როგორ უნდა იქცეს ემიგრანტების ფული ინვესტიციებად?
ქართული დიასპორის ფინანსური და ადამიანური რესურსი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას რომ მოხმარდეს და ამ მიმართულებით როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "Sustaining Border Migration Management in Georgia" (SBMMG) პროექტის ფარგლებში აპრილიდან იწყებსმუშაობას. პროექტი ქართველი ემიგრანტების ფულადი გზავნილების საინვესტიციო პოტენციალად გადაქცევის მიმართულებით ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
ქართული ეკონომიკისთვის შემომავალი ფულადი გზავნილების მნიშვნელობა უდავოა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობა ბოლო დეკადის განმავლობაში 1-1,4 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა შემომავალი ფულადი გზავნილები მხოლოდ საბანკო სისტემის საშუალებით არ შემოედინება და იგი მხოლოდ მიგრანტების გზავნილებს არ მოიცავს. შესაბამისად, მიგრაციიდან შემოსული ფულადი გზავნილების ზუსტ მონაცემებს ვერ ვაკვირდებით. თუმცა, ფულადი გზავნილების წილი ქართულ ეკონომიკაში საკმაოდ დიდია. ბოლო პერიოდში, ფულადი გზავნილები მშპ-ს თითქმის მესამედს შეადგენს. გარდა ამისა, საქართველოში ფულადი გზავნილების სტაბილურად მზარდი შემოდინება, 2009-2013 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას აღემატებოდა. დამატებით, ექსპერტები მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფულადი გზავნილების სიდიდე საქართველოში ემიგრაციიდან ყველა საშუალებით შემოსული თანხის არანაკლებ 60%-70%-ია. შესაბამისად, ემიგრანტების ფულადი გზავნილები ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ.
* 2010 წლის იანვრიდან საბანკო სექტორის მონაცემებს ფულადი გზავნილების შესახებ დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ანალოგიური მონაცემები
* 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიცავს პირველ 3 კვარტალს.
წყარო: geostat.ge; nbg.gov.ge
პროექტი SBMMG ხელს შეუწყობს, რომადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი გახდეს მიგრაციის კომპონენტი და ფენომენი, კერძოდ, დიასპორა - მათი ფინანსური და ადამიანური რესურსი მოხმარდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანის თქმით, დღეს მიგრაციის საკითხები პრაქტიკულად არც ერთ განვითარებაზე ორიენტირებულ დოკუმენტში/სტრატეგიაში არ განიხილება.
"დიასპორა ქვეყნისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსია, იგი არის "ელჩი" დანიშნულების ქვეყანაში. იქ კონტაქტების დამყარებით დიასპორამ შეიძლება გაგიყვანოს ისეთ წრეში, რომელსაც სხვა საშუალებით ვერ დააინტერესებდი საქართველოთი. დიასპორას აქვს უნარი და შესაძლებლობები, რომ ინვესტიციები მოიზიდოს საქართველოში, ეს შეიძლება იყოს როგორც მრავალმილიონიანი, ასევე მცირე ინვესტიცია. დიასპორა სხვა ინვესტორისგან განსხვავებით შეიძლება უფრო დიდ რისკზე წავიდეს, რომ მისი მშობლიური რაიონი განვითარდეს ან არსებულ ბიზნესს დაეხმაროს გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, Gino Paradise დიასპორის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა, ასევე ბათუმში უამრავი სასტუმრო დიასპორის აშენებულია", - საუბრობს კვიციანი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2015 წელს კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მიგრანტების და მათი შინამეურნეობების კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ფულადი გზავნილები ძირითადად მოხმარებისთვის იხარჯება და ფულადი გზავნილები საქართველოში მეწარმეობის- მიკრო და მცირე საწარმოების - დაფინანსების შედარებით უმნიშვნელო წყაროს წარმოადგენს. გამოკითხული შინამეურნეობების 34% აცხადებს, რომ მიგრანტისგან მიღებულ ფულად გზავნილებს საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე ხარჯავენ; 25% ბინის შეძენასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე; 13% განათლებაზე; 13% ვალის გასტუმრებაზე და მხოლოდ 6% ბიზნესის დასაწყებად. აქვე უნდა ითქვას, რომ მიგრანტიანი შინამეურნეობებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო (47%) სწორედ მიგრანტთა გზავნილებია.
"ხშირად, ქართულმა დიასპორამ არ იცის რა მიმართულებით წარმართოს სახსრები. მიგრანტთა ფულადი გზავნილები უმეტეს შემთხვევაში ბინაში ან სხვა უძრავ ქონებაში იხარჯება. მიწას თუ იყიდიან ნაკლებად სამეურნეო დანიშნულებისთვის, ისევ სახლის ასაშენებლად. ბინაში ფულის ჩადების ნაცვლად ბიზნესი წამოიწყო, რომლიდანაც შეიძლება უფრო მაღალი მოგების მიღება იქნება შესაძლებელი.
საქართველოდან მიგრაციის საშუალო ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 7-9 წელი. მიგრანტების საკმაოდ დიდი ნაწილი კი მიგრაციაში ბერდება, შეიძლება დაავადდეს კიდეც რადგან ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდებათ, იღებენ მძიმე ფსიქოლოგიურ ტრამვას. გამოგზავნილი ფული თუკი ბიზნესში არ ჩადე აქ ჩამოსულს კვლავ არანაირი შემოსავალი არ გექნება და გაგიჭირდება ცხოვრება. არადა შესაძლებლობა გქონდა გამოგზავნილი თანხის ნაწილი ოჯახს დაეზოგა და მცირე ბიზნესი წამოეწყო, აქ დაბრუნებულ მიგრანტს კი ნაკლები ძალისხმევა დასჭირდებოდა თავის გასატანად.
ხშირ შემთხვევაში ოჯახი არასწორად იყენებს თანხას და ის არ ხმარდება ეკონომიკურ განვითარებას. მიგრანტიანი შინამეურნეობების დაახლოებით 6% აკეთებს ბიზნესს, რომელიც ძირითადად მცირე მასშტაბის ოჯახური ბიზნესებია. მათ ბაზარზე გასვლის და ფინანსების მოძიების პრობლემები აქვთ", - განაცხადა კვიციანმა.
IOM-ის მიერ 2015 წელს მიგრანტებზე ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ დაბრუნებულ მიგრანტებს შორის 55%-ია დასაქმებული. მათ შორის 27%-ს აქვს საკუთარი ბიზნესი შემდეგ სფეროებში: საოჯახო ტიპის სასტუმრო, კვების ობიექტი, მაღაზია, ავტოსამრეცხაო, საცხობი, საქონლის ფერმა;
დასახელებული პრობლემატიკიდან, გამომდინარე IOM ადგილობრივ დონეზე საქართველოს ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთადმუშაობასიწყებს. დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების და უნარების განვითარების აქტივობები. ადგილობრივ თვითმმართველობებში მომუშავე ადამიანები დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოწვევებს და შესაძლებლობებს გაეცნობიან. პროექტის ფარგლებში დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში მსოფლიო გამოცდილება გაანალიზდება, რომ გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით დიასპორის მიერ გამომუშავებული სახსრები ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისკენ სწორად მიიმართოს. მაგალითად, რა გააკეთა მერმა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში და რა შედეგები მიიღო. ამ გამოცდილებების გაცნობის შემდეგ, ადგილობრივ მმართველობებთან ერთად კოორდინაციით დაიგეგმება საქართველოსთვის მორგებული აქტივობები.
"ინიციატივა წამოვა ქვემოდან, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ თუ როგორ წამოვწიოთ მიგრაციის და დიასპორის პრობლემები წინა პლანზე და მათი რესურსი ეფექტიანად გამოვიყენოთ. დიასპორა ხშირად ითხოვს წინადადებებს, შესთავაზებს თუ რა მოიმოქმედონ აქედან კი არანაირი კონტრ შეთავაზებები არ მიდის, რომ დაინახონ სად არის ნიშა, სად არის განვითარების და მოგების მიღების პოტენციალი და ა.შ. საჭიროა იყოს საინფორმაციო სივრცე, სადაც მიიღებ შესაბამის ინფორმაციას.
ქართული დიასპორის მოხმარებისთვის ჩვენ გავაკეთეთ მიზნობრივი ვებ-პორტალი tanamemamule.ge (რომლის რებრენდინგი მიმდინარეობს და სახელი შეიცვლება), რომ დიასპორას ჰქონდეს კომუნიკაციის ერთიანი სივრცე. ეს უნდა იყოს საშუალება დიასპორას მივაწოდოთ ინფორმაცია რა კეთდება დღეს საქართველოში, სად შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, ვისთან დაამყარონ კონტაქტი და ა.შ. მეორეს მხრივ კი ქართული საზოგადოება, მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს დიასპორის გამოწვევებს. შესაძლებელია, რომ დიასპორისთვის ცალკე შეიქმნას პროექტები და კონკრეტული ფინანსური/ეკონომიკური მიზნობრივი პროდუქტები, რომლებშიც დიასპორელები ჩადებენ ფულს. ეს იქნება იდეალური მოდელი რეგიონების განვითარებისთვის", - საუბრობს კვიციანი.
სწორედ ახლა მიგრაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოსთან და დიასპორის დეპარტამენტთან ერთად მუშაობას ვიწყებთ ადგილობრივ ხელისუფლებებთან შეხვედრების, ტრენინგების საშუალებით. ასევე, ეროვნულ ბანკთან ერთად ფინანსური განათლების ამაღლებისთვის ცალკე კომპონენტი გვექნება, რომ მიგრანტებმაც სარგებლის მიღება შეძლონ. სასწავლო მოდული უკვე შემუშავებულია და ის მიგრანტების ინტერესებზე იქნება მორგებული.მიგრაციის მართვა ფართო სპექტრის საკითხებს მოიცავს, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობების ჩართულობას ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი