უმაღლესი განათლების პრობლემა საქართველოში - ვინ, რას და როგორ ასწავლის სტუდენტებს
თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვასაც ითხოვენ. იმ ფაქტს, რომ ქართული უნივერსიტეტები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ყოველწლიურად პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს აწარმოებენ, პრემიერი კვირიკაშვილიც აღიარებს. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირთა მხოლოდ 24%-ია დასაქმებული და მუშაობს საკუთარი პროფესიით. სტუდენტურ პროტესტთან ერთად ამ სტატიის დაწერისა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პრობლემების გაანალიზებისკენ, სწორედ ამ ფაქტებმა გვიბიძგა. რახან სწავლების ხარისხს უპირველეს ყოვლისა კარგი პროგრამა, კარგი სახელმძღვანელო, კარგი ლექტორი და სამეცნიერო კვლევა-ძიებისთვის კონკურენტული გარემო განაპირობებს, გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე შეგვესწავლა ეს საკითხები.
დღევანდელი კანონმდებლობით, უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და მისი ხარისხის მუდმივი გაზრდა სახელმწიფოს პრეროგატივაა. ამ მიზნით, 2010 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითად გარე მექანიზმად გამოცხადდა. შეიქმნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ერთადერთი უწყება, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობას ამოწმებს. როგორც მეცნიერები ამბობენ,-- ეს არის ტვინი, ერთგვარი ჰაბი, სადაც ყველა ინფორმაცია იკრებს თავს. ესაა უწყება, რომელიც უმაღლესებში ხარისხის გონივრული დონის მიღებას უნდა უზრუნველყოფდეს . მათ მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯი თუ შეცდომა ასახვას 5-10 წლის მერე ჰპოვებს. ორგანიზაცია მძლავრია, მაგრამ ძალიან ჩუმი. მის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს. ხარისხის კუთხით კი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, ცალსახაა, რომ საქართველოს უნივერსიტეტებს ძალიან უჭირთ. მსოფლიოს საუკეთესო 800 უნივერსიტეტს შორის არცერთი არაა ქართული.
პირველ რიგში, ჩვენც ამ უწყების საქმიანობით დავინტერესდით. გაირკვა, რომ 2011-2015 წლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აკრედიტაცია 73 უმაღლესი დაწესებულების 1567 პროგრამას მიანიჭა. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, გზა გაუხსნა უნივერსიტეტებს მიეღოთ სახელმწიფო დაფინანსება, რადგან აკრედიტირებული პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებაზეა მიბმული. სტუდენტს გრანტის აღება მხოლოდ ასეთ პროგრამაზე ჩაბარებით შეუძლია. სწორედ ამიტომ ცდილობენ უნივერსიტეტები რაც შეიძლება მეტი აკრედიტირებული პროგრამა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, აქ ეროვნულ აკრეტიდაციაზეა საუბარი და არა საერთაშორისოზე, რომელიც საქართველოში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ფაკულტეტებს გააჩნია. სახელმწიფო გრანტის გარდა აკრედიტაციის გავლა უნივერსიტეტს აღიარებული დიპლომის გასაცემად და შესაბამისად, თვითდაფინანსებაზე მყოფი სტუდენტების მოსაზიდადაც ჭირდება. ამჟამად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 132,554 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ირიცხება, რომელთაგანაც ნახევარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსებას იღებს, რამაც საერთო ჯამში მხოლოდ 2015 წელს 73.7 მილიონი ლარი შეადგინა. ფული იხარჯება, მაგრამ როგორც სახელმწიფო აუდიტის ბოლო დასკვნიდან დგინდება, სტუდენტები უმეტესად ფორმალურად და სიღრმისეული ანალიზის გარეშე დამტკიცებული პროგრამებით სწავლობენ. "ცენტრს არა აქვს წინასწარ განსაზღვრული და ერთობლივი სახით გამოქვეყნებული აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმები და შესრულების ინდიკატორები. ეს კი აფერხებს ექსპერტების მიერ აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის ეფექტიან შეფასებასა და აკრედიტაციის საბჭოს მიერ საკმარის ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. აკრედიტაციის ვიზიტების 29%-ისთვის შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი არ მოიცავდა შესაბამისი დარგის ექსპერტს, "- წერს აუდიტი.
ამა თუ იმ პროგრამისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად გარკვეული პროცედურა არსებობს. მაგალითად, როცა თსუ-ის რომელიმე პროფესორი პროგრამას დაწერს და იგი აკრედიტაციისათვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიდის, ამისათვის გარკვეული საფასურის გადახდაა საჭირო. გადახდის შემდეგ, 90 დღის განმავლობაში, ეროვნულმა ცენტრმა მოთხოვნა ან უნდა დააკმაყოფილოს, ან უარით გაისტუმროს.
ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი ყვება, რომ მათ ექსპერტების ხარისხის ან მათი კომპეტენციის შემოწმების საშუალება არ ჰქონდათ , მაგრამ ზოგიერთი ძალიან ზედაპირული მიგნებაც ბევრისმეტყველია. შემთხვევათა 29%-ში ნახეს, რომ "ქიმიის პროგრამას ფიზიკოსი აფასებს, მათემატიკის პროგრამას სწავლობს ქიმიკოსი, ფილოლოგიის პროგრამას კი ისტორიკოსი. ანუ კონკრეტული პროგრამები შესწავლილი და დასკვნებიც არარელევანტურ პირებს აქვთ გაცემული. უფრო უარესიც, გაირკვა, რომ მთავარი პრობლემა თავად სტანდარტია. არსებობს ძალიან ზოგადი განსაზღვრება, როგორი უნდა იყოს პროგრამა, მაგრამ არ არსებობს კონრეტული კრიტერიუმები, როგორ, რის მიხედვით უნდა შეაფასო ის”. ანუ შემფასებელთა ჯგუფი თითქმის ყოველთვის სუბიექტურ გადაწყვეტილებას იღებს. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უმაღლესებიც არაკონკურენტუნარიან კადრებს ამზადებენ და მშობლის თუ სახელმწიფო ბიუჯეტიც უმუშევართა მომზადებაში იხარჯება.
აუდიტის დასკვნაში აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობის შესახებ სხვა საინტერესო ინფორმაციასაც იპოვით."აკრედიტაციის პერიოდი 90 დღით განისაზღვრება, მაგრამ საშუალოდ ერთ თვეს იყენებენ და მრავლადაა შემთხვევები, როცა რამდენიმე სქელ შეკვრად აკინძული პროგრამის აკრედიტაცია 5 დღეში გადაწყვიტეს. არადა, ეს ვადები განსაზღვრულია იმისთვის, რომ ჯერ წინასწარ შეისწავლონ პროგრამა, მისცენ დრო და რეკომენდაციები ხარვეზების გამოსასწორებლად. მერე კიდევ გადაამოწმონ და საბოლოოდ კომისიაზე განსახილველად ისე გაიტანონ. იყო შემთხვევა, როცა აკრედიტაციის საბჭოს 9 წევრიდან დასკვნა არცერთს წაკითხულიც არ ქონდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის იმავე დღეს დაიწერა, რა დღესაც კომისიურად დაამტკიცეს. აკრედიტაციის საბჭო ქვორუმის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, საშუალოდ ერთ სხდომაზე 40 პროგრამას უყრიან კენჭს. იყო შემთხვევები, როცა ერთბაშად 100 აკრედიტაცია გაიცა და უკვე ესაა იმის ინდიკატორი, რომ ხარისხიანი შესწავლა, თუგინდ განხილვა არ მომხდარა და პროცესი ფორმალურად მიმდინარეობდა. ჩაქუჩის ერთი დარტმით წყდება, რომელ პროგრამას მიეცეს აკრედიტაცია და რომელს არა."
აუდიტის დაკვნაში აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესახებ სხვა გასაოცარ ფაქტებსაც ამოიკითხავთ, მაგრამ ზოგადი სურათის შესაქმნელად, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია. ახლა მოკლედ ევროპული სტანდარტების შესახებ, რომლის გათვალისწინებაც ასოცირების ხელშეკრულებითაც გვევალება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაშიც დაგვეხმარებოდა. მითუფრო, რომ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის -ენქას (The European Association for Quality Assurance in Higher Education) წევრია. ესაა ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში უმაღლესი განათლების სტანდარტებს ავრცელებს, თუმცა მისი დებულებიდან გამომდინარე, ის არაა მაკონტროლებელი სტრუქტურა და მხოლოდ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. რამდენად ზუსტად ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციებს საქართველოში ქვემოთ მოტანილი მაგალითებიდან ნახავთ.
აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი ცირა ლაშქარავა, დასკვნის მომზადებამდე ევროპულ გამოცდილებას გაეცნო და ახლა მას eugeorgia.info-ს გაუზიარებს: ენქას პროგრამის შეფასების კრიტერიუმებთან ერთად მკაცრად აქვს განსაზღვრული, რომ აკრედიტაციის მაძიებელთან მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის ექსპერტი უნდა მივიდეს, რომელსაც ამ სფეროში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის ადგილზე ეცნობა სწავლების მეთოდიკას, ესაუბრება სტუდენტებს და მკვლევარებს, ამოწმებს კმაყოფილების ხარისხს, ექსპერტებს აქვთ წინასწარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც აფასებენ პროგრამას. მაშინ როცა საქართველოში სამთვიანი აკრედიტაციის პერიოდიდან საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ნახევარს იყენებენ, შვედეთში აკრედიტაციის პროცესი წელიწადნახევარი გრძელდება, გერმანიაში ორი წელი, ესტონეთში 6 თვე. ევროპის ბევრი ქვეყანა 6 თვეს მხოლოდ პროგრამის პირველადი შესწავლისთვის გამოყოფს. შემდეგ პროგრამის დასახვეწად მზადდება რეკომენდაციები, ისევ ადგილზე მონიტორინგი. დასკვნის მომზადებას ცალკე დრო ეთმობა, დასკვნის გაცნობიდან საბჭოს წევრებს მოსაფიქრებლად საკმაოდ დიდი ვადა აქვთ და საბოლოოდ, საბჭოს ყველა წევრი ამზადებს წერილობით დასკვნას. გერმანიასა და შვედეთში ერთ სხდომაზე მაქსიმუმ 2 პროგრამას აფასებენ, საქართველოში მინიმუმ 30-ს.
რატომ იქცა საქართველოში აკრედიტაციის პროცესი ფიქციად და რამ განაპირობა მისი წარუმატებლობა ილიაუნის ყოფილ რექტორს, განათლების რეფორმის ერთ-ერთ ავტორს და ამ ცენტრის დაარსების მხარდამჭერს გიგი თევზაძეს ვკითხეთ. "აკრედიტაციის ცენტრს როცა ვქმნიდით, ჩვენი იდეა იყო, რომ იქ მხოლოდ უცხოელებს ემუშავათ. მოლაპარაკებები ევროპის და ამერიკის აკრედიტაციის ორგანიზაციებთან მიმდინარეობდა, მაგრამ მერე ეს არ გამოვიდა. საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით გვყავს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომელთაც საექსპერტო კვალიფიკაცია აქვთ და ობიექტური შეფასება შეუძლიათ, საერთაშორისო სტანდარტებით ალბათ სულ 500-600. ჰუმანიტარულ სფეროში ძალიან ჭირს, უფრო მეტად გვიჭირს სოციალურ მეცნიერებებში, ცოტა მეტია საბუნებისმეტყველო დარგებში. სამწუხაროდ, ბევრს ქვია პროფესორი, მაგრამ ვისაც პუბლიკაციები და სათანადო გამოცდილება აქვს, ასეთი ხალხი ქართული საზოგადოების უმცირეს ნაწილს შეადგენს. საბოლოო ჯამში აკრედიტაციის ცენტრი უმაღლესი განათლების სამინისტროდ გადაიქცა. არადა იდეა რა იყო?- შენზე ბევრად კვალიფიციური კადრი გეხმარება სტანდარტის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში და არა ვიღაც ჩინოვნიკი გაურკვეველ საბუთებზე დაყრდნობით ფორმალურად გაძლევს ან გართმევს აკრედიტაციას. დღეს ეს ფორმალური პროცესია. ამერიკაში, რომელიც აკრედიტაციის პიონერად ითვლება და ახლა უკვე ევროპაშიც, ეს პროცესი ერთი-ორი წელი გრძელდება. საქართველოში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ისევ ყველაფერი საბჭოთა სისტემას დაემსგავსა. როცა კვალიფიციური ექსპერტების დეფიციტს განიცდი და ხვდები, რომ პროცესი ფორმალური გახდა, შეიძლება მარტივი გამოსავლის პოვნა. თუ ინსტიტუტს ყავს საერთაშორისო დონის მკვლევარი-პროფესორი, სამეცნიერი სტატიებს აქვეყნებს თავის ციტირებით და ა.შ. უნდა მიხვდე, რომ იმ ფაკულტეტის აკრედიტაცია საჭირო აღარაა. ან გაითვალისწინონ ამერიკული მოდელი, სადაც არსებობს საინჟინრო ასოციაცია და საინჟინრო ფაკულტებებს შეუძლიათ აკრედიტაციის ცენტრის ნაცვლად მაგალითად ასეთ ასოციაციებში გაიარონ აკრედიტაცია."
თავად აკრედიტაციის ცენტრში გამოსავალი რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაში ნახეს. შემოწმების პარალელურად ახალი კანონპროექტი მოამზადეს და აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტში წარადგინეს. განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ამბობს, რომ აქამდე ისინი უმაღლეს სასწავლებლებს მხოლოდ კი-ს ან არას ეუბნებოდნენ. არ არსებობდა ამ გადაწყვეტილებების გადახედვის მექანიზმი . ამ კანონპროექტით კი შეიქმნება სააპელაციო კომისია, სადაც უკმაყოფილო უმაღლესს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ექნება. მეორე ცვლილებით, სამთვიანი პერიოდი, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრი აქამდეც არაეფექტურად იყენებდა, 6 თვემდე გაზარდეს. გაუგებარია რატომ, მაგრამ უკვე მინიჭებული აკრედიტაციების მოქმედების ვადაც 5-დან 7 წლამდე გახანგრძლივდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შიდა აუდიტის უფროსი სალომე ბენაშვილი გვპირდება, რომ 7 წელიწადში, ე.ი. რეაკრედიტაციის დროს ექსპერტს აუცილებლად პროფესორის ცენზი და სპეციალიზაციაც შესამოწმებელი საგნის მიმართულებით ექნება. მანამდე კი სტუდენტები ბედის და მონიტორინგის იმედად რჩებიან, რომელიც სხვათაშორის იმავე აუდიტის შეფასებით და სტუდენტთა გამოკითხვით აქამდე არასდროს ჩატარებულა.
წესების გამკაცრება და აკრედიტაციის გართულება შედეგს ვერ მოიტანს, ამბობს გიგი თევზაძე და მის პოზიციას ასე ხსნის: "ესაა თვალებში ნაცრის შეყრა. ეს ცენტრი სამინისტროს მიერ უნივერსიტეტების კონტროლის კლასიკურ მექანიზმად იქცა. ახლა კიდევ უფრო გაართულეს პროცესი და ფაქტობრივად ავტორიზაციას აკრედიტაციის ფუნქციები მისცეს. პრობლემა ის კი არაა, რომ ართულებენ ამ კრიტერიუმებს, არამედ ის, რატომ აბუნდოვანებენ. კარგი, დავუშვათ შესანიშნავი ექსპერტი დაწერს დასკვნას, მაგრამ აკრედიტაციას ხომ ჩინოვნიკი გასცემს. ანუ ჩაკეტილი წრეა ---აკრედიტაციის გარეშე უნივერსიტეტი ვერ მიიღებს სახელმწიფო გრანტს, აკრედიტაციას კი გასცემს ისევ სახელმწიფო. კარგი, ცნობილი და გამორჩეული არის ის სიტემები, სადაც სახელმწიფო არის არა მაკონტროლებელი, არამედ დამხმარე - სადაც სახელმწიფო არ ფლობს უმაღლესებს, სადაც სახელმწიფო არ ფლობს აკრედიტაციის ორგანოებს-ამერიკა, კანადა ავსტრალია! სწორედ აქ არის მაღალი დონის უნვერსიტეტები. გამოსავალი პირველ რიგში არის განსახელმწიფოებრიობა და მერე ავირჩიოთ ამერიკული სისტემა გვირჩევნია თუ ევროპული".
აკრედიტაციის ცენტრის საკანონმდებლო ინიციატივას ვერც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეთანხმებიან . ირაკლი წიწილაშვილი მიიჩნევს, რომ ვადების გახანგრძლივება სიტუაციას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, მიზანი სტანდარტის გაზრდა, განვითარებადი უნივერსიტეტების ამოქაჩვა უნდა გახდეს, რომ უფრო მაღლა მდგომს და განვითარებულს მეტი სტიმული მიეცეს, და ამ კონკურენციაში გაიზარდოს განათლების ხარისხი. ამბობენ, რომ აკრედიტაციის ცენტრის შემოწმებით, მათ მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხეს კითხვას, რამდენად შეესაბამება სასწავლო პროგრამები საერთაშორისო სტანდარტს და კურსდამთავრებულების შეფასებით, რატომ აკლიათ პროფესიული და პრაქტიკული ცოდნა განათლების შესაბამის სფეროში. მათ მიერ მიღებული განათლება რატომ არ პასუხობს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. ირაკლი წიწილაშვილი ამბობს, რომ შემდეგი რევიზია თავად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩატარდება: " რასაკვირველია ყველაზე დიდი უნივერსიტეტებიდან დავიწყებთ. საინტერესოა, თავად ისინი რამდენად უზრუნველყოფენ ხარისხის შიდა მექანიზმებს--ხარისხიან სწავლებას, დასწრებას, ლექტორთა კვალიფიკაციას, პრაქტიკულ მეცადინეობებს, კოლოქვიუმებს, გამოცდებს და ა.შ. საუკეთესო მოლოდინები არც ახლა გვაქვს."
"უფრო დიდ პრობლემებს წააწყდებიან, თუ უნივერსიტეტების შემოწმებას დაიწყებენ . თუ ისინი პროფესორების კვლევით პოტენციალს შეისწავლიან , უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა ცუდ დღეში აღმოჩნდება. სამეცნიერო კვლევები, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული ციტირებით, ძალიან ჭირს საქართველოში. აქ ლექციებს კითხულობენ, იმიტომ რომ კითხულობენ, მოსწონთ ლექტორობა და მორჩა. აღმოაჩენენ, რომ უმაღლესების უმრავლესობას მთელ რიგ დარგებში შეუძლებელია სადოქტორო პროგრამა ჰქონდეთ, მათ კი ჰყავთ ფორმალურად მეცნიერები, მაგრამ ამ მეცნიერებს დარგის წინაშე დამსახურება არა აქვთ. ევროპული სტანდარტებით რომ შეამოწმონ უმაღლესები, დარჩება ალბათ ერთი ან ორი უნივერსიტეტი, რომელსაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის გაძღოლის უნარი აქვს. და რას იზამენ, დახურავენ სხვებს?"- კითხულობს გიგი თევზაძე.
სანამ შემოწმება დასრულდება, უმაღლესებში არსებულ სიტუაციაზე "ერასმუს +" -ის ეროვნული ოფისის კოორდინატორს, ლიკა ღლონტს გავესაუბრეთ. გერმანიაში სადოქტორო ხარისხის დაცვის შემდეგ ის წლებია ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს და 2007 წლიდან სტუდენტთა გაცვლის ყველაზე დიდ პროგრამას ხელმძღვანელობს. ჩვენი ინტერვიუ მისი ინიციატივით ჩატარებულმა ბოლო კვლევამაც განაპირობა, რომელიც განათლების სისტემაში პლაგიატის მიმართ დამოკიდებულებას სწავლობდა. eugeorgia.info-ს მკითხველი ამ კვლევის შედეგებს პირველი გაეცნობა, მანამდე კი განათლების ხარისხის შიდა მექანიზმებზე ზოგიერთი დასკვნის გაკეთება, ვფიქრობთ ამ ინტერვიუდანაც შეიძლება.
- ყოველწლიურად "ერასმუმს+"-ის პროგრამით დაახლოებით 350 სტუდენტი მიდის, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა ბაკალავრია.შეიძლება ითქვას, რომ 60% საჭირო კრედიტების რაოდენობას ვერ აგროვებს და გაცვლითი პროგრამით სწავლა უჭირთ.ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა, ფაქტობრივად ერთეული შემთხვევები, როცა აქედან გაცვლითი პროგრამით წასული სტუდენტები სრულად ფარავენ წინასწარ დაგეგმილ სასწავლო კურსს.
- და ეს მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არჩევთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს?
- დიახ, გაცვლით პროგრამაზე უზარმაზარი კონკურსია, დაახლოებით 20 განაცხადი ერთ ადგილზე და ისიც ყველაზე უფრო მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა შორის. ისინი გადიან რამდენიმესაფეხურიან გამოცდას: აუცილებელია მაღალი აკადემიური მოსწრება, შესარჩევი კონკურსები, აბარებენ ტესტებს, ენის საკვალიფიკაციო გამოცდას, წერენ სამოტივაციო წერილს. და რას ვიღებთ? საუკეთესო ქართველი სტუდენტების უმრავლესობა ევროპაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უზარმაზარ პრობლემებს აწყდება. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ საჭირო კრედიტების დაგროვებას. სემესტრში 30-40 კრედიტის დაგროვებაა აუცილებელი, ისინი აგროვებენ 12-ს ან 20-ს. მარტო ენის ბარიერი არაა აქ მთავარი წინაღობა, იქ სხვა სწავლის კულტურა, სხვა მოთხოვნებია, არის სოციალური სიმწიფის ხარისხიც, ერთი სიტყვით, ძალიან უჭირთ. როგორც წესი, თბილისში დაბრუნებულებს ამ ჩამორჩენის დასაფარად დამატებითი სემესტრის აღება უწევთ. მხოლოდ ეს მაგალითი აჩვენებს საგანმანათლებლო კუთხით რამხელა პრობლემის წინაშე დგანან ქართული უმაღლესები.
- თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა, რომ ქართველი სტუდენტების მომზადების დონე იზრდება?
- 7 წელია სიტუაცია არ უმჯობესდება. ადრე ამ პროგრამაში 17 უნივერსიტეტი მონაწილეობდა, ახლა უკვე 25 ქართული უმაღლესია ჩართული. სექტემბერში დავითვლით ზუსტ მონაცემებს, რამდენი და რომელი ფაკულტეტის სტუდენტები ვერ აგროვებენ აუცილებელ ქულებს. ისიც უნდა ითქვას, რომ განსხვავებულია მასპინძელი უნივერსიტეტის მიდგომაც, ჩეხეთის და რუმინეთის ზოგიერთი უნივერსიტეტი ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს. ქართველ სტუდენტებს ყველაზე მეტად სკანდინავიის ქვეყნებში უჭირთ სწავლა. ეს მარტივად გამოჩნდა კონკურსის დროს. ერთბაშად ყველას რუმინეთში მოუნდა წასვლა, გაგვიკვირდა ამ ქვეყნით ასეთი დაინტერესება და რომ ჩავეძიეთ, აღმოჩნდა, რომ იქ გაცილებით იოლად წერენ ნიშნებს. ეს ინფორმაცია უცბად გავრცელდა სტუდენტებში და ასეთ უნივერსიტეტებზე მოთხოვნაც ამან განაპირობა, ამიტომ სექტემბერში ჩვენ უკვე ვაპირებთ გამოკვლევას, რატომ და ყველაზე მეტად რის სწავლა უჭირთ ქართველ ბავშვებს.
- ისე პირველ რიგში ეს ალბათ უნივერსიტეტებს უნდა აინტერესებდეთ, რომ უკეთ მოამზადონ თავისი სტუდენტები გაცვლითი პროგრამისთვის?
- გაგიკვირდებათ და მე ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. არცერთი უნივერსიტეტი დეტალურ ანალიზს არ აკეთებს. მართალია, თესეუს უცხოეთის განყოფილება ატარებს სპეციალურ გამოკითხვებს, მაგრამ რომ გითხრათ, მათ გამოკითხვებს ან დეკანატები ან ხარისხის კონტროლის სამსახური ან პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ და დეტალურად არჩევენ - რასაკვირველია, არა!გორის უნივერსიტეტი ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც მიღებულ შედეგზე რაღაც ტიპის რეაგირება მოახდინა. როცა საუკეთესო სტუდენტებმა 60-დან 12 კრედიტის დაგროვება ძლივს შეძლეს, ინგლისური ენის საათების რაოდენობა გაზარდეს.უფრო მეტსაც გეტყვით, ისე აგზავნიან გაცვლით პროგრამებზე სტუდენტებს, რომ ბევრი უნივერსიტეტი არც ინტერესდება სასწავლო ხელშეკრულებით, რომელზეც ან დეკანატი ან ხარისხის სამსახური აწერს ხელს. ესეც ავტომატურად ხდება, არც იხედებიან შიგ, არ კითხულობენ რა საგნებს გაივლის სტუდენტი უცხოეთში, არ მსჯელობენ რა სჯობს, რომ სტუდენტმა იქ ისწავლოს. მერე აქ ჩამოსულებს იქ მიღებულ კრედიტებს არ უთვლიან და ამბობენ, რომ ეს საგანი მათ პროგრამაში არაა გათვალისწინებული და არ აღიარებს საკუთარი ფაკულტეტი. არადა გაცვლის მიზანი ხომ ისაა, რომ ევროპული ცოდნა სტუდენტმა მაქსიმალურად გამოიყენოს.
- ცოტა ხნის წინ თქვენ აკადემიურ წრეებში პლაგიატის მიმართ დამოკიდებულებაც შეისწავლეთ. ერთი სიტყვით როგორ შეაფასებთ სიტუაციას?
- ტრაგედია. თუ ვსაუბრობთ უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ინტერნაციონალიზაციაზე, გვსურს, რომ ევროპული უნივერსიტეტები ჩვენთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, ისინი უნდა გვენდობოდნენ. პლაგიატი ეს არის თემა, რომელიც ყველზე მეტად აზიანებს უმაღლესი განათლების ხარისხს. ჩვენ ღარიბი, პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ იდეები მოვიპაროთ. ეს ნიშნავს, რომ მე როგორც პროფესორი არაფერს ვქმნი, მე პროფესორი კი არა ფიქცია ვარ! მაშინ როგორ უნდა ვითანამშრომლო წამყვან ევროპელ კოლეგებთან. ჩვენთან გაორებული წარმოდგენები და სტანდარტებია აკადემიურ ღირსებაზე. გამოჩნდა ისიც, რომ იმ იშვიათ შემთხვევებშიც, როცა პლაგიატზე ტყდება სკანდალები, ესეც პირადი შურისძიების მეთოდია.
75 უნივერსიტეტში დავაგზავნეთ შეთავაზება მიეღოთ კვლევაში მონაწილეობა, მხოლოდ 38 უნივერსიტეტი გამოგვეხმაურა. კვლევა შეეხებოდა სახელმძღვანელოებს, სასწავლო პროგრამებს, სამეცნიერო წერილებს, სამეცნიერო კურსებს, დისერტაციებს.
მთელი წლის განმავლობაში ვატარებდით ჩაღრმავებულ კვლევას, მათ შორის ფოკუსჯგუფებშიც. და დავდეთ დასკვნა, უმაღლესი განათლების კიდევ ერთი უზარმაზარი ტრაგედია არის პლაგიატი! გამოჩნდა, რომ ქართული აკადემიური საზოგადოება არაა მზად ებრძოლოს პლაგიატს. პასუხი ცალსახაა, სტუდენტების დამოკიდებულება ბევრად დამაიმედებელია, ვიდრე პროფესურ-მასწავლებლების.
- პლაგიატი პლაგიატად, მაგრამ იმით მაინც თუ დავიმშვიდებთ თავს, რომ ქართული სახელმძღვანელოები, სასწავლო მეთოდიკა ან დისერტაციები აშშ-დან, კანადიდან ან ევროპული სამეცნიერო მასალებიდან არის გადმოწერილი? თუ აბსოლუტური უმრავლესობა მოძველებული რუსული წიგნების ასლია?
- რა თქმა უნდა რუსული სახელმძღვანელოები ჭარბობს. უფრო მეტსაც გეტყვით, აღმოჩნდა ასეთი სქემა, სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელები, რომლებმაც სხვა ენა არ იციან, იციან მხოლოდ რუსული, თავიანთ დოქტორანტებს სთხოვენ, სტატიები რუსულიდან უთარგმნონ ინგლისურად და მერე ამას საკუთარ პუბლიკაციად ასაღებენ. ფაქტია, რომ დოქტორანტებს მთარგმნელ მონებად იყენებენ.
- და ამის მიუხედავად ევროპასთან გაცვლით პროგრამებში სულ უფრო მეტი სტუდენტი ერთვება?
- დიახ, ერასმუსის პროგრამა საქართველოში ძალიან წარმატებულია, მაგრამ ეს არ არის აქაური უმაღლესი განათლების ხარისხის “დამსახურება”, მათ ქვეყანა და ხალხი აინტერესებთ. იმის მიუხედავად, რომ სტუდენტებს იქ სწავლა ძალიან უჭირთ, ისინი მაინც ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ, მსოფლმხედველობა, სწავლისადმი მიდგომები ეცვლებათ, შედარების საშუალება აქვთ და აქ ჩამოსულებს უნივერსიტეტებში გამეფებული სიტუაცია და სწავლების ხარისხი აღარ აკმაყოფილებთ. მაგალითად, ახლადშექმნილი "აუდიტორია 115" აკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, ანუ გარე შემოწმებას ითხოვს. მეც ვფიქრობ, ასეთ პატარა ქვეყანაში, ასეთი შეზღუდული აკადემიური რესურსით, ეს აუცილებელია. ახლა ილიაუნი ამოწმებს თესეუს და პირიქით, ორივე კარგად ხვდება, როგორ უნდა მოიქცნენ. თუ 80 მილიონიანი გერმანია თავისი განსხვავებული აკადემიური კულტურით და სწავლისადმი სწორი დამოკიდებულებით, სავალდებულოდ თვლის, აკრედიტაციის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას და მათ შეფასებას , ჩვენ რა დაგვემართა?! ალბათ, ეს ცოტა პოლიტიკური საკითხია. გარე რეფერირებაზე და უცხოელი ექსპერტების მოწვევაზე სულ მინიმუმ 6-7 წელია ვსაუბრობთ, ხან ფული იყო პრობლემა, ხან უცხო ენა. მერე დიდხანს დაობდნენ, ვის უნდა ეთარგმნა ეს პროგრამები, ხან კვალიფიკაციაზე ნერვიულობდნენ, და ახლა ისევ ყველაფერი გაიყინა. მე მაინც ვფიქრობ, სურვილის შემთხვევაში ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლება.
ეკა სარია