2017 წელს საქართველომ ფიტოსანიტარიის სამივე ევროდირექტივა კანონმდებლობაში ასახა
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით, ფიტოსანიტარიის მიმართულებით 2027 წლამდე 87 დირექტივის გათვალისწინება უნდა მოხდეს. 2015-2017 წლებში საქართველოს კანონმდებლობაში 10 დირექტივა აისახა: ამ დრომდე პროცესი თანმიმდევრულია და DCFTA-ის XI-B დანართში წარმოდგენილ, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გეგმას სრულად მიყვება.
XI-B დანართის მიხედვით, 2017 წელს მცენარეთა დაცვის მიმართულებით საქართველოს სამ ევროდირექტივასთან დაახლოება უნდა მოეხდინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის ლაშა ინაურის ცნობით, დეკემბრის თვეში დამტკიცდა სამივე დირექტივის შესაბამისი ნორმატიული აქტები.
ამ დირექტივებიდან ორი ეხება კარტოფილის რგოლური და მურა სიდამპლის კონტროლს, რომელთა შესაბამისად, მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტები:
- კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურები, რომლებიც ადგენს და არეგულირებს საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევის კონტროლის ფიტოსანიტარიულ ზომებს, საქართველოში მისი შემოჭრისა და გავრცელების პრევენციის მიზნით.
- კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის პროცედურები, რომლებიც ადგენს და არეგულირებს საკარანტინო მავნე ორგანიზმის კარტოფილის რგოლური სიდამპლის გამომწვევის კონტროლის ფიტოსანიტარიულ ზომებს, საქართველოში მისი შემოჭრისა და გავრცელების პრევენციის მიზნით.
ტექნიკური რეგლამენტების მოქმედება ვრცელდება იმ ბიზნეს ოპერატორზე, რომელიც ეწევა სასურსათო და სათესლე კარტოფილის პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მესამე დირექტივა (2004/103/EC) ეხება გარკვეული მცენარეების, მცენარეთა პროდუქტებისა და სხვა ობიექტების იდენტურობის და სიჯანსაღის შემოწმებას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სასაზღვრო პუნქტის გარდა სხვა ადგილზე. დირექტივით განსაზღვრულია ამ შემოწმებებთან დაკავშირებული პირობები. ამ დირექტივის ასახვის მიზნით, მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი: “სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისთვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ”. დადგენილება 2020 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
“საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შესრულებულია, ანუ მთავრობამ დაამტკიცა შესაბამისი რეგლამენტები და ახლა ვიმყოფებით გარდამავალ პერიოდში, რათა მოვემზადოთ მათ შესასრულებლად. შემოსავლების სამსახურმა განსაზღვრა ეს ვადა იმიტომ, რომ რეგლამენტის ამოქმედებისთვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სასაზღვრო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილებზე”- აღნიშნა ლაშა ინაურმა.
ამ რეგულაციის ამოქმედება ემსახურება იმას, რომ არ დაყოვნდეს მცენარეები და მცენარეთა პროდუქტები დიდხანს საზღვარზე და არ შეიქმნას გრძელი რიგები, დროულად მოხდეს ტვირთის გადატანა შესაბამისად მოწყობილ საწყობებში, სადაც შესაძლებელი იქნება მათი ფიტოსანიტარიული შემოწმება. ასეთი საწყობები ზოგ შემთხვევაში თავიდან უნდა აშენდეს, ხოლო ზოგ შემთხვევაში უნდა გადაიარაღდეს. ასევე, საჭიროა პერსონალის დატრენინგება შესაბამის პროცედურებში, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს.
ლაშა ინაურის ცნობით, ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით დირექტივების იმპლემენტაციისთვის ვადები არ არის განსაზღვრული და შეთანხმება მხოლოდ საკანონმდებლო მიახლოების წლებს ასახავს:
“ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა ევროკავშირის მხრიდან. დირექტივები კანონმდებლობაში ასახულია, ხოლო აღსრულება დამოკიდებულია ქვეყნის მზაობაზე. DCFTA-ში ზოგ რეგულაციას პირდაპირ უწერია, რომ უნდა შესრულდეს გარკვეული წლის განმავლობაში. სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის მიმართულებით ასეთი რამ არ არის განსაზღვრული. იმპლემენტაცია უკვე დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, მთავარი კანონმდებლობის დაახლოებაა, რაც უკვე შესრულებულია”- აღნიშნა ლაშა ინაურმა.
გარდა საკანონმდებლო მიახლოებისა, 2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეთა დაცვის მიმართულებით რამდენიმე ღონისძიება გაატარა. სახელმწიფო მიზნობრივი ქვე-პროგრამის “მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა” ფარგლებში, სააგენტომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პარალელურად, განახორციელა ღონისძიებები სხვა მავნებლებთან ბრძოლის მიზნით. 2017 წელს დამუშავდა:
- 110 000 ჰექტარი -აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ;
- 15 107 ჰექტარი- იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგოდ;
- 1050 ჰექტარი- ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ;
- 900 ჰექტარი-ბზის ალურას საწინააღმდეგოდ
- 1005 ჰექტარი - ტრანსმისიური დაავადებების გადამტანი მწერების (კოღოების) საწინააღმდეგოდ
“სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა იტალიური კალიის და ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების არეალი და მათი უარყოფითი ზემოქმედება სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. თუკი 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის მასობრივი გავრცელების დროს, სახელმწიფოს მიერ დამუშავდა 43 281 ჰა, 2017 წელს მხოლოდ 1050 ჰექტრის დამუშავება გახდა საჭირო, ხოლო 2014 წელს იტალიური კალიის საწინააღმდეგოდ დამუშავებული ფართობების ოდენობა 49 874, 2017 წელს 15 107 ჰექტრამდეა შემცირებული”. -აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ პრესრელიზში.
ქეთი მელქაძე