“ევროკავშირის დახმარების შედეგები ხალხმა უნდა იგრძნოს”- ლორენს მერედითი
“მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ყველა დახმარება არ იყოს კონცენტრირებული თბილისში და მიაღწიოს რეგიონებამდე, რომ შეცვალოს ხალხის ცხოვრება. მეც ჩრდილოეთ ინგლისის ერთ-ერთი პატარა სოფლიდან ვარ”,- ამბობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, “აღმოსავლეთის სამეზობლო” პროგრამის ხელმძღვანელი eugeorgia.info-სთან საუბრისას. ლორენს მერედით საქართველოში ევროკავშირის დახმარების პროგრამების მიმდინარეობის პროცესის გასაცნობად ჩამოვიდა და ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრაზეც დაიწყო საუბარი.
როგორ შეაფასებთ ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელების პროცესს, რამდენად დაემთხვა თქვენი მოლოდინები აქ არსებულ რეალობას?
-ყველანი ვთანხმდებით, რომ ეკონომიკა ევროკავშირის დახმარების პრიორიტეტული სფეროა. გვინდა რომ ამ დახმარებას პირველ რიგში რიგითი მოქალაქების ცხოვრებაზე ჰქონდეს ეფექტი. ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი DCFTA Facility-ია, უკვე მოვაწერეთ ხელი პირველ კონტრაქტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე, დაახლოებით 1 თვეში, გავაფორმებთ კონტრაქტს ევროპის საინვესტიციო ბანკთანაც (EIB), რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური ცვლილებები იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის-პროგრამების მთავარი ბენეფიციარებისთვის.
1 ივლისიდან ასოცირების შეთანხმება მთლიანად შედის ძალაში, რა სახის დახმარებებია გათვალისწინებული სხვა სფეროებში, გარდა ბიზნესისა?
-ევროკავშირის დახმარებაში სამი მნიშვნელოვანი მიმართულებაა: საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, სასამართლო რეფორმა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ვინაიდან, სამუშაო ძალის 50% სოფლის მეურნეობაშია. მომავალი 12 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ კონკრეტულად რა უნდა იყოს სამომავალო პრიორიტეტები ევროკავშირის დახმარებებში მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში.
კვლევების მიხედვით, საქართველოში გაზრდილია ბიზნესის და მომხმარებელთა ნდობის ინდექსები, ასევე, გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა პირველ კვარტალში. რა უპირატეს მდგომარეობას აძლევს ეს მაჩვენებელები საქართველოს “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სხვა ქვეყნებთან შედარებით, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის მხრიდან დახმარებაზე?
-ბიზნესგარემოს გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე კორუფციასთან ბრძოლა, რაც კვლავ გამოწვევაა, მაგრამ მე ვუსმენდი ბიზნესლიდერებს, რომლებიც მიესალემებიან იმას, რომ ხელისუფლება თითქმის საერთოდ არ ერევა კერძო ბიზნესის საქმიანობაში. ინვესტორის ნდობა ასევე დამოკიდებულია ეფექტური კანონის უზენაესობასა და იმაზე, რომ საჯარო სამსახურებიდან სწრაფად მიიღონ მომსახურება, რაც სჭირდებათ. ჩვენი პროგრამის მეორე ნაწილი დიდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობაა, ყველანი უნდა დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხალხმა შედეგები იგრძნოს.
-როგორი უნდა იყოს ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგია, რომ გაიზარდის ცნობიერება მოსახლეობაში, განსაკუთრებით რეგიონებში და სწორად გავრცელდეს გზავნილები?
-უმთავრესია შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსება- რა არის შედეგი, რა ცვლილებებს ვახდენთ ხალხის ცხოვრებაში, ევროკავშირის დახმარების შედეგები ხალხმა უნდა იგრძნოს. სოფლის განვითარების პროგრამაში, 50 მილიონი ევრო ჩავდეთ, ახალი ფაზა გაეშვა გასულ წელს, ისევ 50 მილიონი ევრო, კიდევ უფრო დიდი, მესამე ფაზა წელს დაიწყება. ამ პროგრამის გავრცელების არეალი რეგიონებშია. ახლახან გაეშვა ბიზნესის დახმარების ახალი ფაზა, რომელსაც ეწოდება eu4business. სამომავლო დახმარებებში მთავარი ტესტი იქნება ის თუ როგორ ცვლის ეს დახმარება ხალხის ცხოვრებას, სწორედ ამიტომ კომისარ ჰანის ნომერ პირველი პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარებაა, როგორ შეგვიძლია გავზარდოთ კეთილდღეობა, მნიშვნელოვანია მედიის მეშვეობით კომუნიკაცია, რომ ხალხმა კარგად გაიგოს.
-დღეს უკვე ევროკავშირის წევრმა, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებმა სტაბილური ბიზნეგარემოს შექმნის შემდეგ მიიზიდეს ბევრი მსხვილი კომპანია, რომელთაც სათავო ოფისები ამ ქვეყნებში გადაიტანეს, იაფი მუშა-ხელისა თუ საგადასახადო შეღავათების გამო. რა შანსები შეიძლება არსებობდეს საქართველოსთვის ამ მიმართულებით?
-კონკერტულად, ინვესტიციების მისაღებად საჭიროა სწორი ბიზნესგარემოს შექმნა, იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს აქვს, ეფექტური კანონის უზენაესობა, ინვესტორებისთვის კარგი საჯარო ადმინისტრირების სერვისები, მნიშვნელოვანია ერთი ფანჯრის პრინციპიც, კორუფციასთან ბრძოლა, რომ არავინ ჩაერევა კერძო სექტორში. სარგებელი, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი გაიზრდება ასოცირების შეთანხმების განხორციელების პარალელურად.
-ანტიდასავლური პროპაგანდა ყოველდღიურად იზრდება საქართველოშიც, აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნების მსგავსად, რაც, თავის მხრივ ჩრდილქვეშ აყენებს თუნდაც ევროკავშირის იმ დახმარების პროგრამებს, რაზეც ვსაუბრობთ. როგორი უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯი საქართველოსა და თავად ევროკავშირის მხრიდან მზარდი პროპაგანდის შესაჩერებლად?
-სტრატეგიული კომუნიკაცია იყო მნიშვნელოვანი განსახილველი თემა მთავრობის წევრებსა და ბიზნესლიდერებთან შეხვედრისას. მთავარია შედეგები, ყველაზე კარგი გზა ხალხის დასარწმუნებლად არის რეალური ეფექტი მათ ცხოვრებაზე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გვაქვს თუ არა სწორი სახის დახმარება, როგორ ვაღწევთ ხალხამდე და როგორ გავლენას ვახდენთ, მეორე- როგორ ვახდენთ კომუნიკაციას, ჩვენ გვჭირდება ძლიერი არგუმენტები. ასოცირების შეთანხმება ამბიციურია და ის უკვე ახდენს ცვლილებებს ევროკავშირში ექსპორტისა და იმპორტის გაზრდის თვალსაზრისით. უმაღლესმა წარმომადგენელმა დაიქირავა სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდი ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე სამუშაოდ და ჩვენც ახლოს ვთანამშრომლობთ მათთან, მთავარია გვქონდეს მკაფიო მესიჯები.
ავტორები: მაიკო გაბულდანი, ზურა მოდებაძე