2017 წლის ბოლოსთვის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციისთვის ცალკე სსიპ შეიქმნება
“DCFTA-ის ფარგლებში კონკრეტული კულტურის რა სტანდარტი მოითხოვება, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს-ამ საკითხზე ექსტენციის ცენტრების თანამშრომლებს შეიძლება გაუჭირდეთ პასუხის გაცემა, თუმცა ვალდებული არიან ფერმერი დააკვალიანონ ზუსტად სად და ვისგან შეუძლიათ მიიღონ ეს ინფორმაცია”,- ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გელაშვილი.
ექსტენცია ფერმერისთვის ცოდნის, გამოცდილების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ახალი ჯიშებისა თუ მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას გულისხმობს. ქვეყნის მასშტაბით სოფლის-მეურნეობის სამინისტროს 59 ასეთი საექსტენციო ცენტრი აქვს გახსნილი (აქედან,9 რეგიონული ცენტრი). eugeorgia.info დაინტერესდა რა შინაარსის შეკითხვებით მიმართვენ დღეს ყველაზე ხშირად ფერმერები ამ ცენტრებს და ვისთან ამისამართებენ, როდესაც შეკითხვა ევროპულ სტანდარტებს, საექსპორტო პროდუქციასა და უცხოურ ბაზრებს ეხება.
“1000-მდე შეკითხვა შემოდის თვეში: ქიმიურ დაცვაზე, შესაწამლ პრეპარატებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, სარწყავ სისტემებზე. ლურჯ მოცვზე აქვთ ბევრი შეკითხვა, ასევე, აინტერესებთ რა ფასებია თხილზე ბელგიაში, გერმანიაში. სამინისტრო გვიბეჭდავს სპეციალურ ჟურნალებს, სადაც თხილის ფასებზე არის ინფორმაცია, ამის მიხედვით, შეძლებისდაგვარად ვაცნობთ. თუ ვინმე გვკითხავს მოცვი ან სხვა კულტურა სად შეუძლია გაიტანოს, თქვენ თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას -სად და როგორ, ძალიან კარგი იქნება, გვეცოდინება”,- გვითხრა ლანჩხუთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა რევაზ ზენაიშვილმა.
სად, რომელ პროდუქტზე და როგორია მოთხოვნა- ამის შესახებ არც წყალტუბოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში იციან, თუმცა თუ ფერმერს საექსპორტო ბაზრებზე აქვს შეკითხვა, რაიონში არსებულ წარმატებულ კოოპერტივთან (“ჯანელიძეები”) ამისამართებენ, რომელიც მწვანილს ევროპის ბაზრებზე უკვე ყიდის.
“თუ ვინმეს მწვანილი და ბოსტნეული აინტერესებს სერტიფიცირებულ კოოპერატივთან ვაგზავნით. ამ მიმართულებით ევროპის ბაზრით დაინტერესება იზრდება, ვინაიდან რუსეთში უჭირთ პროდუქციის გატანა. ქვეყნების მიხედვით ჯერ არ ვიცით რა მოთხოვნაა, მაგრამ თაფლზე იყო შეხვედრები და იციან, რომ სუფთა თაფლი უნდა გავიდეს”,-ამბობს წყალტუბოს საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრის უფროსი მერაბ ჩიკვაიძე.
მეფუტრკეობასთან დაკავშირებული საკითხები და თაფლის საექსპორტო პოტენციალი აინტერესებთ ასპინძის რაიონშიც.
“ექსპორტთან დაკავშირებით, თაფლზე აქვთ შეკითხვები, რამდენიმე მეფუტკრე გვყავს, რომლის თაფლშიც შემოწმების შედეგად არ აღმოჩნდა ანტბიოტიკები. კონკრეტულად რომელი ანტიბიოტიკებია ევროპაში აკრძალული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს დეპარტამენტს (რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი) ვუკავშირდებით ასეთი შეკითხვების შემთხვევაში”,-ამბობს ცენტრის უფროსი ამირან ლაზარიშვილი.
ექსტენციის სამსახური ყველაზე კარგად აქვს განვითარებული აჭარას, სადაც 5 საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებაა, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტს ექვემდებარება. სამინისტროს დაქვედებარებაშია ააიპ აგროსერვის ცენტრიც, რომელსაც უშუალოდ მომსახურებაზე ორიენტირებული ექსტენცია აქვს და იყენებს სოფტს. თუმცა აქაც პრობლემაა საექსპორტო პროდუქტებისა და ბაზრების ცოდნა, საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსის თქმით, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებით საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობიან, კონკრეტულად ევროპის ბაზრებზე არა აქვთ ინფორმაცია და ამ მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.
“ვცდილობთ უპასუხოდ არ დავტოვოთ ფერმერის შეკითხვა და ვიკვლევთ კომპეტენტურ უწყებას, ვინც გასცემს პასუხს. რამდენიმე ტრენინგი ჩაგვიტარდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, მაგალითად, HACCP-ის სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ საფუძვლიანად გადამზადდა ამ კუთხით ჩვენი სპეციალისტი და მზად არის კონკრეტული კონსულტაცია გაწიოს, ამას დამატებითი მომზადება სჭირდება”,- ამბობს კეკელიძე.
მუნიციპალიტეტებში ფერმერთა მომსახურების ცენტრების შექმნა 2012 წელს გადაწყდა. რეგიონული სამსახურების ექსტენციის ფუნქციებით აღჭურვა მარტივი არ ყოფილა, ვინაიდან ექსტენციონისტს, გარდა დარგის კარგი ცოდნისა, ცოდნის გაზიარების უნარ-ჩვევები სჭირდება, რაც სოფლად მცხოვრებ სპეციალისტებს არ ჰქონდათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ რეგიონულ სამსახურების გასაძლიერებლად ტრენინგებთან ერთად სტრუქტურული ცვლილებებიც აუცილებელია და ექსტენციის განვითარების ახალ სტრატეგიაზე დაიწყეს მუშაობა. როგორც რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტში eugeorgia.info-ს განუცხადეს, სტრატეგია ივნისის ბოლოსთვის მზად იქნება.
“ამ ხალხს დებულებით ექსტენციასთან ერთად დავავალეთ ბაზების გაკეთება, სტიქიების შეფასება, გასვლები, შეხვედრების ორგანიზება და ა.შ., ეს შეუძლებელი გახდა, საუბარია 4-5-6 კაციან სამსახურებზე. თუ გვინდა ქვეყანაში მივიღოთ ტიპიური ექსტენციის სისტემა, ამ სამსახურებს უნდა მოვაცილოთ ყველა ფუნქცია და დავუტოვოთ მხოლოდ ექსტენცია, ან დავიტოვოთ ეს სამსახურები და ცალკე გავაკეთოთ ექსტენცია, ამიტომ გადავწყვიტეთ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება. ამ ეტაპზე განვიხილავთ სტრატეგიის გეგმას, რომელიც FAO-მ მოგვაწოდა, გადავწყვიტეთ, 2017 წლის ბოლოსთვის, გაკეთდეს ცენტრალური სტრუქტურა სსიპ-ის სახით თბილისში, დღეს არსებული რეგიონული სამსახურები ამ სსიპ-ის წარმომადგენლობები იქნებიან და მხოლოდ ექსტენციის ფუნქცია ექნებათ”,- ამბობს მარიამ გელაშვილი.
ექსტენციის განვითარებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიურად ეხმარებოდა USAID. პროექტის ,,ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში აშშ-ში რამდენიმე სასწავლო ტურიც მოეწყო.
“ბევრ ქვეყანაში ექსტენცია კერძო სამსახურია, სადაც ფერმერები მომსახურებაში ფულს იხდიან, კერძო ექსტენციის სამსახურებს სამმაგი დაფინანსებს აქვთ: უფლება აქვთ თვითონ მოიპოვონ თანხები დონორებისგან, საწევროები, რომელსაც იხიდან ფერმერები, სახელმწიფოც უხდის გარკვეულ თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან. შვეიცარიაში, გერმანიაში ექსტნეციის უძლიერიესი სკოლები აქვთ. ექსტენცია მეცნიერების გარეშე არ არსებობს. შეიძლება ფერმერს ისეთი პრობლემა აქვს, რომლის გადაჭრასაც კვლევა სჭირდება (დაავადება, მავნებელი), ამაშიც ჩავარდნაც გვქონდა. სოფლის მეურნეობის სფეროში 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გვქონდა, რომელიც გაუქმდა, დარგი დარჩა მეცნიერების გარეშე, ამიტომ 2015 წლის დასაწყისში შეიქმნა სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი”,-ამბობს გელაშვილი.
ექსტენციის განვითარების ახალი სტრატეგია რეგიონული სამსახურების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ევროპის ბაზრებზე პოტენციური საექსპორტო ბაზრების შესახებ ცოდნის გავრცელება და გაღრმავება. ამ მიმართულებით ტრენინგების საჭიროებაზე რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტრის უფროსის მოადგილეც საუბრობს-“DCFTA-ის კონკრეტულ საკითხებზე დატრენინგება ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე სულ დონორებზე ვიყავით დამოკიდებული. ახლახან, პროექტების მართვის სააგენტოში შეიქმნა ტრენინგცენტრი, უკვე გადავუგზავნეთ საჭიროებების შეფასებები - რა მიმართულებით სჭირდებათ მათ დატრენინგება”,- ამბობს გელაშვილი.
როგორც საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა, სტანდარტებთან, საექსპორტო პროდუქტებსა და ბაზრებთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ან რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტს მიმართავენ, უმეტეს შემთხვევაში კი დაინტერესებულ პირს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერს აძლევენ.
სამინისტროს 2015-2020 წლების განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უწერია საბაზრო ინფორმაციული სისტემის შექმნა, მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და აგრარულ სექტორში
დასაქმებულთათვის ეფექტიანად მიწოდება. დღეს საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების გამოვლენა და ექსპორტ-იმპორტის ანალიზი პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტს ევალება. კიდევ ერთი სახელმწიფო სამსახური, რომელიც საექსპორტო ბაზრებს იკვლევს ეკონომიკის სამინისტროში არსებული, მეწარმეობის განვითარების სააგენტოა. სააგენტოს მიერ შექმნილ სავაჭრო ვებპორტალზე http://tradewithgeorgia.com/ განთავსებულია ინფორმაცია მეწარმეებზე, რომელთაც უკვე გააქვთ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე, თუმცა საიტზე, ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია ევროკავშირის რომელ ქვეყნებში რა ნიშური ბაზრები არსებობს და რომელ ქართულ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს საექსპორტო პოტენციალი.
მაიკო გაბულდანი