ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო 2018 წლის პირველ ნახევარში შეიქმნება
საპარტნიორო ფონდი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ქმნის. პირველ ეტაპზე სააგენტო ექსპორტის საკრედიტო დაზღვევასა და სესხებისთვის საჭირო გარანტიების გაცემაზე იქნება ორიენტირებული. საპარტნიორო ფონდი სააგენტოში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორცილებს. სააგენტო სააქციო საზოგადოების ფორმით ჩამოყალიბდება და სადაზღვევო რეგულირება შეეხება. საპარტნიორო ფონდი აღნიშნული სააგენტოს შექმნის საკითხზე იტალიურ ექსპორტის საკრედიტო სააგენტო SACE- სთან თანამშრომლობდა.
პრიორიტეტებში ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები იქნებიან. სააგენტოს სერვისები ექსპორტიორებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და სხვა ბაზრების ათვისებაში დაეხმარებათ.
საკრედიტო სააგენტოს საქმიანობის საქართველოში დანერგვას შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა სჭირდება, რისთვისაც საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით საკონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა. კანონპროექტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ დაამტკიცა და ამჟამად პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში განხილვები მიმდინარეობს. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განახლებისთანავე ეს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილება.
კანონპროექტის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში საპარტნიორო ფონდს შეეძლება შვილობილი სტრუქტურა სადაზღვევო ორგანიზაცია საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო დააფუძნოს. ამის შემდეგ კი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სადაზღვევო ლიცენზიის მინიჭებისთვის მიმართვას.
საპარტნიორო ფონდში ვარაუდობენ, რომ სააგენტო დაზღვევის ლიცენზიას 2018 წლის პირველ ნახევარში მიიღებს, რის შემდეგაც საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო ქართველ მეწარმეებს ექსპორტის მხარდასაჭერ სადაზღვევო და საგარანტიო პროდუქტებს შესთავაზებს.
საკრედიტო სააგენტოს ძირითადი პროდუქტებისა და მენეჯმენტის შესახებ www.eugeorgia.info-ს შეკითხვებს საპარტნიორო ფონდმა წერილობით უპასუხა: „სააგენტოს საკრედიტო რისკის დაზღვევა ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ ექსპორტის ხელშეკრულებების საფუძველზე დააზღვიონ საქონლის ან მომსახურების მიწოდებიდან წარმოქმნილი კომერციული და პოლიტიკური შემთხვევით გამოწვეული გადავადებული გადახდების საკრედიტო რისკი. დაზღვევის პოლისი გაიცემა ერთი წლით, განახლების შესაძლებლობით. სააგენტოს ფინანსური გარანტია კი ბანკებს მიეცემათ, მათ მიერ ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიებზე გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად (სააგენტოს გარანტია საბრუნავ საშუალებებისთვის გაცემულ სესხებზეც ვრცელდება). სააგენტო საქართველოს დაზღვევის კანონის და სადაზღვევო ლიცენზიის მოთხოვნების შესაბამისად დარგის კვალიფიციური მენეჯერებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტდება“.
ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დაზღვევა და გარანტიები პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე გავრცელდება, თუმცა მომდევნო ეტაპებზე შესაძლოა, რომ სააგენტოს მხარდაჭერა საქართველოში პროდუქტის ცალკეული კომპონენტების წარმოებაზეც გავრცელდეს.
„მომავალ ეტაპებზე, რამდენადაც საქართველოს აღებული აქვს გეზი, რომ რეგიონის სავაჭრო ჰაბის ფუნქციის მატარებელი გახდეს და რეექსპორტი სწორედ ამის შემადგენელია, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეექსპორტის მიმართულებებზეც, თუნდაც შეფუთვისა და აწყობის კომპონენტებზე ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მომსახურება გავრცელდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანალიზის და დასაბუთების შემდეგ“, - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.
ექსპორტის სააგენტოს სადაზღვეო პაკეტს და სესხის საგარანტიო უზრუნველყოფას ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც საქართველოში გადამუშავების შედეგად მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საექსპორტო პროდუქტებს შექმნიან.
ზურაბ მოდებაძე