როგორ გააფართოვა ბიზნესი მოლდავურმა კომპანიამ - ევროკავშირის პროგრამა მიგრანტებისთვის
სამრეწველო და დეკორატული იატაკები პოლირებული ბეტონისგან ევროკავშირში ფართოდ გამოიყენება, კომპანია Nano-Deco კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ახალი ტექნოლოგია მოლდავეთში შეიტანა. კომპანიის დირექტორმა, ალიონა დომენტეანმა ბიზნესი 2010 წელს წამოიწყო, 2012 წელს კი სახელმწიფო პროგრამა PARE 1+1-ისა და მეუღლის ნათესავების ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, რომლებიც წლებია, იტალიაში მუშაობენ. როგორც მეწარმე აცხადებს, დახმარებამ დროულად მოუსწრო:
“პროგრამა PARE 1+1-ს მივმართე, რადგან ბიზნესისთვის რთული პერიოდი იყო. საქმეში უკვე მილიონზე მეტი ლეი (50 ათასი დოლარი) მქონდა ჩადებული და რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ ბაზარზე ვეღარ გავჩერდებოდი. 200 ათასი ლეი (დაახლ., 10 ათასი დოლარი) PARE 1+1-დან მივიღე და ამ თანხით იატაკის მოსაპრიალებელი ორი აპარატი და ორი სამრეწველო მტვერსასრუტი შევიძინე. ახალი ხელსაწყოების მეშვეობით, კომპანიის რენტაბელობა გაიზარდა, ხარჯები კი შემცირდა, ბევრი პროცესი ავტომატიზებული გახდა”, - აცხადებს ალიონა დომენტეანი.
როგორც მეწარმე ამბობს, ახალი ტიპის იატაკი, რომლის გამოყენება შესაძლებელია სამრეწველო და სპორტული დანიშნულების შენობებში, ოფისებსა და ბინებში, უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ტრადიციული მასალები- ფილები, ლინოლეუმი და პარკეტი:
“სამრწეველო იატაკს სუფთა შენობებში, მაგალითად, ავტოფარეხებში, საწყობებში, სამაცივრე მეურნეობებსა და პარკინგში ვაგებთ. 1 კვადრატული მეტრის ფასი 8-50 ევროა. სპორტული დანიშნულებით იატაკი დარბაზებში, აუზებსა და ჩოგბურთის კორტებზე გამოიყენება. რაც შეეხება ბინებსა და ოფისებს, ამ შემთხვევაში, ძირითადად, დეკორატიულ იატაკებს ვაგებთ, რომლის ფასი 35-დან 90 ევრომდე მერყეობს. ეს მასალა სითბოს კარგად ატარებს, მყარია და ეკოლოგიურად სუფთა”, - ირწმუნება მოლდოველი მეწარმე.
“ახალი სისტემები ევროპულ დონეზეა სერთიფიცირებული და მათი გამოყენება ევროკავშირში მთელ რიგ დაწესებულებებში, მათ შორის, სავაჭრო დანიშნულების ობიექტებში, სავალდებულოა. მოლდავეთში ახალ პროდუქციას, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ უნდობლობით უყურებენ, თუმცა, ეს დამოკიდებულება თანდათან იცვლება”, - აცხადებს ალიონა დომენტეანმა.
Nano Deco-ს დირექტორის თქმით, საწარმო რენტაბელურია.
“მომგებიანი რომ არ ყოფილიყო, ცხადია, ვერ გავფართოვდებოდით. არის ნიუანსები, რომლებსაც სამუშაო პროცესში შევეჯახე. ახლა ბიზნესის ყველა ასპექტს თავად ვმართავ - ფინანსების, ბუღალტრული ანგარიშებისა, თუ მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმებიდან დაწყებული, კლიენტების წინადადებების განხილვით დამთავრებული. დიდი გეგმები გვაქვს - გვსურს, კლიენტებისა და თანამშრომლების რაოდენობა გავზარდოთ, მოსაპირკეთებელი ინოვაციური საშუალებები დავნერგოთ. ყოველთვის ვეძებთ სიახლეს. დიახ, ეს იოლი არ არის, მაგრამ ყველა ბიზნესს განვითარებისთვის დრო სჭირდება. ჩვენ ცნობილი ბრენდი გავხდით ბაზარზე და დასანანი იქნებოდა, მიღწეულით რომ დავკმაყოფილებულიყავით. ფინანსური სახსრების გარდა, ამ საქმეში ჩვენი სული და გული ჩავდეთ”, - აცხადებს მოლდაველი მეწარმე.
პროგრამა PARE 1+1 ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოლდავეთში 2010 წლის ნოემბერში დაიწყო. მისი სლოგანია “შექმენი შენი მომავალი სახლში”. პროგრამა გათვალისწინებულია უცხოეთში დასაქმებული მიგრანტი თანამემამულეების, ან მათი უახლოესი ნათესავებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაიწყონ, ან გააფართოვონ ბიზნესი მოლდავეთში.
საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ყოველი მოლდავური ლეისთვის, რომელიც ინვესტირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკაში, პროგრამა მეწარმეს იმავე მოცულობის თანხას გამოუყოფს. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 200 ათასი ლეია.
გრანტებს მიგრანტებზე მოლდავეთის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ორგანიზაცია გასცემს. პროგრამის ბენეფიციარმა უნდა დაადასტუროს ფულადი ტრანსფერების წარმოშობა შესაბამისი დოკუმენტებით (სამუშაო კონტრაქტი, ხელფასის/შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, საბანკო ამონაწერი, ტრანსფერების დამდასატურებელი ცნობა და ა.შ.).
აღსანიშნავია, რომ ფინანსური დახმარების გარდა, სახელმწიფოსგან ბენეფიციარები ტექნიკურ მხარდაჭერას 24 თვის განმავლობაში იღებენ, მათ შორის, კონსულტაციებს სამეწარმეო უნარების ამაღლებაში.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების გათვლებით, საზღვარგარეთ 1 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათ მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა კი გასულ წელს 1 მილიარდ 80 მილიონი დოლარით განისაზღვრა.