„Advertwise“-ი ევროპულ და არაევროპულ ქვეყნებში მარკეტინგული სერვისების ექსპორტს ახორციელებს
ქართული კომპანია „Advertwise“-ი ციფრულ მარკეტინგულ მომსახურებას გერმანიაში, ლიტვაში, ლატვიაში, აშშ-სა და სინგაპურში ყიდის. პირველად ექსპორტზე 2015 წელს გავიდნენ. ბოლო პერიოდში კი ონლაინ მარკეტინგულ მომსახურებას ყოველთვიურად საშუალოდ 5 უცხოურ ქვეყანაში ახორციელებენ.
ჯერ კიდევ 2011 წელს AdvertWise-ი როგორც კომპანია არ არსებობდა. თუმცა მერაბ გოცირიძემ რამდენიმე ადამიანთან ერთად ონლაინ მარკეტინგული სფეროს შესწავლა დაიწყო. შედეგებზე ორიენტირებული მარკეტინგის სფეროში დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ, თუმცა მათი ცოდნა შედგებოდა SEO-სა და Google AdWords-ით. ეს ყველაფერი კი საძიებო სისტემაში ოპტიმიზაციის საბაზისო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. თავდაპირველად ემსახურებოდნენ ამერიკელ მომხმარებლებს, როგორც ასისტენტები და ონლაინ მარკეტინგის შესახებ უამრავ სიახლეს და დეტალს სწავლობდნენ. ამერიკულ ონლაინ მარკეტინგული ბაზრის განვითარების პროცესში ჩართულობა, AdvertWise-ის გუნდს განვითარებაში დაეხმარა.
მალე AdvertWise-ის სერვისის მომხმარებელი ბრიტანული კომპანიებიც გახდნენ, მუშაბდნენ როგორც ფრილანსერები და მომსახურებას ფეისბუქ რეკლამირება და ფეისბუქის გვერდის მართვაც დაამატეს. 2013 წლისთვის გუნდის წევრების კომპეტენციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გუნდის ერთ-ერთი წევრი მუშაობას იწყებს ამერიკაში, წამყვან ონლაინ მარკეტინგულ კომპანიაში, რომლის მომხმარებლები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Coca-Cola, Pull and Bear, Starbucks და ა.შ
2014 წლის ზაფხულში კი უკვე კომპანია AdvertWise-ი შექმნეს. 2015 წელს Google Analytics-ს და Yandex Direct-ის პარტნიორები გახდნენ, მოგვიანებით კი Facebook-ის ოფიციალური პარტნიორობის უფლებაც მოიპოვეს. ამჟამად კომპანიაში 22 ადამიანი მუშაობს. შემკვეთებიდან 85 პროცენტი ქართული კომპანიაა, 15 პროცენტი კი უცხოური, საიდანაც 70 პროცენტი არის ევროპული, 30 პროცენტი კი ამერიკა და დანარჩენი ქვეყნები. შეკვეთებს ძირითადად ონლაინ პლათფორმების www.upwork.com და www.linkedin.com საშუალებით იღებენ.
AdvertWise-ის დამფუძნებლი მერაბ გოცირიძე ამბობს, რომ ციფრულ მარკეტინგში კონტრაქტების მოპოვების ყველაზე კარგი საშუალება სწორი შეთავაზებაა, ფასი კი შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია: „არჩევანს პირველ რიგში სწორი შეთავაზების მიხედვით აკეთებენ. სწორი შეთავაზება თუ უკეთდებათ, დამკვეთები შემსრულებელი კომპანია რომელ ქვეყანაშია, მაგას არ უყურებენ. ისინი საქმის კეთების ხარისხს აფასებენ, რაც შეეხება ფასებს, ეს მეორეხარისხოვანი კრიტერიუმია. თუმცა ჩვენ მაინც უფრო ნაკლებ ფასად ვთავაზობთ საქმის შესრულებას, ვიდრე ჩვენი დონის უცხოური სააგენტოები“.
AdvertWise-ი მარკეტინგული მომსახურების გარდა საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. კომპანია ფლობს ციფრულ აკადემიას, სადაც ნებისმიერ მსურველს ციფრული მარკეტინგის კეთებასა და მართვას ასწავლიან.
მერაბ გოცირიძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის დისტანციური სერვისების განვითარება და ამის პოპულარიზაცია, რადგან ასეთი ბიზნესის წამოწყება მარტივია და მისი კეთება ყველას შეუძლია: „არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც უცხოეთში ონლაინ სერვისების გაყიდვა შეუძლია. ამ სფეროს განვითარება ქვეყნისთვის ეკონომიკურადაც მომგებიანი იქნებოდა. გადასახადების შემცირებით, ასეთი საქმიანობის წახალისებითა და პოპულარიზაციით, ამ სფეროში ბევრი ადამიანი დასაქმდება. სწორედ ამიტომ კიდევ უფრო მეტი ინიციატივებია საჭირო ამ ტიპის სერვისების ექსპორტით ადამიანების დასაინტერესებლად“, - ამბობს გოცირიძე.
უფრო მეტად AdvertWise-ი სპეციალიზებულია ფინანსური და ელექტრონიკის კომპანიებისთვის შედეგებზე ორიენტირებული მარკეტინგის წარმოებაში, თუმცა გეგმავენ, რომ საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის უახლესი მეთოდები მუდმივად დანერგონ და ბაზარზე მოთხოვნად სერვის პროვაიდერად დარჩნენ.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე