ევროკომისიის რეგულაციების თანახმად, როცა რესტორანში თევზის კერძს ამზადებენ, რესტორნის მეპატრონემ უნდა იცოდეს, ვისგან იყიდა ეს თევზი, როგორ წყლებში დაიჭირეს ის, როგორ დამუშავდა, ანუ უნდა იცოდეს მთელი გზა, ფერმიდან სუფრამდე. ეს არის მიკვლევადობა – პროდუქტის შესახებ ინფორმაციათა მთელი ჯაჭვი, რაც ყველაზე რთული, ძვირადღირებული და პრობლემური სისტემაა იმ სისტემებს შორის, რომელიც სახელმწიფომ უნდა ააწყოს.
ინტერვიუ პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტთან, ნათია სამუშიასთან.
ნაწილი პირველი
- რა მოთხოვნები აქვს ევროკავშირს სურსათის უვნებლობის სფეროში და რამდენად სრულადაა ასახული ის დღევანდელ კანონმდებლობაში? როდის, რა თანმიმდევრობით და რავადებში უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ ეს დირექტივები?
- 2009 წლის მარტში ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა სულ რამდენიმე რეკომენდაცია სურსათის უვნებლობის სფეროში, რომელთა შესრულება სავალდებულო იყო საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ევროკავშირის რეკომენდაციები იყო: 1. სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება. 2. სურსათის უვნებლობის კანონმდებლობაში შეჩერებული მუხლების ამოქმედება, რომლებიც სურსათის მწარმოებელი საწარმოების რეგისტრაციას ითვალისწინებდა.
თუ გვაინტერესებს, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ შეძლოს თავისი პროდუქტის გატანა ევროპის ბაზარზე, საჭიროა ავიღოთ სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია და მივყვეთ ამ სტრატეგიას. ეს სტრატეგია 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა. ამდენი დრო სტრატეგიის დაწერას იმიტომ დასჭირდა, რომ მის თითოეულ აბზაცს დეტალურად ვათანხმებდით ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სტრატეგია? იქ არის გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი ჩვენი კანონმდებლობი სევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისთვის. ზოგადად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განასხვავდება სხვა სავაჭრო შეთანხმებებისგან. თავისუფალი ვაჭრობის წინაპირობაა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის მიახლოვება. ეს არ არის ჰარმონიზაცია. ჰარმონიზაცია უფრო მკაცრი ფორმაა, რაც დაწერილის პირდაპირ გადმოტანას ნიშნავს და რისი გაკეთებაც ძალიან დიდი დანაშაულია ქვეყნის წინაშე. საკუთარი კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან უნდა მოხდეს ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებისას ყოველთვის გამოიყენებოდა სიტყვა „დაახლოება“ (approximation) და არა „ჰარმონიზაცია“. როცა DCFTA -ს ფარგლებში იყენებენ ტერმინ ჰარმონიზაციას, ეს დიდი შეცდომაა.
ამ სტრატეგიას თან ახლავს საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა (legislative approximation programme), რომელიც მოიცავს 42 ე. წ. ჰორიზონტალურ რეგულაციას, რომლებსაც უნდა მიუახლოვდეს საქართველოს კანონმდებლობა. საკანონმდებლო მიახლოვების პროგრამით თითოეული რეგულაციისთვის განსაზღვრულია, თუ როდისთვის უნდა იყოს დასრულებული კანონმდებლობის დაახლოება შესაბამის რეგულაციასთან და უწყება, რომელიც პასუხისმგებელია მის შესრულებაზე. საკანონმდებლო პროგრამით განსაზღვრულია ის სავარაუდო თანხაც, რაც საკანონმდებლო მიახლოებისთვის იქნება საჭირო.
საკანონმდებლო მიახლოვების ფარგლებში, 2012 წელს მივიღეთ სურსათის უვნებლობის კოდექსი (მისი სრული სახელწოდებაა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსი), ზოგადი ჰიგიენის წესები, სახელმწიფო კონტროლის წესები, სპეციალური ჰიგიენის წესები და ამის შემდეგ საკანონმდებლო მიახლოვების პროცესი გაჩერდა.
იმისათვის რომ კარგად გავიაზროთ ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის სირთულე, მოდით რომელიმე პროდუქტის მაგალითზე წარმოვიდგინოთ რა ეტაპებია საჭირო იმისათვის, რომ პროდუქტი გაიტანო ევროკავშირში. ავიღოთ, მაგალითად თევზი. თუ გვინდა თევზის ევროკავშირის ბაზარზე გატანა, ამისთვის უნდა ავიღოთ თევზთან დაკავშირებული ჩვენი რეგულაციები და ისინი ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ჰისტამინი (მიკრობიოლოგიური ორგანიზმი), რომელსაც თევზი შეიცავს, უნდა დარეგულირდეს ჩვენს კანონმდებლობაში იმგვარად, როგორც ეს არის დარეგულირებული ევროკავშირის ქვეყნებში. ზოგიერთი მიკრობიოლოგიური ორგანიზმი უნდა იყოს საერთოდ აკრძალული, ზოგიერთი კი დაშვებული იმ ზღვრების ფარგლებში, როგორც ეს ევროკავშირშია. ამას გულისხმობს საკანონმდებლო მიახლოება. ამას გარდა მეორ ემთავარი მოთხოვნა არის ის, რომ უნდა გვქონდეს აწყობილი კონტროლის სრული მექანიზმი, მიკვლევადობიდან დაწყებული, სახელმწიფო კონტროლის სისტემებით დამთავრებული. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, როცა რესტორანში თევზის კერძს ამზადებენ, რესტორნის მეპატრონემ უნდა იცოდეს, ვისგან იყიდა ეს თევზი, როგორ წყლებში დაიჭირეს ის, როგორ დამუშავდა, ანუ უნდა იცოდეს მთელი გზა ფერმიდან სუფრამდე. ეს არის მიკვლევადობა -პროდუქტის შესახებ ინფორმაციათა მთელი ჯაჭვი, რაც ყველაზე რთული, და ძვირადღირებული და პრობლემური სისტემაა იმ სისტემებს შორის, რომელიც სახელმწიფომ უნდა ააწყოს.
მიკვლევადობის და ინსპეტირების გარდა, ხშირად საჭიროა პროდუქტიდან ნიმუშების აღება და ლაბორატორიული ანალიზი. თევზში ჰისტამინის რაოდენობა რომ დავადგინოთ, ამისთვის საჭიროა ლაბორატორიული ანალიზი, რომელსაც საქართველოში არცერთი ლაბორატორია არ აკეთებს. ასეთი ლაბორატორია დღეს საქართველოში არ არსებობს. თვითონ ჰისტამინის კვლევა, ისევე როგორც ის აპარატურა, რომლის მეშვეობითაც ეს კვლევა უნდა ჩატარდეს, ძალიან ძვირია. როგორც წესი, მიკვლევადობის სიტემის აწყობა და ლაბორატორიული ანალიზების წარმოება ძალიან ხარჯიანია და მეწარმის შესაბამისობის ხარჯებს მკვეთრად ზრდის.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სურსათის ევროკავშირში გატანისათვის უნდა დავაკმაყოფილოთ სამი მთავარი მოთხოვნა: 1.პროდუქტის შიგთავსი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს და ეს შესაძლებელია საკანონმდებლო მიახლოებით. 2. ექსპორტის მსურველს აწყობილი უნდა ჰქონდეს პროდუქტის შესახებ ინფორმაციათა მთელი ჯაჭვი და აწარმოებდეს შესაბამის ლაბორატორიულ ანალიზებს საკუთარი პროდუქტის უვნებლობის დასადგენად. 3. არსებობდეს კონტროლის მექანიზმი (ისპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ). ეს არის ის ზოგადი მაგრამ ძალიან რთული მოთხოვნები, რომლებიც ყველა პროდუქტზე ვრცელდება.
ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ეს მოთხოვნები ნელ-ნელა უნდა შევასრულოთ და არა ერთბაშად. თუმცა, თუ ნახავთ სტრატეგიას (მთავრობის N 1756 განკარგულებაა), ევროკავშირის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვების კუთხით გვაქვს დიდი ჩამორჩენა, რადგან ამ ორი წლის სტრატეგიითა და საკანონმდებლო მიახლოვების პროგრამით გათვალისწინებულ ევროკავშირის არცერთ რეგულაციასთან არ მომხდარა საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება.
ხშირად ამბობენ, რომ ჩვენს თაფლს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის დიდი პოტენციალი აქვს. მაგრამ თაფლს ჯერ ვერ გავიტანთ, რადგან არ არის კანონით დარეგულირებული ის დასაშვები ზღვრები, რაც თაფლის შიგთავსს უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ისე უნდა იყოს აწყობილი ჩვენი სისტემა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ფუტკარი, რომელიც გვაძლევს თაფლს, რა არეალში დაფრინავს და რომელი მცენარეებიდან იღებს ნექტარს. შესაძლოა, რომელიმე მცენარე თვითონ ფუტკარს არაფერს უშავებდეს, მაგრამ მისი ნექტრის თაფლში მოხვედრა მომწამვლელი იყოს ადამიანისთვის. ასეთია ევროკავშირის მოთხოვნები - რთული და ხარჯიანი შესასრულებლად. ამიტომ, ყურადღებით უნდა მოხდეს ევროკავშირის კანონმდებლობის შესწავლა და საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო მიახლოვების პროცესი.