სასამართლოს რეფორმის “მესამე ტალღა” და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
სასამართლოს რეფორმის “მესამე ტალღის” მესამე მოსმენამდე მისული კანონპროექტები კენჭისყრის მოლოდინში ისევ პარლამენტშია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი მოსამართლეებს ისევ ძველი წესით ნიშნავს, რომლის კონსტიტუციურობაზეც საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს. კანონპროექტების დროულად მიღების კრიტიკულ მნიშვნელობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ურჩევს, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ცვლილებების კენჭისყრას აპირებს, თუმცა როდის არ აკონკრეტებს. მანამდე, სასამართლო კორპუსის 65 ვაკანტური ადგილიდან 44 უკვე შევსებულია, აქედან 21 მოსამართლეს ვადა გაუგრძელდა, 14 ყოფილი მოსამართლეა, დანარჩენი 9 კი პირველად შეუდგება სამოსამართლო საქმიანობას.
არასმთავრობო ორგანიზაციების კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და “შემჭიდროებულ ვადებში, დადგენილი პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე” ჩაატარა კონკურსი. კოალიციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საბჭომ არ მოიძია ინფორმაცია კანდიდატების შესახებ და სიის გამოქვეყნებიდან 3 დღეში შეუდგა გასაუბრების ჩატარებას,-“აღნიშნული პროცედურის ზედმიწევნით ჩატარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსამართლეობის იმ კანდიდატების შემთხვევაში, რომელთა მიუკერძოებლობის საკითხზეც, მათივე წარსული სამოსამართლეო გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, საზოგადოებაში ძალიან მწვავე და ლეგიტიმური კითხვები არსებობს”,- ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
მართლმსაჯულების რეფორმირება ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შორის ერთ-ერთია. “მესამე ტალღა” 2016 წლის სამოქმედო გეგმაში ასახულ რამდენიმე საკითხს მოიცავს, მოსამართლეების დანიშვნასთან ერთად გათვალისწინებულია საქმეთა ელექტრონული პროგრამით განაწილება და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის სრულყოფა. eugeorgia.info დაინტერესდა კიდევ რას ითვალისწინებს ასოცირების 2016 წლის სამოქმედო გეგმა და რატომ ფერხდება “მესამე ტალღის” კანონპროექტების დამტკიცება.
მოსამართლეთა დანიშვნა
- არსებული ვითარება და პრობლემის არსი
ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი სწორედ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნაა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეებს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყოფილ ან მოქმედ მოსამართლეს, რომელსაც გასდის ვადა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილ მსმენელებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი კრიტიკა არჩევის პროცედურებს უკავშირდება, ისინი მიიჩნევენ, რომ არათანმიმდევრული მიდგომაა და არ არსებობს მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმები კანდიდატების ობიექტურად შესაფასებლად.
“დღეს შერჩევა-დანიშვნა მიმდინარეობს ფარული კენჭისყრით და გადაწყვეტილებას ზურგს არ უმაგრებს არანაირი დასაბუთება, ამასთან, არათანმიმდევრული მიდგომაა- როგორ შეიძლება კანდიდატები ერთმანეთს შეადარო, როდესაც განსხვავებულ თემებზე გაქვს კითხვა დასმული?!. უმცირესობების, ქალთა უფლებების საკითხებზე საბჭოში ხუმრობენ კიდევაც და არასერიოზული დამოკიდებულება ამითაც ვლინდება... საბჭოს წევრები ცდილობენ მათდამი ლოიალური ხალხის გადანიშვნას, რომ შეინარჩუნონ საკუთარი პოზიცია სისტემაში. ძირითადი ბირთვია, რომლის მიმართაც საზოგადოებაში უამრავი კითხვის ნიშანია, ყველა იცნობს ამ ხალხს და ამ ხალხის გადანიშვნა მიმდინარეობს ახლა”,- ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი გია გვილავა.
- რას ცვლის “მესამე ტალღა”?!
“მესამე ტალღის” კანონპროექტების მიხედვით, კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმები კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება, ასევე, საბჭოს წევრები კანდიდატებს კრიტერიუმების შესაბამისად ქულების მინიჭებით შეაფასებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების უფლება ფარული კენჭისყრით კვლავ საბჭოს დარჩება, რომელსაც არა აქვს დასაბუთების ვალდებულება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მთავარი პრობლემაა და ამის გამო აზრს კარგავს მესამე ტალღით შემოთავაზებული გასაჩივრების მექანიზმიც.
“ამ ვერსიაში შესაძლებელია, რომ ყველაზე დაბალი ქულის მქონე კანდიდატი გახდეს მოსამართლე და ვერ გავიდეს ის, ვინც ყველაზე მაღალი ქულა მიიღო.. თუ არ გაქვს არანაირი დასაბუთება როგორ უნდა გაასაჩივრო ფარული კენჭისყრის შედეგები?!, ეს არის- კი ან არა, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას”,- ამბობს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი სოფო ვერძეული.
იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს მიაჩნია, რომ კოლეგიურ ორგანოში დასაბუთების საკითხი ყოველთვის პრობლემურია, თუმცა ალექსანდრე ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული მექანიზმი დღეს არსებულ პრობლემას მოაგვარებს.
“როდესაც ვლაპარაკობთ კოლეგიურ ორგანოზე, იქ მთლიანობაში დასაბუთების საკითხი ყოველთვის პრობლემურია, რას ნიშნავს დასაბუთება, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით?! ეს არის კონსტიტუციური ორგანო (საბჭო), რომელსაც ევალება, რომ თანამდებობაზე შეარჩიოს მოსამართლეები, თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი, რასაც კანონში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გამოხატავს კიდევაც ფურცელზე. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიიღება ფარული წესით, ეს ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც მთელმა საზოგადოებამ დაუჭირა მხარი 2013 წელს”,- ამბობს ბარამიძე.
საქმეების ელექტრონული განაწილება
- არსებული ვითარება და პრობლემის არსი
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოში საქმეები ნაწილდება რიგითობის წესით, თუმცა იქვეა დათქმაც, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია მართლმსაჯულების გარკვეული ინტერესების გათვალისწინებით საქმეები გაანაწილოს თავისი შეხედულების მიხედვით. საქმეთა განაწილების მოქმედი წესი გასაკუთრებით ბოლო პერიოდის გახმაურებული საქმეების განხილვისას გახდა კრიტიკის საგანი- გაჩნდა შეკითხვები: როგორ მოხვდა კონკრეტული საქმე კონკრეტულ მოსამართლესთან, რა პრინციპით განაწილდა- ხომ არ იყო წინასწარ განზრახვა, რომ კონკრეტულ მოსამართლეს დაწეროდა ესა თუ ის საქმე.
“სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვისასაც დადგა საკითხი-კონკრეტულად ამ კოლეგიას რატომ მოუწია ამ საქმის განხილვა. ეს კითხვები ლეგიტიმურია არსებული სისტემის გათვალისწინებით და განსაკუთრებით კრიტიკული იქნება არჩევნების დროს, როდესაც ბევრი საარჩევნო დავა იქნება სასამართლოში და თავმჯდომარეს ექნება უფლებამოსილება თავისი შეხედულებით გაანაწილოს ეს საქმეები მოსამართლეებს შორის და ამ სისტემაში საზოგადოების მხრიდან ვერანაირ ნდობაზე ვერ ვილაპარაკებთ”,- ამბობს სოფო ვერძეული.
- რას ცვლის მესამე ტალღა?!
რეფორმების “მესამე ტალღა” საქმეების ელექტრონული წესით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განაწილებას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებას მიესალმებიან, ვინაიდან პროგრამა თვითონ გადაწყვეტს ვის დააწეროს საქმე. თუმცა ამ პროცესშიც მნიშვნელოვანია 2 საკითხი- პირველი, სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება და მეორე, ვინ შექმნის ელექტრონულ პროგრამას და ვინ იქნება მის მართვაზე პასუხისმგებელი.
იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის ბრძანებით უკვე შეიქმნა IT-ჯგუფი, რომელიც სასამართლოსთან ერთად შექმნის სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას. პროგრამა საპილოტე წესით თავდაპირველად ერთ-ერთ სასამართლოში, გარკვეული გამოსაცდელი ვადის შემდეგ კი -მთელ სასამართლო სისტემაში დამონტაჟდება და დაინერგება.
“მას შემდეგ რაც პროგრამა დაინერგება სასამართლოებში, თავიდან ბოლომდე ამ სისტემის მომსახურებასა და კონტროლს განახორციელებს სასამართლო ხელისუფლება. ვიმედოვნებ, 2017 წლამდე მოესწრება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ვინაიდან კანონის მიღება იგვიანებს, ამიტომ გამოსცა მინისტრმა ბრძანება, რომ არ დავკარგოთ დრო”,-ამბობს ალექსანდრე ბარამიძე eugeorgia.info-სთან საუბრისას.
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იყოს ელექტრონული სისტემის შემოღებასთან ერთად გადასინჯულიყო და შეზღუდულიყო სასამართლოების თავმჯდომარეების ფართო უფლებამოსილება-რიგითობის წესის გვერდის ავლით მიიღონ გადაწყვეტილება. სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ მხოლოდ მინისტრის ბრძანებით ვერ მოწესრიგდება ეს საკითხი და საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ვერცერთი ორგანო ვერ დააზღვევს ამ რისკს.
“პრობლემაა ისიც, რომ ეს ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით 2017 წლიდან ამოქმედდება და არა არჩევნების დროს, როცა განსაკუთრებულად კრიტიკულია საქმის განაწილების ობიექტურობის წესის არსებობა სასამართლოში და ასევე, მნიშვნელოვანია სასამართლოს ადეკვატური მონაწილეობა ჰქონდეს ამ პროცესში და აღმასრულებელი ხელისუფლება არ უქმნიდეს პროგრამებს”,- ამბობს სოფო ვერძეული.
დისციპლინური სამართალწარმოება
- არსებული ვითარება და პრობლემის არსი
დღეს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების ერთადერთი ფორმა დისციპლინური სამართალწარმოებაა. ხელისუფლებაც და არასამთავრობო სექტორიც აღიარებს, რომ საქართველოში ეს სისტემა არ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მოსამართლის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური დევნა. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამართალწარმოების დახვეწა, მათ შორის დისციპლინური საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის შემუშავება 2016 წლის ასოცირების სამოქმედო გეგმაშიცაა გაწერილი.
"ერთ-ერთ მოსამართლე წევრს, რომელიც აირჩიეს საბჭოში, პრაქტიკულად წინასაარჩევნო დაპირება ჰქონდა, რომ დისციპლინურ სამართალწარმოებას არ დაუჭერდა მხარს. ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი მოსამართლეებისთვს და ბევრ მიზეზს ასახელებენ- რომ მოსამართლეები ვერ ასწრებენ საქმის განხილვას, ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი, რომ მოსამართლემ არაფერზე პასუხი არ აგოს”,- ამბობს იურისტი გია გვილავა.
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინურ დევნასაც იხსენებს და ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ერთგვარი სიგნალია სხვა მოსამართლეებისთვისაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანს 29 დეკემბერს გაკეთებული იმ სკანდალური განცხადებების გამო ედავებოდა, სადაც მანსისტემურ პრობლემებზე ისაუბრა და კრიტიკული განცხადებები გააკეთა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმღლესი საბჭოს მისამართით. იუსტიციის საბჭომ ამ გამოსვლის მიღმა სამოსამართლეო ეთიკის ნორმების დარღვევა და მოსამართლისთვის შეუსაბამო ქცევის ნიშნები დაინახა.
“ამ პრესკონფერენციის შემდეგ მასზე დაიწყო დისციპლინური დევნა, ედავებოდნენ მოსამართლისთვის შეუფერებელ არაეთიკურ განცხადებებს, რაც აბსურდული იყო, ვინაიდან თითოეული მოსამართლისა და მითუმეტეს, სასამართლოს თავმჯდომარის არამარტო უფლება, არამედ მოვალეობააცაა, რომ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ხმამაღლა ილაპარაკოს. ამ სიგნალმა მიაღწია მოსამართლეებამდე, რომელთაც კარგად ნახეს თუ რა მოყვება სისტემურ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს”,- აღნიშნავს ვერძეული.
- რას ცვლის “მესამე ტალღა”?!
“მესამე ტალღის” მიხედვით, შემოდის ინსპექტორის მექანიზმი, რომელსაც დაევალება საქმის გამოკვლევის დაწყება, შემდეგ თუ საბჭომ ჩათვალა, რომ არის დისციპლინური დარღვევის ნიშნები, საქმე გადავა სპეციალურ კოლეგიაში, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას -აქვს თუ არა ადგილი დისციპლინურ დარღვევას. საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს დისციპლინურ პალატაში.
“დღეს მოქმედებს სისტემა, როდესაც მოსამართლეების მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არის უფლებამოსილი და ვალდებული, რომ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება ამა თუ იმ მოსამართლის მიმართ და მოახსენოს საბჭოს უნდა დაიწყოს თუ არა დევნა. ამ სისტემამ არ იმუშავა, განსაკუთრებით, ბოლო 3.5 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი მოსამართლის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური დევნა, აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, რომ ინსპექტორი, რომელიც გადაიბარებს მდივნის ამ ფუნქციას, ერთი მხრივ, არ იქნება შორს სისტემიდან, ვინაიდან იქნება იურისტი, მაგრამ ასევე არ იქნება მოქმედი სისტემის ნაწილი ანუ არ იქნება მოსამართლე, იმისთვის, რომ გამოირიცხოს უხერხულობები, რაც შეიძლება მდივანს, როგორც მოქმედ მოსამართლეს ჰქონდეს, თავისი კოლეგების წინაშე”,- ამბობს ბარამიძე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი გია გვილავა მიიჩნევს, რომ საბჭოს უფლებამოსილება მაინც დიდია ამ პროცესში და შეუძლია ჩანსახშივე მოკლას დისციპლინური დევნა.
“მართალია, არსებობს კოლეგია, მაგრამ საბჭოს იმხელა უფლებამოსილება აქვს, რომ კოლეგიამდე შეიძლება საერთოდ არ მივიდეს ეს საქმე, საბჭოს აქაც შეუძლია ჩათვალოს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი, დაწეროს სარეკომენდაციო ბარათი და მიმართოს მოსამართლეს, საკუთარი ინტერესებისთვის შეუძლია გამოიყენოს ეს პროცესი”,- ამბობს გვილავა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცებს არაეფექტურად მიაჩნიათ ინსპექტორის მექანიზმის ისეთი ფორმით შემოღება, როდესაც თავად საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექტორს, რაც მათი თქმით, დისციპლინურ საქმეზე გამოძიების ობიექტურად ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა მნიშვნელოვან სიახლედ აფასებენ იმ ფაქტს, რომ მოსამართლეს შეუძლია სურვილის შემთხვევაში გაასაჯაროვოს დისციპლინური პროცესი, რაც დღეს კონფიდენციალურია.
მესამე ტალღაში ვერ მოხვდა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, ანუ გადაცდომების მიმართულებით რეფორმა-რა უნდა ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს მოსამართლის მხრიდან დისციპლინურ დარღვევად, იმის მიუხედავად, რომამ საფუძვლების ახლებურად ჩამოყალიბება 2016 წლის ასოცირების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულებაა. იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, პროცესში ჩართულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოც.
რატომ გაჭიანურდა “მესამე ტალღა”?
ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესასრულებლად, პირველ რიგში, “მესამე ტალღის” კანონპროექტების დროულად მიღებაა საჭირო, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
“მესამე ტალღა თუ არ მიიღო პარლამენტმა, ვერ ვისაუბრებთ მეოთხე და მეხუთე ტალღებზე. დღეს სასამართლოს კრიზისიდან გამოყვანის ხედვა არ არსებობს, ეს ჯაჭვი იკვრება ამ 65 მოსამართლის დანიშვნით, რამდენიმე ათეული ვაკანსია ჩნდება შემოდგომაზეც, რომლებიც იმავე წესით დაინიშნებიან და ეს არის უვადოდ შექმნილი სასამართლო სისტემა, რაშიც, რაც გინდა ვცვალოთ, რეალურ ეფექტს არ მოიტანს, ამიტომ, ახლა იყო მომენტი, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გარდამტეხი რეფორმები, რომლიც ვერ ან არ განხორციელდა“,- ამბობს სოფო ვერძეული.
სასამართლოს რეფორმირებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში დასამტკიცებლად 2015 წლის სექტემბერში შევიდა, ბოლო 1 წლის განმავლობაში პროექტში არაერთი ცვლილების შეტანის შემდეგ კანონპროექტების 2 მოსმენით განხილვა შედგა, თუმცა ამ მოწვევის პარლამენტი მუშაობას ისე ასრულებს, რომ სასამართლოს რეფორმისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტების პაკეტი მესამე მოსმენის მოლოდინში ისევ დღის წესრიგშია.
მაიკო გაბულდანი