების საშუალებად იქცეს.
“სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაში ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც, მაგალითად GemFest-ზე (ელექტრონული მუსიკის ფესტივალი) იყვნენ ჩამოსულები, მარიხუანას მოწევის გამო დააკავეს უცხოელები, ისინი წავიდოდნენ და იტყოდნენ, რომ საქართველოში ასეთ რაღაცაზე აკავებენ და ამის შემდეგ აღარც მოუნდებათ ჩამოსვლა. თუ ჩვენთან კლუბში შემოვა ადამიანი არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ გარეთ გასულს წაიყვანენ და მოაშარდინებენ. ევროპასთან შედარებით ჩვენთან ბევრად იაფია კლუბები, ბევრი უცხოელი DJ ჩამოდის და მათაც ბევრი უცხოელი ტურისტი მოყვება. განსაკუთრებით ბევრია უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, ვისაც კლუბური ცხოვრება უყვარს”,-ამბობს DJ ვაკო.
კლუბური ცხოვრებისთვის თბილისში ჩამოდიან იმ ქვეყნებიდანაც, სადაც სასმელი და კლუბებში სიარული აკრძალულია.
“ბევრი ჩემი მეგობარი ჩამოდის აქ ირანიდან, ბუნებასთან ერთად შეუძლიათ დატკბნენ თავისუფლებით. ზოგიერთი კიდევაც სვამს და კლუბებშიც დადის, რაც ჩვენთან აკრძალულია. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო იაფია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მთავარი პრობლემა ალბათ ენასთან დაკავშირებითაა, ქართველები ძირითადად არ საუბრობენ ინგლისურად. ასევე, ბევრი ინვესტორი და სტუდენტია, რომელთათვისაც საქართველო არის უსაფრთხო სწავლისა და ბიზნესისთვის”,- ამბობს კომპანიის “გოლდენ ჯორჯია” წარმომადგენელი შივა ფარიზადი, რომელიც საქართველოს პრომოუტინგს ირანში უკეთებს.
ახლახან, ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმუარება მოყვა გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტის ბოლგს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული სურათებითაა გაფორმებული, ანუკი მახვილაძე შეეცადა უცხოელი მეგობრებისთვის აეხსნა თუ რატომ არის საქართველო საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა,-“ ყველაზე კარგი სურათები შევარჩიე და ჩემი უცხოელი მეგობრებისთვის დავწერე ეს ბლოგი, იმიტომ, რომ ბევრმა არც კი იცოდა სად იყო საქართველო”- ამბობს ანუკი, რომლის ბლოგიც ინტერნეტში 3 დღეში 5000-მა ადამიანმა ნახა და 2000-მა მომხმარებელმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა.
ავტორი: მაიკო გაბულდანი