საქართველოში საბაზისო განათლების დონე საშუალოზე დაბალია, ესტონეთში კი - საუკეთესო ევროპაში: რა გზა გაიარა ბალტიისპირეთის რესპუბლიკამ წარმატების მისაღწევად
საქართველო საბაზისო განათლების დონე, მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების მიხედვით, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ჩაატარა, საშუალოზე დაბალია.
“PISA 2015” - ის კვლევა საბუნებისმტყველებო საგნებში, მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში 15 წლის მოსწავლეთა ტესტირების შედეგებს ემყარება. საქართველომ აღნიშნულ საგნებში 411 401 და 404 ქულა დააგროვა, რაც მკვეთრად ჩამორჩება კვლევაში მონაწილე 72 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს, ის ბოლოდან მეთერთმეტე ადგილზე აღმოჩნდა. საქართველოზე დაბალი საბაზისო განათლების დონეა მხოლოდ იორდანიაში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში, პერუში, ლიბანში, ტუნისში, მაკედონიაში, კოსოვოში, ალჟირსა და დომინიკების რესპუბლიკაში.
ყველაზე წარმატებული ქვეყნების ხუთეულში კი სინგაპური, იაპონია, ესტონეთი, ჩინეთი და ფინეთი მოხვდნენ. მნიშვნელოვნად დაწინაურდა ესტონეთი, რომელიც 2012 წელს მე -11 ადგილზე იმყოფებდა, დღეს კი ევროპაში საუკეთესოა. იმ მოსწავლეთა რაოდენობამ, რომლებმაც ტესტებში უკიდურესად რთული ამოცანების ამოხსნა შეძლეს, საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი - 13,5% - აჩვენა (5,5%-ით მეტი).
როგორ შეძლო ესტონეთმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა (მოსახლოების რაოდენობა - 1,3 მილიონი ადამიანი). ხოლო მშპ-ის მოცულობით ერთ სულ მოსახლეზე ( 28 140 დოლარი) მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (39 333 დოლარი), განათლების საუკუთესო სისტემა დაენერგა, - ამის შესახებ eugeorgia დაინტერესდა.
განათლება ღრმად არის დაკავშირებული ესტონურ კულტურასთან - ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, როდესაც აღნიშნული ტერიტორია შვედეთის მართვის ქვეშ მოექცა, დაიწყო აკადემიური საშუალო სკოლებისა და უნივერსიტეტის დაარსება. გერმანიის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული სასულიერო პირები ხელს უწყობდნენ მოსახლეობაში განათლების დონის ამაღლებას, თავად მოსახლეობაც აქტიურად ცდილობდა თვითგანვითარებას, სწავლობდა კითხვას, წერასა და მუსიკის დაკვრას, შემდეგ კი ცოდნას შვილებს გადასცემდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ორიდან სულ მცირე ერთ ფერმერს კითხვა შეეძლო, 1922 წელს კი - მთლიანი მოსახლეობის 90%-ს. 1944-1991 წლებში ესტონეთმა საბჭოური განათლების სისტემის გავლენა განიცადა, რომელიც მიმართული იყო უფრო მეტად ენციკლოპედიური ცოდნის მიღებაზე და არა მათ პრაქტიკულ გამოყენებასა და პრობლემების გადაჭრაზე.
ესტონეთის განათლების სისტემა
ესტონეთის განათლების სისტემა შედგება:
1. სკოლამდელი სწავლის საფეხურისგან, სადაც ჩართულნი არიან 3- დან 7- წლამდე ასაკის ბავშვები (კვლევების მიხედვით, ამ საფეხურზე 10-დან 8 ბავშვი სწავლობს);
2. საბაზისო (1-9 კლასი, ასაკი: 7-16 წელი);
3. საშუალო (ზოგადი და პროფესიული) - აქედან ზოგადი მოიცავს მე-10-12 კლასებს, ხოლო პროფესიული - 3-4 წელს გრძელდება (ასაკი: 16-18/19 )
დასწრება საბაზისო სკოლაში, ან 17 წლამდე მოსწავლეთათვის სავალდებულოა.
მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ფასდება ეროვნული გამოცდით, ეროვნული ტესტებითა და სკოლაში რეგულარული შეფასებებით.
საბაზისო სკოლის დამთავრებისთვის მოსწავლეებმა სასკოლო პროგრამასა და კრეატიულ შრომაში დამაკმაყოფილებელ დონეს უნდა მიაღწიონ. არსებობს აგრეთვე სამი სავალდებულო და სტანდარტიზებული გამოცდა - ესტონურ ენაში, მათემატიკასა და ერთ საგანში, რომელსაც მოსწავლე თავად ირჩევს.
ქვეყნის სასკოლო სისტემა დეცენტრალიზებული გახდა 1990-იანი წლების დასაწყისში. სკოლის დირექტორს მინიჭებული აქვს ავტონომიური უფლება, მაგალითად, დაიქირავოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები, მოლაპარაკებები აწარმოოს სამუშაო პირობებსა და კონტრაქტებზე, მიიღოს გადაწყვეტილება სკოლის ფინანსებზე, ასევე განსაზღვროს სკოლაში განათლების პრიორიტეტები და განვითარების გეგმები.
განათლების რეფორმა
განათლების სისტემის დამოუკიდებლობაზე მოთხოვნა ესტონეთმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს დაიწყო. 1000-მდე სკოლის მასწავლებელმა არსებული სისტემის მძაფრი კრიტიკა დაიწყო, იმავდროულად, მოითხოვა ახალი სასწავლო გეგმის შემოღება. საკუთრი მოთხოვნების რეალიზება ესტონეთმა დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე შეძლო. 1996 წელს კი ძალაში შევიდა საწავლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა დემოკრატიული, დინამიური, ინფორმაციაზე ორიენტირებული საზოგადოების შენებას, ქვეყნის, რომელსაც გეზი ევროპისკენ ჰქონდა აღებული და მხარს უჭერდა საბაზრო ეკონომიკის ამოქმედებას. სასწავლო გეგმა მიმართული იყო პრობლემების გადაჭრის, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების, კრიტიკული აზროვნებისა და პერსონალური პასუხისმგებლობის წახალისებაზე.
თუმცა, ინდივიდუალური პროგრამები სასწავლო გეგმას ხშირად არ ემთხვეოდა, ამიტომ 2002 წელს გადახედვამ მოუწიათ. ამავე დროს, 1992 წელს, ესტონეთში კერძო სწავლება კანონიერად დაუშვეს, 4-წლიან ტექნიკუმებს კი ნებართვა მისცეს, მიეღოთ უმაღლესი პროფესიული განათლების დაწესებულების, ინსტიტუტის სტატუსი.
ესტონეთმა დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე განათლების ეფექტური სისტემის დანერგვისთვის დასახმარებლად ფინეთს მიმართა. ფინეთის განათლების საბჭოს ექსპერტები კონსულტაციებს უწევდნენ 1996 წლის სასწავლო გეგმის შემუშავებაში. გარკვეული თავისებურებები, როგორიცაა, სკოლების ავტონომიურობა გეგმის შედგენაში, ასევე სწავლის შედეგების განსაზღვრა მთლიანად შთაგონებული იყო ფინეთის განათლების სისტემით.
რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო მას შემდეგ, რაც ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა. ქვეყნის განათლების სისტემაზე ევროპული პოლიტიკისა და სტრუქტურების გავლენა მკვეთრად გაიზარდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლების შედეგების საერთაშორისო შეფასებები გახდა. 2003 წლიდან ესტონეთში აქტიურად შუქდებოდა გავლენიანი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგი, მიმდინარეობდა მისი განხილვა, მასწავლებლები ცდილობდნენ დაეცვათ ბავშვზე ორიენტირებული, პროგრესულ იდეალებზე დაფუძნებული განათლების და თანასწორობის პრინციპები. მაგალითად, 2006 წლის ერთ-ერთი კვლევამ გამოავლინა, რომ რუსულენოვანი სკოლების მოსწრება მათემატიკასა და კითხვაში ესტონურენოვანს მკვეთრად ჩამორჩებოდა. 2008-2013 წლებში შემუშავდა გეგმა, რომელიც ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, განათლების მიღებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებდა. დაარსდა სპეციალური საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც სწავლის ხარისხსა და მასწავლებლების პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფდა. რეგულაციის მიხედვით, რუსულენოვანო სკოლების მაღალ კლასებში საგნების სწავლება ესტონურ ენაზე სავალდებულო გახდა. ამ გადაწყვეტილებამ თავდაპირველად გარკვეულწილად “დააზარალა” ქვედა კლასის მოსწავლეეები და მასწავლებლებიც. მათ დასახმარებლად
რუსულენოვანი სკოლები დამატებით სასწავლო მასალებით მოამარაგეს, მასწავლებლები კი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში აქტიურად ჩართეს.
ესტონეთში ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შედარებით სუსტი მოსწავლეების დახმარებას. სავალდებულოა ყოველწლიურად სტუდენტთან განვითარების ინტერვიუს ორგანიზება, წლის ბოლოს არადამაკმაყოფილებელი ნიშნების არსებობის შემთხვევაში სკოლებმა შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელონ. 2006 წლიდან ცხელი ლანჩი, სასწავლო წიგნები და მასალები საბაზისო სკოლების მოსაწავლეებს უფასოდ ურიგდებათ. ყოველი სკოლა ვალდებულია, ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს სერვისების მიწოდებით უზრუნველყოფს,
2007 წლიდან მოქმედებს დირექტივა, რომელიც სტუდენტების დამატებით პერსონალურ მხარდაჭერას მოითხოვს, რათა მაქსიმალურად თავიდან აიცილონ სკოლიდან მათი გარიცხვა. მხარდაჭერა მოიცავს ფსიქოლოგიურ დახმარებას, მეტყველების თერაპიას, სოციალურ- პედაგოგიურ კონსულტაციას. ამ დახმარებას საკონსულტაციო ცენტრები ადგილზე ახორციელებენ. აღსანიშნავია,რომ ამ მომსახურებით სოფლის სკოლები გაცილებით ხშირად სარგებლობენ, ეს კი ხელს უწყობს უთანასწორობის აღმოფხვრას, რაც გამოწვეულია განსხვავებული გეოგრაფიული მდებარებით.
თუმცა, ყველას აქვს თავისი პრობლემა, მათ შორის, ესტონეთის განათლების სისტემასაც - მასწავლებელს ქვეყანაში არ აქვს მაღალი სოციალური სტატუსი და არ არის მიმზედველი პროფესია, განსაკუთრებულად რთულია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო სპეაციალისტების სკოლებში “დაკავება”. პრობლემის გადასაჭრელად ესტონურმა მთავრობამ გარკვეული ღონისძიებები უკვე განახორციელა, მათ შორის, გაზარდა პედაგოგების ხელფასები, დააფუძნა კომპეტენციაზე მიბმული კარიერის მოდელი, დაარსდა “კომპეტენციის” ცენტრები უნივერსიტეტებში, რომლებიც მუშაობენ პროფესიულ განვითარებასა და სწავლების მეთოდებზე.
PISA 2015 - შედეგები
ბელა ნოზაძე