საქართველოს თავდაპირველად ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების ტენდერებში მონაწილეობა შეეძლება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების საჯარო შესყიდვების ბაზარი საქართველოსთვის ეტაპობრივი გაიხსნება.
„ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელიც 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რამოდენიმეჯერ ეწვია, მომზადებულ დასკვნებში ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასა ვალდებულებების ფარგლებში სააგენტოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულება, რაც საფუძვლად დაედო პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.
საგულისხმოა, რომ დაახლოების პირველი ფაზის შემდეგ იგეგმება საჯარო შესყიდვებში ევროკავშირის ბაზრის გახსნა ცენტრალური მთავრობების მიერ განხორციელებულ ტენდერებში. მომდევნო ფაზებში უკვე ეტაპობრივად მოხდება ბაზრის გახსნა ქვე-ცენტრალური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სამოქმედო გეგმა სულ ხუთი ფაზისგან შედგება და 2015-2022 წლებს მოიცავს.
I ფაზა 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. საქართველოს მთავრობის ვალდებულება იყო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტების შემუშავება. გასულ წელს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. სააგენტოს თანამშრომლები კი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში მონაწილეობდნენ. ამას გარდა, გადამზადების კურსები თავად შემსყიდველი ორაგანიზაციების წამომადგენლებმაც გაიარეს. პირველი ეტაპის ფარგლებში შეიქმნა:
- სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა კითხვარის სახით.
- ახალი სისტემური შეტყობინებები, რომლებიც მიმწოდებლებს სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმაში განხორციელებული ცვლილებებისას და დოკუმენტის ატვირთვისას ეგზავნებათ.
- ახალი გამოკითხვის ფორმები კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში.
- საინფორმაციო SMS-ების გაგზავნის კონტროლის მექანიზმი.
პირველი ფაზის დასრულების შემდეგ საქართველოს გასავლელი ექნება კიდევ 4 ფაზა:
II ფაზა - 5 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2019)- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;
III ფაზა - 6 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2020 წელს) - სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;
IV ფაზა - 7 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2021) - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები;
V ფაზა - 8 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2022 წელს)- სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს უფლება აქვს, ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის უფლების რეალიზაციისთვის მუშაობა დაიწყოს. მას შემდეგ, რაც დარჩენილი 4 ფაზაც წარმატებით დასრულდება (2022 წელი), საქართველოსთვის ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი მთლიანად უნდა გაიხსნას.
ზურაბ მოდებაძე