ევროპული ფინანსური მხარდაჭერით (Credit Line) 111 ადგილობრივი ბიზნეს პროექტი დაფინანსდა
2016 წლიდან საქართველოში დაიწყო EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროექტი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და EBRD-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა, რომლებსაც სურთ საკუთარი პროდუქციის წარმოების მასშტაბების გაზრდა, სტანდარტების გაუმჯობესება, ევროპულ ბაზრებზე გასვლა, გამოშვებული პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება.
EU4Business-EBRD-ის ფინანსურმა მხარდაჭერამ ბიზნესს საშუალება უნდა მისცეს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აძლევს.
პროგრამის ფარგლებში ფინანსური რესურსი ორმა ქართულმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა" და „თიბისი”-მა უკვე მიიღეს. ამ თანხიდან „საქართველოს ბანკმა" 50 მილიონი დოლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე უკვე გაასესხა. „თიბისი”-სთვის 60 მილიონი დოლარია გამოყოფილი და პროექტის ფარგლებში ბანკი ბიზნესს ერთი წელი კიდევ დააფინანსებს. პროგრამაში მაისიდან ჩაერთვება „პროკრედიტბანკი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესზე 10 მილიონ ევრომდე თანხას გაასესხებს.
პროგრამას საკმაოდ მოქნილი სტრუქტურა აქვს, შესაბამისად ის მოიცავს რამდენიმე ქვეპროგრამას:
- LET- დასაშვები ტექნოლოგიების სია. პროგრამა გათვლილია იმ კომპანიებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ, შეიძინონ 300,000 ევრომდე საინვესტიციო ღირებულების მანქანა-დანადგარები და მიიღონ 10% -იანი წამახალისებელი გრანტი.
- მარტივი პროექტი. პროგრამის ეს კომპონენტი არის გამარტივებული მიდგომა, რომელიც ექსკლუზიურად განკუთვნილია იმ ინვესტიციებისთვის, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ასოცირებული შეთანხმების (DCFTA/AA) შესაბამისად, მიზნად ისახავენ ევროკავშირის სანიტარული და ფიტო-სანიტარული, ან საკვების უვნებლობის ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების გაუმჯობესებასა და ევროსტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანას. ინვესტიციის ოდენობა განისაზღვრება 300,000 ევრომდე, ხოლო საგრანტო წახალისება სესხის 15%-მდე ოდენობით.
- კომპლექსური პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესები ბანკიდან აღებული კრედიტის თანხის 10-დან 15%-მდე ევროკავშირისგან ე.წ. Cashback-ით დაიბრუნებენ გრანტის სახით. ეს ამ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა და ამას ემატება ისიც, რომ ევროპული ბიზნესსესხის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ და მიიღონ მხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიებსა და დანადგარებში ინვესტიციის განსახორციელებლად, რათა უფრო მარტივი გახადოს ევროდირექტივებთან ბიზნესის შესაბამისობა.
EU4BUSSINESS/EBRD-ის Credite Line პროექტის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლითაც შეჯამებულია 2018 წლის პირველ თებერვლამდე განხორციელებული პროექტების რაოდენობა და ღირებულება:
წყარო: http://www.eu4business-ebrdcreditline.ge/
დაფინანსებული პროექტების საერთო რაოდენობა 111-ია, პროექტების ჯამური ღირებულება კი 57.24 მილიონი ევრო. 57.24 მილიონიდან ქართულ კომპანიებს, დაახლოებით 7.2 მილიონი ევრო Cashback-ით უკან დაუბრუნდა.
ასევე, ცნობილი ხდება უკვე დაგეგმილი პროექტების რაოდენობა და ჯამური ღირებულება. პროექტის ფარგლებში უკვე არსებობს 13 დასაფინანსებელი პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 14.37 მილიონი ევროა. ამ ჯამური ღირებულებიდან, კი საშუალოდ 2 მილიონი ევროს გრანტის სახით მიიღებენ პროექტის ბენეფიციარი ქართული კომპანიები.
იმ სამწუხარო მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ქართულ მცირე და საშუალო კომპანიები ვერ ახერხებენ იაფი ფინანსური რესურსების მოძიებას, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროექტი მათთვის მნიშვნელოვან და ფინანსურად საინტერესო შესაძლებლობას წარმოადგენს. Eugeorgia.info შემდეგ სტატიებში განაგრძობს ამ პროექტის ეფექტურობაზე მსჯელობას და განიხილავს იმ კომპანიების მაგალითებს, რომლებიც უკვე გახდნენ ან მომავალში გახდებიან პროექტის ბენეფიციარები.