170 მილიონი დოლარი ჟოლოს წარმოებიდან - როგორ გახდა სერბეთი მოწინავე ექსპორტიორი
ეთერი სახოკია
სერბეთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 170 მილიონი დოლარის ღირებულების ჟოლოს ექსპორტს ახორციელებს, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე, ევროპაში კი - მეორე მწარმოებელია. რა პოტენციალი აქვს კენკრის წარმოებას ზოგადად, რა გზა გაიარა განვითარებადმა ქვეყანამ საერთაშორისო ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად და რა სიძნელეების წინაშე დგას, აღნიშნული საკითხით eugeorgia.info დაინტერესდა.
კენკრა - ძვირადღირებული და მოთხოვნადი პროდუქტი ევროპაში
ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპაში კენკრაზე მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა და მასზე დახარჯულმა თანხამ, თითქმის, 1,3 მილიარდი ევრო შეადგინა. დღის წესრიგში დადგა პროდუქტის იმპორტირების აუცილებლობაც, მიუხედავად იმისა, რომ კენკრის ძირითად მწარმოებლებად ევროპის ქვეყნები ითვლება.
წყარო: http://www.fao.org/faostat/en/#data
წყარო: http://www.eurofresh-distribution.com/news/record-sales-european-berry-market
ევროკავშირის ჰარმონიზებული სისტემის (HS) მიხედვით, კენკრის სახეობებს კომბინირებული ნომენკლატურის მიხედვით მინიჭებული აქვს კონკრეტული კოდები. აღნიშნული ნომენკალტურის მიხედვით კენკრის სახეობებად შეიძლება ჩაითვალოს :
- ჟოლო
- მარწყვი
- მაყვალი
- მოცხარი
- და სხვ.
(შენიშვნა: შეგიძლიათ აგრეთვე იხილოთსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისი ბრძანება N241 „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე).
ფასები და ფასწარმოქმნის პროცესი
წლის განმავლობაში კენკრის ფასი ევროპაში განსხვავებულია, ზამთარში, განსაკუთრებით, შობის დღესასწაულის პერიოდში, მისი ფასი მაქსიმუმს აღწევს, ხოლო ზაფხულში, როცა ევროპაში კენკრის მოსავალი მოდის, ფასი დაბალია.
როგორც წესი, კენკრის საბოლოო ღირებულება (სამომხმარებლო ფასი) დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მის ჯიშზე, შეფუთვის ხარისხზე, ზომაზე, წარმოშობის ადგილზე (ადგილობრივია თუ იმპორტირებული) და, რაც მთავარია, არის თუ არა პროდუქტი ორგანული. ფასი ქვეყანების მიხედვით, განსხვავებულია. მაგალითისთვის, ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის, CBI-ის ინფორმაციით, მოცვის სარეალიზაციო ფასი 2015 წელს სუპერმარკეტებში იყო 13-20 ევრო/კგ, მაშინ როდესაც უფრო მცირე შეფუთვის მოცვი (90-120გ) ზოგჯერ უფრო მაღალ ფასადაც იყიდებოდა.
ადგილობრივი წარმოების მაყვალი 50%-ით იაფია.
იმპორტირებული ჟოლოს სარეალიზაციო ფასი 2015 წელს იყო 18-23 ევრო/კგ. ადგილობრივად წარმოებულის- 12 ევრო/კგ, ხოლო ორგანულის - 28 ევრო/კგ.
მოცვის საბოლოო ფასი 2015 წელს იყო 10-20 ევროდ/კგ.
კენკრის საბოლოო (სამომხმარებლო) ფასის ფორმირება შესაძლოა დავყოთ შემდეგ ნაწილებად:
წყარო: https://www.cbi.eu/market-information/fresh-fruit-vegetables/berries/europe/
ქვემოთ გთავაზობთ კენკრის ორი სახეობის, ჟოლოს და მარწყვის მწარმოებლის ფასებს ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით.
შენიშვნა: მწარმოებლის ფასი არის წარმოებული პროდუქტის ფასი, მწარმოებელი საწარმოს კართან და არ შეიცავს გადასახადებს, ტრანსპორტირების ხარჯებს და ყველა იმ დანახარჯებს რომელიც შესაძლოეა წარმოიქმნას ზემოთ მოცემულ გრაფიკული გამოსახულების ბოლო 3 ნაწილში (რგოლში).
ჟოლოს მწარმოებლების ფასი ევროპის ქვეყნებში:
წყარო: http://www.fao.org/faostat/en/#data
მარწყვის მწარმოებლების ფასი ევროპის ქვეყნებში:
წყარო: http://www.fao.org/faostat/en/#data
სერბეთი -ჟოლოს მეორე ექსპორტიორი ევროპაში
ევროპის განვითარებად ქვეყნებს შორის სერბეთი წარმოადგენს კენკრის (კონკრეტულად კი, ჟოლოს) ყველაზე მსხვილ ექსპორტიორს, საინტერესო იქნება განვიხილოთ ის ღონისძიებები, რომლებიც სერბეთის მთავრობამ გაატარა ევროკავშირში ჟოლოს უმსხვილესი იმპორტიორის სტატუსის მისაღებად.
სერბეთი 2009 წლიდან არის ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესის მონაწილე, ამ პერიოდიდან მოყოლებული სერბეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს არსებული კანონმდებლობისა და რეგულაციების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად.
სერბეთის მთავრობა ორიენტირებულია როგორც ორგანული, ასევე არაორგანული კენკრის წარმოების გასავითარებლად. რიგ შემთხვევაში, სუბსიდირების ფორმები და მოცულობები ორგანული და არაორგანული პროდუქტების მწარმოებლებისთვის განსხვავებულია. ორგანული ჟოლოს წარმოების შემთხვევაში ეს გამოიხატება დამატებითი საკრედიტო შეღავათებით და მეტი ფინანსური დახმარებით. საერთო ჯამში, 2013 წლიდან სერბეთში სახელმწიფო სუბსიდიების მოცულობა ორგანული ჟოლოს მწარმოებლებისთვის არაორგანულთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.
სამართლებრივი რეგულაციები:
კანონები სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ (2009 წელი), პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ (2009 წელი), მცენარეთა ჯანმრთელობის შესახებ (2009),ორგანული პროდუქტების შესახებ (2010); კოოპერატივების შესახებ (2010), სავაჭრო ნიშნების შესახებ (2009),უცხოური ინვესტიციების შესახებ (2002 წელი), თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ (2006), საგარეო ვაჭრობის შესახებ(2009-2011), საბაჟო ტარიფების შესახებ (2005-2012), გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ (GMO) (2009), საკონსულტაციო მომსახურების შესახებ (2009),გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის შესახებ (2010); საავტორო უფლებების შესახებ (2009), პრივატიზაციის შესახებ (2008) და სხვ.
რეფორმირების პროცესში ჩართული პირები:
1. სამინისტროები: სოფლის მეურნეობის, ტყისა და წყლის სამინისტრო, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების და ტურიზმის სამინისტრო
2. სხვა ორგანიზაციები: სერბეთის ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო (დაარსდა 2001 წელს), ინვესტიციების ხელშეწყობისა და ბიზნესის მხარდაჭერის სააგენტო ცენტრალურ სერბეთში, რეგიონალური განვითარების ეროვნული საბჭო, რეგიონალური განვითარების სააგენტო, ბიზნეს რეგისტრაციის სააგენტო და ა.შ
3. კვლევითი ინსტიტუტები: მცენარეული კულტურების კვლევითი ინსტიტუტი, ხილის კვლევითი ინსტიტუტი, და ა.შ.
არსებული მდგომარეობა:
სერბეთში ჟოლოს წარმოება ოჯახურ ბიზნესად ითვლება. სერბული ჟოლოს ფერმები, ძირითადად, პატარაა მოცულობისაა, დაახლოებით, 0,5-დან 1 ჰექტარამდე, თუმცა, შედარებით მცირე რაოდენობით არის 1-5 ჰექტარამდე და 5 ჰექტარის ზემოთ. მოსავლის აღების პერიოდი იწყება ივნისში და მთავრდება ივლისში, რის შემდეგ ფერმერები თავიან პროდუქტს ჰყიდიან შუამავლებზე, რომლებიც ახორციელებენ პროდუქტის გადამუშავებას (დახარისხებას, გაყინვას, შეფუთვას). სერბეთში, დააახლოებით, 200-250 სამაცივრე მეურნეობაა (გაყინვის რეჟიმი - 18C), რომელთა ტევადობა 100 - დან 5 000 ტონამდეა.
სერბეთში ჟოლოს წარმოება ხორციელდება, დაახლოებით, 11 ათას ჰექტარზე, ამ პროცესში ჩართულია დაახლოებით 45 347 მეწარმე, სადაც საოჯახო მეურნეობები ჭარბობს (SORS, 2012).
სერბეთში ჟოლოს საერთო წარმოების 90%-ზე მეტი ექსპორტზე გადის. თავის მხრივ,ექსპორტირებული ჟოლოს 94% გადის ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო დარჩენილი 6 % - აშშ-ში, შვეიცარიაში, რუსეთსა და იაპონიაში. სერბეთის ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, ხდება ახალი (fresh) ჟოლოს რეალიზება, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის გაყინული ჟოლო. სერბეთი ერთ-ერთი მსხვილი ჟოლოს ექსპორტიორია არა მარტო ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში.
წყარო: http://www.octofrost.com/news-room/how-does-the-fresh-and-frozen-raspberry-market-look-like
საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაციის (ITA) მონაცემებით 2015 წელს სერბეთმა ჟოლოს რეალიზაციის შედეგად მიიღო 173 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი
სახელმწიფო პროგრამები, სუბსიდიები:
ა) სოფლის მეურნეობის გასავითარებლად და საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად სერბეთის მთავრობამ დააფინანსა მეწარმე/საწარმოებისთვის საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების ხარჯები, ისეთები როგორიცაა ISO 22000, FSSC 22000, BRC, IFS, GOST-R და GLOBAL G.A.P. აღნიშნული ხარჯების ფინანსირება მოხდა პერიოდულად, ხან - სრულად, ხან - ნაწილობრივ. მიზანს წარმოადგენდა მეწარმეების წახალისება, წარმოებული ორგანული პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რათა ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად სერბულ კენკრას პრობლემები არ ჰქონოდა.
ბ) სერბეთში შეიქმნა განვითარების სააგენტო, რომლის მთავარი მიზანია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს კვლევებს და უზრუნველყოფს საჭირო რესურსებს, რათა უცხოელმა ინვესტორებმა შეძლონ წარმატებული საინვესტიციო პროექტების განხორციელება სრულყოფილი ინფორმაციის ფონზე.
სააგენტო ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
1) სერბეთში ბიზნესგარემოს შესწავლა და ანალიზი;
2) ინფორმაციის დამუშავება და ხელმისაწვდომობა, რომელიც დაეხმარება უცხოელ ინვესტორებს, უფრო მარტივად შეძლონ სერბეთში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;
3) დახმარების გაწევა კომპანიებსა და ინვესტორებისთვის ნებართვებისა და ლიცენზიების მოსაპოვებლად, აგრეთვე სერბი ექსპორტიორებისთვის საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა;
4) კონსულტაციები სერბეთის მთავრობასთან, იმ შემთხვევაში, თუკი შეიქმნება საჭიროება სამართლებრივი ცვლილებების გასახორციელებლად ექსპორტისა და ინვესტირების საკითხებთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია ასევე აწყობს ბიზნესვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ორგანოებთან. აღნიშნული ვიზიტების მიზანია არამარტო გაყიდვების და მოგების გაზრდა მეწარმეებისთვის, არამედ ადგილობრივი ექსპორტიორების ტრენინგი, რათა მეწარმეებს/საწარმოებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ პროდუქტებს, ტენდენციებს. ამასთანავე, იმ კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც ტარდება ტრენინგი, ბიზნესმენები იღებენ საჭირო ინფორმაციას ადგილობრივი ბაზრების შესახებ. სერბეთის განვითარების სააგენტო უცხოელი მომხარებელების ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტების ორგანიზებასაც ახორციელებს.
გ) სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აგრეთვე ჯანსაღი პროდუქტის პოპულარიზაციაზე. 2008 წელს დაიწყო სარეკლამო აქცია “იფიქრე დროულად”, რომლის ფარგლებში სერბეთის მთავრობა შეეცადა, აემაღლებინა მომხმარებელთა და მწარმოებელთა ცნობიერება დოკუმენტურად დადასტურებული ხარისხიანი პროდუქტის წარმოების აუცილებლობაში.
დ) სოფლის მეურნეობის სამინისტრო საირიგაციო სისტემის განვითარებაზე მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს კენკრის მოსავლის ზრდას და დანაკარგების შემცირებას.
მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, ადგილობრივ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სერბეთს ჟოლოს წარმოების პოტენციალი სრულად ათვისებული არ აქვს და თუ მთავრობა არსებული პრობლემების აღმოფხვრას შეძლებს, სერბეთი რამდენიმე წელიწადში მთელს ევროპაში ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორი გახდება.
ხელისშემშლელი ფაქტორები:
- გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ კენკრის მწარმოებლები (კოოპერატივები) არ ახორციელებენ პროდუქტის გაყინვას, შეფუთვას და შემდგომ რეალიზაციას, ჟოლოს წარმოება და ექსპორტი სრულყოფილად ვერ ვითარდება;
- ჟოლოს წარმოება ხორციელდება ფრაგმენტულად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟოლოს მწარმოებლები არიან საოჯახო მეურნეობები, რომელთა მიწის ნაკვეთის საშუალო სიდიდე 0,24 ჰექტარია (SORS, 2012).
- 2012-2014 წლებში ჟოლოს წარმოება შემცირდა, მიზეზად კი ამ პერიოდში მომხდარი წყალდიდობები სახელდება.
- სერბ ჟოლოს მწარმოებლებს მოსავლის დაზღვევის არახელსაყრელი პირობები აქვთ;
- ჟოლოს წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის პროცესში შეინიშნება ტექნიკის, ტექნოლოგიების ნაკლებობა: როგორც წესი, ევროკავშირის ბაზარი ითხოვს პროდუქტის კონკრეტული ზომებით და სტილით დაფასოებას, ასევე სათანადო ეტიკეტირებას, სერბული კომპანიები კი, რიგ შემთხვევებში, ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს;
- ინოვაციების ნაკლებობა: მოსავლის მოყვანის პროცესში არ ხდება ტექნიკის გაუმჯობესება, მოდერნიზაცია. სერბეთში ჟოლოს მოყვანა წლების განმავლობაში ერთი და იმავე ტექნოლოგიებით ხორციელდება. ამ მიმართულებით რაიმე სახის ცვლილება, ან მხარდამჭერი პროგრამა არ განხორციელებულა;
- არ არის საკმარისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან სექტორის გასავითარებლად. მაგალითისთვის, აგროსესხები ძვირია და საფინანსო ბაზრები სათანადოდ განვითარებული არ არის.
აღნიშნული უარყოფითი ფაქტორების მიუხედავად, სხვა განვითარებად სახელმწიფოებს შორის სერბეთი კენკრის (ჟოლოს) ექსპორტში ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ქვეყანაა. საქართველოს აქვს პოტენციალი მსგავს წარმატებას მიაღწიოს, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით, თუმცა, როგორც სერბეთს მრავალწლიანი დაუღალავი შრომა სჭირდება.
„ვიფიქროთ დროულად“.
წყაროები:
- www.cbi.eu
- http://www.fao.org/faostat/en/#data
- http://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php/Main_Page
- Serbia, Draft National Report – SUFISA, 2016
- Organic Agriculture in Serbia 2012 – At a Glance. 2012
- Global and Local Raspberry Supply Chains National-level Reports of Serbia – Glamur, 2015
- Value Chain Analysis For Southern Serbia – Centre For The Development Of Jablanica And Pcinja Districts - 2012