რუსმა სამხედროებმა 200 მილიონამდე აშშ დოლარი მოიპარეს
რუსი სამხედროები სახელმწიფო ბიუჯეტს ძარცვავენ, ბოლო 2 წელიწადია, კორუფციის დონე ძალოვან სტრუქტურებში უწყვეტად იზრდება – ასეთია რუსეთის გენერალური პროკურატურის ახალი ანგარიშის დასკვნა, რომლის ამონარიდებიც სააგენტო “რია ნოვოსტი”-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს რუსეთის არმიასა და როსგვარდიაში მიტაცებული სახსრების ოდენობამ 13 მილიარდი რუბლი – თითქმის 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საუბარია როგორც საბიუჯეტო თანხების, ისე სამხედრო ქონების მითვისებაზე.
რუსეთის გენერალური პროკურორის, იური ჩაიკას ცნობით, შეიარაღებულ ძალებსა და როსგვარდიაში კრიმინალური დანაშაულის წილმა თითქმის 80% შეადგინა, აქედან 1/3 – თაღლითობა და ძარცვაა.
ანგარიშის თანახმად, შარშან, რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში კორუფციული ხასიათის დანაშაულის ფაქტებმა 6,4%-იანი ზრდა დააფიქსირა, გამოვლინდა კორუფციული სახის 2 391 დანაშაული.
ამასთან, 4,8%-ით გაიზარდა კონტრაქტით მსახურ ჯარისკაცებისა და სერჟანტების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტები. რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ყოველი მეოთხე დანაშაული უკავშირდება საჯარისო ნაწილის თვითნებურად დატოვებას.
ინფორმაცია კორუფციულ სკანდალებზე რუსულ მედიაში ხშირად ვრცელდება. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხებიდან 1,6 მილიარდი რუბლია მიტაცებული.
გასული წლის დეკემბერში კი, სააგენტო “РБК” წერდა, რომ რუსეთის პროკურატურამ არქტიკის სამხედრო დაჯგუფებისთვის განკუთვნილი, 1 მილიარდი რუბლის ღირებულების დიზელის საწვავის მიტაცების ფაქტი გამოავლინა.
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები კორუფციულ სკანდალში 2016 წელსაც გაეხვნენ, როცა გაირკვა, რომ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, სხვა სამხედროებთან შეთანხმებით, სომხეთის ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული ბაზის კვებისთვის განკუთვნილი თანხა - 470 მილიონი რუბლი მიითვისა. მაშინ, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შიმშილობის ზღვარს მისული რუსი ჯარისკაცები, საკვების მოსაძიებლად, საჯარისო ნაწილს ხშირად ტოვებდნენ.
რუსეთის გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წელიწადია, კორუფციის დონე მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება.
შედეგები სავალალოა - გასულ წელს კორუფციული სახის დანაშაულის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 78 მილიარდი რუბლი – დაახლოებით 1 მილიარდ 164 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
“2016 წელს დარეგისტრირდა კორუფციული სახის 32 924 დანაშაული, რაც 2015 წელთან შედარებით 1,4%-ით მეტია”, - ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთის გენერალურ პროკურატურაში ასევე საუბრობენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებულ პრობლემებზე. უწყების ცნობით, გასულ წელს ამ სფეროში გამოვლინდა კანონდარღვევის 20 000 ფაქტი, აღძრულია 264 სისხლის სამართლის საქმე.