ვინ მოიგო ალეპოს ბრძოლაში - რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება
ალეპო, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და აყვავებული ეკონომიკური ცენტრი, რუსეთის საავიაციო შეტევის შედეგად ნანგრევებად იქცა. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების ინფორმაციით, ავიადამბომბვის შედეგად, ალეპოს რეგიონში 1200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 380 ბავშვი. რუსეთი საომარი დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეს; აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კი განაცხადა, რომ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმსა და მის მოკავშირეებზე, რუსეთსა და ირანზეა. რა მოიგო "სამთა კავშირმა" ბრძოლაში, რომელიც 2011 წელს დაიწყო და უკვე 300 ათასი ადამიანი შეიწირა, ამავე დროს, მსოფლიოში ყველაზე სასტიკი მიგრაციული კრიზისის და ისლამური სახელმწიფოს აღზევების მიზეზი გახდა, როგორ გადანაწილდება ძალები რეგიონში, - ამ საკითხზე eugeorgia.info ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტს, ანალიტიკოს ლაშა ძებისაშვილს გაესაუბრა:
ალეპოს აღება მნიშვნელოვანია, რადგან დამასკოსთან ერთად, სირიის ორი ძირითადი ცენტრის დამაკავშირებელი გზა და სანაპირო ზოლი, ურბანული და სატრანსპორტო კომუნიკაციის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაწილი, უკვე ბაშარ ასადის ხელშია, დარჩენილია პერიფერია, ეკონომიკურად არააქტიური ტერიტორია, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ისლამური ხალიტაფი კი- ნავთობის საბადოების დიდ ნაწილს.
მოთამაშეები რამდენიმე ძალად იყოფიან: 1. ასადი- ირანი- რუსეთი; 2. თურქეთი- სირიული ოპოზიციის ნაწილი -სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, რომლებიც მეამბოხეებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, 3, ცალკეა ისლამური ხალიფატი (ISIS, ან „დაეში“), 4. ცალკე - ქურთები, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობენ, მაგრამ, სავარაუდოდ, არც რუსეთთან თანამშრომლობაზე იტყვიან უარს. ისლამური ხალიფატი საფრთხობელაა, მონსტრი, რომლის შექმნას ბიძგი ერაყში სადამ ჰუსეინის გადაგდებამ მისცა, თუმცა, გაფურჩქვნასა და ექსპანსიას ბაშარ ასადმა შეუწყო ხელი. ის შეტევებს არა ისლამურ სახელმწიფოზე, არამედ ზომიერ ოპოზიციაზე ახორციელებდა. ეს ტაქტიკა იყო - თუ გინდა, შენ არ გებრძოლონ, შენზე უარესი მონსტრი უნდა შექმნა, რომ უფრო მისაღები იყო. ზუსტად ეს იყო რუსეთის სირიაში შესვლის მიზანი - თითქოს, ხალიფატს ებრძვის, სინამდვილეში, მხოლოდ ერთი - ორი ბომბი ჩამოგადო მათი მიმართულებით, მთელი რესურსი კი ზომიერი ოპოზიციის გასანადგურებლად მიმართა, ალეპოს მხარესა და ლატაკიაში.
თურქეთი მეამბოხეების გვერდით ახსენეთ, მას თავიდან მკვეთრი რეაქციები ჰქონდა რუსეთის შესაძლო ჩართვაზე კონფლიქტში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არათუ პოზიციები დათმო, არამედ გაურიგდა კიდეც...
ეს დროებითი ტაქტიკური გარიგებაა. ორი ავტორიტარული მმართველი, რომელსაც რეგიონში განსხვავებული სტრატეგიული ინტერესები აქვს, შეუძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე ერთმანეთთან შეთანხმდეს. ისინი ხომ მეტოქეები არიან. თურქეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ბაშარ ასადი და ეს ერდოღანმა განაცხადა კიდეც, თუმცა, რადგან ასადმა ალეპოში ასეთი გამარჯვება და საკუთარი პოზიციების გამაგრება შეძლო, ცხადია, თურქეთი ძველებურად პირდაპირ ვეღარ იტყვის, ასადი გადავაგდოთო, მაგრამ მის გრძელვადიან მიზნად მაინც დარჩება. თურქეთისთვის მთავარი მაინც ქურთული პრობლემის მოგვარება და ასადის ოპიზიციის მხარდაჭერაა, რომ ასადმა ისინიც არ გაანადგუროს, რადგან ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, თურქეთს ესაზღვრება. ალეპოს შემდეგ ბრძოლები, ცხადია ამ ტერიტორებზე გაგრძელდება.
არის მოსაზრება, რომ სწორედ ქურთების შესაძლო სახელმწიფოს შექმნის აღკვეთის სანაცვლოდ გაურიგდა თურქეთი ასადი-რუსეთის ძალას...
ჯერ ერთი, ქურთებისთვის სახელმწიფოებრიობის მინიჭება გლობალურ დონეზე გადაწყდება. ზოგადად, ქურთული სახელმწიფოს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ერაყში მათი დე-ფაქტო სახელმწიფო უკვე არსებობს, მხოლოდ ფინანსური გადარიცხვები ხორციელდება განსხვავებულად და დავაა ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გადანაწილებაზე. ერაყში ქურთულ ერბილსა და ბაღდადს ერთმანეთთან სხვა ურთიერთობა არ აქვს. სირიის დაქუცმაცებამ ქურთული საკითხის კიდევ უფრო მეტად წამოტივტივებას ხელი შეუწყო. საკითხი ის კი არ არის- ფორმალურად გაფორმდება თუ არა ქურთული სახელმწიფო, არამედ, არაფორმალურად არსებულ სახელწიფოს თუ შეემატება სირიის ტერიტორიები და რამდენად შეეგუება ამას თურქეთი და ასადი. თუ თურქეთი მიჰყვება თავისი გადაწყვეტილებას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ბუფერული ზონის შექმნა-გაფართოებაზე და ამას ქურთების მიერ დაკავებული ტერიტორიის ხარჯზე გააკეთებს, ეს მართლა გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებას თურქებსა და ქურთებს შორის, შესაბამისად, უთანხმოებას ამერიკასა და თურქეთს შორის.
ერდოღანი გააგრძელებს ბუფერული ზონის შექმნას სირიაში. სირიის მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქვეყნის სუვერენიტეტი ტერიტორიულ საზღვრებში აღადგინოს, დაუპირისპირდება თურქეთის ინტერესებს. ყველა შეგუებულია იმ ფაქტს, რომ სირია ძველ საზღვრებში ვეღარ აღდგება, რუსეთი, მაგალითად, თანახმაა, რომ მოხდეს ქვეყნის ერთგვარი გაყოფა, როგორც ახლაა - ბაშარ ასადს, მის ოპოზიციასა და „დაეშს“ შორის, რომლის არსებობასაც მწვავედ განიცდის დასავლეთი და სადაც იხარჯება დიდი რესურსი. რამდენად მისაღებია ეს სირიისთვის, ეს კიდევ ცალკე თემაა.
დღეს მთავარი საკითხია, როგორ გადაწყვიტონ ისლამური ხალიფატის პრობლემა და მეორე ადგილზეა - რა ბედი ეწევათ ქურთებს. როდესაც ხალიფატისგან ტერიტორიას გაწმენდენ, ვინ გააკონტროლებს მათ? ეს არ არის ქურთების ტერიტორია, ის სუნიტური ნაწილისაა. აქ უნდა განთავსდეს ან ოპოზიციური ძალები, ან ასადი. ასადმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შეეცდება გააკონტროლოს მთლიანად სირიის ტერიტორია, ანუ, გათავისუფლებული ნაწილი უნდა გადავიდეს მისი მმართველობის ქვეშ, ეს იწვევს, მეორე შეკითხვას - როგორ შეეგუება ასადი, რომ ქურთები ცალკე ექნებიან, ცხადია, არ შეეგუება. თურქეთი, ასადი და ერაყი - სამივე ქურთული სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება. ხალიფატის დამარცხების შემდეგ, სავარაუდოდ, შედგება გარკვეული კოალიცია ასადსა და თურქეთს შორის, რომ დროებით შეეშვან სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილს - მეამბოხეთა ტერიტორიას, რომელსაც თურქეთი აკონტროლებს და მთავარი შეტევა განახორციელონ ქურთებს წინააღმდეგ, თურქეთს უფრო მეტად აწყობს, რომ ამ ტერიტორიას ასადი აკონტროლებდეს, ვიდრე დამოუკიდებელი ქურთები.
ასადის გაძლიერება არ აწყობთ ამერიკელებს, ისინი გააგრძელებენ ქურთების მხარდაჭერას, მათ შორის, საჰაერო მხარდაჭერას. რამდენად შეძლებს ბაშარ ასადი ქურთების დამარცხებას, ეს კიდევ საკითხავია - ქურთები საკმაოდ ორგანიზებული სამხედრო ძალაა. თანაც, ეს ერთადერთი ძალაა. რომელიც არაისლამურია, სეკულარული და იდეოლოგიურად ამერიკელებისთვის სავსებით მისაღები. თუმცა, აქ ისევ თურქეთის საკითხი დგას, როგორ უნდა აღმოუჩინონ მხარდაჭერა ამერიკელებმა ქურთებს ისე, რომ თურქები არ გააღიზიანონ, ძალიან რთულია ბალანსის მოძებნა.
მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აშშ არ ჩქარობს პროცესებში ბოლომდე ჩართვას, ტრამპის რეაქციებიც არ ჩანს...
არ ჩქარობს- რბილი ნათქვამია. ამას ჰქვია სტრატეგიის, ინიციატივის არ ქონა, უამრავი სტატია დაიწერა, რომ ობამას ბრალია, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, გასათვალისწინებელია მისი იდეოლოგია: როგორც კი სახელმწიფო მართვის სათავეში მოვიდა, ობამამ განაცხადა - ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სამხედრო ავანტიურებში, ჩვენ გამოვდივართ რეგიონიდან. დემოკრატებისა და იმ ელიტისთვის, რომელსაც ობამა განასახიერებს, წარმოუდგენელი იყო რეგიონის პროცესებში ინტენსიური ჩართულობა. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკა მთლიანად ეფუძნება აშშ-ს არსებობას რეგიონში. ქაოსი ჯერ კიდევ 2003 წელს აშშ-ს ერაყში შეჭრით დაიწყო. ამერიკელებმა არსებული მართვის სტრუქტურები და იერარქიები მოარღვიეს, რომლებიც უმწვავეს დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს აკავებდა. თუ ბუშმა, რომელმაც მოარყია ეს სისტემა, სცადა ალტერნატიული სტრუქტურების შექმნა ამერიკელების გაძლიერებული წარმომადგენლობით, ობამამ კი დაუსრულებელი საქმე მიაგდო და აშშ რეგიონიდან მთლიანად გამოიყვანა, რამაც ძალაუფლების უზარმაზარი ვაკუუმი გააჩინა. რაც მოხდა ერაყში, დავინახეთ -დაქუცმაცდა ქვეყანა, ამას მოჰყვა სირიის მოვლენები. თუმცა, ობამას ადმინისტრაციისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, არც სტრატეგია შეუმუშავებია. ერთი-ორჯერ კი განაცხადა, წითელი ხაზები გადის იქ, სადაც ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებსო. ასადმა ეს იარაღი რამდენიმეჯერ გამოიყენა, ობამას კი არაფერი გაუკეთებია. ეს ნიშანი იყო რუსეთისთვის. ძალიან მალე გეგმის შემუშავება დაიწყო, როგორ გადაერჩინა ასადის რეჟიმი. აშშ-ის უინიციატივობამ ლოკალური რეგიონული ძალების, თურქეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნების, რუსეთისა და ირანის ამბიციებს ბიძგი მისცა. ეს ძალები დაპირისპირებული არიან და, ცხადია, რომ ერთად ვერ მორიგდებოდნენ.
გაიმარჯვა თუ არა ნამდვილად ასადი-რუსეთი-ირანის ძალამ ამ ბრძოლაში, როგორც ბევრი ანალიტიკოსი წერს უცხოურ მედიაში?
ყველაფერი ხომ მაინც გლობალურ კონტექსტში განიხილება. არის ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება, რომელიც დამოკიდებულია, რამდენად შეასრულებენ მხარეები - ირანი და დასავლეთი - დათქმულ პირობებს. სენატმა ახლახანს გადაწყვეტილება მიიღო, სანქციები გაეგრძელებინა ირანისთვის, რომელმაც ამერიკელების ნაბიჯი პროვოკაციად აღიქვა. განაცხადა, რომ თუ აშშ არ მოხსნის სანქციებს, იტოვებს უფლებას, ხელშეკრულებიდან გავიდეს. ირანი ალეპოს დაცემით და სირიაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით თავს გაძლიერებულად გრძნობს. გარდა ამისა, იემენში მეამბოხეებს ირანი აფინანსებს და ეს კომბლიანი ჩამოცხავებული მომთაბარე ტომები წარმატებით ებრძვიან და ანადგურებენ საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნების high tech „მეხუთე თაობის“ თანამედროვე არმიას. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ შიიტური ირანის სახით რეგიონში ახალი ძალა გამოჩნდა, რომელიც ღიად აცხადებს, რომ აღარ შეეგუება არსებულ წესრიგს და იბრძოლებს დომინანტობისთვის. ეს ეხება ბაჰრეინსაც და ბევრ სხვა სახელმწიფოს, სადაც მოსახლეობის სერიოზულ ნაწილს შიიტები შეადგენენ, მაგალითად, ერაყში -60%-საც კი აჭარბებენ. შიიტები გამოდიან დომინანტი ძალა რეგიონში.
რამდენად აისახება ისლამური ფუნდამენტალიზმის პრობლემაზე სუნიტების გავლენის ჩაანაცვლება შიიტებით?
ერთი რადიკალიზმი მეორე რადიკალიზმით შეიცვლება, მაგრამ დასავლეთის გადმოსახედიდან, ირანის საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც ისლამური რევოლუციის შემდეგ არცთუ სახარბიელოა, საუდის არაბეთის ვაჰაბიზმის იდეოლოგიაზე მდგარ საზოგადოებასთან შედარებით, მაინც უფრო პროგრესულია. თუმცა, როცა ხელისუფლების სათავეში რელიგიური ჯგუფი და რეპრესიული აპარატია, კარგი არ არის. თან ისიც უნდა გვესმოდეს, რომ აქ არჩევანი არ დგას - რომელია კარგი და რომელი - ცუდი, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ ვისი მოკავშირეა. სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნები ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეები იყვნენ, ირანი, მიუხედავად თავისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხისა, მაინც განიხილებოდა როგორც რუსეთის პარტნიორი რეგიონში. საინტერესოა, რამდენად შენარჩუნდება სტარტეგიული კავშირი აშშ-სა და არაბულ სუნიტურ სახელმწიფოებს შორის, რადგან საკმაოდ მორყეულია ეს კავშირი და არც ტრამპი ჩანს ისეთი ადამიანი, რომ ერთგულების ფიცი დადოს სუნიტურ მმართველებთან; მისთვის მთავარია ამერიკული ინტერესები, ბევრი კითხვის ნიშნებია ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება რუსეთს? ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში რუსეთის გენერალმა და გეოპოლიტიკის სპეციალისტმა, ლეონიდ ივაშოვმა,. განაცხადა, რომ რუსეთი იმიტომ ჩაება სირიის ომში, რომ აღეკვეთა ყატარის მცდელობა - სირიაში მილსადენი აეშენებინა და და თურქეთის გავლით ევროპაში საკუთარი გაზი გაეტანა, რუსეთი კი გასაღების ბაზრის გარეშე დაეტოვებინა...
ეს კონსპირაციის თეორიაა. ყატარს ისედაც გააქვს თავისი გაზი, მხოლოდ გათხევადებულ მდგომარეობაში, ზღვით ევროპაში და სულაც არ სჭირდებოდა დამატებითი ხარჯი და თავის ტკივილი 1500 კმ-იანი მილსადენის სირიაში გაყვანაზე. არც ევროპა ამბობს უარს რუსეთზე, როგორც ენერგორესურსების მომწოდებელზე. ეს არის კრემლის იდეოლოგთა მცდელობა, საკუთარი მოსახლეობის წინაშე გაამართლონ პუტინის შეჭრა სირიაში. ერთი მხრივ, რუსეთმა დაამტკიცა, რომ თუ საქმე წამოიწყო, მზად არის ბოლომდე მიიყვანოს, რა ხარჯიც არ უნდა გასწიოს, მაგრამ. მეორეს მხრივ, ხედავს, რომ საკმაოდ ძვირად დაუჯდა ეს კამპანია, პირველ რიგში, პოლიტიკური იმიჯი კიდევ უფრო შეებღალა. ომის წარმოების წესების უგულებელყოფით რუსეთმა არაადამიანური სახე მიიღო. დაიბომბა, თანაც მიზანმიმართულად სამოქალაქო ობიექტები და არა მხოლოდ სახლები, არამედ საავადმყოფოები და სხვა ჰუმანიტარული დანიშნულების ობიექტები. ამ ყველაფერმა ძალიან ნეგატიური ფონი შექმნა რუსეთთან მიმართებაში, მიდის სერიოზული მოწოდებები წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომ მოხდეს რუსეთის გასამართლება საერთაშორისო სასამართლოში, ეს პოლიტიკური ტალღა თუ შენარჩუნდა, მაშინ ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს, თუნდაც სანქციების გაზრდით.
ევროკავშირიც არ არის აქტიურად ჩართული სირიის კონფლიქტში, თითქოს, აშშ-ს პოზიციას ელოდება, ტრამპის არჩევნების შემდეგ კი მათი ურთიერთობების ინტენსივობა, გარკვეულწილად, შენელებულია...
დაკვირვების პროცესში არიან, რა იქნება ტრამპის მომდევნო ნაბიჯები. ის ხალხი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში სამსახურში აჰყავთ, საინტერესო დასკვნების საფუძველს გვაძლევს - მაგალითად, მთელი საგენერლო კასტის აყვანა უსაფრთხოების სექტორში მეტყველებს, რომ ტრამპს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ხისტი პოლიტიკა ექნება. მეორეს მხრივ, ნავთობგიგანტის- „ტექსონ მობილის“ - აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა სახელმწიფო მდივნის ადგილზე ნიშნავს, რომ ბიზნესი და ეკონომიკური ინტერესები წამყვანი იქნება, არა მორალური და იდეალური ასპექტები, არამედ მოგება-წაგებაზე აგებული საგარეო პოლიტიკა, თუმცა, რა შინაარსს მიიღებს ევროკავშირთან მიმართებაში, ჯერ არავინ იცის.
ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე საკუთარი თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ზრუნვას იწყებს, იყო საუბარი სპეციალურ პროექტებზეც...
ცნობილია, რომ ნატოს ხარჯების 70-80%-ს იხდის აშშ და ამ თანხაში შედის როგორც შტაბების მოწყობა და ა.შ., ასევე სამხედრო ოპერაციები. ევროპული სარდლობა მთლიანად ამერიკული სარდლობაა, რომელსაც სათავეში ამერიკელი გენერალი უდგას. აშშ-ის მოთხოვნა გამართლებულია, რადგან ათწლეულების განმავლობაში ევროპა სარგებლობდა მისი უსაფრთხოების ქოლგით და საშუალება ჰქონდა, თავდაცვისთვის მიზერული თანხები დაეხარჯა, განსაკუთრებით, 90-იანი წლებიდან და გამოთავისუფლებული ფინანსური რესურები ეკონომიკური განვითარებისკენ მიემართა. ტრამპი ბიზნესმენია, დაინახა, რა შედეგი მოჰყვა ამერიკის თანამშროლობას ევროპასთან, რომ ისინი ცოტას ხარჯავდნენ, ამავე დროს, ხშირად წინააღმდეგობასაც უწევნდნენ ამერიკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ამიტომ დააყენა საკითხი - ან ევროპა გადაიხდის, ან აშშ მოიფიქრებს, როგორ შეამციროს თავისი როლი ნატოში. ცხადია, ეს ევროპელებისთვის ცივი შხაპი იყო/ კითხვები ამ მიმართულებით ადრეც ხშირად ისმოდა, მაგრამ პოლიტკორექტულობის გამო დღის წესრიგში არ აყენებდნენ, ტრამპმა კი პირდაპირ განაცხადა.
ეს გასაგებიცაა - ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში აქამდეც გადაიდგა ნაბიჯები, თუმცა, საკმაოდ არაეფექტური იყო და ბიუროკრატიულ ხასიათს ატარებდა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ნატოსთან დუბლირება ხდებოდა. თუნდაც, ევროკავშირის გადაწყვეტილება საბრძოლო დაჯგუფებების შექმნაზე. ისმებოდა კითხვები: რომელი ქვედანაყოფებიდან უნდა შეიქმნას ეს დაჯგუფებები და რომელმა სარდლობამ უხელმძღვანელოს, თუ უკვე არსებობს ნატოს სარდლობა და მის ქვეშ განლაგებული ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების საბრძოლო ძალები?! ცხადია, დუბლირება ვერ მოხდებოდა, ევროკავშირის ერთიანი და თავდაცვის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, შემოიფარგლა განსხვავებული ფუნქციების მინიჭებით და ისეთი საკითხების კურირებით, როგორიცაა, მიგრანტები, ტერორიზმი, სამართალდამცავებთან აქტიური თანამშროლობა და გარკვეულწილად, ჩანასახის სახით მაინც დატოვეს, თავდაცვის საბრძოლო კომპონენტი, საშტაბო სამეთაურო რგოლი, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება ნატოსთან მიმართებაში. რეალურად, ევროკავშირი და ნატოს თანამშროლობა გულისხმობს, რა საბრძოლო ოპერაციაც შესრულდება ევროკავშირის ეგიდით, ის განხორციელდება ნატოს სარდლობის და ქვედანაყოფების გამოყენებით.
შესაძლებელია, თუ არა, რომ რეგიონის გეოპოლიტიკაში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველომ ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების კუთხით, მეტი პროგრესი განიცადოს, ერთი სიტყვით, გარკვეულწილად ვიხეიროთ?
თუ გინდა, რომ დახმარება მიიღო ვინმესგან, უნდა დაუმტკიცო, რომ შენ გაქვს საკუთარი თავის დაცვის სურვილი. 2008 წლის შემდეგ უკვე ტენდენციაა, რომ ჩვენი შერეული ძალების სრული ინგორირება ხდება, მიზერული თანხები, რომელიც თავდაცვის სამინისტროზეა გამოყოფილი, მას აქცევს ერთ დიდ სოციალურ პაკეტად. ჩვენი შეიარაღებული ძალები, რაც არ უნდა კარგად მომზადებული გვყავდეს, ვერც რაოდენობით და ვერც საბრძოლო შესაძლებლობებით, ვერ პასუხობენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, დღეს და ხვალ კი არა, გუშინწინ უნდა დაწყებულიყო ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის საგრძნობი ზრდა და მას მოჰყოლოდა რეალური პრაქტიკული ნაბიჯები, მაგალითად, ბრძოლისუნარიანი რეზერვის შეექმნათ, ასევე წვევამდელები თავისი საბრძოლო მომსახურებით არ უნდა განსხვავდებოდნენ საკონტრაქტო მოსამსახურეებისგან.
ნატოს ფარგლებში არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივა. რადგან ყირიმი რუსეთის შეიარაღებულ კუნძულად და ფორპოსტად იქცა, იქ გაიზარდა ქვედანაყოფების რაოდენობა და საბრძოლო შესაძლებლობები, ნატოს წინაშე აუცილებლობა დადგა, აღმოსავლეთის ფლანგი - რუმინეთი, ბულგარეთი და შავი ზღვის ნაპირი - გაეძლიერებინა. ამიტომ ხდება დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განახლება. საკითხავია, ამ კონტექსტში რა ადგილს დავიკავებთ, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება არ ნიშნავს მხოლოდ შავი ზღვის დასავლეთ ნაპირის გაძლიერებას, ალიანსის გაძლიერება არ ხდება მხოლოდ შიგნით. თუ არეალი გარეთ არის არასტაბილური და კონფლიქტებით სავსე, ეს პირდაპირ აისახება ნატოსა და ევროკავშირზე და ამის მაგალითი ბევრია ისტორიაში. ამ მხრივ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თუ საქართველო მოახერხებს და გააძლიერებს თავის ყოფნას შავი ზღის აკვატორიაში, გააქტიურდება ჩვენი და ნატოს დანაყოფების სამხედრო სწავლებები, ეს იქნება კარგი მაგალითი ჩვენი თანამშრომლობის ნატოსთან, ამავე დროს იქნება პოლიტიკური მესიჯი, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების პრინციპი არ ეყრდნობა მხოლოდ დასავალეთ სექტორს, არამედ მოიცავს აღმოსავლეთსაც და, მათ შორის, საქართველოს.
ბელა ნოზაძე