პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არის თუ არა საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა?
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფინანსური ინვესტიციების მნიშვნელოვანი წყაროა განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც შიდა ინვესტიციებს შედარებით ნაკლები წილი უჭირავს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა და შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, მთავრობის მიერ წარმოდგენილი 10 პუნქტიანი გეგმა, კიდევ უფრო ზრდის თემის აქტუალობას. ბუნებრივია, ამგვარი განცხადებები გარკვეულ მოლოდინებს ქმნის და ინვესტორებიც შესაბამისად რეაგირებენ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი გვესაუბრა მთავრობის მიერ გამოცხადებული 10 პუნქტიანი გეგმის შესაძლო გავლენაზე ინვესტორების გადაწყვეტილებეზე. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ინვესტორებს არ აქვთ რეალური სურათი, თუ რა შედეგებს გამოიღებს აღნიშნული ცვლილებები.
“მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მთავრობას ჭირდება განაახლოს მეთოდები. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ერთადერთი: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ყველაფერი რასაც მთავრობა აკეთებს, ყველა კანონი რომელსაც მთავრობა მიიღებს, უნდა იყოს ან მშპ-ს მიმართ ნეიტრალური, ან დადებით გავლენას უნდა ახდენდეს მასზე. თუ მთავრობა მიაღწევს ამ მიზანს ჩვენ ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ.
როგორც ბიზნეს ორგანიზაციას, ჩვენ არ გვინდა გაზრდილი გადასახადები, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც მოითხოვს საგანგებო ზომების მიღებას. ჩვენ გვესმის, რომ ლარს ჭირდება სტაბილურობა და გადასახები უნდა გაიზარდოს, მაგრამ რა ეფექტი ექნება ამ პოლიტიკას მთლიან შიდა პროდუქტის ზრდაზე, უცნობია. ამ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა კონკრეტული პუნქტი კარგია, თუ ცუდი, რადგან არ ვიცით მათი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, საკითხი არ არის სიღრმისეულად შესწავლილი”- განაცხადა ფადი ალსიმ.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრების მიერ არაერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურებას და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტებში ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთ პრიორიტეტად არის დასახელებული, სტატისტიკა მოწმობს, რომ ინვესტიციები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის პირველ ნახევარში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მოიმატა, რაც ძირითადად პირველი კვარტლის ხარჯზე მოხდა. მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 3.8%-ით არის შემცირებული. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალოწლიური ზრდის ტემპი 2006-2015 წლებში 2.77%-ია, რაც დამაიმედებელი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.
გრაფიკი 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2006-2015წწ.)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2014 წელს, როდესაც ინვესტიციები წინა პერიოდთან შედარებით 87%-ით გაიაზრდა. ინვესტიციების 21% ამ წელს ნიდერლანდებიდან განხორციელდა, ხოლო 19% აზერბაიჯანიდან. 2015 წელს რეგიონში არსებული კრიზისის კვალდაკვალ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 11%-იანი შემცირება გამოიწვია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2013 წლიდან მცირდება და 2015 წლისათვის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. აღნიშნული შემცირება ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დამკვიდრებულ ინვესტორებს არ აქვთ ოპტიმისტური მოლოდინები.
გრაფიკი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული ცვლილება 2007-2015 წწ.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თუ რა კრიტერიუმებით იღებენ გადაწყვეტილებებს ინვესტორები და რა ინდიკატორებს აკვირდებიან საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე.
“პირველ რიგში ინვესტორები ეძებენ ისეთ ქვეყნებს ისეთ პოტენციურ ბაზრებს, სადაც არის პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილურია კანონმდებლობაც, სადაც კანონები არ იცვლება ყოველდღიურად, ქვეყნები სადაც ადვილია ოპერირება, დაბალია კორუფციის დონე, გარემო არის ბიზნესისთვის მეგობრული, შიდა ბაზარი არის დიდი, სადაც ექსპორტის შესაძლებლობებია და მაღალია უკუგება ინვესტიციიდან”- განაცხადა ფადი ასლიმ.
პირდაპირ უცხოური ინვესტიციებზე მოთხოვნის ფაქტორებად განიხილება ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ინვესტიციებზე მოთხოვნას მასპინძელ ქვეყანაში. ესენი შესაძლოა იყოს მიზნობრივი ბაზრის გაფართოება და განკარგვადი შემოსავლის გაზრდა, რაც წაახალისებს ინვესტორებს გაზარდონ ინვესტიციების მოცულობა. საქართველოს მაგალითზე ეს ფაქტორები მნიშვნელოვან როლს არ თამაშობენ ინვესტიციების გაზრდაში ვინაიდან ადგილობრივი ბაზარი მცირეა და მოსახლეობის მსყიდველობითუარიანობაც დაბალია. ISET-ის მკვლევარის დავით კეშელავას აზრით ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ევროპასთან ინტეგრაციის გზით, რაც გააფართოებს ბაზრებს.
“ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს ქვეყანაში ინვესტიცების ზრდაზე, თუკი ამუშავდება ე.წ. სამმხრივი მოდელი, რაც გულისხმობს ერთ ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეულის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში და შემდგომ ექსპორტზე გატანას სხვა დიდი ბაზრის მქონე ქვეყნებში, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით”- აცხადებს დავით კეშელავა.
რაც შეეხება მიწოდების მხარის ფაქტორებს, აქ შეიძლება განვიხილოთ ისეთი დეტერმინანტები, რასაც მასპინძელი ქვეყანა „ახვედრებს“ უცხოელ ინვესტორს: სამუშაო ძალა და მისი კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა. საქართველოსთვის ორივე ფაქტორი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
მთავარი დაბრკოლება, რასაც წარმოების პირველ წელს წავაწყდი იყო კომუნალურების მოუწესრიგებელი სისტემა. თუმცა, ამ დროისათვის კომუნალურებთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია. რაც შეეხება სამუშაო ძალის ხარისხს, შეინიშნება მენეჯერული უნარების ნაკლებობა, თუმცა ქართველები პოზიტიური ხალხია, რაც აადვილებს შრომით ურთიერთობებს” - აცხადებს ჩვენთან საუბარში შპს ველინგტონის მფლობელი და მმართველი დირექტორი ჟან-ფრედერიკ პოლსენი.
არაკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, როგორც ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორზე ისაუბრა ფადი ასლიმ და ხაზი გაუსვა ქვეყანაში მის არაეფექტიანობას:
“სამწუხაროდ, არ შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაო ძალა საქართველოში კვალიფიციურია, თუ მაგალითად ავიღებთ ტექსტილის ინდუსტრიას, და დავუშვებთ, რომ ამ ქვეყნებში ერთ მუშას შეუძლია აწარმოოს 20 მაისური ერთ დღეში, საქართველოში, იგივე მუშის მწარმოებლურობა არის 5 მაისური დღეში. დიახ, ჩვენ გვყავს იაფი მუშახელი, თუმცა მთავარია რამდენად ეფექტიანია იგი. ეს ფაქტორი ნამდვილად შემაფერხებელია ინვესტორებისათვის, ამიტომ საქართველოს ჭირდება იმუშაოს განათლების ხარისხზე, რადგან საჭიროა უფრო ეფექტიანი, სწრაფად მომუშავე, პროფესიონალი სამუშაო ძალა.” -განაცხადა ფადი ასლიმ.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“ პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელებულია: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანზიტო პოტენციალის მაქიმალურად გამოყენებისათვის სტრატეგიაში დასახელებულია რამდენიმე სამიზნე მაჩვენებელი. თუმცა, მაგალითისათვის, ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით ქვეყანას აქვს მკვეთრი გაუარესება, რაც სამიზნე მაჩვენებლისგან ბევრად შორს დგას.
ახალ სამთავრობო პროგრამაში “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” საუბარია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და მეწარმეობის ხელშეწყობაზე. მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის, ერთ-ერთი კომპონენტია ეკონომიკური რეფორმები. ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები მოიცავს კაპიტალის ბაზრისა და მიწის რეფორმებს, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარებას. პროგრამაში არ არის წარმოდგენილი კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმვს მთავრობა ამ მიმართულებით და რა მიზნებზეა ორიენტირებული.
თავის გამოცდილებას გვიზიარებს კომპანია Well3-ის გენერალური მენეჯერი ჯეფრი კენტი, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო. კომპანია მბურღავი მანქანებით ემსახურება სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და სამშენებლო კომპანიებს.
“ძირითადი პრობლემა რასაც ბიზნესის დაწყებისას წავაწყდი იყო ის, რომ არავის ჰქონდა საჭირო გამოცდილება. ბაზარზე არსებული კომპანიები მოძველებული, საბჭოთა გამოცდილებით ხელმძღვანელობდნენ, რაც თანამედროვე სტანდარტებში ვერ ჯდებოდა. ამიტომ, თავად მომიხდა ყველაფრის სწავლება მუშებისათვის, რამაც დროში გაწელა პროცესები. ასევე პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი კომპანიების დამოკიდებულება. ისინი იყენებდნენ ძველ ტექნიკას და შესაბამისად, ძვირი უჯდებოდათ სერვისის მიწოდება, მე კი სამჯერ სწრაფად შემეძლო იგივე სამუშაოს შესრულება და ხარჯიც ნაკლები მქონდა, ამის გამო ადგილობრივი კომპანიები იყვნენ გაღიზიანებულები”- ახცადებს ჯეფრი კენტი.
მაკროეკონომიკური ფაქტორები
მნიშვნელოვან ფაქტორებად რეგიონის არასტაბილურ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ასახელებს მკვლევარი დავით კეშელავა. რეგიონში შეინიშნება მნიშვნელოვანი კრიზისი, რასაც ბუნებრივია, ითვალისწინებენ ინვესტორები.
„არასტაბილურია ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, პირველ რიგში გაცვლითი კურსი არის არასტაბილური, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანა ძირითადად დამოკიდებულია უახლოეს სავაჭრო პარტნიორებზე, ესენია თურქეთი და რუსეთი, რომელთა პრობლემებიც ავტომატურად აისახება საქართველოს სავალუტო რყევებზე, ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სწორედ საგარეო ფაქტორებით აიხსნება, რაც დამატებით რისკებს წარმოაჩენს“ - ამბობს კეშელავა.
მაკროეკონომიკური ინდიკატორების სტაბილურობა რთული მისაღწევია, რადგან ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას დავით კეშელავას აზრით წარმოადგენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა.
“არ არის განვითარებული კაპიტალის ბაზარი და ამიტომ ფინანსური რესურსები ჯდება ძალიან ძვირი. ბაზარზე მხოლოდ ბანკები არიან წარმოდგენილი და ისინი არ არიან კონკურენციაში სხვა ფინანსური ბაზრების მოთამაშეებთან, არ არის განვითარებული აქციების და ობლიგაციების ბაზარი. შესაბამისად, ინვესტორს, რომელსაც არ შუძლია სხვა გზით მოიზიდოს ფინანსური რესურსი (აქციების და ობლიგაციების გამოშვებით) უწევს ბანკებთან თანამშრომლობა, სადაც საპროცენტო განაკვეთი მაღალია. ამგვარად, კაპიტალის ბაზრის განვითარება ფინანსებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის”- აცხადებს კეშელავა.
“საქართველო 2020-ში” ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილია კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა.
„კაპიტალის ბაზრების განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობა გადახედავს არსებულ კანონმდებლობას, საჭიროებისამებრ, შეიმუშავებს ახალ ნორმებსა და რეგულირებებს. ასევე, უზრუნველყოფს კორპორაციული ობლიგაციების, სხვა ვალდებულებითი ფასიანი ქაღალდების, კერძო კაპიტალის ინსტრუმენტებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებას“- აღნიშნულია დოკუმენტში.
საერთაშორისო რეიტინგები
საქართველო კარგ პოზიციებს ინარჩუნებს მსოფლიო რეიტინგებში, თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე ეს ფაქტორი ასახვას ვერ პოვებს, რაც გვაფიქრებინებს იმაზე, რომ სხვა ფაქტორები უფრო მეტად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების პროცესში. ამასვე ადასტურებენ ინვესტორებიც ჩვენთან საუბარში. საერთაშრისო რეტინგების ინდექსები და მათი გამოთვლის მეთოდოლოგია ხშირად იცვლება, ამიტომაც ინვესტორები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ასეთ რეიტინგებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ შესაძლოა მთლიანი ინდექსის მიხედვით ქვეყანა დაწინაურდეს რეიტინგში, თუმცა ჩაშლილი კომპონენტების მიხედვით ზოგიერთ პუნქტში დაფიქსირდეს მნიშვნელოვანი გაუარესება. იმის საილუსტრაციოდ განსაზღვრავენ თუ არა რეიტინგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებს, შეგვიძლია მოვიყვანოთ ინდოეთისა და ახალი ზელანდიის მაგალითი. ინდოეთი არის 130-ე ადგილზე ბიზნესის კეთების რეიტინგში, მაშინ როცა ახალი ზელანდია არის პირველ ადგილზე. თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ინდოეთი ბევრად წინ არის ვიდრე ახალი ზელანდია, რაც ძირითადად დაკავშირებულია იაფ მუშახელთან და ბაზრის მოცულობასთან.
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში 2017 წლისათვის საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული რეტინგი რამდენიმე მაჩვენებელს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა ელექტროენერგიით მომარაგების მაჩვენებელზე, სადაც ქვეყანა 26 ადგილით დაწინაურდა. ქვეყანა ყველა მაჩვნებლით დაწინაურდა გარდა ერთისა. გადახდისუუნარობის მოგვარების მაჩვენებლით ქვეყანამ 5 ადგილით უკან გადაინაცვლა და 106-ე ადგილი დაიკავა.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით, საქართველო 2015-2016 წელთან შედარებით 7 ადგილით დაწინაურდა და 138 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს, რითიც იგი წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ხორვატია. ინდექსი შემუშავებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ და ითვალისწინებს 114 ინდიკატორს, რომლებიც გავლენას ახდენენ მწარმოებლურობასა და გრძელვადიან კეთილდღეობაზე. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის უკანასკნელ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ევრაზიის რეგიონის ქვეყნებმა კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით რამდენიმე გამოწვევას გაუძლეს, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საქონლის ფასების კლებასთან, გაცვლითი კურსის რყევებთან, რუსეთისა და უკრაინის რეცესიათან და ჩინეთის ეკონომიკის შენელებასთან. ამავე ანგარიშში საქართველო ტაჯიკეთთან ერთად დასახელებულია რეგიონში ერთ-ერთ კონკურენტუნარიან ქვეყნად და განვითარების საფეხურის მიხედვით მეორე საფეხურზე იმყოფება, რაც გულისხმობს გარდამავალი პერიოდის დასრულებას და ეფექტიანობაზე ორიენტირებულ განვითარებას. მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით ყველაზე პრობლემატურ ფაქტორებად ბიზნესის კეთებისას ქვეყანაში პირველ ადგილზეა არაკვალიფიციური სამუშაო ძალა, ხოლო მეორე ადგილზეა ფინანსებზე ხელმისაწვდომობს პრობლემა.
„ლოგისტიკა, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგი, შესაძლებლობას უქმნის საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი. შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული იქნება ამ სფეროს შემდგომი განვითარებისკენ ინფრასტრუქტურის დახვეწის, ინვესტიციების მოზიდვის და ქვეყნის საერთაშორისო და რეგიონულ სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისკენ“ - ვკითხულობთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში.
ლოჯისტიკის ინდექსის მაჩვენებლები არ ასახავს დაგეგმილი მიზნების მიღწევის მიმართულებას. საბაზისო (2012) წელს ლოჯისტიკის ინდექსის მიხედვით საქართველო 77 ადგილზე იმყოფებოდა მსოფლიო რეიტინგში. 2014 წელს აღნიშნული ინდექსი 2.51-ზე ჩამოვიდა და ქვეყანა 116-ე ადგილზე გადავიდა. ხოლო 2016 წლისათვის ინდექსი კიდევ უფრო გაუარესდა და 2.35 გახდა შესაბამისად, საქართველომ ამ მაჩვენებლით კიდევ უფრო უკან გადაინაცვლა და 130-ე პოზიცია დაიკავა.
საკანონმდებლო ფაქტორები
ბიზნესის წარმომადგებლები მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ამ მიმართულებით სამთავრობო რეგულაციებს ასახელებენ. დიდი განხსვავებაა კანონმდებლობასა და რეალურ სურათს შორის. ამიტომ ინვესტორები თვლიან, რომ მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნესებს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ არსებულ რეგულაციებს.
“შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ინვესტორებს აწუხებდათ. საბანკო ანგარიშების გაყინვა, მკაცრი აუდოტორული შემოწმება, ზედმეტი ჯარიმები მნიშვნელოვნად აფერხებდნენ ინვესტორებს. 2016 წელს სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მთავრობამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც კომპანიის საბანკო ანგარიშების გაყინვა მოხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესზე ზეწოლის შეჩერების პოლიტიკური ნება არსებობს, რადგან ამ მიმართულებით გაუმჯობესება შეინიშნება. გარდა ამისა, ჩვენი წევრების მიერ თბილისის მერიაში უამრავი საჩივარი არის შეტანილი, თუმცა, პროცესები დროში გაწელილია”- განაცხადა ფადი ასლიმ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების რეკომენდაციით საკადასტრო სისტემის მოგვარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ამჟამად, შესაძლებელია მიწის მფლობელი გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა, გარკვეული შეზღუდვების დაკმაყოფილების პირობებში. მაგალითად, მას არ შეუძლია 5ჰა-ზე ნაკლები მიწის შესყიდვა. მიწის მფლობელობის კანონმდებლობის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მიწის ნაკვეთის შეძენა, თუ მას აქვს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 25% არის აღრიცხული და საკადასტრო რუკა სრულიად მოუწესრიგებელია. ეს იწვევს პრობლემებს შესყიდვისა და მიწის დამტკიცების პროცესში. ამას ემატება ისიც, სასამართლო სისტემა არ არის მოწესრიგებული და გასაჩივრების შემთხვევაში ეს პროცესები წლობით იწელება.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, კერძოდ, ესტონური მოდელის ამუშავება გრძელვადიან პერიოდში დადებითად იმოქმედებს ბიზნესზე, განსაკუთრებით ისეთ მხსვილ ბიზნესებზე, რომლებიც გრძელვადიან მიზნებზე არიან ორიენტირებული და ვინაიდან მოდელის მიხედვით რეინვესტირებული კაპიტალი არ იბეგრება შესაბამისად, ინვესტორებს მეტი სტიმული ექნებათ არ გაინაწილონ მოგება და მოახდინონ ფინანსების რეინვესტირება.
“ქვეყანა ინვესტორებისადმი საკმაოდ მეგობრულად არის განწყობილი, ეს ვრცელდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებზე. მივესალმები მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ნამდვილად იქნება სტიმული რეინვესტირებისთვის.”- ამბობს ჟან-ფრედერიკ პოლსენი.
„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ პროექტის ხელმძღვანელმა დავით კლდიაშვილმა ჩვენთან ისაუბრა კანონმდებლობასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც აფერხებენ ინვესტორებს.
“საკანონმდებლო რისკების შეფასებისას ინვესტორები ხშირად აწყდებიან ისეთ პრობელებს, რომლებიც დაკავშირებულია მოძველებულ კანონმდებლობასთასთან. კონკრეტულად, სამოქალაქო კოდექსის ზოგიერთი მუხლი საჭიროებს გადახედვას და ცვლილებების განხორციელებას. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, დავები პარტნიორებს შორის, სასამართლო პროცესები დროში გაწელილია და ვერ იქმნება რეალური სტატისტიკა, რომელზე დაყრდნობითაც ინვესტორი იხელმძღვანელებდა. კონსულტაციების გაწევისას სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესბული მხარეები ვერ იღებენ ზუსტ ანალიზს, ასევე, თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები არ არის კოდექსით გათვალისწინებული”- აცხადებს დავით კლდიაშვილი.
იურისტი ასევე პრობლემად ასახელებს შრომის კოდექსში მიმდინარე შესაძლო ცვლილებებს, კონკრეტულად კი შრომის ინსპექციის შექმნას. კლდიაშვილი მიიჩნევს ამგვარი ჩარევა შრომის ბაზარს ძლიერ დააზარალებს, და შესაბამისად, ინვესტორებს დასჭირდებათ დამატებითი ხარჯები, იმისათვის, რომ დაიქირავონ კვალიფიციური იურისტი, რომელიც გაუწევს კონსულტაციას ახალ რეგულაციებზე.
“კომპანიის რეგისტაციის და საკუთრების ფლობის პროცედურები ძალიან არის გამარტივებული. იუსტიციის სახლი არის ძალიან ეფექტური. ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი გარემოა საქართველოში, თუმცა საგადასახადო რეგულაციები არის ზედმეტად მკაცრი. იყო შემთხვევა, როდესაც ვერ მოხერხდა გადასახადების გადახდა და ამის გამო კომპანიის ანგარიშები დახურეს. მომიწია 30-მდე ადამიანის დათხოვნა, რომლებიც ჩემთან მუშაობდნენ. პირველ რიგში უნდა შეამოწმონ და გამოარკვიონ მიზეზები, თუ რატომ არ გადაუხდია კომპანიას გადასახადები და ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ დახურონ თუ არა ბიზნესი.”- ამბობს ჯეფრი კენტი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას აქვს რეალური პოტენციალი მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, და ამ გზით ხელი შეუწყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები. ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილურია, არ შეინიშნება კორუფცია, გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ხდება ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობის შეხასებ შეთანხმებას მთავრობამ მიაღწია ჩინეთთანაც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ ეს მაჩვენებლები არ არის საკმარისი. ინვესტორებს ჭირდებათ მყარი გარანტიები, რომ მოახდინონ გრძელვადიანი ინვესტირება ქვეყანაში და ეს გარანტიები თავის მხრივ მოიცავს, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის მოწესრიგებას, სახელმწიფო რეგულაციების შერბილებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას, სამუშაო ძალის ხარისხის გაუმჯობესებას, და ფინანსური ბაზრების განვითარებას. ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები კი თავისთავად, სახელმწიფოს ვალდებულებაა.
ქეთევან მელქაძე
ISET (საერთაშორისო ეკონომიკური სკოლა) ეკონომიკის მაგისტრი