ევროპის „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმოხილვა
2016 წლის ოქტომბერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შეერთებას ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძვნებელ ხელშეკრულებასთან. ეს ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩვენი ენერგო სექტორის სისტემის შესაბამის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას გულისხმობს.
ევროპული ენერგოგაერთიანების პრიორიტეტული მიმართულებებია:
- სტაბილური და გამჭვირვალე შიდა ენერგობაზრის ფორმირება;
- ენერგოეფექტურობის გაზრდა;
- განახლებადი ენერგიის გენერირების მაშტაბების გაფართოება;
- ენერგიის მიღების, გარდაქმნის, ტრანსპორტირება/განაწილებისა და მოხმარების სფეროში ეკოლოგიური ნორმების დაცვა.
ამ ძირითადი მიმართულებების განხორციელებას ემსახურება ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ევროპული ენერგოგაერთიანების ხელშეკრულების საკანონმდებლო-სამართლებრივი პუნქტები. საქართველოს კი, როგორც უკვე ენერგოგაერთიანების წევრ ქვეყანას, ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება მოუწევს, რომელიც, ჩვენი ენერგოსექტორის არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. ამ მოსაზრების დასასაბუთებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალი მაგალითი, დაწყებული საქართველოს არსებული არაკონკურენტული ენერგობაზრის მდგომარეობიდან, დამთავრებული ენერგობაზრის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხით, ენერგოგაერთიანებაში წევრობა კი სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისკენ გვიბიძგებს.
ევროპულ ენერგოგაერთაინებაში საქართველოს წევრობის გარშემო არსებობს ბევრი საინტერესო, აქტუალური შეკითხვა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი ენერგობაზრის წინაშე არსებულ გამოწვევებს (გაერთიანებაში გაწევრიანების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას), ასევე ჩვენი ენერგო-სექტორის სამომავლო პერსპექტივებს. ამ კუთხით, კითხვები მიემართება საქართველოს ენერგოსისტემის თითქმის, ნებისმიერი რგოლისკენ, დაწყებული ენერგიის პირველადი წარმოებით, დამთავრებული მისი საბოლოო მოხმარებით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ენერგოგაერთიანებაში საქართველოს სრულფასოვანი წევრობიდან მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული, დასაწყისისთვის სასურველია გავეცნოთ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ უახლოეს ინფორმაციას საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებიდან დღემდე გატარებულ ღონისძიებებს წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების სამუშაოები გაწევრიანების ოფიციალურ თარიღამდე ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველო ამ გაერთიანების სრულფასოვანი წევრი 2017 წლის 1 ივლისიდან გახდა.
ასევე, ირკვევა, რომ 2016 წლისნოემბრის ბოლოს საქართველოში „ენერგეტიკული გაერთიანების“სამდივნომ მოავლინა მისიები ელექტროენერგიის, გაზისა და ნავთობის სექტორების სფეროში მდგომარეობის შესასწავლად. მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე წლის მარტის თვეში ენერგეტიკისსამინისტროს მიაწოდეს ევროკავშირის ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანილი „ენერგეტიკის შესახებ კანონის“, „მარეგულირებელი უწყებების შესახებ კანონის“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონისა“ და შესაბამისი ცვლილებების პროექტები და ამ ეტაპზე სამინისტროს ორგანიზებით სამუშაო ჯგუფი მუშაობს “სექტორის თავისებურებების გათვალისწინებით” აღნიშნული კანონპროექტების დახვეწისმიმართულებით. (მომდევნო სტატიებში მოგაწვდით ინფორმაციას, კონკრეტულად, რა იგულისხმება “საქართველოს ენეგროსექტორის თავისებურებებში” და როგორ სრულდება რეკომენდაციები, რომელიც სამდივნომ საქართველოს მიაწოდა).
ამას გარდა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა „EU4Energy“-ის ფარგლებში, რომლის ადმინისტრირებას „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნო ახორციელებს, მიღებულია პირველი წლის სამუშაო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მთელი რიგი სამართლებრივი აქტებისა და ნორმატიული დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის, გაზის, ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის სფეროებს. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს რეგიონალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში დახმარებას. სამდივნოს მიერ შერჩეული კონსულტანტი, ასევე, მუშაობს ნავთობმარაგების დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი კანონპროექტის შემუშავების მიმართულებით ენერგეტიკის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. წლის ბოლომდე განხორციელდება რამდენიმე მისია, რომლის მუშაობის საბოლოო პროდუქტიც აღნიშნული კანონპროექტი იქნება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით შესაბამისმა კონსულტანტმა დაასრულა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მოდელის დიზაინზე მუშაობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომზადებული ანგარიშის შედეგების შეჯერება და დიზაინის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება ჩართულ უწყებებს შორის, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს ევროპული ენერგეტიკული რეგულაციების შესაბამისად სექტორის რეფორმირების თვალსაზრისით.
ამას გარდა, მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიანი გეგმების განახლების კუთხით, რომელშიც,ასევე,გათვალისწინებული იქნება ენერგოსექტორისმიმდინარე ტენდენციები და გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებშიაღებულივალდებულებების ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებისა და განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციის მიმართულებები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასრულებულია ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის შესახებ აღებულ ვალდებულებებს. ამჟამად მიმდინარეობს დარგობრივ სამინისტროებს შორს საბოლოო განხილვის პროცესი. ამასთან დაწყებულია მუშაობა განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმაზეც.
ასევე,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ჩართულობით ხორციელდება არა ერთი პროექტი, რომლის მიზანია ენერგეტიკული სექტორის ბაზრის მონაწილეების ეფექტიანირეგულირების, ქსელის განვითარების, მართვის, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხო სარგებლობის პროცედურებისა და პირობების დანერგვა ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების მოთხოვნების საფუძველზე.
ვიმედოვნებთ, რომაღნიშნული მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად გაფართოვდება „ენერგეტიკულ გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს შეერთების“ ოქმით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად, სადაც გაწერილია ცალკეული დირექტივისა და რეგულაციის შესრულების ვადები, აგრეთვე ის გამონაკლისები, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იქნა დაშვებული და მათი გათვალისწინება მოხდება შესაბამისი დოკუმენტების მომზადებისას და ამოქმედებისას. ამ პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტების მონიტორინგსჩვენი ორგანიზაცია და მისი ანალიტიკური ვებპორტალი Europe For Georgia განახორციელებს და ეტაპობრივ, უფრო დეტალურ და კონრეტულ საკითხებზე ფოკუსირებული თემების ანალიზს მოახდენს.
მირიან ეჯიბია