მაინის ფრანქფურტში დაგეგმილ ქართულ-გერმანულ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობაზე ხელისუფლება უარს ამბობს
8 ივლისს, მაინის ფრანქფურტში, გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ეკონომიკის საბჭოსა და ორგანიზაციის - "ეკონომიკისა და კულტურის ქართულ-გერმანულიკავშირის" ორგანიზებით, ერთობლივი ქართულ-გერმანული ეკონომიკურ-საინვესტიციო ფორუმი იმართება. პასუხს კითხვაზე - მიიღებს თუ არა ფორუმში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ან მისი რომელიმე მოადგილე, ფორუმის ორგანიზატორები დღემდე უშედეგოდ ელიან.
ქართულ მხარესთან კომუნიკაციის პრობლემებზე www.eugeorgia.info ფორუმის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ქართულ-გერმანული ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტს, ნინო ყამბეგაშვილს ესაუბრა:
- ფორუმის მთავარი მიზანია ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს ეკონომიკაში გერმანული ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელშეწყობა: ბოლო დროს, გერმანიის საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ საქართველოში ბიზნესის დაწყების და პროექტში - "აწარმოე საქართველოში" მონაწილეობის ინტერესს. შესაბამისად, ფორუმში მოწვეულნი არიან 40-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები, პოტენციური ინვესტორები და დაგეგმილია მათთან საქმიანი შეხვედრა. მათ შორის არიან: კომპანია Remondis ( ნარჩენების გადამუშავება), Mianova ( განახლებადიენერგიები), Juwi ( მზის ენერგია). სამივე ეს კომპანია დაინტერესებულია კონკრეტულ პროექტებში ინვესტიციით და 8 ივლისს ჩვენს დელეგაციასთან შეხვედრას ელოდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები ჰესენის ფედერალური მიწის სამრეწველო სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან და ფრანკფურტის მერთან, ჰესენის მიწის პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან, ვისბადენის ფედერალური მიწის მინისტრთან. ქართულ მხარეს შევთავაზეთ, რომ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა Frankfurter Allgeeine Zeitung (FAZ)-ის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზება. ფორუმის მომდევნო ეტაპზე, 15 ოქტომბერს გერმანული დელეგაცია ჩამოვა საქართველოში და დელეგაციის წევრები საქართველოს ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ამ ღონისძიების შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მივაწოდეთ. ფორუმში მონაწილეობისთვის მოწვევა გავუგზავნეთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა დაგვიდასტურა, რომ ის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ეკონომიკის სამინისტროდან კი, ჯერჯერობით, მიუხედავად არაერთი ზარისა, პასუხი არ გვაქვს.
ბოლო საუბარი ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან, ნიკოლოზ გაგუასთან მქონდა. მან მე დამადანაშაულა ფორუმის ცუდ ორგანიზებაში, მითხრა, რომ არაერთხელ მთხოვა, მისთვის გადამეგზავნა გერმანული მხარის წერილი და მოწვევა, რადგან ქართული ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე არ დადის და ტელეფონი გამითიშა. როგორც ჩანს, მას არ აქვს წაკითხული წერილი და არ იცის იქ რა წერია: მოწვევა მათ მიიღეს ჰესენის მიწის ეკონომიკური საბჭოდან.
ეკონომიკის მინისტრის და მინისტრის ყველა მოადგილის თანაშემწეს ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვურეკავდით. როცა თანაშემწეების დახმარებით ვერაფერს გავხდით, ვცადეთ რომ ამ საქმეში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჩაგვერთო. ბატონმა გელა დუმბაძემ მოგვწერა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ფორუმში სამინისტროების მოწვევის ინიციატივას ის საკუთარ თავზე იღებს და საქმე თანაშემწეს გადააბარა. თანაშემწე ისე გავიდა შვებულებაში, რომ არც კი გაგვაფრთხილა და ეს საქმე სხვას გადააბარა. ის სხვა აზრზე არ არის, რა ხდება და ახლა სრული ქაოსია.
15 ივნისს გერმანიაში პრემიერ-მინისტრი იყო ჩამოსული. ეს იყო მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს რეგიონულ დონეზე, ფედერალურ მიწებთან, მითუმეტეს, ახლა. გამზადებულია ყველაფერი, ფორუმი ორგანიზებულია და ძალიან საკვირველი და გაუგებარია, რომ ეკონომიკის მინისტრს და მის არცერთ მოადგილეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არ სურს."
"ჰესენის მიწის ფედერალურ საბჭოში გაერთიანებული არიან ის კომპანიები, რომელთაც შტაბბინა ჰესენის მიწის ტერიტორიაზე აქვთ. საბჭო იცავს ამ ფირმების ინტერესებს და უზრუნველყოფს მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, ეკონომიკური საბჭოს კიდევ ერთი მთავარი ფუნქცია არის მასში გაერთიანებული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინფორმაციის მიწოდება. სწორედ საბჭოა ის ორგანო, რომელიც ფედერალური მიწის დონეზე ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს," - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი, - "ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვა ხდება ორ დონეზე: პირველი, ეს არის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, როცა სახელმწიფოს მეთაურები ჩადიან რომელიმე ქვეყანაში და იქ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს უკეთებენ რეკლამას და მეორე და არანაკლებ მნიშვენლოვიანია, შედარებით დაბალ, საშუალო პოლიტიკურ დონეზე შენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს წარდგენა. გერმანიის შემთხვევაში ეს არის ფედერალურ მიწის დონეზე არსებულ კომპანიებთან ურთიერთობების დამყარება. ჰესენის ფედერალური მიწის დონეზე დაგეგმილი საინვესტიციო ფორუმი არის კარგი დასაწყისი იმისთვის, რომ შემდეგ ასეთივე ფორუმი სხვა ფედერალურ მიწებზეც ჩატარდეს, იქნება ეს ბავარია, ბადენი თუ სხვა. ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარს ვამბობთ პირდაპირი ეკონომიკური კონტაქტების დამყარებაზე და ვრჩებით მარტო მაღალ დონეზე, ზოგადი პოლიტიკური რეკლამის იმედად, რაც ნაკლებად ეფექტიანია."
www. eugeorgia.info ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეგვპირდა, რომ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარებოდა. თუმცა, მოგვიანებით მან ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას აღარ უპასუხა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკუთრა პოზიციას დააფიქსირებს, www.eugeorgia.info მათ პასუხს აუცილებლად გამოაქვეყნებს.