იმერეთის აგროზონიდან ბოსტნეულს ევროპაში გაიტანენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სასათბურე კლასტერის პროექტს 2018 წელს განახორციელებს. პროექტი იმერეთის რეგიონში, კერძოდ, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში აგროზონის შექმნას ითვალისწინებს, სადაც, სახელმწიფოს მხარდაჭერით, საექსპორტოდ მომართული სასათბურე კლასტერი აშენდება. პროექტის განსახორციელებლად 100 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება. აგროზონიდან პროდუქციის გატანაზე დამოუკიდებელი საექსპორტო კომპანია იმუშავებს, რომელიც მეწარმეებს რეალიზაციის ტვირთს მოუხსნის.
პროექტის მიზანია დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ, სასათბურე მწვანილისა და ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირება და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.
საექსპორტო წარმოების წახალისების პარალელურად, ქუთაისის აეროპორტში სატვირთო განყოფილებაც შეიქმნება, საიდანაც აგროზონაში ნაწარმოები პროექტების სწრაფი გადაზიდვები განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ეს პროექტი კოპიტნარის აეროპორტში სასაწყობე მეურნეობის და სატვირთო ტერმინალის განვითარებას მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და საქართველოსთვის. ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა არსებობს. საჭიროა დიდი რაოდენობით, უნიფიცირებული სტანდარტის პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. კერძო სექტორი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ გვინდა, დავეხმაროთ კერძო სექტორს და როგორც მოცულობის, ისე ხარისხის კუთხით დავაწესოთ მაღალი სტანდარტი, რომ იმერული პროდუქტი, კონკრეტულად, მწვანილი და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, იმ რაოდენობით და იმ ხარისხით იყოს წარმოებული, რა რაოდენობა და ხარისხიც მოგვცემს საშუალებას, ევროკავშირის ბაზარზე სტაბილური მიწოდება უზრუნველვყოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
სახელმწიფოსგან პროექტს ამ ეტაპისთის წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში 125 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი გადეცა. პროექტში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს შეეძლება. აგროზონის ტერიტორიაზე ნაკვეთების ღირებულება ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ცნობილია, რომ მიწა პროექტის მონაწილეებს აღნაგობის უფლებით გადაეცემათ, რაც გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებად დარჩება, ხოლო მასზე აშენებული შენობა-ნაგებობა თუ სასათბურე ფართი ფერმერის საკუთრება იქნება. ბენეფიციარებმა სათბური არანაკლებ 0.1 ჰა-ზე და არაუმეტეს 5 ჰა-ზე უნდა მოაწყონ. ფერმერები სათბურებს თავისი შეხედულებებისამებრ ააშენებენ, თუმცა თანამედროვე სტანდარტების დაცვა პროექტში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისას, სახელმწიფო იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე გზას, ელექტროენერგიას, წყალსა და გაზს მიიყვანს. იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენილი იქნება საექსპორტო კომპანია, რომელიც ტერიტორიაზე დახარისხებას, გაყინვას, შეფუთვისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობის შექმნას უზრუნველყოფს. კომპანია არა მარტო აგროზონიდან, არამედ მთელი რეგიონიდან მწვანილსა და ბოსტნეულს შეისყიდის, რომელსაც დააფასოებს და ექსპორტზე გაიტანს.
სასათბურე კლასტერის პროექტის მენეჯერი და შპს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორი ლევან უროტაძე აცხადებს, რომ კლასტერის იდეის კონცეპტის გაჟღერების შემდეგ უკვე დიდი დაინტერესებაა საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპორტო კომპანიების მხრიდან: „რამდენიმე კომპანიამ არა მარტო ქართულმა უცხოურმაც გამოხატა ინტერესი, რომ ამ ზონიდან ექსპორტი განახორციელოს, თუმცა ჩვენ ცალსახად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს უნდა მოხდეს ტენდერის საფუძველზე. შერჩეულმა კომპანიამ გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ორიენტირს ევროპის და გალფის ქვეყნების ბაზარზე ვაკეთებთ. ის კომპანია შეირჩევა, რომელსაც მსგავსი ვაჭრობის გამოცდილება აქვს. ზაფხულის ბოლოსთვის იმ ეტაპამდე უნდა ვიყოთ მისული, რომ ტენდერის გამოცხადება შეგვეძლოს. ადგილობრივების გარდა შემოთავაზებები 2 ჰოლანდიური და 1 ისრაელის კომპანიიდან გვაქვს“.
კოპიტნარის აეროპორტში სატვირთო განყოფილების შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპისთვის უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ კიდევ ერთი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა რუსთავთან იგეგმება.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე