ქართული „ჰენდმეიდ“ ჩანთები ევროკავშირში და amazon.com-ზე იყიდება
GEPHERRINI-ს ბრენდის მაღალი ხარისხის ქართული ხელნაკეთი აქსესუარები 3 ევროპულ და 5 არაევროპულ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი
ქართული ხელნაკეთი და სერიული აქსესუარების მწარმოებელი ბრენდის GEPHERRINI-ს (გეფერინი) ხელნაკეთი ჩანთების ორი და სამი სერიული მოდელი ონლაინ გაყიდვების გიგანტ amazon.com-ზე იყიდება. ევროპის მასშტაბით კი GEPHERRINI ექსპორტზე საფრანგეთსა და შვედეთში შედის. ასევე ფაქტობრივად უკვე შესულია შვეიცარიაში. ადაპტირებული ვებგვერდის გახსნის შემდეგ უახლოეს ხანში გაყიდვები შვეიცარიაშიც დაიწყება. ამ დრომდე GEPHERRINI ხელჩანთებს, საფულეებსა და ქამრებს ამერიკაში, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ყიდის.
GEPHERRINI პირველი ქართული ბრენდია, რომელიც გაყიდულ პროდუქციაზე ექვსიდან ერთ წლამდე საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს. კომპანია 2014 წლის აგვისტოში დაარსდა. პირველი საექსპორტოდ ღირებული ხელჩანთა კომპანიის შექმნიდან რვა თვის შემდეგ დიდი ძალისხმევის შედეგად დაამზადეს.
„გვინდოდა ქართული პროდუქტი გაგვეკეთებინა, რომელიც ექსპორტზე გავიდოდა და ქართული ბაზრისთვისაც სიახლე იქნებოდა. საფეიქრო ნაწარმი ძალიან გვიზიდავდა. ამიტომ საფეიქრო ნაწარმის კვლევა გავაკეთეთ. მოვიძიეთ რა არ იწარმოებოდა და ასეთი აღმოჩნდა ჩანთები. ძალაინ გაგვიჭირდა, რვა თვე მოვუნდით ერთი ისეთი ჩანთის გამოშვებას, რომელიც ჩვენ მოგვეწონებოდა. საქართველოში კადრებიც ვერ მოვიძიეთ, თუმცა საბოლოოდ რვა თვის შემდეგ ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. რაღაცები თურქეთში ვისწავლეთ და ასე ავაწყეთ წარმოება“, - ამბობს GEPHERRINI-ს დამფუძნებელი და მარკეტინგის მენეჯერი ილია გეფერიძე.
კომპანიისთვის მთავარი მიმართულებაა „ჰენდმეიდი“ მოდელების წარმოება, ჩანთები მთლიანად ხელით სრულდება. ორი „ჰენდმეიდი“ მოდელი, რომელიც ამაზონზეც საკმაოდ წარმატებით იყიდება, შესრულებულია ისე, რომ ზედაპირზე ნაკერი არ აქვს, რის გამოც ევროპელ და ამერიკელ მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს. საწარმო პროდუქციის 80 პროცენტს ლიმიტირებული მოდელების სახით ამზადებს. თითოეული ლიმიტირებული მოდელი 50 ცალზე მეტი არ იწარმოება.
აქსესუარების დასამზადებლად ნატურალურ ტყავსა და მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელებს იყენებენ. ტყვის შემცვლელზე გარანტია ექვსი თვეა, ნატურალურ ტყავით შესრულებულ აქსესუარებზე კი საგარანტიო ვადა ერთ წლამდეა გახანგძლივებული.
უშუალაოდ წარმოებაში 23 ადამიანია დასაქმებული. ჯამში კი GEPHERRINI-ს განვითარებისთვის 42 ადამიანი მუშაობს. ბრენდის მიმართ დაინტერესება დანიიდან და ნორვეგიიდანაც არის, სწორედ ამიტომ უახლოეს 3 თვეში კომპანია ახალ ფართში გადასვლას და წარმოების გაფართოებას გეგმავს. ბრენდის ასორტიმენტი ჩანთები, საფულეები და ქამრებია. პროდუქცია ორივე სქესისთვის იქმნება.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერ ილია გეფრაძის აზრით, რომ არა ქვეყანაში არსებული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, დღესდღეობით უფრო დიდი წარმადობა ექნებოდათ: „ჩვენ რეალურად უფრო მეტად ზრდის საშუალება გვაქვს, თუმცა საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა დგას. თანხების მოძიება გვირთულდება. წინა წელს გაფართოებას ვაპირებდით, მაგრამ ვერ გადავედით ახალ საწარმოში. ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო დახმარებას საერთოდ არ ცდილობს, საზღვარგარეთ გამოფენაზე გამგზავრების 70 პროცენტს გვიფინანსებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მაგალითად, იტალიელი ინვესტორებისგან ვიცით, რომ იტალიაში თუ 50 ადამიანს ასაქმებ და კარგ ბიზნესგეგმას წარადგენ, სახელმწიფო ნახევარ მილიონიან 7 წლიან უპროცენტო კრედიტს გაძლევს. ჩვენთან კი ასეთი ხელსაყრელი სესხის აღების საშუალება სამწუხაროდ არ გვაქვს“, - ამბობს გეფერიძე.
GEPHERRINI აქსესუარების დასამზადებლად ძირითადად თურქეთიდან შემოტანილ ნატურალურ ტყავს იყენებს, დიაგონალური კუმულაცია კი საშუალებას აძლევთ, რომ პროდუქცია საქართველოში წარმოებულად (made in georgia) ჩაითვალოს. ტყავის შემცვლელები მცირე რაოდენობით ჩინეთიდანაც შემოაქვთ, წარმოშობის წესები არც ამ შემთხვევაში ირღვევა და ხელნაკეთი აქსესურები ევროკავშირსა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე ქართული სახელით შედის.
ზურაბ მოდებაძე