ევროკომისია შავი ზღვის რეგიონში ლურჯი ეკონომიკის წახალისების ახალ პროექტს უშვებს
"დღეს შავი ზღვა ევროპის საზღვაო აუზებს შორის იმ მცირე გამონაკლისებს შორისაა, რომლებსაც არ აქვთ საერთო სტრატეგია, - აღნიშნა ევროკომისიის წევრმა კარმენუ ველამ ლურჯი ეკონომიკისთვის მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, - საქმის დაწყება რთულია, ამიტომ მოხარული ვარ გამოვაცხადო ევროკომისიის მიერ ტექნიკური დახმარების პროგრამის დაწყების შესახებ, რომლის ფარგლებშიც 1 მილიონი ევრო დაიხარჯება, რათა თქვენ დაგეხმაროთ საფუძვლის ჩაყრაში".
2017 წლის 15 სექტემბერს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე შავ ზღვაში ე.წ. ლურჯი ეკონომიკის (Blue Economy) განვითარების პერსპექტივები განიხილეს. კონფერენციაევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანაორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაზე რეგიონალურ საზღვაო სტრატეგიის აუცილებლობას გაესვა ხაზი. ინტეგრირებული სტრატეგია წარმატებას მოიტანს, თუ იგი ქვემოდან ზემოთ მიმართული ინიციატივებით წარიმართება. ეს კი თავის მხრივ, სანაპირო საზოგადოების და საზღვაო საკითხებით დაინტერესებულ პირთა ჩართულობას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის გაძლიერებას ემსახურება ევროკომისიის მიერ გამოცხადებული ტექნიკური დახმარების პროექტი, რომლის სახელწოდებაა "დახმარება შავ ზღვაში ლურჯი ეკონომიკის განვითარებისათვის".
ე.წ. “ლურჯი ეკონომიკა” საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენებაა ეკონომიკური განვითარებისათვის, რაც გულისხმობს როგორც გაუმჯობესებული სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს, ასევე ოკეანის ეკოსისტემის სიჯანსაღეს. ლურჯი ეკონომიკა საზღვაო რესურსებს, ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემას აღადგენს, იცავს და ინარჩუნებს. ეს კი თავის მხრივ, მოითხოვს სუფთა ტექნოლოგიების და განახლებადი ენერგიის გამოყენებას. ასევე, ლურჯი ეკონომიკა მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს: მაგალითად, მეთევზეობას, საზღვაო ტრანსპორტს, საზღვაო განახლებად ენერგიას, ნარჩენების მართვას, ტურიზმს და კლიმატურ ცვლილებებს.
კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკის) ხელისუფლების, ბიზნესის, ფინანსური ინსტიტუტების და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა 2016 წლის ბუქარესტის დეკლარაციის განხორციელების დადებით მხარეებზეც გაამახვილეს ყურადღება, მაგალითად, როგორიცაა მდგრადი თევზჭერა და მის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ქმედებები:
- მეცნიერული რჩევის გაუმჯობესება,
- მდგრადი მცირე მასშტაბის თევზჭერის წახალისება,
- ზღვის აუზში არალეგალური, აღურიცხავი და არაკონტროლირებადი თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.
“ლურჯი ეკონომიკის” განვითარებისათვის ერთად მოქმედების, დიალოგის და თანამშრომლობის აუცილებლობაზე ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ერთხმად თანხმდება. გარემოს, საზღვაო და თევზჭერის საკითხებში ევროკომიის წევრმა კარმენუ ველამ (Karmenu Vella) აღნიშნა: "ჩემი რწმენით, შავი ზღვით დაინტერესებულ პირთა მაღალი დონის ყოველწლიურმა კონფერენციამ უნდა შეინარჩუნოს მისი რეგულარული პლათფორმა, რათა მათი ვალდებულებების გასაძლიერებლად და ლურჯი ეკონომიკის გასაზრდელად მრავალმხრივი ჩართულობით და დიალოგით რეგიონის სანაპირო მდგომარეობაზე იმსჯელონ. კონფერენციის მხარდასაჭერად, ევროკომისია ექსპოლოატაციაში გაუშვებს ტექნიკურ მხარდაჭერას, შეღავათს ლურჯი ეკონომიკის განვითარებისათვის, რომელიც ღია იქნება ინტეგრირებული საზღვაო პოლიტიკით დაინტერესებული ევროკავშირის წევრობის არმქონე შავი ზღვის ქვეყნებისათვის. პროექტი ამ ქვეყნებს დაეხმარება აღმოაჩინონ - როგორ მიიღონ უკეთ და მდგრადი გზით ჩვენი ზღვებიდან ეკონომიკური სარგებელი, აგრეთვე დაეხმარება მათ შავი ზღვის ერთიანი საზღვაო დღის წესრიგის შემუშავებაში".
ლურჯი ეკონომიკის წამოწევისა და შავი ზღვის რეგიონში ერთიანი პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა eugeorgia.info-სთან საუბარში ბულგარეთის გარემოსა და წყლის სამინისტროს მდინარეთა აუზების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მარია ბაბუკჩიევამ. ბაბუკჩიევამ აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. "იმისათვის რომ ქვეყანამ შეიმუშაოს საზღვაო რესურსების გამოყენების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, პირველ რიგში მონაცემების შეგროვება და არსებულ სიტუაციაზე წარმოდგენის შექმნაა აუცილებელი, რასაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს და გააიაფებს აუზის ქვეყნებთან პარტნიორობა. მაგალითად, თუ მონაცემები ეხება სატრანსპორტო საკითხებს ადვილად შეიძლება მისი მოპოვება სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობით. ასევე, მნიშვნელოვანია კვლევითი ორგანიზაციიების შექმნა ან არსებულის გაძლიერება და ჩართვა დაგეგმვის პროცესში", - განაცხადა ბაბუკჩიევამ.
ევროკომისიის "საზღვაო პოლიტიკის და ლურჯი ეკონომიკის" დირექტორატის დირექტორი ბერნარდ ფრისი ასე აფასებს ლურჯი ეკონომიკის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს: "საქართველოსთან ასოცირების შეთანხმება ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად მეთევზეობის და საზღვაო პოლიტიკის მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრიდან ვიცი, რომ საქართველო ქმნის სამინსტროებს შორის თანამშრომლობის საკოორდინაციო ჯგუფს, რათა თავი გაართვან აღებულ ვალდებულებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები ჩართული იყვნენ, რადგან საზღვაო პოლიტიკა და საზღვაო სივრცის განვითარება ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ გარემოსაც და ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც."
ფრისის შეფასებით ლურჯი ეკონომიკის წახალისების კუთხით უმჯობესია დავაკვირდეთ მთლიან რეგიონს: "ევროკავშირის თვალთახედვით, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა, ეს კონფერენციაც ამას ემსახურება. რამდენიმე თვეში გაეშვება პროგრამა, რომელიც რეალურად გააძლიერებს შავი ზღვის ქვეყნებს შორის კოოპერაციას. მაგალითად, თუ ერთი ქვეყანა იჭერს ბევრ თევზს, ხოლო მეორე არა - ეს არაეფექტურია და საჭიროებს საერთო მიდგომას."
"რაც ჩვენ რეალურად საქართველოსგან (ასევე სხვა ქვეყნებთან) ერთად გვინდა გავაკეთოთ, პრაქტიკული სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, თუ როგორ შეგვიძლია რეგიონში კოოპერაციის გაძლიერება. პირველ რიგში, საქართველომ უნდა გადახედოს, რისი გაკეთება შეიძლება შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთან ერთად. საუკეთესო რამ რისი გაკეთებაც შეიძლება არის:
- მეთევზეობის განვითარების საერთო მართვა,
- საზღვაო სივრცის საერთო დაგეგმარება,
- სატრანსორტო ხაზების შემუშავება და ა.შ.
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თუ შეიმუშავებთ გეგმას, როგორ განვითარდეს ლურჯი ეკონომიკა მთელ რეგიონში," - აღნიშნა ფრისმა.
ხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს ლურჯი ეკონომიკის განვითარების გზები და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები. მაგალითად, საზღვაო ტექნოლოგიების კლასტერის მენეჯერმა მარტინა მარია პაოლა როსიმ იტალიიდან ლურჯი განვითარებისათვის საზღვაო კლასტერების ქსელის განვითარების პროექტის ფარგლებში კლასტერების შექმნის იდეა წამოაყენა. როსის თქმით: "პროექტის მიზანი ორ დონიანია. პირველია კლასტერების გაძლიერება, რათა მათ ჰქონდეთ მეტი საშუალება და მეტი ძალაუფლება ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების სამართავად. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კლასტერი დარგში ინფორმაციის მთავარი წყარო უნდა იყოს. მეორე: მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს, კერძო სექტორს და მკვლევარებს (უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები და ა.შ.) ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან. მაგალითად, იტალიის და ბულგარეთის კლასტერებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც იტალიის და ბულგარეთის საწარმოები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ სიახლეების, ინოვაციების გაცვლის პროცესში და ერთმანეთთან ექნებათ მჭირდრო კავშირები. კლასტერები ასევე დაეხმარება პოლიტიკის გამტარებლებს გადაწყვეტილების მიღებაში."