ბაზარსა და ფინანსებზე წვდომა, ახალი სტანდარტები და მცირემიწიანობა - ფერმერთა და პოლიტიკოსთა თავსატეხი
ევროკავშირის და გერმანული ორგანიზაციის Brot für die Welt მხარდაჭერით, „ოქსფამი“-ს და „ეკლანა“-ს ჩართულობით, ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის პროექტის ფარგლებში ორი თვის წინ საქართველოს ფერმერთა მეორე კონგრესი ჩატარდა. კონგრესის დასასრულს ფერემერების სამი ძირითადი პრობლება გამოიკვეთა: 1. ბაზრის ხელმისაწვდომობა; 2. საინვესტიციო რესურსებზე ხელმისაწვდომობა; 3. სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმის გავლენა მცირე ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამი“-ს პროექტების მენეჯერი ლევან დადიანი აცხადებს, რომ სამივე გამოწვევა ერთმანეთთან კავშირშია და კომპექსურად უნდა გადაიჭრას: „ამ სამი საკითხიდან რომელიმეს გამოყოფა რთულია. ამ სფეროს კომპლექსურობა სწორედ ამაშია, რომ ყველა პრობლემა მნიშვნელოვანია და ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში გადაწყვეტას საჭიროებს. მაგალითად, საინვესიტიციო რესურსი პროდუქციის შექმნისთვის, ხოლო ბაზრებზე წვდომა პროდუქციის გასაღებისთვისაა მნიშვნელოვანი. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის გარეშე კი 2020 წლიდან გლეხი პროდუქციის რეალიზებას ვერ შეძლებს“.
კონგრესის დეკლარაციაში სამი ძირითადი პრობლემა ჩაშლილია კიდევ უფრო დეტალურ ორმოცდაათამდე აქტუალურ საკითხად და დოკუმენტის ბოლო ნაწილში მთავრობისთვის რეკომენდაციებიც არის შემუშავებული.
ბაზარზე ხელმისაწვდომობის პრობლემად დეკლარაციაში განმარტებულია, რომ ფერმერებს არ აქვთ საშუალება, მომხმარებლებს პროდუქცია პირდაპირ მიაწოდონ. ამის ნაცვლად ისინი არაფორმალურ ბაზრებზე და შუამავლების მეშვეობით ყიდიან თავიანთ ნაწარმს და იღებენ გაცილებით ნაკლებ შემოსავალს, ვიდრე მომხმარებელთან პირდაპირი ვაჭრობით მიიღებდნენ.
საქართველოში 642 ათასი მეურნეობაა, რომლის 98%-ს მცირე საოჯახო მეურნეობა აქვს. ფერმერთა დეკლარაციის მიხედვით, საინვესტიციო რესურსების მოზიდვა გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ფერმერების აზრით, სახელმწიფო და დახმარების პროგრამები მათ რეალურ საჭიროებებზე მორგებული არ არის. სახელმწიფო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გრანტებსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კვალიფიციურ ინფორმაციას ვერ იძლევიან. საგრანტო სქემები ბიზნესის განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ამას გარდა, არ ფინანსდება ახლი წამოწყებები ე.წ. „Start Up“, შეღავათიანი აგროკრედიტები კი მცირე ფერმერებისთვის ხელმიუწვდომელია, რადგან ისინი, კომერციული ორგანიზაციების შეფასებით, ლიკვიდურ უძრავ ქონებას არ ფლობენ.
რაც შეეხება, სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმის გავლენას ფერმერებზე, დეკლარციაში აღნიშნულია, რომ ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა დასახვეწია. პრობლემაა ისიც, რომ DCFTA-ს ვალდებულებებიდან გამომდინარე ევროკავშირთან საკანონმდებოლო მიახლოების პროცესში მიღებული ცვლილებების შესახებ ფერმერებს ინფორმაცია ნაკლებად მიეწოდებათ. ვეტერინარული პრეპარატების და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ ფერმერები სანდო ინფორმაციას ვერ იღებენ. რეგიონებში არც ლაბორატორიული კვლევებია ხელმისაწვდომი. სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების (HACCP და ა.შ) დანერგვას ფერმერები ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებნ. ასევე სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით უკონტროლო, ღია ნაგავსაყრელები და ქიმიური საშუალებების ინსტრუქციის გარეშე რეალიზაცია მცირე მეწარმეთა თავსატეხად რჩება.
დეკლარაციაში სუბსიდირების მოთხოვნაც არის დაყენებული. ფერმერები სახელმწიფოსგან წარმოებების სერტიფიცირების ნაწილობრივ სუბსიდირებას ითხოვენ. მათი აზრით, მთავრობამ ბიოსერტიფიცირების პროგრამა უნდა შეიმუშავოს.
www.eugeorgia.info შეეცადა, გაერკვია საქმის კურსშია თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების ამ პრობლემებზე და აღნიშნულ გამოწვევებზე რეაგირებას რა სქემით აპირებს. www.eugeorgia.info-ს შეკითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა უპასუხა:
- ცნობილია თუ არა თქვენთვის ფერმერების მიერ დასახელებული მთავარი გამოწვევბი და როგორია სამინისტროს მხრიდან მათი გადაჭრის ხედვა?
- ყველა ეს მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარების სტარატეგიაში გაწერილია და სრულდება ყველა პოზიცია თანმიმდევრულად.
რაც შეეხება, ბაზრის ხელმისაწვდომობას, ხელოვნურად ვერ ამოვაგდებთ ე.წ. „გადამყიდველებს“ პროდუქციის მიმოქცევის ჯაჭვიდან. თქვენც რომ იყოთ ბაზრის მფლობელი, ვერ გაყრით გადამყიდველებს ბაზრიდან იმ საბაბით, რომ ფერმერები უნდა მოიყვანოთ. ერთადერთი შესაძლებელია ის, რაც ესპანეთში ხდება. „მერკანზა“ არის ორგანიზაცია, რომელიც ფერმერებისგან შეისყიდის და მარკეტებს ამარაგებს. იქ, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ რაღაც პროცესი უვნებლობის თვალსაზრისით ხელიდან გაიქცეს, რადგან საკუთარი ლაბორატორიები აქვს. შაბათ-კვირას ფერმერებისთვის დატოვებულია ასპარეზი და მომხმარებლებს შეუძლიათ პროდუქტები ფერმერებისგან პირდაპირ იყიდონ. მადრიდის გარეუბანში დიდი ქალაქივით არის აგრარული ბაზრობა და ფერმერების გამოფენა გაყიდვები ხელისუხლების ხელშეწყობით ხორციელდება. ამ დღეებში ფერემერების პროდუქცია გაცილებით ძვირია, ვიდრე „მერკანზა“-ს მიერ საბითუმოდ შესყიდული და მარკეტში განთავსებული. ამას თავისი ახსნა აქვს, ფერმერების გამოაქვთ ბიოპროდუქტები და ალბათ გემოვნური თვისებებიც განსხვავდება და მათი ფასი უფრო მაღალია.
ჩვენს შემთხვევაშიც ფასის დადგენა თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. ვინ უნდა ჩაერიოს ფერმერის და „გადამყიდველი“-ს ურთიერთობებში? ფერმერემა უნდა იცოდეს, რამდენი გაყიდოს ან რამდენი შეინახოს და უნდა ჰქონდეს ამის საშუალება იმისთვის, რომ პროდუქტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა არ მოხდეს.
- როგორ ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს თუ არა ბანკების მიერ ფერმერებზე სესხების გაცემის კრიტერიუმები, რომელიც გულისხმობს მაღალი შემოსავლის დადასტურებას და ლიკვიდური უძრავი ქონებით სესხის უზრუნველყოფას? ბანკების მხრიდან როდესაც არ არის გათვალისწინებული ბიზნესის მდგრადობა და რისკებისის შეფასების ხარისხი, რა შანსი აქვს ფერმერს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით?
- ბანკები ადრე გასცემდნენ მაღალპროცენტიან კრედიტებს 28-30-32%-იანს, ამას ძალიან დიდი რისკით ხსნიდნენ, სპეციფიკაში ნაკლებად ჩადიოდნენ. თუმცა უკვე ბანკებმა პროცესის სხვაგვარად გაანალიზება დაიწყეს და დღეს უკვე გადამზადებული აგროსპეციალისტები ჰყავთ. მოთხოვნა გაჩნდა და შესაბამისად, ეს სერვისიც იხვეწება. ჩვენ უნდა გვქონდეს გამართული კლასიკური ფერმერული მეურნეობა, რომელსაც ბანკთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ფერმერს უნდა ჰქონდეს გამოცდილება და ქონებაც მიწის სახით, სასაწყობე მეურნეობა თუ სხვა ტიპის ქონება. მეორე პოზიცია არის კოპერატიული მოძრაობა წვრილი ფერმერისთვის, რომელმაც გადაწყვიტა იყოს ფერმერი. ეს არის ის ჯგუფი, რომლის „ამოწევა“გვინდა, რომ მათგანაც კოოპერატიული გაერთიანების გზით ფერმერული მეურნეობა ჩამოყალიბდეს. მესამე კატეგორია არის ის, ვისაც არ უნდა გამსხვილება, არ უნდა კოოპერირება. თითქმის 700 ათასი ოჯახური მეურნეობა გვაქვს, მათ 70 %-ს 1 ჰექტარი ან ბევრად ნაკლები მიწა აქვთ. ასეთი ტიპის მეურნეობებს, რა თქმა უნდა, ბანკთან პრობლემები აქვს და ექნება მომავალშიც.
- ფერმერების აზრით, კანონმდებლობა დასახვეწია. როგორ უნდა დარეგულირდეს ისე, რომ მცირე მეწარმე არ ამოვარდეს წარმოების ჯაჭვიდან და მეორეს მხრივ, სურსათის უვნებლობა გარანტირებული იყოს?
- ჩვენ ვერ სულ ვცდილობთ, რომ DCFTA-ს ვალდებულებების შესრულებას არ ჩამოვრჩეთ. გარკვეული სირთულეები არის, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებებზე ყოველთვის წინ უსწრებს შეტყობინებები. მაგალითად ჩვენ რძის ტექნიკური რეგლამენტი შევიმუშავეთ და ბევრს ეგონა, რომ აღსრულება პრობლემატური იქნებოდა, მაგრამ მოსახლეობამ კარგად შეხედა ამ პროცესს. გამოცხადდა, რომ ჩვენ არავის დავახრჩობდით და ადაპტაციისთვის ვადას მივცემდით. ამ პროცესში ფერმერი თუ გამოგვყვება და მაქსიმალურად დაინტერესებულია, ეს ყველაფერი რთულად შესასრულებები არ გახლავთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რაღაც წერტილებს ვერ დავტოვებთ, ამას შევასრულებთ, ამას ვერ შევასრულებთ. ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიძრას და გავიდეს ბოლოში. არ შეიძლება ამის შეჩერება. მე ვთვლი, რომ DCFTA-ს ვალდებულებებისკენ ჩვენ ძალიან სწორად მივდივართ, და ეს ინფორმაცია ვისაც სჭირდება - საჯაროა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისა და ინფორმირებულობის კვლევა ჩაატარა, რა დროსაც 500 ფერმერი გამოკითხა. აღმონდა, რომ DCFTA-ს და სხვა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შესახებ გამოკითხულთა 71 %-მა არაფერი იცის. ევროკავშირის მოთხოვნების შესახებ კი ინფორმაციას 48 %-ი არ ფლობს. სურსათის ჰიგიენის სტანდარტის HACCP და Global Gap-ის შესახებ ინფორმაცია ფერმერთა უმრავლესობამ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღო. გამოკითხვის შედეგებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციის გავრცელების კუთხით ენჯეოებს კონკურენციას ვერ უწევს.
ფერმერების მთავარი სამი პრობლემის შესახებ www.eugeorgia.info-მ შეკითხვები იმ პოლიტიკურ პარტიებსაც დაუსვა, რომლებიც თავის ძლიერ მხარედ გამართულ ეკონომიკურ პროგრამას ასახელებენ. გთავაზობთ იმ პარტიების მოსაზრებებს, ვინც თავიანთი ხედვა გაგვიზიარა.
პოლიტიკური პარტია „გირჩი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ ფერმერთა მიერ დაყენებულ საკითხებს და მათ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან: „უმეტესობა ჩვენი შეხედულებები და ეს საკითხები აცდენილია ერთმანეთთან. მთავარი მოთხოვნები რაც ამ მცირე მეწარმეებს აქვთ, ქვეტექსტს თუ გავითვალისწინებით არის სუბსიდირების მოთხოვნა, იმპორტზე კონტროლის დაწესება, რისიც ჩვენ არ გვჯერა“.
პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკონომიკური გუნდის ხედვა:
ბაზრის ხელმისაწვდომობა
„ბაზრის ხელმწისაწვდომობის პრობლემა რეალურად ეფუძნება მცირე ფერმერების არაკონკურენტუნარიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. აუცილებელია გაიზარდოს ქართული პროდუქციის ხარისხი და წარმოების მოცულობა. სახელმწიფოს როლი კონკურენტული აგროსექტორის ჩამოყალიბებაში არის განათლების და ახალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდა. აუცილებელია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს აგროსექტორში კვლევების ჩატარებას, შესაბამისად მცირე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სოფლის მეურნეობის დარგში დაგროვილი ინფორმაცია. ჩვენი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 4 წლის განმავლობაში შექმნის 10 საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში განათლების წილს გაზრდის 8-დან 27 პროცენტამდე, თანხობრივად 140 მილიონ ლარამდე. ასევე სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებული ტექნიკა და ტექნოლოგიები იმპორტისა და დღგ-ს გადასახადებისგან გათავისუფლდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის დაფინანსების წილი გაიზრდება 20-დან 35 პროცენტამდე, თანხობრივად 180 მილიონ ლარამდე“.
საინვესტიციო რესურსებზე ხელმისაწვდომობა
„სოფლის მეურნეობასა და მის მომიჯნავე დარგებში ინვესტიციების გასაზრდელად „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გეგმავს კომერციული დიპლომატიის დანერგვას. დამატებითი ინვესტიციები ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას და შესაბამისად მცირე ფერმერთა პროდუქციაზეც მნიშვნელოვნად გაიზრდება მოთხოვნა. დამატებით „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგის ხარჯების თანადაფინანსებით პოპულარიზაციას გაუწევს „ქართულ ბრენდს“, რომლის ქვეშ გაერთიანდებიან ქართული კერძო მწარმოებლები“.
სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმის გავლენა მცირე ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე
„დაიხვეწება და ადგილობრივ პირობებთან შესაბამისობაში მოვა საკანონმდებლო აქტები. (ხშირად ხდება ისე, რომ სურსათის უვნებლობის შესახებ ესა თუ ის იურიდიული აქტი უცნობია ფერმერებისათვის ან დროულად არ ხდება ფერმერების შეტყობინება ცვლილებების შესახებ, რაც ბიზნესის წარმოებას უშლის ხელს. ამისათვის საჭიროა ფერმერებისათვის ინფორმაციის მიწოდება დროულად.) დღეს რთულია შეფასდეს მდგომარეობა სურსათის უვნებლობის კუთხით ლაბორატორიების არარსებობის (ან სიმცირის) გამო. ჩვენ დავაფინასებთ ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიების მშენებლობას. ასევე, ახალგაზრდა ფერმერების გადამზადებასა და მათთვის არსებული პრაქტიკის გაცნობისათვის, გაიზრდება დაფინანსება განათლებაზე, რათა უფრო მეთი მაღალი დონის სპეციალისტი ჩამოყალიბდეს. აგრონომი, ვეტერინარი და ა.შ. რადგან მცირე ფერმერებისათვის რთულია დააკმაყოფილონ სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“.
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ ეკონომიკური გუნდის ხედვა:
ბაზრისა და საინვესტიციო რესურსებზე ხელმისაწვდომობა
„ფერმერების მხრიდან ბაზრის და საინვესტიციო რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობისათვის ფერმერების გამსხვილების პროცესს ხელს შევუწყობთ სპეციალური პროგრამით, აგრო-სესხების პროგრამასაც დავხვეწთ; ამასთან ერთად, ბიოაგროწარმოების მხარდაჭერისთვის ცალკე მიმართულებას შევქმნით, რადგან ბიოწარმოებას ევროკავშირის ბაზარზე შესვლის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით მიღებული შეღავათების გამოყენების დიდი პოტენციალი გააჩნია. ასევე, გათვალისწინებულია საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების განახლების და მშენებლობის დაჩქარების, სასაწყობო მეურნეობების ხელშეწყობის და ლაბორატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდის მხარდაჭერა. ვგეგმავთ, ქმედითი საგადასახადო შეღავათების დაწესებას და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქდებას. ამგვარად მეწარმეებს დაეზოგებათ ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსით თავიანთ საქმიანობის გააფართოებენ“.
სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმის გავლენა მცირე ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე
„ფერმერების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფის და საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით გაძლიერდება და ქმედითად ამუშავდება საკონსულტაციო მომსახურების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემის სიმწვავის შესამცირებლად კი პრიორიტეტული გახდება პროფესიონალთა მომზადების ეფექტური მოდელების დანერგვა“.
ფერმერების კიდევ ერთი დიდი პრობლემა
EPRC-ის მიერ ჩატარებული მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისა და ინფორმირებულობის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული სამი პრობლემის გარდა ფერმერულ საქმიანობას მცირემიწიანობის პრობლემაც ძალიან ართულებს. დანაწევრებული მიწის ნაკვეთების დილემა პრობლემების ჩამონათვალში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის სოფლის მეურნეობის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მიწების გამსხვილებისთვის მიწის უფასო რეგისტრაციაზე უკეთესი ვარიანტების განხორციელება არსებულმა მთავრობამ ვერ გაბედა: „მცირე მიწას ადამიანი მენტალურად განიხილავს, როგორც დაზღვევას. ფიქრობს, რამე რომ გაუჭირდეს, თავის სამყოფ პროდუქტებს მოიყვანს და შიმშილისგან ოჯახს გადაარჩენს. თუ სოფელი განვითრდება, გადაიქცევა ქალაქური ტიპის დასახლებად, თუ პირველადი წარმოებიდან ხალხი გადავა და დასაქმდება გადამამუშავებელ წარმოებაში ან მსუბუქ მრეწველობაში, ექნება სტაბილური სამუშაო, მაშინ შესაძლოა, მიწაზე უარი თქვას. მიწას სხვა მსხვილი ფერმერი იყიდის. ამ მსხვილ ფერმერს კი უფრო დიდი შანსი აქვს, რომ გაერთიანებულ მიწებზე გააკეთოს მასშტაბის ეკონომია და შექმნას კონკურენტული წარმოება. დანაწევრებული მიწების გამსხვილებასთან დაკავშირებით უფრო რევოლუციური სცენარებიც განიხილებოდა. მაგალითად: თუ არ დაამუშავებდი მიწას გადასახადს გადაიხდიდი, ან შეიძლება ჩამოერთმიათ, ამას აჟიოტაჟი მოჰყვა. შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის რეფორმა გვაქვს უფასო ამ შემთხვევაში და ის კომპონენტები, რაც განიხილებოდა რეფორმაში არ ჩაიდო. კარგი იქნებოდა ჩატარებულიყო კვლევა, რომ განგვესაზღვრა, რა შედეგს მოგვცემდა თითოეული ეს მიდგომა. ძნელია, მიხვდე როგორ მოიქცევა ადამიანი, გადაიხდის თუ არ გადაიხდის, გაყიდის თუ არ გაყიდის. მტკივნეული, მაგრამ სწორი რეფორმის გამტარებელი წინასაარჩევნოდ რომ არავინ იყო კი ვიცით“.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილე გოჩა ცოფურაშვილი აცხადებს, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია ამ ეტაპისთვის საუკეთესო გამოსავლია: „უფასო რეგისტრაციით ხალხი შეძლებს დაირეგისტრიროს მიწა, სახელმწიფო კი გაარკვევს სად და რა მოცულობის ნაკვეთია მის საკუთრებაში. გაირკვევა რა პოტენციალის არის ეს მიწები. დაურეგისტრირებელი მიწის პრობლემა აღარ იქნება და მოწესრიგდება მიწის ბაზარი. სახელმწიფოს მიერ ხალხისთვის მიწის რეგისტრაციაში ხელშეწყობა ერთადერთი სწორი გზაა“.
გამოკვეთილი პრობლემების გარდა ფერმერებს და კოოპერატივებს კიდევ ბევრი გამოწვევა აქთ, მათ შორის: არასაკმარისი ინფრასტრუქტურა, წარმოებისთვის საჭირო ცოდნა, ტექნიკა და აღჭურვილობა, შხამ-ქიმიკატების და პესტიციდების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, შესანახი და სამაცივრე მეურნეობები, დაავადები, მუშახელის კვალიფიკაცია, აგროდაზღვევის არქონა, ლაბორატორიებზე ხელმისაწვდომობა, ფალსიფიცირებული პროდუქციის არსებობა, იმპორტთან კონკურენცია, საძოვრებზე ხელმისაწვდომობა, სასაკლაოს მომსახურების მაღალი ფასი და ა.შ.
ამ თავსატეხის ფონზე სოფლის მეურნეობის მკვლევარები ხელისუფლებას ურჩევენ, რომ სოფლის განვითარების და იქ მაცხოვრებლების შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაციის მექანიზმებზე იფიქროს.
ზურაბ მოდებაძე