9 სექტორი, რომელსაც DCFTA-ის ფარგლებში საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA) არამარტო ქართველი მწარმოებლებისთვის არის კარგი შესაძლებლობა ახალი ბაზრის ასათვისებლად, არამედ, იგი უცხოელი ინვესტორებისთვისაც საინტერესოა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საკომუნიკაციო არხების ამუშავება იმისათვის, რომ ინვესტორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დავანახოთ საქართველოში ინვესტირების და ახალი საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობები. ამ მხრივ, კომუნიკაციების სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან სწორედ სწორი საკომუნიკაციო არხების გაძლიერებითაა შესაძლებელი უცხოელი ინვესტორების დაინტერესება. თუ ინვესტორს ვაჩვენებთ, რომ რომელიმე სექტორში ქვეყანას აქვს რაიმე სახით გამოვლენილი კონკურენტული უპირატესობა, შესაძლოა ეს სექტორი მიმზიდველი აღმოჩნდეს მისთვის და შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში გაიზრდება.
DCFTA-ის გარე კომუნიკაციების სტრატეგიის ფარგლებში «პრაის უოთერ კუპერსმა» (PwC) ჩატარდა კვლევა, საიდანაც გამოვლინდა 9 სექტორი, რომელთაც DCFTA-ის ფარგლებში პოტენციალი გააჩნიათ. პროექტი დიდი ბრიტანეთის «კარგი მმართველობის ფონდის» დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის კონსულტანტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შემდეგ სექტორებს ასახელებენ:
- კენკროვანი კულტურები: მარწყვი, ჟოლო;
- თაფლი;
- საოჯახო ქიმია;
- გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული;
- ღვინო;
- სამშენებლო მასალები;
- ელექტრო კაბელები;
- ქურთუკები, პალტოები;
- აბრეშუმი: აბრეშუმის ძაფი და ქსოვილი
PwC-ის კონსულტანტი ნინო ელიაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე მოეწყო შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან და ბიზნეს ასოციაციებთან. შეხვედრების შედეგად მოხდა ყველა დასახელებული სექტორის ანალიზი. თავდაპირველად გამოვლინდა 32 სექტორი, რომელთა განხილვა მოხდა 20 ქვეყნის ჭრილში. საბოლოოდ დარჩა 9 სექტორი. თუმცა, ამ 9 სექტორზე სიღრმისეული კვლევა არ ჩატარებულია. როგორც პროექტის შემსრულებლები აცხადებენ, საბოლოოდ შეირჩევა 3 პროდუქტი და სწორედ ამ შერჩეულ პროდუქტებზე გაკეთდება ე.წ. Follow up პროექტი და თითოეულ ამ პროდუქტზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით გადაწყდება, სიღრმისეული კვლევა მომზადდება.
“მე ვფიქრობ რომ ამ გაგრძელებაში უკვე უფრო მეტად იქნება სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, რადგან უკვე ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევა ჩატარდება და უფრო მეტი შედეგი დაიდება ამ მიმართულებით. უახლოეს ერთ თვეში ეს პროექტი უნდა დაიწყოს, რომელიც 6-8თვის განმავლობაში გაგრძელდება” - აცხადებს ნინო ელიაშვილი.
საბოლოო ანგარიში გამოვლენილ 9 სექტორზე უკვე გადაცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ამ დოკუმენტს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, მარიამ გაბუნიას ცნობით, დოკუმენტი არ გახდება საჯარო სანამ ბოლომდე არ დასრულდება სექტორების დეტალური კვლევა. კონკრეტული სექტორების კვლევები კი დაიწყება მას შემდეგ, რაც დამატებით თანხებს მოიძიებენ ამისათვის. ამჟამად ადმინისტრაციული პროცედურების შეთანხმება მიმდინარეობს.
"საბოლოო კვლევა რომ დასრულდება და კონკრეტული რეკომენდაციები დაიდება, შემდგომ ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენი საქმიანობის პროცესში და ამის მიხედვით დავგეგმავთ სამომავლო აქტივობებს”- განაცხადა მარიამ გაბუნიამ.
კონსულტანტმა ეკა გაძაძემ დეტალურად აგვიხსნა კვლევის მეთოდოლოგია და ის თუ რა ფაქტორები იქნა გათვალისწინებული საბოლოოდ ამ 9 სექტორის შერჩევისას. მისი განმარტებით, თავდაპირველად ჩატარდა ინტერვიუები ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის ჩართული იყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Invest in Georgia, საპარტნიორო ფონდი, თანაინვესტირების ფონდი და სხვ. ასეთი იყო 15-მდე დაწესებულება.
“გამოვლენილი 32 პროდუქტი გავაანალიზეთ DCFTA უპირატესობის მიხედვით. დავაკვირდით თითოეულ ამ პროდუქტს ჰქონდა თუ არა სატარიფო ან რაიმე ტიპის უპირატესობა, ამ გაცრის შედეგად დარჩა მხოლოდ ის პროდუქტები, რომელსაც რაიმე უპირატესობა მაინც ჰქონდა.”- აღნიშნა ეკა გაძაძემ.
ასევე სექტორები გაანალიზდა ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით ძირითადად შეირჩა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, იმისათვის რომ გამორკვეულიყო კიდევ რომელი ქვეყნები შეიძლება დავაინტერესოთ საქართველოში ინვესტირებით და ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობით.
ანალიტიკოსის თქმით, გაანალიზდა ვაჭრობის შესაძლებლობები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით თითოეულ პროდუქტზე. ეკა გაძაძე მარწყვის მაგალითზე გვიხსნის თუ რა მეთოდოლოგიით მოხდა თითოეული პროდუქტის ანალიზი:
“მარწყვს დიდი მოცულობებით აწარმოებს აშშ და კანადა თუმცა, დავაკვირდით სხვა ქვეყნებსაც. შემდეგ ამ ქვეყნების მიხედვით გავაანალიზეთ მარწყვის წარმოების მთლიანი ჯაჭვი იმისათვის, რომ დაგვედგინა რა იყო ინვესტიციების მასტიმულირებელი ფაქტორები, ანუ კონკრეტულად რა დააინტერესებდათ ინვესტორებს. მარწყვი ენერგო-ინტენსიური პროდუქტია. ელექტროენერგია, წყალი, შრომის ხარჯი და ამას დამატებული ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად ზრდის მარწყვის წარმოების ხარჯებს აშშ-ში. სწორედ ამ ანალიზზე დაყრდნობით აიგო კომუნიკაციის სტრატეგია.”
ამერიკისა და კანადის შემთხვევაში ინვესტიციების მთავარ დრაივერებად ტრანსპორტირება, შრომის ხარჯი და ელექტროენერგია მიიჩნიეს. ხოლო იმ ქვეყნებისთვის სადაც შრომის ხარჯი ისედაც დაბალია, (მაგალითად მალაიზია, ინდონეზია) გაანალიზდა სხვა დრაივერები, რაც შესაძლოა იყოს ლოჯისტიკური ცენტრები. ასევე მოხდა დაკვირვება კონკრეტული პროდუქტის მწარმოებელთა ასოციაციებზე, რადგან დანაწევრებულ წარმოებას არ ექნება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი. ეკა გაძაძის თქმით, სტრატეგიაზე მუშაობა უცხოელი ექსპერტების დახმარებით უკვე დასრულდა და გასულ წელს მოხდა დოკუმენტის ჩაბარება სამინისტროსთვის. თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ შემუშავებულა.
ქვემოთ წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზრების ანალიზი დასახელებული სექტორების მიხედვით.
1. კენკროვანი კულტურები: მარწყვი, ჟოლო;
კენკროვანი კულტურების გლობალური ბაზარი მზარდია და მასზე, როგორც ერთ-ერთ სასარგებლო პროდუქტზე, მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპაში კენკრაზე მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა და მასზე დახარჯულმა თანხამ, თითქმის, 1,3 მილიარდი ევრო შეადგინა.
ჟოლოს მწარმოებელი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, პოლონეთი, აშშ, სერბეთი, უკრაინა. რაც შეეხება მარწყვის მწარმოებელ ქვეყნებს 2013 წლის წარმოების მონაცემების მიხედვით, ესენია: ჩინეთი, აშშ, მექსიკა, თურქეთი, ესპანეთი. კენკროვან ხილს ყველაზე დიდი ოდენობით გერმანელები და პოლონელები მოიხმარენ, პოპულარულია სკანდინავიის ქვეყნებშიც. ნედლი კენკრის დიდი ნაწილი საკვებ ინდუსტრიაში გადამუშავდება, რის გამოც იზრდება მისი მოხმარება. კენკროვან კულტურებზე დეტალური ანალიზი და სერბეთის, როგორც კენკრის მოწინავე ექსპორტიორის გამოცდილება, წარმოდგენილია ამ სტატიაში.
2. თაფლი
თაფლი ცხოველურ პროდუქტებს შორის ერთ-ერთია, რომლის დაშვებაც ევროკავშირის ბაზარზე უკვე გვაქვს. ახლა საჭიროა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ევროკავშირი მსოფლიოში თაფლის მოხმარებით პირველ ადგილზეა, გაზრდილი მოხმარებისა და შიდა წარმოების შემცირების გამო ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და მოხმარებული თაფლის დაახლოებით 40%-ს სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს.
თაფლის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნებია: ჩინეთი, თურქეთი, აშშ, ირანი და რუსეთი.
ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნების მიუხედავად, ჩინეთი რჩება ევროკავშირისთვის ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად. ჩინეთს ყოველწლიურად ევროკავშირში 83 ათას ტონაზე მეტი თაფლი შეაქვს, რაც მთლიანი იმპორტის 26%-ია. ჩინური თაფლის მიწოდება სტაბილურია, ფასები კი დაბალი, იაფი მუშა ხელის გამო.
ეს სექტორი შესაძლოა მიმზიდველი აღმოჩნდეს ინვესტორისთვის, რადგან ქართული თაფლი, განსაკუთრებით ალპური ზონის, ევროკავშირის ბაზარზე ჩინურ თაფლთან შედარებით ძვირად ფასობს, წარმოების ხარჯები კი ჩვენს ქვეყანაში დაბალია. პრობლემას წარმოადგენს თაფლის შემადგენლობაში არსებული ანტიბიოტიკები და სხვა დანამატები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დასაშვებზე მაღალია. თუ მოხდა ხარისხის უზრუნველყოფა და ეკოლოგიურად სუფთა თაფლის წარმოება, მაღალხარისხიანი თაფლის სეგმენტზე თავის დამკვიდრება თავისუფლად შესაძლებელია.
3. საოჯახო ქიმია
Transparency Market Research-ის მიხედვით საოჯახო ქიმიის გლობალური ბაზარი 2015 წელს US$27,468.6 მლნ-ად შეფასდა. მათივე პროგნოზით ბაზარი 2024 წლისათვის US$27,468.6 მლნ-მდე გაიზრდება. გლობალური საოჯახო პროდუქტების ბაზარი მოიცავს შემდეგ ჯგუფებს: ჰაერის გამწმენდი აეროზოლები, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, საწმენდი და სარეცხი ფხვნილები, ავეჯის და იატაკის საწმენდები, ტუალეტის მოვლის საშუალებები.
საოჯახო პროდუქტების მოხმარების მიხედვით გერმანია, საფრანგეთი და კანადა ლიდერობენ. ამასთანავე გერმანია და აშშ არიან მთავარი მწარმოებლები.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევის “საწმენდი და სარეცხი საშუალებების” მიხედვით, ტანსაცმლის სარეცხი საშუალებების გაყიდვებმა მსოფლიოში 2013 წელს 55,053 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების გაყიდვებმა კი 12,840 მლნ აშშ დოლარი, ხოლო აეროზოლების გაყიდვებმა - 7,327 მლნ აშშ დოლარი. გეოგრაფიული სეგმენტაციის მიხედვით ევროპა 34%-ით ლიდერობს საოჯახო ქიმიის გლობალურ ბაზარზე.
ცხრილში წარმოდგენილია მოწინავე იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნები და მათი წილი მთლიან იმპორტსა თუ ექსპორტში 2013 წლის მონაცემების მიხედვით.
|
წილი მთლიან |
ექსპორტიორი |
წილი მთლიან |
გერმანია |
8% |
გერმანია |
13% |
საფრანგეთი |
6% |
აშშ |
12% |
კანადა |
5% |
ბელგია |
7% |
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სარეცხი და საწმენდი საშუალებების საშუალო საიმპორტო ფასი გაიზარდა ყველა რეგიონისთვის (დსთ, ევროკავშირი და ცენტრალური აზია)
ამ პროდუქციის ფასებსა და მოცულობებზე გავლენას ახდენენ სხვადასხვა ფაქტორები. ფასზე მოქმედი ძირითადი დრაივერებია მიწოდება, მოთხოვნა და ნედლეულის ფასი. ფასის დრაივერები მოიცავს: ნედლეულზე გაწეულ ხარჯებს, შეფუთვასა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
2014 წელს საქართველოში იმპორტზე შემოვიდა 41.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სარეცხი და საწმენდი საშუალებები. იმპორტი ძირითადად თურქეთიდან განხორციელდა. ექსპორტზე კი მხოლოდ 0,2 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა. ბუნებრივია, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ ვივარაუდებთ გვაქვს თუ არა რაიმე სახის კონკურენტული უპირატესობა საოჯახო ქიმიის ბაზარზე. ამ მიმართულებით საჭიროა სიღრმისეული კვლევა და გასაანალიზებელია ნედლეული მასალების, შრომის და სხვა ხარჯები.
4. გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული
გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის მსოფლიო ბაზარზე ევროპა წამყვან როლს ასრულებს. გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, ბელგია და ნიდერლანდები არიან უდიდესი იმპორტიორები გადამუშავებული ხილის და ბოსტნეულის. სწრაფად მზარდი ბაზრები მდებარეობენ ცენტრალურ და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტმა განვითარებადი ქვეყნებიდან 2014 წელს დაახლოებით 25% შეადგინა, ხოლო ამავე წელს მთლიანი მოხმარება მცირედით შემცირდა რადგან გაიზარდა ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება ბოლო პერიოდში.
მომხმარებელთა მოთხოვნა ნაკლები შაქრის შემცვლელ პროდუქტებზე დამატებით შესაძლებლობებს ქმნის განვითარებადი ქვეყნებისთვის. სურსათის უვნებლობის სერტიფიკატი, რომელიც გამყარებული იქნება ლაბორატორიული ტესტებით, ქმნის დამატებით უპირატესობას ექსპორტირებისთვის. ასევე განვითარებად ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა ვეგანური, უგლუტეინო ან ნატურალური პროდუქტების წარმოების ნიშა დაიკავონ.
გადამუშავებისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტექნიკა დაკონსერვება ან ჩამოსხმაა, რომელსაც თან ახლავს თერმოდამუშავება, გაყინვა ან გაგრილება, ფერმენტაცია, გაშრობა, დამწნილება ან ქიმიური შენახვა. საქართველოში ბოსტნეულის წარმოებისა და გადამუშავების რამდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი.
„არომაპროდუქტი“ ექსპორტზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომლის მთავარ საქმიანობას ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება წარმოადგენს. 1985 წლიდან იგი ნატურალურ წვენებს, ჯემებს, ჩირს, თხილს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს. კომპანია პროდუქციის ექსპორტს 20 სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. ნედლეულის მოსაყვანი პლანტაცია 1000 ჰექტარზეა განლაგებული. ამჟამად იგი 300 ჰექტარის ფართობის ორგანულ ფერმას ფლობს საქართველოში.
5. ღვინო
ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში ე.წ. ძველი მსოფლიოს ქვეყნები ლიდერობენ, რომლებიც ტრადიციულ ღვინის მწარმოებლებს წარმოადგენენ. ესენია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ და არგენტინა.
ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ: აშშ, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ესპანეთი, რუსეთი და ავსტრალია.
2015 წელს ღვინის მოხმარება მხოლოდ 0.9 მლნ ჰექტოლიტრით გაიზარდა. ბოლო10 წელია მსოფლიო სვამს დაახლოებით ერთსა და იმავე ოდენობის ღვინოს. თუმცა, ღვინის მოხმარება შეიცვალა ქვეყნების დონეზე, თუ აქამდე ყველაზე მეტი ღვინო ტრადიციულ ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში მოიხმარებოდა, ახლა გაჩნდნენ ახალი ღვინის მოყვარული ქვეყნები, სადაც ღვინის მოხმარება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ესენია აშშ და ჩინეთი.
საქართველოს ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება იდეალურ გარემოს ქმნის კარგი მოსავლისა და შესაბამისად მაღალხარისხიანი ღვინის საწარმოებლად. საქართველოში 525 ადგილობრივი და უცხოური ჯიშის ყურძენი მოდის. აქ წარმოებული ღვინო გამორჩეულია უნიკალური და მდიდარი არომატით, რასაც ადასტურებს საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული ჯილდოები. 2014 წელს ღვინის ექსპორტი სასოფლო-სამეუნეო პროდუქტების ექსპორტის 22%-ს შეადგენდა. ამ წელს ექსპორტირებული ღვინის მთლიანმა ღირებულებამ 183 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარდა ევროკავშირის ბაზრისა, ქვეყნისთვის სტრატეგიული გახდა აზიის ბაზრები. ჩინეთთან თავისუფალმა სავაჭრო შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ღვინის ექსპორტი ჩინეთში. ასევე გაიზარდა ღვინის ექსპორტი იაპონიაშიც.
დიდია უკუგება ორგანული ღვინის წარმოებაზე. განვითარებადი ქვეყნებიდან ორგანული ღვინის ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალია ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, დანიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ბენილუქსის ქვეყნებში. გერმანია მსოფლიოში ორგანული ღვინის წამყვანი იმპორტიორია, წლიურად, დაახლოებით, 30 მილიონ ბოთლს ყიდულობს, ძირითადად, იტალიიდან და ესპანეთიდან, ვინაიდან, ევროპაში, ორგანული ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია არიან.
6. სამშენებლო მასალები
ერთ-ერთი უახლესი კვლევის მიხედვით, (Global construction 2025), სამშენებლო მასალების მთლიანი გამოშვება გაიზრდება 70%-ზე მეტად და 2025 წლისათვის 15 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ბაზრის ლომის წილი (60%-ზე მეტი) სამ ქვეყანას უჭირავს: ჩინეთს, ინდოეთს და აშშ-ს. თუმცა, რეპორტის მიხედვით, დასავლეთ ევროპის ბაზრებზე მოსალოდნელია 5%-იანი კლება 2025 წლისათვის. 2010 წელს ჩინეთმა გადაუსწრო აშშ-ს და შექმნა უდიდესი სამშენებლო მასალების ბაზარი. მოსალოდნელია, რომ 2025 წლისათვის ჩინეთის წილი მსოფლიო ბაზარზე ახლანდელი 18%-დან 26%-მდე გაიზრდება.
სამშენებლო მასალების ბაზარი მრავალფეროვანია და განვითარებული ქვეყნების ინდუსტრიული ბაზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სექტორი მოიცავს სხვადასხვა ტიპის მომწოდებლებს, ცემენტის მწარმოებლებით დაწყებული, სპეციალური შუშისა და ლითონის მწარმოებლების ჩათვლით. სექტორი ასევე მოიცავს ავეჯის მწარმოებლებს, საღებავებისა და კაბელების მწარმოებლებს.
ერთ-ერთ სწრაფად მზარდ სექტორს სამშენებლო მასალების ბაზარზე წარმოადგენს ე/წ “მწვანე” მშენებლობა, რომელზე ყურადღებასაც ამახვილებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მშენებლობის დაგეგმარებისას. Forbes.com-ის რეპორტის მიხედვით, “მწვანე” სამშენებლო მასალების მსოფლიო ბაზარი 2020 წლისათვის გადააჭარბებს 254 მლრდ აშშ დოლარს. ევროპა, რომელიც ორიენტირებულია შეამციროს მავნე ნივთიერებების ემისია, სავარაუდოდ იქნება უდიდესი რეგიონული ბაზარი. პროგნოზის მიხედვით, მწვანე სამშენებლო მასალების მსოფლიო მოთხოვნის 50%-ზე მეტი სწორედ ევროპიდან იქნება 2020 წლისათვის.
Invest in Georgia-ს მიხედვით სამშენებლო მასალების მინერალების ბაზა მრავალგვარია და სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და ასევე გამოიყენება ექსპორტისთვის. სამშენებლო მასალების დამზადებისთვის განკუთვნილი ნედლეულის ადგილობრივი ხელმისაწვდომობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტირებისთვის.
7. ელექტრო კაბელები
BCC Research-ის მიხედვით, მავთულებისა და კაბელების მსოფლიო ბაზარი 2019 წლისათვის 297.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. მავთულებისა და კაბელების ბაზარი ორ კატეგორიად იყოფა: ელექტრო კაბელები და კაბელები, რომელიც გამოიყენება სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში. მთლიანი ბაზრის უდიდესი წილი დენის კაბელებზე მოდის და ამავე კვლევის მიხედვით, 2019 წლისათვის გაიზრდება 219.7 მლრდ აშშ დოლარამდე. საშუალო წლიური ზრდის ტემპი იქნება 7,5%. დენის კაბელები მთლიანი ბაზრის 73%-ს შეადგენს, რაც განპირობებულია ძირითადად, მსოფლიო ეკონომიკის ზრდით, ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნით და განვითარებადი ბაზრების მხრიდან გაზრდილი მოხმარებით.
მავთულები და კაბელები შეუცვლელ როლს თამაშობს თანამედროვე ციფრულ სამყაროში. მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მავთულებისა და საკაბელო მასალების მოხმარება გაიზრდება, რაც გამოწვეულია მათი მოხმარებით საავტომობილო, სატელეკომუნიკაციო და სამშენებლო ინდუსტრიებში. ეს ინდუსტრიები კი მზარდი ტენდენციით ხასიათდებიან, განსაკუთრებით ლათინური ამერიკისა და აზიის განვითარებად ქვეყნებში.
ევროკავშირში იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა ელექტროპროდუქციაზე. ეს პროდუქტები შეიძლება გაიყიდოს კომპანიის ან მესამე მხარის ეკომარკით, როგორიცაა EU Ecolabel, გერმანული მარკა ‘Blaue Engel’. ასევე, იზრდება მოთხოვნა ელექტროავტომობილებისთვის საჭირო პროდუქტებზე. 2014 წელს ევროპაში 174.6 მილიარდი ევროს ღირებულების ელექტროპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, აქედან 30% განვითარებად ქვეყნებზე მოდის.
CBI-ის კვლევის მიხდევით, 2015-2020 წლებში ელექტროპროდუქტების წარმოება, ძირითადად, ავტომობილების, განათების მოწყობილობების, ენერგო და სამედიცინო ინდუსტრიების ხარჯზე იქნება. აზიის ქვეყნების (ჩინეთის გამოკლებით) და სხვა განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელობა კი გაუსწრებს განვითარებული ქვეყნებს, როგორიცაა, იაპონიისა და ევროპის ქვეყნების წარმოება, ვინაიდან ევროპიდან წარმოება გადადის შედარებით დაბალხარჯიან რეგიონებში. ბოლო წლებში (2009-2014), მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა კოსტა-რიკა და ტუნისი, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დაბალი ხარჯების გამო ამერიკელმა მწარმოებლებმა კოსტა-რიკაში, ევროპელებმა კი ტუნისში გადაიტანეს წარმოება.
8. ქურთუკები, პალტოები
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის პროექტის: "სამკერვალო საწარმო"-ს მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ტანსაცმლის ბაზრის მოცულობა 1,100 მილიარდი აშშ დოლარია, სავაჭრო ღირებულებით 700 მილიარდი და წარმოადგენს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 1,8%-ს. ევროკავშირის ქვეყნების ტანსაცმლის სამომხმარებლო ბაზარმა 350 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და დღეის მდგომარეობით ყველაზე მსხვილ ბაზრად მიიჩნევა, ხოლო ჩინეთი 288 მილიარდი აშშ დოლარის ექსპორტის მონაცემით უმსხვილეს ექსპორტიორად მიიჩნევა. წამყვანი ქვეყნები: ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია ფოკუსირდებიან ტექსტილისა და ტანსაცმლის ღირებულების ჯაჭვის ყველაზე მაღალი მომგებიანობის მქონე ეტაპებზე, ისეთზე როგორიცაა დიზაინი, მარკეტინგი და დისტრიბუცია, ხოლო საწარმოო საქმიანობა ძირითადად კონცენტრირებულია ჩინეთზე და სხვა განვითარებად ქვეყნებზე, როგორიცაა ბანგლადეში, ვიეტნამი, პაკისტანი, ინდონეზია და თურქეთი.
ექსპერტების პროგნოზით ყოველწლიურად, საშუალოდ ინდუსტრია გაიზრდება 5% (CAGR-5%) და მიაღწევს 2 100 მილიარდ აშშ დოლარს 2025 წლისთვის. საწარმოო საქმიანობის და ექსპორტის წილი ჩინეთიდან სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება გლობალური ტექსტილისა და ტანსაცმლის სექტორი 2025 წლამდე დამატებით მოიზიდავს 350 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციებს.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, ქურთუკების კატეგორიას დიდი პოტენციალი აქვს ქართველი მწარმოებლებისთვის რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, აღსანიშნავია რომ ქურთუკების უმრავლესობა ამჟამად ჩინეთში მზადდება, მიუხედავად ფასისა და ბრენდისა, თურქ მწარმოებლებსაც კი ეს კატეგორია ჩინეთში აქვთ გატანილი აუთსორსზე. ბოლო პერიოდში თურქეთში ჩინეთიდან იმპორტზე ტარიფების ზრდამ გაზარდა წარმოების ხარჯები და შეამცირა ჩინეთის წილი თურქულ ბაზარზე. ამავდროულად ტრანსპორტირების დროც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ამ ორი ქვეყნის მწარმოებელთა თანამშრომლობისთვის.
შალის ან შალის მსგავსით ნაწარმი პალტოების - მსგავსად ქურთუკების ამ კატეგორიაშიც ჩინეთი ლიდერობს, და ანალოგიურად აქაც ქართველ მწარმოებლებს აქვთ შეღწევისთვის საჭირო ყველა უპირატესობა (ტრანსპორტირების დრო, ხარჯი დაკავშირებული იმპორტის გადასახდელებთან ჩინეთიდან და სხვა), თუმცა რეკომენდირებულია რომ მხოლოდ ამ კატეგორიის ექსპორტზე არ გადაიტანონ ყურადღება ქართველმა მწარმოებლებმაც რადგან ხარისხისადმი მოთხოვნები აქ გაცილებით მაღალია და ქსოვილებიც განსხვავებული - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის ბოლოს გაკეთებულია დასკვნა: ქურთუკების წარმოების გამოცდილებიდან, ტრანსპორტირების სიმარტივიდან, საბაჟო გადასახდელებიდან, გამომდინარე ქართულ კომპანიებს აქვთ კონკურენტული უპირატესობა ჩინეთთან მიმართებაში.
9. აბრეშუმი: აბრეშუმის ძაფი და ქსოვილი
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ მომზადებულ „აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელში მიმოხილულია აბრეშუმის მსოფლიო ბაზარი. კვლევის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით აბრეშუმის ბაზარი საკმაოდ დიდია და განაგრძობს ზრდას. აბრეშუმის პარკისა და ძაფის წარმოების მხრივ იკვეთება რამდენიმე გიგანტი ქვეყანა, რომლებსაც მსოფლიო ბაზრის 80%-ზე მეტი უჭირავთ, დანარჩენი ნაწილი კი გადანაწილებულია შედარებით მცირე ქვეყნებზე. აბრეშუმის საერთაშორისო ბაზარზე ძირითად სავაჭრო პროდუქტებს წარმოადგენს აბრეშუმის პარკი, ხამი ძაფი და ასევე აბრეშუმის პარკის ნარჩენები. ჩინეთი წარმოადგენს როგორც მსოფლიოს უმსხვილეს აბრეშუმის მწარმოებელს, ასევე უმნიშვნელოვანეს სავაჭრო რგოლსაც, რომელიც გამოირჩევა იმპორტისა და ექსპორტის დიდი მოცულობით. რაც შეეხება აბრეშუმის საერთაშორისო ბაზრის ტენდენციას, აბრეშუმის ნაწარმზე მსოფლიოს მოთხოვნა იზრდება ფასებისა და წარმოების ზრდის პარალელურად. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯამურად ექსპორტირებული აბრეშუმის პარკისა და ძაფის რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც აღნიშნავს ადგილობრივი მოთხოვნის ზრდას მწარმოებელ ქვეყნებში.
აღნიშნულ ბიზნესმოდელში, რომელიც სამინსიტროს საიტზე არის განთავსებული ვკითხულობთ: „აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს კონცეფცია წარმოადგენს კომერციული ბიზნესის მოდელს, თუმცა მისი ფინანსური მომგებიანობის მიუხედავად, ბიზნესს გააჩნია საკმაოდ ხანგრძლივი ინვესტიციის უკუგების პერიოდი და შედარებით დაბალი შიდა უკუგების განაკვეთი (IRR). ასეთი, შიდა უკუგების განაკვეთის მქონე ბიზნეს მოდელის დაფინანსება საქართველოში არსებული კომერციული ფინანსური კაპიტალის მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია“. ამგვარად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თუ როგორ გაუწევს ქართული აბრეშუმი ჩინურ, ან ინდურ პროდუქტს კონკურენციას.
ქეთი მელქაძე