NDI: ევროკავშირის და ნატო-სადმი სკეპტიციზმი ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული
სამოქალაქო და საექსპერტო საზოგადოება თანხმდება, რომ ბოლო წლებში საქართველოში პრორუსული განწყობები მომძლავრდა. რუსული პროპაგანდისა და კრემლის “რბილი ძალის” პოლიტიკის ხელშეწყობით, ქართული საზოგადოების ნაწილს მიეწოდება ცრუ ინფორმაცია, როგორც ევროკავშირში არსებულ ვითარებაზე, ისე რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებზე.
სხვადასხვა კვლევის თანახმად, გაზრდილია ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
2016 წლის თებერვალში, CRRC საქართველომ და NDI-მ ჩაატარეს კვლევა “პარტიების მხარდაჭერა და საგარეო პოლიტიკა”, რომლის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, მცხეთაში, საგარეჯოში, ფოთსა და ბათუმში. ფოკუს ჯგუფებად (15 ფოკუს ჯგუფი, თითო ფოკუს ჯგუფში +/- 10 მონაწილე) შეირჩნენ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის (ნინო ბურჯანაძე) მხარდამჭერები და ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლები (მოქალაქეები, რომლებიც 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობოდნენ).
მართალია, კვლევის შედეგები საზოგადოებაში არსებულ ზოგად ტენდენციებს არ ასახავს, თუმცა გადმოსცემს კონკრეტული ფოკუს ჯგუფების განწყობებს. ირკვევა, რომ ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისადმი სკეპტიკური განწყობები ნაწილობრივ, გამოწვეულია საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობით, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი და რა შესაძლებლობები ეძლევა საქართველოს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერით.
არსებული ევროსკეპტიციზმის მიუხედავად, ევროკავშირი მაინც რჩება ყველაზე მიმზიდველ და კონკურენტუნარიან რეგიონულ პროექტად.ევროკავშირისა და ევრაზიის კავშირის ბაზრების შედარებისას, ფოკუს ჯგუფების უმრავლესობაემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა სჯერათ, რომ წევრობამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ქართულ ღირებულებებზე და კულტურაზე. ამასთან, რუსეთის მხარდაჭერა ავტომატურად არ ნიშნავს ევრაზიის კავშირის მხარდაჭერას (ეს უკანასკნელი პრო-რუს მონაწილეებს შორისაც არ სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით).
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართ გამოკითხულ მოქალაქეებს ზოგადად, პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, მონაწილეები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ ევროკავშირი რეალურ ნაბიჯებს დგამს საქართველოსთან დასაახლოებლად. თანხმდებიან, რომუვიზო მიმოსვლა ევროკავშირში მუშაობის შესაძლებლობებს მისცემს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ბევრი ადამიანი დატოვებს ქვეყანას.
ამასთან, უმრავლესობისთვის პრიორიტეტულია რუსეთთან უვიზო მიმოსვლა და გამარტივებული ვაჭრობა. უმეტესობისთვის რუსეთისადმი ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ბუნდოვანიათუმცა მთლიანობაში მიიჩნევენ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ხელისუფლება ცდილობს „უფრო თბილი“ ურთიერთობა იქონიოს რუსეთთან და მიესალმებიან ხელისუფლების ნაბიჯებს, რომ მშვიდობიანი და ცივილური ურთიერთობა იქონიოს რუსეთთან.
გადაუწყვეტელი ამომრჩევლები:
უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ან საერთოდ არ ვითარდება, ხშირად ნახსენები არგუმენტი ხელისუფლებაში და სამთავრობო სტრუქტურებში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა.
გადაუწყვეტელი ამომრჩევლები გამოირჩევიან ევროკავშირისადმი თავშეკავებული მხარდაჭერით და აღნიშნავენ, რომ საქართველო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.
„თუ ოდესმე გავხდებით ევროკავშირის წევრები, რაშიც ეჭვი მეპარება, იქიდან [ევროკავშირიდან] იქნება დაძალება, რომ სწორი მიმართულებით ვიაროთ. ევროკავშირი და ნატო არის საქართველოს ხსნა. რუსეთი გამოვცადეთ უკვე, ვიცით ვინც არიან და საითაც წაგვიყვანეს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორი არის ევროკავშირისკენ სვლა“, - ამბობს 60 წლის მამაკაცი მცხეთიდან.
გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისთვის ევროკავშირი ასოცირდება სტაბილურობასთან, უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას პოზიტიურ მოვლენად აფასებენ, თუმცა უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს მათზე არ აისახება.
„დიდი ხეირი არ ექნება [ევროკავშირის წევრობას] ჩვენი დონის ხალხისთვის [...] იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქცია არ არის საკმარისად ხარისხიანი. არ გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომ იმათ ბაზარზე გავიტანოთ“, - მიიჩნევს 35 წლის მამაკაცი საგარეჯოდან.
გადაუწყვეტელი ამომრჩევლები ყველაზე ნაკლებად არიან ინფორმირებული ევრაზიულ კავშირზე და მათი უმრავლესობა აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, თუმცა ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო არ უნდა იყოს არც ერთი კავშირის წევრი.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ბევრი მიიჩნევს, რომ სანამ პუტინია ქვეყნის სათავეში, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეუძლებელი იქნება. ამასთან, იწონებენ ხელისუფლების მცდელობას, რომ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობები დაამყაროს.
თუმცა, ერთის მხრივ, მონაწილეები ამბობენ, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურება და კონფლიქტის თავიდან აცილება, ამავე დროს ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
მაგალითად, სურთ რუსეთთან უფრო ღია და ახლო ურთიერთობები, თუმცა ეწინააღმდეგებიან რუსეთის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას; მხარს უჭერენ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა ეწინააღმდეგებიან რუსულ გაზზე დამოკიდებულებას.
საყურადღებოა, რომ გადაუწყვეტელ აუდიტორიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსული ბაზარი გაცილებით ხელმისაწვდომი და სასარგებლოა საქართველოსთვის, ვიდრე ევროკავშირის ბაზარი.
გადაუწყვეტელი აუდიტორიის ის წევრები, ვისაც რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ურჩევნია ვიდრე ევროკავშირთან, ასახელებენ შემდეგ მოტივაციას: მეტი მეგობრები, ნათესავები, კავშირები და შესაძლებლობები რუსეთში. ხოლო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერები მოტივაციად ასახელებენ მოგზაურობის და განათლების მიღების უკეთეს შესაძლებლობებს.
გადაუწყვეტელ ფოკუს ჯგუფებში ჭარბობს მოსაზრება, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, თუმცა აღიარებენ, რომ ნატო მათთვის ასოცირდება უსაფრთხოებასთან და სამხედრო სიძლიერესთან. მიუხედავად ამისა, არაერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ნატო-ს საქართველოს ტერიტორიების საკუთარი ბაზებისთვის გამოყენება სურს.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერთა ჯგუფები
NDI-ს კვლევის თანახმად, აღნიშნული ჯგუფი გამოირჩევა ევროკავშირისადმი ზომიერი მხარდაჭერით. მცხეთაში გამართული სადისკუსიო განხილვის დროს, მონაწილეებს გაუჭირდათ ევროინტეგრაციის დადებით მხარეებზე საუბარი. ასევე, ისინი ძალიან სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას და ამბობენ, რომ საქართველო ახლო მომავალში ვერ გახდება წევრი.
„ყველას [ევროპის ქვეყნებს] ეშინია რუსეთის, ამიტომ ვერ ბედავენ […], თორემ აქამდე ევროკავშირის წევრიც ვიქნებოდით და ნატო-სიც. საქართველო ვერასდროს ვერ ეღირსება ამას, რუსეთის გამო,“ - აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი, 70 წლის პენსიონერი ბათუმიდან.
თუმცა, მონაწილეთა სურვილის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, უმეტესობას მაინც ევროკავშირის წევრობა ურჩევნია. მიზეზად კი ასახელებენ ევროკავშირში განვითარების მეტ შესაძლებლობებს.
ალიანსის მხარდამჭერებს სურთ კარგი ურთიერთობა რუსეთთან ეკონომიკური მოტივის გამო, თუმცა მიაჩნიათ, რომ ვერც ერთი ქართული პარტია ვერ გაუმკლავდება რუსეთთან ურთიერთობას, სანამ რუსეთში ხელისუფლება არ შეიცვლება.
„ჩემი აზრით, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ამჟამად არ არის გამოკვეთილი... უნდა შევინარჩუნოთ მეგობრული და სტაბილური ურთიერთობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს თავი უნდა დავუხაროთ,“ - ამბობს “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი, 18 წლის სტუდენტი ფოთიდან.
კვლევის თანახმად,“პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერებს სურთ უვიზო მიმოსვლა რუსეთთანაც და ევროკავშირთანაც, აღიარებენ, რომ აშშ-მ ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და მხარს უჭერენ ნატო-ს წევრობას, რადგან, მათი მოსაზრებით, ნატო საქართველოს უსაფრთხოების გარანტი იქნება.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” მხარდამჭერები
კვლევიდან გამომდინარე, პარტიის მხარდამჭერებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ევროკავშირს არ სჭირდება ქართული პროდუქცია; ევროკავშირს არ სჭირდება საქართველო, მანამ სანამ ის რუსეთთან არ დაალაგებს ურთიერთობებს.
ისინიარ არიან ევროკავშირის წინააღმდეგნი, თუმცა არც დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევიან, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, თუმცა უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით.
გდმ-ს მხარდამჭერებს სურთ უვიზო რეჟიმი რუსეთთანაც და ევროკავშირთანაც, თუმცა, მაგალითად, ფოთში რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ურჩევნიათ - ძირითადად საბაზრო/ეკონომიკური მოტივების გამო.
„ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხე იქნება. რუსეთი არ არის კარგად განწყობილი და ევროკავშირში რომ შევიდეთ, ერთადერთი შესაძლოა ის მოგვარდეს, რომ სტუდენტებისთვის გახდეს ევროპაში სწავლა ხელმისაწვდომი“, - ამბობს გდმ-ს მხარდამჭერი, 25 ქალბატონი საგარეჯოდან.
NDI-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ ერთიანი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფების უმრავლესობა ღიად უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგსა და ახლო ურთიერთობას.
უმრავლესობას არ მოსწონდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა რუსეთის მიმართ და შედარებით უკეთ აფასებენ “ქართული ოცნების” მიდგომას მეზობელი ქვეყნის მიმართ.
საგარეჯოში პარტიის მხარდამჭერები ძლიერი პრო-რუსული განწყობებით გამოირჩეოდნენ; გდმ-ის მხარდაჭერის პირველ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ნინო ბურჯანაძეს რუსეთთან თბილი, ახლო და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება შეუძლია.
მონაწილეებისთვის მთავარია, რომ საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა და ეკონომიკური კავშირები ჰქონდეს; ასეთ შემთხვევაში მათთვის ევრაზიული კავშირი კარგავს მნიშვნელობას.
„ეს ხელისუფლება, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ნამდვილად ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, რისი აბსოლუტური მომხრეც ვარ. არ შეიძლება მეზობლებთან ცუდი ურთიერთობა გქონდეს. ასე არ მიგიღებს ევროკავშირი, ზედმეტი თავის ტკივილი იქნები მისთვის თუკი შენ მეზობელთან არ გაქვს ურთიერთობა დალაგებული. მაგალითად აიღეთ უკრაინის მაგალითი,“ – მიიჩნევს 40 წლის ბათუმის მაცხოვრებელი.
გდმ-ის მხარდამჭერ ჯგუფებს აქვთ კრიტიკული დამოკიდებულება აშშ-სა და მის საქართველოში საქმიანობისადმი, თუმცა ხედავენ აშშ-სთან ურთიერთობის დადებით მხარეებსაც, მაგალითად განათლების მიღების კუთხით.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, გდმ-ის მხარდამჭერებში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ აშშ იყენებს საქართველოს; საქართველომ უნდა აირჩიოს ან რუსეთი ან აშშ; აშშ-სთან უფრო ახლო კავშირები დააზარალებს საქართველოს; თუკი ბურჯანაძე მოვა ხელისუფლებაში, მან უნდა გაწყვიტოს ამერიკასთან კავშირი.
ნატო-სადმი დამოკიდებულების კუთხით მონაწილეები სამ ნაწილად იყოფიან: ა) ნაწილი ფიქრობს, რომ ნატო-ს წევრობა კატასტროფულ შედეგს მოიტანს, რადგან ეს რუსეთს გააღიზიანებს; ბ) მეორე ნაწილი უარყოფს ნებისმიერ გაერთიანებაში წევრობის იდეას; გ) მესამე ნაწილი მხარს უჭერს ნატო-ს წევრობას, რადგან ფიქრობს, რომ ეს საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს.
“უნდა ვიყოთ, როგორც ვიყავით რუსეთთან, თორე ეს უფსკრულში წაგვიყვანს ჩვენ. ნატოში რომ შევიდეთ, ქრისტიანობას დავკარგავთ პირველ რიგში“, - მიიჩნევს 44 მამაკაცი საგარეჯოდან.
„თუ მაინც არ გავხდებით ნატოს წევრი, ტყუილად ვიბრძვით და მეზობელ ქვეყანასთანაც ვიფუჭებთ ურთიერთობას ტყუილად, არ არის ეს ყველაფერი კარგი“, - მიიჩნევს 20 წლის სტუდენტი თბილისიდან.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.