„აწარმოე საქართველოში“ - რა “დამატებითი ღირებულება” მოუტანა ქართულ ეკონომიკას სახელმწიფო პროგრამამ?
კომპანია „ჰემოლაინი“ ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. დონორული პლაზმის პატარა პარტია შემდგომი გადამუშავების მიზნით დიდ ბრიტანეთში უკვე გაგზავნა, მალე ევროპული სამედიცინო ასოციაციის სერთიფიკატიც უნდა მიიღოს. დონორულ პლაზმაზე მოთხოვნა მსოფლიოში დიდია, რადგან ეს არის ნედლეული, რომლისგანაც ძვირადღირებული სამკურნალო პრეპარატები მზადდება. კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ მათიაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ საკითხს 10 წლის განმავლობაში სწავლობდა და ევროპის არა ერთ ქვეყნაში არსებულ პრაქტიკას გაეცნო, რომ საუკეთესო მოდელი შეემუშავებინა.
„დონაცია ავტომატური აპარატებით ტარდება, რომელიც აცალკევებს სისხლსა და პლაზმას - პლაზმას აგროვებს, სისხლს უკან აბრუნებს. დონორისთვის, რომელიც ამ პროცედურას იტარებს, არ არის მავნე, პირიქით მისი ორგანიზმი თავისუფლდება ზედმეტი შლაკებისგან. პლაზმის მოგროვების შემდეგ ტარდება მისი მაღალტექნოლოგიური კვლევა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჯანმრთელ პლაზმას ვარჩევთ ვირუსებით დაავადებულისგან, რომელიც ამ საქმისთვის არ გამოიყენება, შემდეგ ვინახავთ -40 გრადუსზე. რამდენიმე ტონის მოგროვების შემდეგ სპეციალური დანადგარებით იგზავნება ევროპის შესაბამის ქარხანაში გადამუშავების მიზნით. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების პირველი ცენტრი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ჩათვლითაც კი“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
კომპანია ჰემოლაინმა პლაზმის შესანახად საჭირო ძვირადღირებული აპარატურისა და სამაცივრე დანადგარების შეძენა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული სესხით - 850 000$ - ით შეძლო. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ივნისიდან დაიწყო და რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს - უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, საკონსულტაციო მომსახურება კომპანიის საწარმოო პროცესების დახვეწისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი სახელმწიფოს მხრიდან პირველი ორი წლის განმავლობაში 10%-ის მოცულობით კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს, ინდუსტრიული მიმართულების ანგარიშზე დღეს 119 საწარმო და 7 სასტუმროა, ხოლო ჯამში პროგრამა 189 ბენეფიციარს ითვლის. 2014 წლიდან დღემდე მეწარმე სუბიექტების მიერ აღებული კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისთვის სახელმწიფოს მხრიდან 12,284,357.61 ლარია ინვესტირებული.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. PMC კვლევითი ცენტრის კვლევის დირექტორის მაია გრიგოლიას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს, თუმცა, მისი თქმით, პროგრამა სელექციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გარკვეული ნიშნით შერჩეულ კომპანიებს ეხმარება და არ არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ჰქვია.
„ეს პროგრამა მხოლოდ წერტილოვან დახმარებას ახორციელებს ცალკეული კომპანიებისთვის, მაგრამ არ არის ყველასთვის თანაბრად სასარგებლო. ყველასთვის სასარგებლო იქნება ქვეყანაში არსებული რიგი პრობლემების გადაჭრა და რეფომირება, რომლებიც მთლიანად ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს და საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაზე უფრო ეფექტურად აისახება. განსახორციელებელი პრობლემების რიგშია: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გამარტივება, საკუთრების უფლების დაცვა, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად მიიღწევა. „აწარმოე საქართველოში“ არის პრობლემის მოკლევადიანი ხედვა და არ ემსახურება გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას“, - ამბობს მაია გრილოგია.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროგრამები ნებისმიერ ქვეყანაში წარუმატებელია, რადგან ის ფული, რაც დაიხარჯა, შეიძლებოდა, უფრო ეფექტიანი ბიზნესის წამოწყებას მოხმარებოდა.
„მსხვილ სესხთან დაკავშირებული პრობლემა ისაა, რომ რისკია მაღალი. შესაბამისად, სახელმწიფო რისკის თავის თავზე აღებით ბიზნესის კეთების რისკს საერთოდ ვერ ამცირებს. რჩება მინიმუმ ის რისკი, რაც ეხება უშუალოდ საქმიანობას. იაფი კრედიტის ხარჯს იხდის არა სახელმწიფო, არამედ თითოეული ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეები იმ ფულს, რომელსაც გამოიმუშავებენ, მათ შორის ბიზნესსაქმიანობით, თმობენ და აძლევენ სხვას უფრო რისკიანი საქმის საკეთებლად", - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.
ეკონომისტები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ჩატარდეს კვლევა, რა სახის გავლენას ახდენს „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაზე.
„ამას უნდა აფასებდეს ის უწყება, რომელიც ხელმძღვანელობს მოცემულ პროგრამას. მათ უნდა გააკეთონ ე.წ. cost-benefit. იმის მიუხედავად, რომ ისედაც ცხადია, მსგავსი პროგრამები წამგებიანია, საჭიროა ამის შეძლებისდაგვარად რიცხვებში გამოსახვა“, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.
„აუცილებელია, ჩატარდეს პროგრამის მონიტორინგი და გავლენის შეფასება. უნდა მომზადდეს ბენეფიციარი კომპანიების ეკონომიკური გავლენის ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ პროგრამით მიღებული სარგებლისა და დანახარჯის ერთმანეთთან შედარება. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კვლევა ჩაატაროს დამოუკიდებელმა მხარემ, მაგალითად, არასამთავრობო სექტორმა ან კვლევითმა ინსტიტუტმა, - აცხადებს მაია გრიგოლია.
eugeorgia.info მეწარმეობის განვითარების სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ საკითხზე უკვე მუშაობს, უახლოეს მომავალში კი მომზადდება ანალიზი, რა დამატებითი ღირებულება მოუტანა სახელმწიფო პროგრამამ „ აწარმოე საქართველოში“ ქართულ ეკონომიკასა და კონკრეტულ სექტორებს.
„პროგრამა დაიწყო 2014 წელს, ბენეფიციარების დიდ ნაწილს 100 პროცენტით წარმოება დაწყებული არა აქვს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში რა წვლილი შეიტანეს და რა ეფექტი ჰქონდა მათ საქმიანობას, ამის დათვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ - დაახლოებით 2017 წლის დასაწყისიდან ამ ანალიზის მომზადებას დავიწყებთ. საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. ერთი მხრივ, შეფასდება ეფექტიანობა, როგორ აითვისეს სახელმწიფოს თანადაფინანსებით მიღებული სესხი კომპანიებმა და მეორე მხრივ, რა დამატებითი ღირებულება მოუტანა ამ ყველაფერმა ქართულ ეკონომიკასა და კონკრეტულ სექტორებს“, - ამბობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ანთია.
მანამ, სანამ ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის შედეგებს დათვლის, კომპანიები მიღებული სესხით ბიზნესს აფართოებენ და ახალ საწარმოებსაც ხსნიან. შპს. „მეგაპლასტი 2014“ საკვები პროდუქტების შესაფუთ პლასტმასის კონტეინერებს საქართველოში დაამზადებს. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანხა მიიღო და წარმოებას სექტემბერში დაიწყებს. „მეგაპლასტი 2014“ -ის მიზანი საქართველოში წარმოებული შესაფუთი მასალების ინდუსტრიის განვითარება და სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის მწარმოებლებისთვის ხარისხიანი შესაფუთი მასალების შეთავაზებაა.
მსოფლიოში გავრცელებულ ტექნოლოგიას, რომელიც ხელმისაწვდომი ფასითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, შპს. „ჯი-არ-სი“ უკვე სრული დატვირთვით აწარმოებს. დათბუნებული პანელებით კომპანია ამჟამად ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, თუმცა ახლო მომავალში საწარმო პროდუქციის 15%-ისექსპორტზე გატანას გეგმავს. შპს „ტისუპეიპერმა“ კი პროგრამის ფარგლებში აღებული თანხით სპეციალური დანადგარი შეიძინა და სექტემბრიდან საქართველოში პირველად აწარმოებს ნედლეულს, რომლისგანაც შემდგომ ჰიგიენური ქაღალდი, ხელსახოცები დამზადდება.
„საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - არსად პირველადი ქაღალდი არ იწარმოება, შემოდიოდა ნედლეული და ხდებოდა კონვერტინგი, დაფასოება. ჩვენ ვამონტაჟებთ მთავარ დანადგარს, რომელიც აწარმოებს თვითონ ნედლეულს, ქაღალდს. მსგავსი დანადგარი აქამდე საქართველოში არ არსებობდა. პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ, პირველ რიგში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი ალეკო სტროგანოვი.
ბუნებრივი ქვის მომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანია „კამარა გრუპი“ ერთ-ერთია, რომელმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი წარმოება შექმნა. კომპანიის ხელმძღვანელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი მიზანი იმპორტის ჩანაცვლებაა, მომავალში კი ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.
„ბოლნისში ბუნებრივი ქვის მომპოვებელი და გადამამუშავებელი წარმოება შევქმენით, ვაპირკეთებთ ტაძრებს, სახლებს, ქუჩებს. ძალიან დაგვეხმარა სახელმწიფო პროგრამა, იაფი რესურსია, 2 წელი კი შეღავათიანი პერიოდი გვაქვს. ახალი ტექნოლოგიებით ვმუშაობთ, ადრეც გვქონდა მსგავსი ბიზნესი, თუმცა პროდუქცია შემოგვქონდა, ახლა კი ადგილობრივ წარმოებაზე გადავედით. გარკვეული პერიოდის შემდეგ 25-30 მეტრ სიღრმეში შევალთ და იქიდან უკვე საექსპორტო მასალა გამოვა. წარმოებისთის 1-2 წელი არაფერია, ბევრი სამუშაოა, დიდი შრომაა საჭირო და დროც, ფეხზე რომ დადგე“, - ამბობს დავით მაჭავარიანი.
მეწარმე სუბიექტების მიერ აღებული კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაღებული თანხების მონიტორინგი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ჩვენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ მსგავსი სახის შემოწმება მათ არ ჩაუტარებიათ.
ავტორი: ხატია შამანაური