“ლივინგსტონი” - ქართული თოლია ევროპის კრეატიულ ბაზარზე
“ლივინგსტონი” - ერთ-ერთი პირველი ქართული კრეატიული სააგენტოა, რომელიც მომსახურებას ევროპულ კომპანიებს უწევს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აქტიური ინტერესი სამი წლის წინ, კანის ფესტივალზე მოპოვებულ საერთაშორისო აღიარებას მოჰყვა. სააგენტო ძირითადად გერმანიის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე მუშაობს. კლიენტები ძირითადად, საშუალო ზომის ევროპული კომპანიები არიან.
ბრენდის ფილოსოფიიდან გამომდინარე, გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც მიისწრაფვიან სრულყოფილებისაკენ შემოქმედებითობის (კრეატივის), ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული აზროვნების მიმართულებით. დღეს, “ლივინგსტონი” 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს და სერვისების სპექტრიც ფართოა:
- კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიები
- სტრატეგიული და ვიზუალური ბრენდინგი
- გრაფიკული დიზაინი
- დიჯითალ მარკეტინგი
- ვებ დეველოპმენტი
- მობაილ დეველოპმენტი
- R&D - AI, Big data, machine learning
ევროპული ქვეყნებიდან სერვისებს შორის მოთხოვნა საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, ძირითადი დაკვეთა კრეატივზე, დიზაინსა და ვებ&მობაილ დეველოპმენტზე მოდის. “ლივინგსტონის” შეკვეთების 20% უცხოურია. კომპანია ფიზიკურად ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოშია წარმოდგენილი. მიუხედავად ინტერნეტის პირობებში დისტანციური მუშაობის გამარტივებისა, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ფიზიკური კავშირი ბაზართან მნიშვნელოვანია.
ევროპული დამკვეთი კომპანიები “ლივინგსტონთან” კავშირზე მარტივად გამოდიან, რადგან კომპანიას სხვადასხვა პლატფორმებზე თავისი პორტფოლიოები აქვს განთავსებული. გარდა ამისა, “ლივინგსტონზე” ინფორმაცია ვრცელდება რეკომენდაციებისა და თემატური ბლოგების საშუალებით, რომლებზეც აფასებენ სააგენტოს საუკეთესო ნამუშევრებს.
სააგენტოს წარმომადგენლები ევროპულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებულ სირთულეებს შორის მაღალ კონკურენციას ასახელებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს ერთ-ერთი მიმზიდველი პირობაა მეტად განვითარებისთვის. “ლივინგსტონი” გეგმავს, საერთაშორისო დონის სააგენტოდ ჩამოყალიბდეს და ამ მიმართულებით ამჟამად კომპანიაში ორი სიახლეა:
1. EBRD-ის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო დონის კონსულტანტმა სარეკლამო გამოცდილებით, ფოლკერ ვრაგემ, სააგენტოს მენეჯმენტს სამუშაო პროცესების სტანდარტიზებაზე კონსულტაციები გაუწია:
“ვმუშაობთ job description-ებზე, ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, რეპორტინგ არხებზე და ა.შ. ამ ყველაფრის დანერგვა აუცილებელია იმისთვის, რომ აქ არსებული პოზიციები შეესაბამებოდეს ევროპის სააგენტოების სტრუქტურასა და დამკვიდრებულ წესებს. მაგალითად, ჩვენი კრეატიული დირექტორი, დიზაინერი, სტრატეგი, ექაუნთ მენეჯერი, პროჯექტ მენეჯერი, პროგრამისტი, დამლაგებელი, მე, ის, ყველა ლივინგსტონელი… აკეთებდეს იმავეს, რასაც ეს პოზიცია მიღებული სტანდარტებით მოიცავს. აღსანიშნავია, რომ EBRD-ის პროექტი კიდევ გრძელდება და კონსულტანტები განაგრძობენ საქმიან ვიზიტებს”, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში, რომელიც “მარკეტერ”-ზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
2. კომპანიამ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც გერმანიაში სამუშაო ვიზიტით ჩავლენ, ბერლინში ფართი იქირავა. “ლივინგსტონში” განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია კომპანიის საერთაშორისო გუნდად ჩამოყალიბებისთვის და უცხოურ ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირისთვის.
“ჩვენი პირობა ასეთია: იპოვნე ბერლინში პროფესიული ვორქშოფი, კონფერენცია, ფესტივალი, სემინარი და შენს ბერლინურ მოგზაურობას ბინით ჩვენ უზრუნველვყოფთ. გარდა ამისა, ჩვენი კოლეგების დახმარებით, ვაპირებთ მოვიძიოთ სტაჟირებები, რათა “მაღლამფრენი ლივინგსტონელები” რამდენიმე ხნით გადავნერგოთ ბერლინურ სააგენტოებში. ასევე, უკვე დაგეგმილია უცხოელების სტაჟირებები ჩვენთანაც. მოკლედ, ჩვენი გათვლაა გავაჩინოთ რაც შეიძლება მეტი თვითგანვითარების პრაქტიკული წყარო, აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება მრავალფეროვანი გამოცდილებები”- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
“ლივინგსტონი” 2010 წელს დაარსდა და დღეისთვის 100-ზე მეტი ჯილდო აქვს აღებული საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის Cannes Lions, Eurobest, LIA, Golden Drum, Golden Hammer და სხვ.
ავტორი: ქეთი მელქაძე