როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულება სხვადასხვა მიმართულებით
ანალიტიკური მიმოხილვა
სახოკია ეთერი
2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ხელშეკრულების ხელმოწერა ქვეყნისთვის ნიშნავს კანონის უზენაესობის აღიარებას, ადამიანის უფლებებისა გარანტირებულ დაცვას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესრულების ვალდებულების აღებას. ეს კი თავის მხრივ საჭიროებს ამბიციური რეფორმების გატარებას ვაჭრობაში, ეკონომიკაში, ასევე თანამშრომლეობას ისეთ სფერობშიროგორიცაა ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, მრეწველობა, მომხმარებელთა დაცვა და განათლება
წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების პროცესი სხვადასხვა სფეროების მიხედვით, ევროპულ კანონდებლობასთან და პრაქტიკაში მათი განხორციელების ჭრილში.
1. HACCP-ის სტანდარტების დანერგვა ნედლის რძის გადამამუშავებელ საწარმოებში, მეფრინველეობის დარგსა და ხორცპროდუქტების მაღაზია/საწარმოებში:
ევროპასთან ასოციცირების ხელშეკრულების მე-4 თავი გულისხმობს საქართველოს სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის სფეროების რეგულაციების ევროკავშირის კანონდებლობასთან დაახლოებას წინასწარ გაწერილ ვადებში.
ზოგადად, სურსათის უვნებლობა მოიცავს მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში საბოლოო მომხარებლისთვის ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქტის მიწოდებას. ევროკავშირში ეს პროცესი რეგულირდება HACCP-ის საშუალებით. HACCP-ის სტანდარტების მიხედვით სურსათის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის პროცესში მინიმუმამდეა დაყვანილი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, HACCP-ის სისტემის დანერგვა რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული, იგი მოითხოვს არა მარტო მთელ რიგ ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებს, არამედ ფინანსურ დანახარჯებსაც.
საქართველოს მთავრობის დადგენილების “ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის” მიხედვით, HACCP-ის სისტემის დანერგვა სასაკლაოსა და ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის სავალდებულოა (მუხლი 5). თუმცა საქართველოს კანონდებლობის მიხედვით, აღნიშნულ სფეროში დასაქმებული საწარმო/მეწარმეები უპირველესად უნდა დარეგისტრირდენენ ბიზნესოპერატორებად. ამის შემდეგ კი კანონით გაწერილ ვადებში მათ წარმოეშვებათ HACC-ის სტანდარტების დანერგვის ვალდებულება. თუკი ახალ დარეგისტრირებული საწარმო/მეწარმე კანონით გაწერილი საქმიანობის განხორციელებისას არ დანერგავს ჰასპის სტანდარტებს, სურსათის ეროვნული სააგენტო არ აღიარებს ბიზნესოპერატორად, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი უკვე რეგისტრირებული საწარმო/მეწარმე კანონით გაწერილ ვადებში არ დანერგავს ჰასპის სტანდარტებს კანონდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად შეუჩერდებათ შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, HACCP-სთან შესაბამისობაში მოყვანა გულისხმობს საწარმოს ინფრასტრუქტურის, მოწყობილებების, აღჭურვილობის განახლების/გადაიარაღების პროცესს, რაც გარკვეულწილად დამატებითი ფინანსური ტვირთია ბიზნესოპერატორებისათვის.
ბიზნესოპერატორებად დარეგისტირება დაახლოებით ერთ წლიანი პროცედურაა, სურვილის შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო მეწარმეებს აძლევს პერიოდს იმ სტანდარტების მისაღწევად, რაც კანონდებლობის მიხედვით არის გაწერილი. რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ეს შეიძლება იყოს ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული პროცედურები, რძის პასტერიზების აუცილებლობა, საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება, ნაკადურობის დაცვა და ა.შ. ამისათვის კი საწარმოს პირველ ეტაპზე ეძლევა 6 თვიანი (პირობითი აღიარება) და შემდგომ დამატებით კიდევ 6 თვიანი პერიოდი (აღიარება).
რამდენად შეძლებს მეწარმე მოკლევადიან პერიოდში დიდი ოდენობის ფინანსური დანახარჯების გაწევას და სტანდარტების დაკმაყოფილებას ეს ცალკე საკითხია, თუმცა საინტერესოა უფრო ის საკითხი რამდენად არის მზაობა მთავრობის მხრიდან პრობლემის შემთხვევაში დაეხმაროს ამ საწარმოებს.
არსებული კანონდებლობის მიხედვით, სურსათის სააგენტოს არ აქვს უფლებამოსულება შეუმსუბუქოს ბიზნესოპერატორებს ფინანსური დანახარჯები, რაც შესაძლებელია გამოხატულ იქნას თუნდაც პერიოდის გადავადებით. პირიქით, იმ შემთხვევაში თუკი ბიზნესოპერატორი კანონდებლობით მითითებულ ვადებში ვერ უზრუნველყოფს კანონში მითითებულ სტანდარტებთან მიახლოებას ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი” (68-ე მუხლის) მიხედვით დაჯარიმდება 400 დან 1200 ლარის ოდენობით. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული კოდექსის მიხედვით (მუხლი 76), თუკი საწარმოებს 2015 წლის 1 იანვრამდე ინსპექტირებისას აღმოაჩნდებოდათ ჰასპის პრინციპებზე დაფუძვნებულ სისტემასთან შეუსაბამობა, საწარმოები არ ჯარიმდებოდნენ ფულადი სანქციებით, რაც იმ პერიოდისათის ნამდვილად შემამსუბუქებელი გარემოება იყო მეწარმე/საწარმოებისთვის.
რძის მწარმოებელი საწარმოებისათვის შემდეგ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენენ რძის მწარმოებელი ფიზიკური პირები. როგორც ცნობილია ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ (76-ე მუხლის მე-4 ნაწილის) მიხედვით ფიზიკური პირები (გარდა ინდ. მეწარმეების და საგადასახადო კოდექსის მიხედვით დარეგისტრირებული მიკრო ბიზნესის მატარებელი პირებისა) 2020 წლამდე გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ზედამხედველობისგან. რაც იმას ნიშავს რომ საქართველოს რძის პროდუქციის ბაზრის 99% არ კონტროლირდება სურსათის სააგენტოს მიერ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ჰასპის სტანდარტების მქონე ბიზნესოპერატორებს კონკურენციის გაწევა უწევთ ისეთ ფიზიკურ პირებთან, რომლებიც სრულიად თავისუფლანი არიან რეგულირებისაგან და შესაბამისად ზედმეტი დანახარჯებისგან.
საინტერესოა რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიღოს კანონის ამ ჩანაწერმა, გარდა იმ ფაქტისა რომ არაკონტროლირებადი პროდუქცია შესაძლოა მავნებელი იყოს მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის:
ფიზიკური პირების მიერ წარმოებული პროდუქცია საჭიროებს ნაკლებ დანახარჯს ჰასპის სტანდარტის მქონე საწარმოებთან შედარებით. შესაბამისად, აღნიშნული ფიზიკური პირები მომხმარებლებს თავიანთ პროდუქციას უფრო ნაკლებ ფასად სთავაზობენ, ეს კი ხელს უშლის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. ბაზრის თავისებურებიდან გამომდინარე, კომერციული ობიექტები არჩევანს სწორედ ასეთი დაბალი ღირებულების პროდუქციაზე აკეთებენ, რაც კიდევ უფრო რთულს ხდის ჰასპის სტანდარტის მქონე საწარმოებისთვის პროდუქციის რეალიზებას.
რაც შეეხება მეფრინველეობის დარგს, აქაც დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა, იმ განსხვავებით რომ სტანდარტებთან მიახლოება და ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესი უფრო მეტ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა აქ გასათვალისწინებელია დამატებითი გარემოებაც. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თუკი საწარმოს/მეწარმეს წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 200 000 ლარს, მას წარმოეშობა ვალდებულება დარეგისტრირდეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ბიზნეს საქმიანობიდან მისი წლიური შემოსავალი არის 200 000 ლარი, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში (თუკი რეალიზებული პროდუქციის მოცულობა და ფასი უცვლელია) მისი შემოსავალი შემცირდება 18%-ით. შესაბამისად, მათი ფინანსური მოგება იქნება უფრო ნაკლები, ნაკლები ფულადი რესურსი კი ვერ იქნება გარანტი ჰასპის სტანდარტის დროულად დასანერგად. ეს ფაქტი ბიზნესოპერატორებს კიდევ უფრო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს.
რა შეიძლება გააკეთოს მეწარმე/საწარმომ არსებული რეგულაციების პირობებში? პირველი შესაძლო ვარიანტი, არის კოოპერატივების შექმნა. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთ სფეროში დასაქმებულ ბიზნეს ოპერატორებს აქვთ შესაძლებლობა თანაბრად გადაინაწილონ ხარჯი. მაგალითისთვის მეფრინველეობის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს იმისათვის რომ დანერგონ ჰასპის სტანდარტის სასაკლაო, შეუძლიათ ერთობლივად, საერთო ფინანსებით შექმნან ერთი სასაკლაო. თუმცა კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში წარმოიქმნება ახალი საგადასახადო ვალდებულებები, რეგისტრირებული კოოპერატივი ნიშნავს ახალ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც კონკრეტული საგადასახადო ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს წინაშე. ფაქტობრივად, ეს ვარიანტიც ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს დანახარჯების შემცირების საუკეთესო გარანტად. თუმცა იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა დამატებით შეღავათებს დააწესებს დღგ-ს კუთხით და კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში საწარმო/მეწარმეებს არ წამოეშობათ დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ეს იქნება დამატებით შემამსუბუქებელი გარემოება არა მარტო ჰასპის სტანდარტების დანერგვის მსურველ საწარმო/მეწარმეებისთვის, არამედ უკვე სტანდარტების მიხედვით მომუშავე მეწარმე/საწარმოებისთვის, რომლებიც გამოთავისუფლებულ თანხებს საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარენ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მეფრინველეობის ბაზარზე გაჩნდა ახალი საშიშროებები, არარეგისტირებული პირები, ე.წ ფიზიკური პირები, რომლებიც ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მიხედვით 2020 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო კონტროლისგან. შედეგად კი მივიღეთ არაჯანსაღი პროდუქტი. სრულიად საპირისპირო იმ მოთხოვნებისგან რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება გვავალებს.
კიდევ ერთი შეუსაბამობა, რომელიც ამჯერად საქართველოს კანონდებლობასა და ასოცირების ხელშეკრულებას შორის არსებობს ეხება ხორცპროდუქტების მაღაზია/საწარმოებში ჰასპის დანერგვას. ასოცირების მიხედვით ქვეყანას ხორცპროდუქტების მაღაზია/საწარმოებში ჰასპის დანერგვა ევალება, თუმცა საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში ამის შესახებ მითითებული არ არის.
ცვლილება, რომელიც ქართულმა მხარემ ასოცირების დღის წესრიგის 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით შეასრულა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შემუშავებაა, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ჰასპის სტანდარტის დაწესების ვალდებულებეზე. ცვლილების განხორციელება არ იყო დაგეგმილი არც ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის სამოქმედო გეგმაში. უცნობია, როდის გეგმავს საქართველოს მთავრობა ამ ვალდებულების შესრულებას და კანონპროექტში ცვლილების შეტანას.
2. ენერგეტიკის სფერო
2016 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს, რაც გულისხმობს იმ პრივილეგიებით სარგებლობას რომელიც ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების წევრებისათის არსებობს. ესენია: ინვესტიციები, ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზარი, უსაფრთხო მიწოდება, ჯანსაღი კონკურენცია და გარემოს დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესება. მსგავსი ტიპის გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველოს ენერგოსფეროსთვის ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ტოლფასია.
თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, ეს არის ენერგო სფეროში რეფორმის გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროცესის დასაწყისი, რომელიც უპირველესად საქართველოს კანონდებლობის ევროპულ რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და შემდგომ უკვე მის პრაქტიკაში განხორცილებას გულისხმობს.
ყველაზე საინტერესო ცვლილება, რომელიც საქართველოს ენერგო სივრცეში უნდა განხორციელდეს ეხება, როგორც მემორანდუმების სისტემას, კერძოდ კი კონტრაქტების მინიჭების პროცედურებს, მის ეფექტიანობას და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე ჰესებისათვის ნებართვის გაცემის სისტემის ცვლილებას.
2009/72/EC დირექტივის მიხედვით განსაზღვრულია კონკრეტური მოთხოვნები ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების საერთო წესების შესახებ. მთავარი პრინციპი მომხარებელთა უფლებების დაცვა და კონკრენტული ბაზრის გაუმჯობესებაა. აღნიშნული დირექტივის მიხედვით ახალი ენერგეტიკული ობიექტიების მშენებლობის პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე და არადისკრიმინაციული. ენერგო გაერთიანების ქვეყნებში აღნიშნული პროცესი ხორცილედება ავტორიზაციის გზით. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 6 თვით ადრე ქვეყნდება ტენდერი, სადაც დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნდები და პროცედურები.
საქართველოში აღნიშნული პროცესი რეგულირდება “საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის” მიხედვით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N214), აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესს რომელიმე კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, (ასევე შესაძლებელია ინიციატივა მოდიოდეს თავად ინვესტორისგანაც), რის შემდეგაც საქართველოს მთავრობას, სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ შორის იდება მემორანდუმი (მუხლი 1).
ყველა პროექტისათვის პირობები არის განსხვავებული, მათ შორის გამომუშავებული ელ-ენერგიის ფასი. დაუდგენელია რის საფუძველზე ხდება ფასის შეთავაზება რის გამოც პროცედურა გაუმჭირვალე და არაკონკურენტუნარიანი ხდება.
ბოლო პერიოდების განმავლობაში საკმაოდ აქტიუალური გახდა, ნესკრა ჰესის მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივი მნიშნელობისაა, პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაინტერესებულ პირთათვის დახურულია. ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნული პროექტი დააკვალიფიცირა როგორც კომერციული შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ პროექტის დოკუმენტაციაზე წვდომა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორივე მხარის (საქართველოს მთავრობის და ინვესტორის) თანხმობის შეთხვევაში.
საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია ხელშეკრულების დეტალები, კერძოდ თუ რა პირობებზე დათანხმდა საქართველოს მთავრობა და რა ვალდებულებები დაეკისრა მემორანდუმების საშუალებით. ფაქტობრივად, ენერგეტიკის სამინისტრომ დაარღვია ევროპული ენერგო გაერთიანების ერთ-ერთი უმთავრეს პრინციპი - გამჭირვალობა.
მეორე პრობლემა, რომელსაც პრაქტიკაში ვაწყდებით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვისა. რიგ შემთხვევაში შესყიდვის ფასი ძალიან განსხვავებულია. ეს კი იწვევს არამარტო კონკურენციის შეზღუდვას შიდა ბაზარზე, არამედ საბოლოო მომხარებლის ფინანსური ხარჯების გაზრდასაც.
3. ტექდათვალიერების საკითხი
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, 2009/40/EC დირექტივის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია მოახდინოს ტექდათვალიერების სისტემის გამართვა. ტექდათვალიერება, ეს არის ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც დგინდება როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობა (ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაცია, ელექტრომოწყობილობა, ძარა და მისი ელემენტები, კაბინა, საბურავები, თვლები, წერძები, დაკიდება და ა.შ), ასევე ატმოსფერულ ჰაერში გამოფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა.
ჰაერის დაბინძურების კუთხით, საქართველოში მართლაც ცუდი ვითარებაა. საერთაშორისო ორგანიზაციის, International Energy Agency-ის 2016 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდიალობის მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე პირველ ადგილზეა. საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტრანსპორტის გამონაბოლქვის წილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით დაახლოებით 71%-ია, ხოლო დედაქალაქში, სადაც მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40 %-ია თავმოყრილი - 95%.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პარამეტრები და ამ პარამეტრების ტესტირების მეთოდები რეგულირდება 2014 წლის იანვრის “სხვადასხვა კატეგორიის ავტოსამტრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის” ტექნიკური რეგლამენტით, აღნიშნული დადგენილების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალების (ავტობუსების) ინსპექტირება ხდება საშუალოდ წელიწადში 2 ჯერ ან ერთხელ (დამოკიდებულია ავტოსატრასპორტო საშუალების კატეგორიაზე და გამოყენების ვადაზე).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო გახდება 2018 წლის 1 იანვრიდან, რის შედეგად ავტომობილების გზისთვის ვარგისინობაზე ტესტირება პერიოდულად სავალდებულო გახდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად გამოაცხადა ინტერესტთა გამოხატვა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით. აღნიშნულ მოწვევაში მითითებულია რომ “საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება, გზისათვის ვარგისიანობაზე სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარება 2017 წლის 31 დეკემბრიდან”.
ცვლილება განხორციელდა ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის იანვრის N80 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ვადამ გადაინაცვლა 2017 წლის ივლისში, ნაცვლად 2017 წლის იანვრისა.
დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უნდა უნდა შექმნას საინფორმაციო ბაზები, უნდა მოახდინოს რეგიონების შესწავლა, რათა ყველა რეგიონს ჰქონდეს საკმარისი მომსახურების ცენტრი და ისნპექტირების პროცესმა ჩაიაროს შეუფერხებლად, უნდა ჩამოაყალიბოს ინსპექტირების ცენტრების შენობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მოთხოვნები. ინსპექტირების პროცესში უნდა შეიქმნას ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზირებული სისტემა, რათა კორუფციის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს.
4. გარემოსდაცვითი ღონისძიებები
ასოცირების ხელშეკრულების 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება მიიღოს “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა” და თანმდები კანონქვემდებარე აქტები, ევროდირექტივებისა და სხვა საერთაშორისო მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აღნიშნული პროცესი გულისხმობს სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივა შესწორებულია 2014/52/EU დირექტივით), გარკვეული გეგმებისა და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (2001 წლის 27 ივნისის 2001/42/EC დირექტივა) და საზოგადოების მონაწილეობას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გეგმების და პროგრამის შემუშავებაში (2003 წლის 26 მაისის 2003/35/EC დირექტივა). მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ხდება საინვესტიციო პროექტის შეფასება, მთავრობა ვალდებულია ტექნიკური და ეკონომიკური კვლევის მომზადებისა თუ წინასწარი საინჟინრო გადაწყვეტილების შემუშავებისას განიხილოს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის გარემოზე ზემოქმედება და სოციალური მდგრადობის შეფასება.
გარემოზე ზემოქმედების კვლევის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია იმ რისკების თავიდან ასაცილებლად, როგორიც ჩვენს შემთხვევაში ხდება ჰესების მშენებლობის პროცესში. მაგალითად “ბახვისჰესის” მშენებლობა, რომლის დროსაც მეწყერმა დაანგრია მშენებლობის პროცესი, რადგან აღმოჩნდა რომ გეოლოგიური პროცესის შესწავლა მოხდა არასრულფასოვნად და ადგილიც ცუდად იყო შერჩეული. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ “დარიალჰესის” ქეისზეც, ამ შემთხვევაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ აღიარა თავისი შეცდომა, აღნიშნული ჰესი დაზიანდა გლაციალური ღვარცოფის გამო, რადგანაც არასწორად იქნა შერჩეული ლოკაცია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ასოცირების 2016 წლის დღის წესრიგის მიხედვით, მთავრობას ჰქონდა ვალდებულება მიეღო “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი”. აღნიშნული კოდექის პროექტი პირველად გამოქვეყნდა 2015 წლის სექტემბერში, თუმცა პირველივე საჯარო განხილვის შემდეგ, პროექტი შეჩერდა. კანონპროექტი დღემდე არ არის მიღებული განსახილველად.
თუმცა საქართველოს მთავრობამ 2016 წლის ასოცირების სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2016 წლის 22 აპრილს მიიღო დადგენილება (N191) საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი, სადაც პროექტის შეფასების ეტაპზე სხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ერთად, გარემოზე ზემოქმედების კვლევების შესწავლა ხორციელდება. ეს ნამდვილად დადებითი ფაქტია ასოცირების ვალდებულებების შესრულების პროცესში. რამდენად ასრულებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ეს ცალკე საკითხია. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ, პლასტმასისა და მისი ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომელმაც “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიიღო სახელმწიფო დაფინანასება. ამის შესახებ თავად პრემიერ მინისტრმა განაცხადა. როგორც შემდგომ გაირკვა, საწარმომ ისე მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, რომ არ ჩაუტარებია გარემოზე ზემოქმედების კვლევა, არც მთავრობის მხრიდან ყოფილა აღნიშნულ საკითხზე მოთხოვნა. ამასთანავე, საწარმო მდებარეობს დასახლებულ პუნქტში, ეს კი იმას ნიშნავს რომ ევროკავშირის დირექტივების მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს ამ საწარმოს არსებობის შესახებ. სამწუხაროდ, არც ეს ვალდებულება იქნა შესრულებული არც ერთი მხარის მიერ.
5. ვეტერინარია
ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია 2027 წლისთვის დაასრულოს საქართველოში არსებული სურსათის უვნებლობის სტრატეგიისა და დაახლოების პროგრამის იმპლემენტაცია, კერძოდ კი სურსათის უვნებლობის კოდექსის განხორციელება და საიმპლემენტაციო ჰორიზონტალური კანონდებლობის პროგრესული მიღება. ეს პროცესი მოიცავს ჯამში 84 სამართლებრივი აქტის დამტკიცებას 12 წლის განმავლობაში. 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობას უნდა დაემტკიცებინა 9 სამართლებრივი აქტი, ესენია:
- ღორის იდენტიციკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები (დირექტივა 2008/71/EC),
- ფრინველის გრიპის კონტროლის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (დირექტივა 2005/94/EC)
- შინაური ფრინველების საფრინველეების და სხვა ჩაკეტილ სივრცეში მყოფი ფრინველების ადგილების აღიარების წესი ფრინველის გრიპთან დაკავშირებით (დირექტივა 2005/94/EC)
- შინაურ და გარეულ ფრინველებში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროგრამა (გადაწყვეტილება 2010/367/EU)
- ღორის კლასიკური ჭირის დადასტურებისთის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო (გადაწყვეტილება 2002/106/EC)
- ღორის აფრიკული ჭირის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო (2003/422/EC)
- ნიმუშების აღების მეთოდებსა და ლაბორატორიული კვლევის შეფასების კრიტერიუმები, ღორის აფრიკული დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო (2006/437/EC)
- ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლის და აღმოფხვრის წესები (999/2001)
- თევზების ზოგიერთი დაავადებების დადგენისა და დადასტურესთვის სინჯის აღების გეგმა და დიაგნოსტიკის მეთოდები (No 2001/183/EC)
დღეის მდგომარეობის 2016 წლის გეგმიდან დმტკიცებულია მხოლოდ 2 სამართლებრივი აქტი, რომელიც ეხება ღორის იდენტიციკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და ღორის კლასიკური ჭირის დადასტურებისთვის დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოს. განსახორციელებული პროექტის მიზანია ღორის და მისი სადგომების შესახებ ერთიანი საინფორმაცია ბაზის შექმნა, რომელიც დაეხმარება შესაბამის უწყებებს ღორის ჯანმრთელობის დაცვაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სამართავად და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად, ეს კი თავის მხრივ არის გარანტი საზოგადოებისთვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მომხმარებლისთვის სარწმუნო ინფორმაციის მისაწოდებლად. დადგენილების მიხედვით, ღორის იდენტიფიკაცია.რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის პირველი იანვრიდან.
რაც შეეხება, 2016 წლის გეგმით გაწერილ დანარჩენ სამართლებრივ აქტებს როგორ მოახერხებს საქართველოს მთავრობა დარჩენილ 7 და 2017 წლის გეგმით გაწერილ 7 სამართლებრივი აქტს, ამას დრო გვიჩვენებს.
2015 წლის გეგმის ფარგლებში, 2014 წლის 31 დეკემბერს, დამტკიცდა “მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესი”(დადგენილება N 764), რომლის მიხედვითაც, სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია 2018 წლის პირველ იანვრამდე განახორციელოს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით, საქართველოში აღრიცხულია 2 მილიონამდე მსხვილფეხა პირუტყვი და 200 ათასი წვრილფეხა პირუტყვი. თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის პროცესი ხარვეზებით განხორციელდა. დადგენილების მიხედვით, საქონლის ნიშანდებისას, მსხილფეხა საქონელს ეძლევა პასტორტი, რომლის მონაცემები შეიყვანება ელექტრონულ ბაზაში. იმ შემთხვევაში თუკი საქონელი დაკარგავს საყურე ნიშანს, რომელზედაც აღნიშნულია ინდივიდიალური საიდენტიფიკაციო ნომერი, მფლობელი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს განცხადებით. იმ შემთხვევაში თუკი დაირღვა მიკვლევადობა, ანუ მეპატრონეს არ ახსოვს საქონლის ინივიდუალური საინდეტიფიკაციო ნომერი (დაკარგულია პასპორტი), ხდება საქონლის ხელახალი რეგისტრაცია და მონაცემების ხელახალი შეყვანა პროგრამაში. ფაქტობრივად, ხდება მონაცემების დუბლირება, რაც საბოლოო ჯამში არასწორ შედეგამდე მიგვიყვანს.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს არის ინფორმირება. აუცილებელია მოსახლეობამ იცოდეს თუ რატომ არის აუცილებელი საქონლის რეგისტრაცია/აღრიცხვა და რა დადებით ეფექტების მოტანა შეუძლია ამ პროცესს როგორც მეპატრონეებისთვის, ასევე მსხვილფეხა საქონლის პროდუქციის მომხარებელისთვის.
6. პროკურატურის რეფორმა
ასოცირების დღის წესრიგის პირობებში საქართველოში ჩატარდა პროკურატურის რეფორმა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, რეფორმის მიზანი გახლდათ: “სასამართლო სისტემისა და პროკურატურის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა, რომლებიც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური, თუ სხვა არამართლზომიერი ჩარევისაგან”.
აღნიშნული რეფორმა დაიწყო 2014 წლის დეკემბერში. თუმცა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით 2015 წელს განხორციელებულმა რეფორმამ ვერ უზრუნველყო სრულად ამ უწყების დეპოლიტიზირება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება. ამის თქმის საფუძველს კი უპირველესად ის გარემოება იძლევა, რომ რეფორმა არ განხორციელებულა კონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 81 მუხლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა დღემდე რჩება აღმასრულებელი ხელისუფლების (იუსტიციის სამინისტროს) დაქვემდებარებაში. “პროკურატურის ორგანოები შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და მათ საერთო ხელმძღვანელობას ახორცილებს მინისტრი” (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 814). ცვლილებები განხორციელდა მხოლოდ “პროკურატურის შესახებ” კანონში და შესაბამისად რეფორმა მორგებულ იქნა არსებულ კონსტიტუციურ რეალობას.
რეფორმის მიხედვით, მთავარი პროკურორის კანდიდატის დასახელების უფლება კვლავ იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაა. თუმცა ამჯერად, ნომინირებულ კანდიდატს მინისტრი წარუდგენს არა პრემიერ-მინისტრს, არამედ საპროკურორო საბჭოს, რომელიც განხილვის პროცედურების შედეგ, წევრთა ⅔-ის მხარდაჭერის შემთხვევაში წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ისევ იუსტიციის მინისტრის საშუალებით. მთავრობა თავის მხრივ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საქართველოს მთავარ პროკურორს.
რეფორმის მიხედვით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესში შეიქმნა კოლეგიური ორგანო, საპროკურორო საბჭო, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს 15 წევრისგან. საბჭოს თავმჯდომარეს წარმოადგენს იუსტიციის მინისტრი, 8 წევრს საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ წარმომადგენლობითი პრინციპის დაცვით არჩეული კანდიდატები, 2-ს საქართველოს პარლამენტის წევრი (ერთი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ერთი ოპოზიციიდან), 2 წევრს წარმოადგენს მოსამართლე, რომელსაც იუსტიციის საბჭო შეარჩევს, 2 წევრი კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომლებსაც აირჩევს საქართველოს პარლამენტი.
რეფორმის მიხედვით, მთავარი პროკურორი თანამდებობაზე ინიშნება 6 წლით ვადით. პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ერთი და იგივე პირი მთავარ პროკურორად ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩევა.
იუსტიციის მინისტრის საპროკურორო საბჭოს საქმიანობასა და ზოგადად პროკურორის არჩევის/დანიშვნის პროცესში მონაწილეობა პროცესს პოლიტიკურ ელფერს აძლევს. განხორციელებული რეფორმის შედეგად პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცესი ფაქტობრივად მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში დარჩა, ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები და არასახელისუფლებო ძალების ჩართულობა კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
აღნიშნულ საკითხს ეხმაურებიან როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ვენეციის კომისიის თანახმად, მინისტრის მონაწილეობა აღნიშნულ პროცესებში უნდა იყოს შეზღუდული, რათა პროკურორის დანიშვნის პროცესი იყოს ღია და გამჭირვალე.
რაც შეეხება პროკურორის გათავისუფლების პროცედურებს, კანონის მიხედვით ბუდნოვანია პროკურორის სამართლებრივი გარანტიები, იკვეთება პოლიტიკური ზეგავლენების მოხდენის საშიშროებები. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით ნათლად უნდა განისაზღვროს პროკურორის გათავისუფლების წესი. ასევე საგანგებო (ad hoc) პროკურორის საქმიანობის პრინციპები.
7. ინტელექტუალური საკუთრება
ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების მაღალ დონეზე დაცვისა და უფლების აღსრულებისთვის ადეკვატური ზომების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონდებლობას. რის შედეგადაც, 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება ჩაეტარებინა მთელი რიგი საკანონდებლო ცვლილებები, მათ შორის ცვლილებები საქართველოს საპატენტო კანონში, სასაქონლო ნიშნის შესახებ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, დიზაინის შესახებ, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ და პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონებში.
საქართველოში ძალიან ხშირია საავტორო უფლებების დარღვევა მუსიკის სფეროში, როდესაც ხდება მუსიკალური ნაწარმოების კომერციული მიზნით გამოყენება ავტორის თანხმობის გარეშე. მსგავსი ქმედება დასჯადია კანონის მიხედვით. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად, “საავტორო, მომიჯნავე და მონაცემების ბაზის დამამზადებელი უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას”. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1571 მუხლის მიხედვით, შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირება ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლა, ასევე მათი კონტრაფაქციული ასლების შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება ან ან სხვა უფლებების დარღვევა, რომელიც არღვევს შესაბამისი კანონით დაცულ უფლებებს ისჯება 500 დან 3000 ლარამდე, განმეორების შეთხვევაში სანქციის თანხა 5000 ლარამდე იზრდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის მიხედვით, საავტორო უფლებების მითვისება როგორც თანაავტორობაზე იძულება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ხოლო განმეორებითი დანაშაული თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების ვადის აღკვეთით იმავე ვადით. ამასთანავე “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად “საავტორო უფლებების დარღვევის უფლების მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, ან დამრღვევისათვის იმ შემოსავლის ჩამორთვევა, რომელიც მან მიიღო საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად”. ასევე არაკანონიერი ქმედებად ითვლება ნებართვის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების აუდიოდისკზე ჩაწერა და შემდგომ მათი რეალიზაცია. ანალოგიური სიტუაციაა ფოტოგრაფიის სფეროში, როდესაც ხდება ფოტოგრაფის სურათების ნებართვის გარეშე გამოყენება, თუმცა ფოტო მხოლოდ იმ შეთხვევაში ხდება ინტელექტუალური საკუთრება, როდესაც ფოტოს ენიშნება ფოტოგრაფიული ნაწარმოების სტატუსი. აუდივიზიალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება არ ითვლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად, შესაბამისად მათი უფლებები აღნიშნული კანონის მიხედვით, ვერ იქნება დაცული.
ყველაზე მნიშნველოვანი პრობლემა, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებობს არის ცალკეული სუბიექტების მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია საქპატენტის მიერ საზოგადოების ინფორმაციულობის გამო განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიებები, თუნდაც პოპულარიზაცია ბეჭდური მასალების გავრცელებით ან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. ის რომ რიგ შემთხვევებში, ვერ ხდება საავტორო უფლებების დაცვა, გარკვეულწილად გამომდინარეობს იქიდან რომ ინტელექტუალური საკუთრების ავტორებმა კარგად არ იციან თავიანთი უფლებები და არ ჩივიან ამ უფლებების დარღვევის გამო. აუცილებელია მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა.
8. სასწავლო გარემოს ადაპტაცია შშმ პირთათვის
ასოცირების 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, განათლების სამინისტროსა და სსიპ საგანმანათლობლო და სამეციერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაევალა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოსათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის ფორმირება, სასწავლო მასალების ადაპტირება და შესაბამისი ადამიანური რესურსით ურუნველყოფა.
აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, სკოლებისა და უნივერსიტეტების შენობების ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ისე რომ მათი მობილობა/გადაადგილება იყოს ნაკლებად პრობლემატური, ასევე სმენის არმქონე სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში ჟესტური ენის თარჯიმნებს, უსანათლო პირებისთის - ხმოვანი/მოსასმენი სახელმძღვანელოებს, დამხმარე მასწავლებლებს - რომელიც დაეხმარება ძირითად მასწავლებლებს შშმ მოსწავლეებთან ურთიერთობისას (მასალის ახსნაში) და სხვ.
ადაპტირებული ინფრასტუქტურის ფორმირება საქართველოში უკვე დაწყებულია, თუმცა არსებული 2000-ზე მეტი სკოლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო მხოლოდ 60 სკოლაში არსებობს. შშმ პირთათვის სასწავლო გარემოს ადაპტირება ასოცირების ხელშეკრულების 359-ე მუხლის მიხედვით ევალება საქართველოს მთავრობას და ამ პროცესის სრულყოფისთვის 5 წლიანი პერიოდია გაწერილი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში რამოდენიმე წელია დაინერგა ინკლუზიური განათლება. თუმცა აქ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სკოლების აღჭურვა პერსონალით და ინკლუზიური განათლებისთის საჭირო რესურსებით მოხდა მხოლოდ დიდ ქალაქებში. რაიონებსა თუ სოფლებში მცხოვრები შშმ ბავშვები ვერ იღებენ ამ მომსახურებას.
დღეისათის საქართველოში სულ 131 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დარეგისტრირებული, საიდანაც 2015 წლის თებერვლის მონაცემების მიხედვით 9010 ბავშვია (ქვეყნის საერთო მოსახლეობის 1 % ).
უკანასკნელი წლების მთავარ გამოწვევად სამართლიანად შეიძლება დავასახელოთ ასოცირების ხელშეკრულება. შეთანხმება არის ის უმნიშვნელოვანესი გამოცდა რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროს საქართველომ, როგორც სახელმწიფომ ასევე ქართულმა საზოგადოებამ. ეს არის ტესტი რომელიც აჩვენებს ვართ თუ არა მზად დიდი ევროპული ოჯახის წევრობისათვის. წინამდებარე სტატიაში მეტნაკლებად მიმოვიხილეთ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, ვისაუბრეთ პრობლემატურ საკითხებსა თუ დაძლეულ სირთულეებზე, გატარებულ და გასატარებელ რეფორმებზე. ამრიგად პროცესის შეუქცევადობა და მიმდინარეობა შეგვიძლია ცალსახად პოზიტიურად შევაფასოთ, ხოლო რაც შეეხება ხარისხსა და ტემპს, მისი შეფასება მკითხველისთის მიგვინდია.
წყაროები
- საქართველოს სამოქმედო გეგმა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებისათვის 2014- 2017წწ
- ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.
- საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება N 20 „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“
- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
- ევროპის ფონდის, ევროკავშირისა და შევედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ევროკავშირთან დაახლოების გამჭირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“ განხორციელებული შეფასება „საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწული საქმიანობის შესახებ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება. 2016 წელი
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი
- საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილება N 214 „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“
- World Experience for Georgia - “ენერგეტიკული გაერთიანება და ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობა“
- მწვანე ალტერნატივა „ საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, ევროინტეგრაციის გამოწვევები“
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილება N 37 ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება N 191 „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის დადგენილება N 764 მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“
- კანონი პროკურატურის შესახებ
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის 2016 წლის ნოემბერი„რეფორმების პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში“
- European commission for democracy through law(Venice commission) consultative council of European prosecutors (CCPE) OSCE office for democratic institutions and human rights (ESCE/ODIHR) joint opinion on the draft amendments to the Las in the Prosecutor’s office of Georgia. 4 November
- კანონი “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”
- მწვანე ალტერნატივა „ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების შეფასება. 2014-2016 წლები“