ქართული თაფლის “სუსტი რგოლები” და წარმატების მაგალითები
გასულ წელს საქართველო შევიდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირში თაფლის იმპორტი დაშვებულია. თუმცა, ამ ეტაპზე, ქართველი მეფუტკრეები ევროპულ ბაზარზე პროდუქციის გატანას ვერ ახერხებენ.
ევროკავშირის ბაზარზე წარმატებისთვის საქართველოს მეფუტკრეობის დარგმა უნდა უზრუნველყოს თაფლის გარკვეული მოცულობის სტაბილური მიწოდება, შეამციროს ფასები და ხარჯები მიწოდების ჯაჭვში, რომ უზრუნველყოს კონკურენტული ფასები ახალ ბაზარზე, მოახდინოს კლიენტების ბაზის დივერსიფიკაცია, რომ არ იყოს დამოკიდებული მცირე რაოდენობის მყიდველებზე ან მხოლოდ ერთ ბაზარზე, და მზად იყოს მძაფრი კონკურენციისთვის არაოფიციალური ბაზრების და უკრაინიდან თაფლის მიმწოდებლების მხრიდან.
ქართველი მეფუტკრეების მიერ მათი საქმიანობის გაფართოება სერიოზულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. გაფართოების ხელის შემშლელი ორი ძირითადი ფაქტორი არსებობს: ერთი მათგანია კრედიტზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, რადგან ფინანსური ინსტიტუტები ფუტკრებს არ მიიჩნევენ ლიკვიდურ ქონებად სესხის უზრუნველყოფისთვის. მეორე ფაქტორი კი, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა.
გარდა ამისა, საქართველოში ფუტკრის კვების პრაქტიკა არ არის სათანადო დონეზე, რაც განპირობებულია თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის ციკლის შესახებ ცოდნის სიმცირით და სკების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის დიდი ხარჯებით.
EUGeorgia.info-სთან საუბარში ქართველი მეფუტკრეები დადებითად აფასებენ ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობას და აღნიშნავენ, რომ უმსხვილესი ევროპული ბაზრის გახსნა ქვეყანას დიდ შესაძლებლობებს აძლევს. თუმცა, აქვე საუბრობენ გამოწვევებზე, რომლებსაც ქართველი ფერმერები აწყდებიან. ერთ-ერთია თაფლის რეალიზაციის პრობლემა ადგილობრივ ბაზარზე.
კოოპერატივ, „საჩვენებელი საფუტკრის“ თავმჯდომარე, რომანოზ ოქრომელიძე EUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ პროდუქციის გასაღების პრობლემა ბევრ კოოპერატივს აქვს.
„გასაღების ბაზარი ჩვენთვის დიდი პრობლემაა. მეფუტკრეების რაოდენობა ბევრია, მომხმარებელი კი ცოტაა. გარდა ამისა, მომხმარებელს არა აქვს საშუალება, რომ თაფლი შეიძინოს“, - ამბობს მეფუტკრე, რომლის კოოპერატივი, წლიურად, 2 ტონამდე თაფლს აწარმოებს.
რომანოზ ოქრომელიძის ინფორმაციით, ახალციხეში მდებარე „საჩვენებელი საფუტკრის“ თაფლმა რიგაში, ლაბორატორიული შემოწმება რამდენიმეჯერ გაიარა და დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა, სახელმწიფოსგან დახმარების არარსებობის გამო, მეფუტკრეებმა არ იციან, ევროპულ ბაზარზე თაფლი როგორ გაიტანონ.
„მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე დაშვების შესახებ. ჩემი თაფლი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, რომ გატანაში დაგვეხმაროს. კერძო პირები, რომლებსაც თაფლის გატანა უნდათ, ძალიან დაბალ ფასს გვიხდიან და არ გვაწყობს, რომ თუნდაც ერთი ტონა თაფლი, 8-10 ლარად გავატანოთ. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუ პირადად ჩვენს კოოპერატივს ექნება გატანის შესაძლებლობა“, - ამბობს რომან ოქრომელიძე.
მეფუტკრე ზაზა მჟავანაძე, რომლის კოოპერატივს, „ძლიერ ფერმერს“, 380-ზე მეტი სკა აქვს და წლიურად, 2 ტონამდე შერეულ თაფლს აწარმოებს, მიიჩნევს, რომ ქართულ თაფლს ევროპულ ბაზარზე კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.
„ჩვენ ყველა პოტენციურ ბაზარს განვიხილავთ. მაგრამ, ჩემი მოსაზრებით, ევროპაში არსებული თაფლის ფასი, 3 ევრო, ჩვენი თაფლისთვის შეუფერებელია. დღეს, ქართულ ბაზარზე დამკვიდრებული ფასი 25 ლარია, არა მგონია, რომ მისი ალტერნატივა სადმე ევროპაში იყოს. თუმცა ჩვენი დონის თაფლი აქვს ავსტრიას, რუმინეთს და გამოირჩევა მაღალი ფასით - 14 ევრომდე. ამ ძვირადღირებული თაფლის ძირითადი შემსყიდველი ფარმაცევტული კომპანიებია. ჩვენ ამ კომპანიებთან წვდომა ჯერჯერობით არ გვაქვს„ - ამბობს მეფუტკრე.
ზაზა მჟავანაძე, რომლის კოოპერატივი ქობულეთის სოფელ ლეღვაში მდებარეობს და ENPARD-ის მიერ არის მხარდაჭერილი, თაფლს, ბითუმად, თურქეთში ყიდის. ამბობს, რომ ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებას ხელს შეუწყობდა ადგილობრივი აგროტურიზმის განვითარება.
„ყველაზე მთავარია, ჯერ ქართული ბაზარი ავითვისოთ იმისთვის, რომ აქ ხარისხიანი პროდუქცია იყიდებოდეს და ეს ევროპელ ტურისტებს დავანახოთ. ვინაიდან ქობულეთი ტურისტული ზონაა, გვინდა, თაფლის სახლი გავხსნათ, სადაც ჩვენი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ტურისტები აქ ხშირად ჩამოდიან და ვფიქრობ, რომ ლეღვაში ასეთი სახლის გახსნა აუცილებელია. ჯერჯერობით ფინანსების უქონლობა გვაფერხებს. ბანკთან ურთიერთობა არ გვინდა, რადგან ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთში გვთავაზობენ სესხს. ENPARD-ის დამსახურებაა, რომ ჩვენი კოოპერატივი დღეს ასეთი სახით მუშობს, მაგრამ სხვა საერთაშორისო გრანტებზე წვდომა არ გვაქვს, რადგან არ ვიცით, ინფორმაცია სად და როგორ მოვიძიოთ“, - ამბობს მეფუტკრე.
კოოპერატივ „ალიონის“ თავმჯდომარე ავთანდილ ცინცქილაძე მეფუტკრეების მთავარ პრობლემად განათლების დაბალ დონეს და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეზღუდულ წვდომას ასახელებს. ხელვაჩაურში მდებარე კოოპერატივში 6 მეფუტკრეა გაერთიანებული და საშუალოდ, წლიურად, 2 ტონამდე თაფლს აწარმოებს.
„ადგილობრივ ბაზარზე თაფლის გაყიდვა ძალიან პრობლემატურია, მოთხოვნა დაბალია, რადგან თაფლის მოხმარების კულტურა არ გაგვაჩნია. ევროპაში თაფლზე გაცილებით უფრო მაღალი ფასია და, რა თქმა უნდა, ევროპაში გატანა გვირჩევნია. ქართულ თაფლს განსაკუთრებული თვისებები აქვს და ევროპაში ეს კარგად იციან. მაგრამ მეფუტკრეობის განვითარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. XXI საუკუნეში გლეხური მეთოდებით პროდუქციის წარმოება შეუძლებელია. კონკურენციის გაწევა თუ გვინდა, დარგში ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს. უპირველეს ყოვლისა კი, სახელმწიფომ გლეხებს ცოდნა უნდა მისცეს. უნდა მოეწყოს განათლების ცენტრები, სადაც მეფუტკრეებს მოამზადებენ“, - ამბობს ავთანდილ ცინცქლაძე.
EUGeorgia.info-სთან საუბარში ქართველი მეფუტკრეები აღნიშნავენ, რომ ევროპულ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, საჭიროა სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია წარმოების მცირე მოცულობის გამო. თუმცა, სკეპტიკურად უყურებენ იდეას, რომ რამდენიმე კოოპერატივთან ერთად გაერთიანდნენ და ერთობლივად, მოახერხონ ექსპორტი.
„ქართველები ბუნებით ინდივიდუალისტები არიან და ძალიან უჭირთ კოოპერაციაში მუშაობა. ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ მცირე კოოპერატივებს დიდი მოცულობის წარმოება ჰქონდეთ. საქართველოში ფინური სკები რომ შემოვიტანე გასაყიდად, ბიზნესმენი, რომლისგანაც საქონელი შევიძინე, პარალელურად თაფლს აწარმოებდა. ის არავითარ კოოპერატივში გაერთიანებული არ იყო, მაგრამ, საკუთარი ძალებით, წელიწადში 2 000 ტონა თაფლს აწარმოებდა“, - აღნიშნავს მეფუტკრე ავთანდილ ცინცქლაძე.
„ევროკავშირის ბაზარზე გატანის შემთხვევაში, თუ ერთობლივად გავიტანეთ, შეიძლება ერთი კოოპერატივის მიერ მიწოდებულ თაფლში ანტიბიოტიკი ან აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინონ და მთელი პარტია ფალსიფიცირებულად ცნონ. ჩემი მოსაზრებით, უკეთესი იქნება, ცალკეული კოოპერატივები გამსხვილდეს და ერთგვაროვანი თაფლი თავად გაიტანონ“, - ამბობს მეფუტკრე რომანოზ ოქრომელიზე.
საქართველოში თაფლის შეგროვება იწყება მაის-ივნისში და გრძელდება აგვისტო-სექტემბრამდე. თაფლის გამოსავლიანობა სხვადასხვაგვარია და საქართველოში ის დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მცირე, საშუალო და მსხვილი მეფუტკრეების თაფლის გამოსავლიანობა განსხვავებულია და შეადგენს შესაბამისად 7-8კგ/სკაზე, 12-13კგ/სკაზე და 20-22 კგ/სკაზე.
2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში აღრიცხულია 269.5 ათასი ფუტკრის ოჯახი. მათი 53% კონცენტრირებულია სამ რეგიონში: იმერეთში (22%), კახეთში (16%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (14%). ქვეყანაში დაახლოებით 3,688 მეფუტკრეს ჰყავს ფუტკრის მინიმუმ 10 ოჯახი. მეფუტკრეების დაახლოებით 58% სამ რეგიონშია: იმერეთში (24%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (20%) და კახეთში (14%).
2006-2015 წლებში თაფლის წარმოება საქართველოში გაიზარდა 11%-ით და 4.1 ათასი ტონა შეადგინა. 2014 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში სულ დაფუძნდა და დარეგისტრირდა 174 მეფუტკრეობის კოოპერატივი. ამ კოოპერატივების ყველაზე დიდი რაოდენობა აჭარაშია (რეგისტრირებული კოოპერატივების მთლიანი რაოდენობის 18%). მეფუტკრეობის კოოპერატივების წევრთა რაოდენობა 3-9 წევრს შეადგენს. სკების საშუალო რაოდენობა ერთ კოოპერატივზე და კოოპერატივის ერთ წევრზე ყველაზე მაღალია სამგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (243/26) და ყველაზე დაბალი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (34/7). ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობა ყველაზე მაღალია კახეთში (32კგ/ოჯახზე) და ყველაზე დაბალი - მცხეთა- მთიანეთში (13კგ/ოჯახზე).
2010-2015 წლებში საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის უდიდესი წილი (როგორც ღირებულების, ასევე მოცულობის თვალსაზრისით) გატანილ იქნა საუდის არაბეთში.
ევროპა თაფლის უმსხვილესი მომხმარებელია და მასზე გლობალური თაფლის მოხმარების 20% მოდის. ევროკავშირი, ასევე, თაფლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ის მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სხვა ქვეყნებიდან თაფლის იმპორტზე. იმპორტირებული თაფლი ევროკავშირის თაფლზე მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს. 2015 წელს, ევროპულ ბაზარზე იმპორტირებული თაფლის მოცულობამ 339 000 ტონაზე მეტი შეადგინა.
ევროპის ბაზარზე თაფლის უმსხვილესი მიმწოდებელი არის ჩინეთი. ჩინეთიდან იმპორტირებული თაფლის მოცულობა 98 000 ტონას შეადგენს, რაც ევროპაში თაფლის მთლიანი იმპორტის 29%-ს წარმოადგენს. ჩინეთიდან თაფლის მიწოდება სტაბილურად და საკმარისი მოცულობით ხორციელდება. ამასთან ერთად, ჩინური თაფლის ფასები დაბალია, ვინაიდან მცირეა დანახარჯები მუშახელზე. ჩინური თაფლის ხარისხთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის (ეს ძირითადად ეხება ნარჩენებს თაფლში) მიუხედავად, ჩინეთი ევროპაში თაფლის უმსხვილეს მიმწოდებლად რჩება.
ევროპაში თაფლის იმპორტის მთლიანი მოცულობის 50% გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის ბაზრებზე მოდის. წამყვანი ადგილი გერმანიას უკავია, რომელზედაც თაფლის მთლიანი იმპორტის 26% მოდის. სულ უფრო იზრდება იმპორტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს ტენდენცია ძირითადად აიხსნება უკრაინიდან თაფლის ექსპორტის რუსეთიდან ევროკავშირში გადანაცვლებით. ფაქტობრივად, რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, 2011-2015 წლებში ევროკავშირმა გააოთხმაგა უკრაინული თაფლის იმპორტი.
ქართული თაფლის ე.წ. „მესამე ქვეყნების ჩამონათვალში“ შეტანა, ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის მზარდ მოთხოვნასთან ერთად, კარგ პერსპექტივებს ქმნის საქართველოში თაფლის წარმოებისათვის. ამისთვის, აუცილებელია ინსტიტუციონალური გაუმჯობესება ამ შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებითვის. თაფლის წარმოებაში და მარკეტინგში არსებული გამოწვევების დასაძლევად და ამ დარგის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად აუცილებელია მეფუტკრეების ცოდნის ამაღლება დაავადებების და პარაზიტების, თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის ციკლის, საკვების დამუშავების მოთხოვნების შესახებ, ასევე მათი ბიზნესის და ფინანსური უნარების გაუმჯობესება; სათანადო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც საშუალებას მისცემს ამ დარგს, მიაღწიოს მასშტაბის ეკონომიას წარმოებასა და მარკეტინგში; საქართველოში არსებული ლაბორატორიების და სურსათის უვნებლობის მომსახურების საიმედოობის და ეფექტურობის გაძლიერება დ ა კერძო სექტორის დახმარება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის პოპულარიზაციაში სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის საშუალებით.
* სტატიაში გამოყენებულია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში მომზადებული კვლევა „თაფლის ღირებულების ჯაჭვი“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. არსებული კვლევა განხორციელდა „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა განვითარების ინსტიტუტის ექსპერტის ირაკლი ჯავახიშვილის მიერ.