ჩვენი პრიორიტეტი მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა იყოს
“ვიცით, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. სიამოვნებით ჩამოვიდოდით ზღვაზე დასასვენებლად და ქვეყნის მოსანახულებლად, მაგრამ საქართველოში დასვენება ძალიან ძვირი გვიჯდება. კიევი-თბილისი-კიევის ბილეთი 250 ევრო ღირს. ამ თანხით თურქეთში 10-დღიანი დასვენების საგზურს ვყიდულობთ, სადაც კიევიდან ანტალიამდე ჩარტერული რეისით ფრენის ღირებულებაც შედის, აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსფერიც და სასტუმროს All inclusive მომსახურებაც. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში სასტუმროზე და კვებაზე კიდევ დამატებითი თანხა უნდა დავხარჯოთ. ამდენი შესაძლებლობა ახლა არ გვაქვს. თურქეთში კარგი სერვისია. იმ ფასში, რასაც ვიხდით, ძალიან კარგ მომსახურებას ვიღებთ. თან ქემერი ყირიმს ჰგავს და ნოსტალგიასაც ვიკლავთ. იმედი მაქვს, საქართველოშიც დაიაფდება ავიაბილეთების ფასი და თქვენს ქვეყანასაც ვნახავთ ,”- ამბობს იულია კოვალჩუკი.
გასულ წელს თურქეთს 41,6 მლნ ვიზიტორი ეწვია, ტურიზმის სექტორიდან კი ქვეყანაში 31,5 მლრდ დოლარის შემოსავალი შევიდა. გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, თურქეთი ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებადი ქვეყნების ტოპ ათეულში შედის. თუმცა, გახშირებული ტერაქტები და რუსეთთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა თურქეთის ეკონომიკის ოქროს სექტორად წოდებულ ტურიზმზეც აისახა: მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა საკუთარ ქვეყანაში თურქეთის საგზურების გაყიდვა აკრძალა, თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 60%-ით შემცირდა. რუსეთი, გერმანიის შემდეგ, თურქეთისთვის რიგით მეორე ტურისტული ბაზარი იყო. 2015 წელს ამ ქვეყნიდან თურქეთში 3,5 მლნ ტურისტი ჩავიდა, 2016 წლის პირველ ნახევარში კი მხოლოდ რამდენიმე ათასი. ღრმა კრიზისს, რომელიც თურქეთის ტურიზმის სფეროში დაიწყო, საკურორტო ბიზნესმაც სტრატეგიის მყისიერი ცვლილებით უპასუხა: საგზურების ფასი მკვეთრად დაწია და აქცენტი ბაზრების დივერსიფიკაციაზე გააკეთა. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მოხდა ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში, სხვადასხვა ქვეყნებიდან კი, მათ შორის ისეთებიდანაც, როგორიც საქართველოა და რომლის მიმართაც ინტერესს თურქეთი აქამდე არასოდეს ამჟღავნებდა, საკურორტო ქალაქების მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა. ახლა საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დასასვენებლად ხმელთაშუა ზღვის თურქულ სანაპიროზე მიდის. ეს მათ საქართველოში დასვენებაზე იაფი უჯდებათ.
ქართული ტურიზმი
2015 წელს საქართველოს 5 897 685 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 2,2%-ით, 2 278 562 -მდე გაიზარდა რაოდენობა ტურისტებისა - ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს 24 საათით ანდა უფრო ხანგრძლივი დროით სტუმრობდნენ. ყველაზე მეტი სტუმარი საქართველომ 10 ქევყნიდან მიიღო. ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, გერმანია, ყაზახეთი და აშშ. ზრდა აღინიშნებოდა შემოსავლების კუთხითაც: 2015 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.9მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მაშინ, როცა 2014 წელს იგივე მაჩვენებელი 1.4 მილიარდი დოლარი იყო.
საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა მსოფლიოში გასულ წელს 4%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს - 1 მილიარდ 184 მილიონს მიაღწია. გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, უცხო ქვეყნებში მოგზაურთა ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. ტურისტების რაოდენობის ზრდას ელიან საქართველოშიც: ტურიზმის ეროვნული სააგენტო წელს ქვეყანაში7 მილიონამდე ვიზიტორის და 2 მლნ 300 ათასზე მეტი ტურისტის ჩამოსვლას ელოდება.
საქართველოს შეუძლია ტურისტებს კავკასიონიდან შავი ზღვის სანაპირომდე მრავალფეროვანი ტურისტული მომსახურება შესთავაზოს: მთასვლელობა, ფეხით მოგზაურობა, მთებში ველოსიპედებით მოგზაურობა, თხილამურებით სრიალი, პარაპლანით ფრენა, ნავით გასეირნება, რაფტინგი თუ ველური ბუნების მონახულება. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც 250 კმ-ის რადიუსში სუბტროპიკული ტყე ( მტირალას პარკი), ნახევარუდაბნო ( ვაშლოვანი), ზღვის სანაპირო (აჭარა და გურია), სამთო კურორტები ( მესტია, გუდაური, ბაკურიანი) და კარსტული მღვიმეები მიწისქვეშა მდინარეებით, ერთად თანაარსებობს.
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნათია ჯინჯოლავა ამბობს, რომ დაცული ტერიტორიების მონახულების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება: „ტურისტების რაოდენობაც და შემოსავლებიც ყოველწლურად სტაბილურად იზრდება. გვაქვს ტერიტორიები, სადაც მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დამთვალიერებელი გვყავს. მაგალითად, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ტურისტული სეზონის განმავლობაში არასოდეს იხურება.”
“ძალიან დიდია ინტრესი ზემო სვანეთისა და ყაზბეგის მიმართ. ყაზბეგი ძალიან პოპულარულია უცხოელ ტურისტებს შორის: არის სანახაობა და ადვილი მისასვლელია. იქ, სადაც გზაც არის და ინფრასტრუქტურაც, ტურისტები მიდიან. ზოგადად, მოთხოვნა საქართველოზე არის და ის მზარდია,” - ამბობს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი. “ამ ზაფხულსაც უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდის იმედით ვხვდებით. ივლისსა და აგვისტოში საქართველოში ტურისტები ძირითადად ზღვაზე დასასვენებლად ჩამოდიან.”
ზღვის სეზონისთვის მზადება სამიზნე ბაზრებზე აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირებით დაიწყო. 10 სამიზნე ქვეყანას (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი, ისრაელი, პოლონეთი, ყაზახეთი, ლიტვა და საქართველო) წელს რუსეთიც დაემატა. იყო იმედი, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდებოდა. თუმცა, ციფრებმა აჩვენა, რომ ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობაში რუსეთის წილი არც ისეთი შთამბეჭდავია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 2 636 319 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტი, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი 53 634-ით, 397 075 ტურისტამდე გაიზარდა.
სტატისტიკამ აჩვენა, რომ რუსეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების რეკლამაზე უფრო ეფექტიანი მეზობელ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე უარის თქმა აღმოჩნდა. ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტების რაოდენობის დრამატული ზრდის მოლოდინი და ქვეყნის ტურისტული სტრატეგიაც არასწორი იყო: "საქართველო თურქეთს ვერ ჩაანაცვლებს. თურქეთის სასტუმროში ტურისტი სასტუმროდა გაუსვლელად ყველანაირ სერვისს იღებს. ჩვენთან ასეთი ინფრასტრუქტურა არ არის. მაღალი მოთხოვნის დროს კი ადგილები არ გვყოფნის. გარდა ამისა, რუსეთში ახლა ეკონომიკური კრიზისია და საინფორმაციო არხებით მუდმივად ისმის მოწოდება, რომ არ გავიდნენ ქვეყნიდან და საკუთარ კურორტებზე დაისვენონ. გრძელვადიანი გეგმის აწყობა რუსეთზე არ შეიძლება. ის კარგია მხოლოდ მოკლევადიანი გეგმისთვის. ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებზე. ეს ქვეყნები მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ. ასეთია იაპონია, ჰონკონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა. ამ ქვეყნებს წინა წლებში ეკონომიკური კრიზისი არ შეხებია. სულ საჭიროა ახალი ბაზრების მოძიება და სწორად მიმართული მარკეტინგი. ირანი საინტერესო ბაზარია და სანამ სხვა ქვეყნები არ გაუღებენ საზღვრებს, აქ ხშირად ჩამოვლენ. საგანგებო მარკეტინგული პროგრამა უნდა შეიქმნას გერმანიის ბაზრისთვის. ეს არის ძალიან სტაბილური ბაზარი. სტატისტიკის მიხედვით, გერმანელები ყველაზე მოგზაური და ინტერესიანი ხალხია ევროპაში და ამავე დროს მაღალმხარჯველიც. ჩვენი პრიორიტეტი მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა იყოს. სპეციალური ნაბიჯები რომ გადავდგათ ამ მიმართულებით, შედეგს ძალიან მალე მივიღებთ."
აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს წელს ზღვაზე დასვენებასთან ერთად აჭარის მათალმთიანეთის მიმართულებით არსებული ეკოტურისტული მარშრუტებით სარგებლობაც შეუძლიათ. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მარშრუტები ამოქმედდა. ეკოტურისტული მარშრუტების საშუალებით, ვიზიტორები აჭარული სოფლების ყოფას და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობიან, დაათვალიერებენ ხელნაკეთი რეწვის ნიმუშებს და ადგილობრივი წარმოების ჩხავერის, ცოლიკოურის, ოცხანური საფერავისა თუ ალადასტურის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებს და აჭარული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებენ.
საქართვლოს მთავრობამ კი დაიწყო პროექტი - „Check in Georgia” - საქართველო მსოფლიო კულტურულ კალენდარზე” . პროექტი მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომლებიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყოდა წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მლნ ლარია გამოყოფილი. ზაფხულში დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამაში შედის ფოლკლორული, ღვინის და ლუდის ფესტივალების ჩატარებაც. ტურისტული სეზონის გახანგრძლივების მიზნით მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების მოწყობა შემოდგომაზე და ახალი წლისთვისაც იგეგმება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, “Check in Georgia-ს” ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვისას მსოფლიოს 52 ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან 1000-ზე ოდნავ მეტი ტრანზაქცია განხორციელდა. ია თაბაგარი ფიქრობს, რომ პროექტის - “Check in Georgia” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროული დაანონსებით, საქართველოში დაგეგმილზე ბევრად მეტი ტურისტის ჩამოყვანა შეიძლებოდა: “ფესტივალებისა და კონცერტების ჩასატარებლად ძალიან დიდი თანხა იხარჯება. ძალიან ბევრი კარგი ღონისძიება დაიგეგმა. მაგრამ, ვინ იცის ამის შესახებ? სამწუხაროდ, ტურისტულმა კომპანიებმა ამ პროექტის შესახებ არაფერი იცოდნენ. ტურისტულ გამოფენებზე, რომლებიც შემოდგომიდან გაზაფხულამდე ჩატარდა, ეს ღონისძიებები არსად გამოჩნდა. გერმანიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო იყო წარმოდგენილი, მაგრამ არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი არცერთ ღონისძიებაზე, არცერთ კონცერტსა და ფესტივალზე. ჩვენ რომ წინასწარ გვქონოდა ინფორმაცია ამ ღონისძიებების შესახებ, ბალტიისპირეთიდან და აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან აქ ბევრად მეტ ტურისტს ჩამოვიყვანდით.”
ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით, სახელმწიფომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს: მეტად იზრუნოს რეგიონებში სასტუმროებისთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა თუ წყლის უწყვეტ მიწოდებასა და გზების ხარისხზე, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში.
ციფრები და ფაქტები
2015 წელს საქართველოში 5 901 094 ადამიანი შემოვიდა, წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტი, აქედან 2 281 971 ტურისტი იყო
გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობის ( 1 468 888 ვიზიტორი) მიხედვით პირველ ადგილზე სომხეთი იყო, მეორეზე ( 1 393 257 ვიზიტორი) აზერბაიჯანი, ხოლო მესამეზე ( 1 391 721 ვიზიტორი) თურქეთი.
2015 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა ისრაელიდან ( +40,3%), ყაზახეთიდან (+29,5%) და რუსეთიდან (+14,1%) ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, უცხოელი ტურისტები საქართველოში საშუალოდ 4 დღეს რჩებიან
ტურისტების 65% სასტუმროებში, 18% კი საოჯახო სასატუმროებში ჩერდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აჭარაში 254 სასტუმროა, 11 293 საწოლი ადგილით
რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ 1 177 ლარი დახარჯეს. დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებზე, სასმელსა და შოპინგზე მოდის.
ტურისტების მიერ აღნიშნულ პრობლემებს შორის იყო: ტრანსპორტი, უცხოურ ენაზე მენიუების არარსებობა და საზოგადოებრივი ტუალეტები.
ტელეკომპანია CNN-მა 2016 წლის 16 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველოც დაასახელა. საქართველოს გარდა ამ ჩამონათვალში მოხვდა: მონღოლეთი, პაპუა, ახალი გვინეა, ისლანდია, ნორვეგია, მადაგასკარი, გაბონი, ირანი, რუმინეთი, ტაივანი და ინდოეთი. CNN-მა რეიტინგი დარგის ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 141 ქვეყანას შორის 3.68 ქულით 71-ე ადგილზეა. სიის ლიდერი ესპანეთია - 5.31 ქულით, მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე - გერმანია. ინდექსი 15 კრიტერიუმისგან შედგება, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ შესაძლებლობებს. საქართველოს ყველაზე მაღალი - 6.1 ქულა ჯანმრთელი გარემოს (ეპიდემიების გავრცლების დონე და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა) მხრივ აქვს. ასევე, მაღალი შეფასება აქვს უსაფრთხოების მხრივ. ყველაზე დაბალი - 1.5 ქულა კულტურული რესურსების და ბიზნეს ტურიზმის შეფასებაში მიიღო.
აჭარის ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 2 მლნ 900 ათას 320 ლარი აქვს გამოყოფილი. აქედან ქვეყნის გარეთ სარეკლამო კამპანიისთვის 1 მლნ 900 000 ლარი დაიხარჯა, ქვეყნის შიგნით კი - 320 000 ლარი.