წლის ბოლოსთვის მცირე და საშუალო საწარმოებს ახალი, ევროსტატზე დაყრდნობით შემუშავებული განმარტება ექნებათ
ბიზნესი ითვლება მცირედ და სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, თუ მისი წლიური მთლიანი შემოსავალი 100 000 ლარზე ნაკლებია. დღეს წლიური ბრუნვა 100 000 ლარის ოდენობით შედარებით მარტივი მისაღწევია, ამიტომ გადაცდება თუ არა ზღვარს, მრავალი მცირე ბიზნესი ვეღარ სარგებლობს იმ შეღავათით, რაც მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში ექნებოდა და შესაბამისად, იხდის არა მთლიანი შემოსავლის 3% ან 5% -ს, არამედ დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადს. არსებული ვითარება მცირე მეწარმეთა კლასის განვითარებას მნიშვნელოვნად აბრკოლებს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებასაც ხელს უშლის. ამ პრობლემის გარდა არსებობს სხვაც: სტატისტიკის სამსახურის მიერ არსებული მცირე ბიზნესის განმარტება არ ემთხვევა საგადასახადო კოდექსის განმარტებას, რაც ბიზნესს დამატებით ბუნდოვან გარემოს უქმნის; ხოლო მიკრო ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში მეწარმეს არ უნდა ყავდეს დაქირავებული თანამშრომელი. ამდენად რეფორმის ფარგლებში აუცილებელია საგადასახადო და სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენებული მცირე და საშუალო ბიზნესის განსხვავებული განმარტებების თანხვედრა. ჩვენ გავარკვიეთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ეკონომიკის სამინისტრო ამჟამად ერთად მუშაობენ მცირე ბიზნესის ახალ განმარტებაზე და წლის ბოლოს წარუდგენენ საზოგადოებას.
მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება 2016 წელს მთავრობის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა და მისი განვითარების სტრატეგიაც შემუშავდა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის სწორი სტრატეგიის განხორციელებას შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს ეკონომიკის სწრაფი ზრდისათვის. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვნებეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მთელი ევროკავშირის მასშატაბით საწარმოთა 99%-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსს ატარებს, სადაც დასაქმებულია დასაქმებულთა 67%, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება შეადგენს მთლიანი დამატებული ღირებულების 57,5%. სწორედ ეს სტატისტიკა მეტყველებს, მცირე და საშუალო საწარმოების როლზე ბიზნესის განვითარებაში.
სექტორის განვითარება და სწორი სტრატეგიის განსაზრვრა წარმოუდგენელია თუკი არ ვიცით ვისზე გვაქვს საუბარი. პირველ რიგში, საჭიროა სწორი განმარტების არსებობა; თუ ვინ შეიძლება ჩავთვალოთ მცირე და საშუალო ბიზნესად. მაგალითად, ევროკავშირის მასშტაბით განსხვავდება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები. მიკრო ბიზნესის სტატუსი ევროკავშირში აქვს საწარმოს, რომელშიც დასაქმებულია 10 ადამიანზე ნაკლები და წლიური ბრუნვა (ან ბალანსი) არ აღემატება 2 მილიონ ევროს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგია ითვალისწინებს დასაქმებულთა რაოდენობასა და ბრუნვის მოცულობას. მაგრამ განსხვავებულია ზღვრული ოდენობები:
"მსხვილ საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა აღემატება 100 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა 1.5 მლნ ლარს."
"საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 20-დან 100 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 0.5 მლნ ლარიდან 1.5 მლნ ლარამდე."
"მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 0.5 მლნ ლარს."
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება საწარმოთა ბრუნვა, ასევე წილობრივი შემადგენლობა; მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან ბრუნვაში იზრდება, თუმცა მცირედით; 2010-2014 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვის წილი 16%-დან 18%-მდე გაიზარდა. ასევე იმავე პერიოდში 18%-დან 20%-მდე გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გამოშვებულ პროდუქციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიისაგან განსხვავებით საგადასახადო მიზნებისათვის საგადასახადო კოდექსი გამოყოფს მიკრო და მცირე ბიზნესს. თუმცა საშუალო ბიზნესი ამ შემთხვევაში უგულებელყოფილია, რადგან ის ექვემდებარება ჩვეულებრივ დაბეგვრას. კოდექსის მიხედვით მიკრო და მცირე საწარმოდ ითვლება ბიზნესი რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მაჩვენებლებს:
"მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს;"
"მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს."
შეღავათიანი დაბეგვრის მიზნებისათვის საქართველოში მცირე და მიკრო საწარმოთა განმარტება შემუშვადა 2002 წელს, რაც ბიზნესის განვითარებისა და ზრდისათვის, ასევე მათი დარეგისტრირებისა და ლეგალური საქმიანობისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ 2002 წლის შემდეგ ეკონომიკაში უამრავი ცვლადი შეიცვალა. მაგ. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 325%-ით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ფასების დონე, ასევე საწარმოთა ბრუნვა. შესაბამისად, მიკრო და მცირე საწარმოთა განმარტება ნაკლებად შეესაბამება მიმდინარე რეალობას. დღეს მეწარმე შედარებით მარტივად გადალახავს კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს.
როგორც ვხედავთ, საგადასახადო კოდექსშიგამოყენებულიმცირებიზნესისგანმარტებაარშეესაბამებასაქსტატის განმარტებას. ეს იწვევს შეუთავსებლობას კანონმდებლობასა და სტატისტიკას შორის, ართულებს კონკრეტული და მიზანმიმართული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და გატარებას; ასევე მეწარმეთათვის ქმნის გაურკვევლობას. გარდა ამისა, მცირე და მიკრო ბიზნესისსაგადასახადო კოდექსის განმარტების მიხედვით, მეწარმეს არ შეიძლება ჰქონდეს მიკრო ბიზნესის სტატუსი თუ იგი იყენებს დაქირავებულ შრომას, გარდა ოჯახის წევრებისა. ე.ი. მიკრო ბიზნესის სტატუსი ვერ მიენიჭება პირს თუკი მას დასაქმებული ჰყავს თუნდაც ერთი პირი. ეს მიკრო ბიზნესს უბიძგებს არ დაიქირაოს სამუშაო ძალა ან თუ დაიქირავებს - არალეგალურად. მაშინ როცა სტრატეგიაში დასახელებულია, რომ მცირე და საშუალო საწარმოები არიან ერთ-ერთი მთავარი ძალა სამუშაო ადგილების შესაქმნელად და აქ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა პრიორიტეტულია. რეალურად კი, მცირე და საშუალო საწარმოების სიმრავლის მიუხედავად, აქ დასაქმებულთა წილი მცირეა. მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა წილი 2010-2014 წლებში საშუალოდ შეადგენს 43%-ს.
საწარმოთა კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ბიზნესმენებს უჭირთ მარტივად გაერკვნენ კანონმდებლობაში და ფეხი აუწყონ ცვლილებებს. 2016 წელს გამოქვეყნდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) ფარგლებში ჩატერებული კვლევის შედეგები. კვლევა ეხებოდა ბიზნესის დამოკიდებულებას საგადასახადო სისტემებისადმი. გამოკითხულ საწარმოთა დიდმა ნაწილმა გამოთქვა საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესების სურვილი. ამათგან80% ითხოვს საგადასახადო კოდექსის გამარტივებას - კერძოდ კიბუნდოვანი დებულებების შეცვლას ისეთი სახით,რაც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 4% ამბობს,რომ არაფერს შეცვლიდა საგადასახადოკანონმდებლობაში.
დასახელებული კვლევის საინტერესო შედეგია ის, რომ - "საშუალო და მცირე ზომის ინდივიდუალური მეწარმეები, ნაკლებად არიან ჩართულისაგადასახადო საგადასახადოკანონმდებლობის ცვლილების პროცესში,შემოსავლების სამსახურის მიერ გამართულ ღია კარის დღეებზე გამომჟღავნდა,რომისინი ყველაზე ნაკლებად ასაჩივრებენ დაკისრებულ საურავებს და მათითანამშრომლებისთვის ყველაზე ნაკლებად არის ხელმისაწვდომი საგადასახადოსაკითხებზე ტრენინგები და სემინარები."G4G-ს ფარგლებში განხორციელებული კვლევისას გამოკითხული კომპანიების 45% აღნიშნავს, რომმათი თანამშრომლებისთვისყოველთვის ხელმისაწვდომია საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონფერენციებში და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა. ეს უკანასკნელნი ძირითადად საშუალო და დიდიზომის შპს-ები არიან. ხოლო ის მცირე ნაწილი (10%), რომელიც აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი ძირითადად მცირე და საშუალოზომის ინდივიდუალურ მეწარმეებს წარმოადგენენ სერვისისა და ვაჭრობის სფეროში.
მისასალმებელი ფაქტია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიაში 2016-2020 ერთ-ერთ პრიორიტეტულ ღონისძიებად დასახელებულია მცირე და საშუალო საწარმოების განმარტების განახლება:
"მნიშვნელოვანია განმარტების განახლება, რომელშიც, კრიტერიუმების ზღვრები დაეფუძნება ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკის და შესაბამისად - კომპანიების განვითარების მაჩვენებლებს. მცირე და საშუალო საწარმოთა სწორი, რეალობას მორგებული განმარტების არქონის გამო საწარმოთა სტატისტიკური მონაცემები (რომელიც ამ განმარტებას ეყრდნობა) არ ასახავს საწარმოთა ზუსტ მაჩვენებლებს და შესაბამისად, ართულებს მიზანმიმართული პოლიტიკის/ღონისძიებების როგორც შემუშავებას, ასევე მათი გავლენის შეფასებას."
eugeorgia.info დაინტერესდა, თუ როგორ ხორციელდება სტრატეგიაში დასახელებული განსახორციელებელი ღონისძიებები. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში 2016-2017 წლებისთვის არსებული განმარტების განახლებასა და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევაზე ვალდებულება ეკისრება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად. eugerogia.info დაუკავშირდა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს გოგიტა თოდრაძეს. მან განაცხადა, რომ შესწავლილია მცირე და საშუალო საწარმოების განმარტების საერთაშორისო პრაქტიკა და პრიორიტეტი ენიჭება ევროსტატის განმარტებას. ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობის რეჟიმში მუშავდება არსებული განმარტების განახლებული ვერსია, რომელიც კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპაში გავრცელებულ განმარტებას. ამის შემდეგი ეტაპი კი სტრატეგიის მიხედვით არის "საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება მცირედასაშუალო საწარმოთა განმარტების და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის/დამატების შემუშავება (საჭიროების შემთხვევაში)".
მცირე და მიკრო ბიზნესის დაბეგვრის სისტემა ცვლილებებს რომ საჭიროებს, დასტურდება G4G-ის კვლევის მიხედვითაც. სპეციალური სტატუსის მქონე მეწარმეების დაახლოებით 55% აცხადებს, რომ ამ სტატუსს ან საერთოდ არ ჰქონია გავლენა მის ბიზნესსზე ან ხელი შეუშალა მის გაფართოებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ საკანონმდებლო ცვლილება უნდა იყოს კონკრეტული, ცხადი, გამჭვირვალე და მეწარმეთათვის დროულად ცნობილი. რადგან ყოველი ცვლილება იწყვევს უამრავ გაუგებრობას მეწარმეებში. საგადასახადო კოდექსში 2011 წლის შემდეგ 57 ცვლილება დაფიქსირდა. რაც ბიზნესს უქმნის არასტაბილურობის შეგრძნებას და მის განვითარებასაც აფერხებს. USAID კვლევაში აღნიშნულია, რომ ცვლილებები ყოველთვის ნათელი და ადვილად გასაგები არ არის. ეს კი უნებლიე კანონდარღვევის და დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად საერთაშორისოდ აღიარებული ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკისა, კომპანიების დამოკიდებულება ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობის მიმართ უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. აღნიშნულის მიზეზი საგადასახადო კოდექსის ხშირი ცვლილება და ბუნდოვანი ჩანაწერები, ასევე გადასახადების რაოდენობა და განაკვეთია.
თუკი სტატისტიკური მეთოდოლოგია და კანონმდებლობა ერთსა და იმავე, რეალობასთან უფრო ახლო მყოფ, განმარტებას დაეფუძნება, მაშინ, ლოგიკურად, მცირე ბიზნესად რეგისტრირების არსებული ზღვარი გაიზრდება და უფრო მეტი საწარმო აღმოჩნდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე. შესაბამისად, განახლებას მოითხოვს მიკრო ბიზნესის განმარტებაც. ეს მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს თავისუფლებისა და განვითარების მეტ საშუალებას. უფრო მეტი მცირე მეწარმე ისარგებლებს სპეციალური სტატუსითა და შეღავათანი დაბეგვრის წესით ეს კი ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდასა და ზოგადად ეკონომიკურ აქტიურობას. ასევე, კიდევ უფრო მეტი მეწარმე პირის რეგისტრაციას, რაც თვის მხრივ აადვილებს სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას საწარმოებზე.
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი