საქართველო, როგორც სმართჰაბი - კომპრომეტირებული ოფშორების ალტერნატივა
„ჩვენი მიზანია, მსოფლიოს შევთავაზოთ რაღაც ისეთი, რაც დღემდე არ არსებობდა“
Eugeorgia.info-მ ინტერვიუ „სმართჰაბ საქართველოს“ იდეის საინიციატივო ჯგუფის წევრ სერგო ჩიხლაძესთან ჩაწერა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს სააგენტოების კონსულტანტია.
-პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს, როგორ უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მოხერხებული და გამჭვირვალე ბიზნესგარემო და როგორ უნდა ავაშენოთ ვირტუალური და გამჭვირვალე „ოფისი“ მსოფლიო ეკონომიკისთვის. ეს არის ბიზნესის რეგისტრაცია და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა ინტერნეტის საშუალებით საერთაშორისო ბიზნესებისა და კაპიტალის მოზიდვის მიზნით. მარტივი და კომფორტული სერვისები წარმატების საწინდარია. მაგალითად, სახლიდან გაუსვლელად კომპანიის რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაახლოებით იმავე მოდელით, როგორიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სკაიპით ნოტარიული მომსახურების მიღების სისტემაა. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო იყოს არა რაღაცის პერიფერია, არამედ მიზიდულობის ცენტრი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. მაგალითად, 2 უცხოელი ბიზნესმენი ხვდება ერთმანეთს, პირობითად, ბრაზილიაში და სურთ ბიზნესის დაწყება, რომელ სახელმწიფოს აირჩევენ ისინი? ძალიან ბევრგან ბიზნესის წამოწყება და მართვა დისტანციურად გართულებულია, არსებობს რეგისტრაციისა და მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, მსოფლიოს შევთავაზოთ ახალი და ექსკლუზიური მომსახურება, რაც დღემდე არსად არსებობს. ამისათვის, საქართველო შეიძლება, გახდეს დაბალი გადასახადების მხრივ განსაკუთრებით მიმზიდველი, სადაც ბიზნესის დარეგისტრირება და ადმინისტრირება ძალიან მარტივი იქნება, ეს არის უკვე ის მოცემულობა, რომელიც გააჩენს ხიბლს და ინტერესს საქართველოსადმი. ვიღაც იტყვის, არ არის საერთაშორისო ბიზნესის ცენტრები ლონდონში, ჰონგკონგში და ასე შემდეგ? არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იქ არც ისე მარტივადაა საქმე. რამდენიმე დღეში ბიზნესს ვერ დაარეგისტრირებ, ყველგან გარკვეული საგადასახადო ტვირთია, ჩვენ გამოვცადეთ ეს მეთოდი, ლონდონსა და ჰონგკონგში შევქმენით კომპანიები, 3 თვე გადის და საბოლოო პასუხი რეგისტრაციაზე ჯერ არ არის მოსული. დისტანციურადაც არ გამოდის, ყველგან ჩასვლა დაგვჭირდა.
რაც შეეხება ესტონეთის მაგალითს? სწორედ ის მიიჩნევა ერთ-ერთ ლიდერად ელექტრონული მართვის სისტემების თვალსაზრისით..
ესტონეთს ახალი დაწყებული აქვს ელექტრონულ სისტემებზე გადასვლა, თუმცა იქაც გარკვეული რეგულაციებია და ბიზნესის დარეგისტრირება ასე მარტივად არ ხდება. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო გაიოლებული იყოს ეს პროცედურა.მისი მეშვეობით ახალი სამუშაო ადგილებიც იქმნება. ბიზნესს რომ დაიწყებენ საქართველოში, ადგილზე დასჭირდებათ ადამიანი, რომელიც ამას მართავს, იურისტი, ფინანსისტი, IT ტექნოლოგიების სპეციალისტი. თითო პროექტი ავტომატურად სულ მცირე რამდენიმე სამუშაო ადგილს გააჩენს, ხოლო თუ ლაპარაკია დიდ კომპანიაზე, ეს ბევრ სხვა სფეროსაც დაეხმარება განვითარებაში. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, ბოლო დროს ყველამ გაიგო, რა არის ოფშორი. ეს არის ქვეყნები, ზონები, სადაც ადამიანები ფულს ინახავენ, ვიღაც კანონიერად, ვიღაც უკანონოდ. ოფშორებსაც დიდი პრობლემა გაუჩნდა რეპუტაციის თვალსაზრისით, რადგან ბოლო დროს გარკვეულწილად ნეგატივთან ასოცირდება. ბევრი ადამიანი გაეხვა სკანდალში სწორედ ოფშორთან დაკავშირებით, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. ეს ქმნის პრობლემებს, ოფშორების ნაცვლად ჩვენ მსოფლიოს ვთავაზობთ აბსოლუტურად ლეგალურად, იურიდიულად გამართულ სისტემას, ძალიან მარტივ გარემოს: ფულის შენახვა გინდა, შეინახე, ბიზნესი გინდა, დაიწყე. უხეში გათვლებით, ოფშორებში თავმოყრილია 5-9 ტრილიონი, წარმოიდგინეთ, ერთი პროცენტიც რომ წამოვიდეს ასეთ ინიციატივებზე, ეს უკვე ათობით მილიარდია, რაც საქართველოსთვის ძალიან დიდი ინვესტიცია იქნება.
რა არის საჭირო დღეს იმისთვის, რომ ეს სისტემა საქართველოში ამოქმედდეს?
რამდენიმე მომენტს გამოვყოფდი, რაც აუცილებელია ამ პროექტის განსახორციელებლად. პირველი, ესაა: ბიზნესის მოტივაცია - ოპტიმალური, დაბალი და მარტივი გადასახადები, ინოვაციური ბიზნესის მოზიდვა და ხელშეწყობა. იმისათვის, რომ ბიზნესების მიგრაცია დაიწყოს საქართველოსკენ, ერთ-ერთი ასეთი მამოტივირებელი ფაქტორი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი გადასახადებია. მეორე, ადამიანებისა და ბიზნესების დაცულობა სახელმწიფოს ძალმომრეობისგან - სამართლიანი, ზეწოლისგან თავისუფალი დამოუკიდებელი სასამართლო. სააპელაციო სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, პირველი ინსტანციის მოსამართლეთა პირდაპირი წესით არჩევა და საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობა შექმნის იმის საფუძველს, რომ ნებისმიერი სასამართლო დავა, როგორც კერძო სუბიექტებს, ასევე, კერძო სუბიექტსა და სახელმწიფოს შორის, გადაწყდება სამართლიანად, პოლიტიკური მიკერძოებულობის გარეშე და მესამე, ეს არის საქართველოს, როგორც ბიზნესის სამოთხის საერთაშორისო რეკლამირება - ტურნე მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებში, საქართველოს რეკლამირებისთვის, როგორც ყველაზე მოხერხებული და მიმზიდველი ადგილის, ფულის დასაბანდებლად და ახალი საწარმოების გასახსნელად. განსაკუთრებული როლი ამ მხრივ დაეკისრებათ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და დიასპორის წარმომადგენლებს.
თქვენი აზრით, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებს რატომ არა აქვთ ასეთი სისტემა დღეს?
ესტონეთი ძალიან კარგი მაგალითია, პატარა ქვეყანაა, არც ისე მდიდარი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან განვითარდა. რატომ არ შეუძლია, საქართველოს კიდევ უფრო შორს წავიდეს? როდესაც არის ინტელექტუალური და სხვა სახის რესურსებიც? ლონდონი კი ისედაც არის მიზიდულობის ცენტრი, იქ შეიძლება, თავი არ აიტკიონ ახალი მოდელების მოფიქრებაზე, ბიზნესმენების ნაკლებობას არ განიცდიან. შენ, როდესაც არ ხარ არაფრის ცენტრი და გინდა გახდე, რაღაც განსხვავებული უნდა შესთავაზო. თუ შენ იმას შესთავაზებ, რასაც ლონდონი, მეორე ლონდონი ვერ გახდები. ძალიან უყვართ ჩვენთან რაღაცების გადმოღება, მოდი, გავაკეთოთ, როგორც გერმანიაშია, შვეიცარიაშია, მეორე შვეიცარია ვერ გახდები. შეიძლება, რაღაც გამოიყენო, მაგრამ უნდა გახდე რაღაცაში პირველი, პირველი საქართველო.
ბოლოს რომ გვითხრათ, რა გამოწვევები ახლავს თან პროექტს?
უპირველეს ყოვლისა, ეს არის პოლიტიკური ნება, მმართველმა ძალამ ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ ეს არ არის სახელისუფლებო პროექტი, იმიტომაც წარვადგინეთ საჯაროდ. ამის გაკეთება შეუძლია, ნებისმიერ მმართველ ძალას, ეს არის იდეა. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, ასევე ის რეფორმები, რაც ზემოთ ვახსენე, როგორიცაა სასამართლო, გადასახადები და ა.შ. შეიძლება დაბალი გადასახადები გქონდეს, ბიზნესის მარტივი ადმინისტრირება, მაგრამ თუ არ შეცვალე სასამართლო სისტემა, ამის ფასი ნული იქნება. ასევე, საჭიროა კარგი გაპიარება, რაც თანხებთანაა დაკავშირებული. როდესაც კარგი რეკლამა ჩაუტარდება, ამას აღარ დასჭირდება სახელმწიფოს ჩარევა, თვითონ ბიზნესი გააპიარებს, პირველ ჯერზე სახელმწიფომაც უნდა ითამაშოს გარკვეული როლი. ჩვენი გათვლებით 6-7 თვე საკმარისი იქნება, რომ დაიწყოს ამ პროექტის სრულმასშტაბიანი განხორციელება.