კოოპერატივი „კონა“ ევროკავშირში ბალახეული ჩაის ექსპორტს ახორციელებს
ალი და ნინო, ზენა, აღმოსავლური ზღაპარი, ცია, ნაინა, მარადიული გაზაფხული - ეს ბალახეული ჩაის კომპოზიციებია, რომლებიც „კონა“-ს ბრენდული დასახელებით საქართველოდან ლატვიასა და ჰოლანდიაში შედის. სანამ ექსპორტზე გავიდოდნენ, კოოპერატივ „კონა“-ს წევრებს თავდაპირველად იდეა და მუჭა-ნახევარი ბალახეული ჩაის თესლი ჰქონდათ. კარგად დამუშავებული იდეის წყალობით 7 ათასი ევროს ოდენობის გრანტი მოიპოვეს, რითაც უკვე 2016 წლის გაზაფხულზე ინტენსიური ბაღისა და პატარა საწარმოს შექმნა შეძლეს. ერთ წელიწადში კი წარმოება 23 %-ით გაზარდეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევში ჩაისთვის საჭირო არომატული ბალახები - მელისა (ბარამბო), ლიმნის ქონდარი, ბაზილიკი, ბალბა (Malva), სამფერა ია (viola tricolor), მაროკოული პიტნა და სხვა ეგზოტიკური მცენარეები მოჰყავთ. ასევე ველურად მზარდ თავშავას, კრაზანასა და ასკილსაც აგროვებენ.
დაარსებიდან მცირე ხანში „კონა“ ჩაის და ბალახეული კომპოზიციების პრემიუმ ხარისხის ქართული არაინდუსტრიულ ბრენდად იქცა. წარმოებაში ძირითადად 4 კოლექციაა ჩაშვებული (Wellness collection, Herbal Zen collection, Guria Grand Cru Collection, Epicurean Collection). „კონა“ ბაზარზე ერთი წლის წინ 12 სახეობის ჩაით გამოვიდა.
„ოქსფამ საქართველო“ იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც იდეა მოიწონა და კოოპერატივის წარმომადგენლების შესაძლებლობების ირწმუნა. სწორედ ამიტომ ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობა დაიგეგმა. საგრანტო განაცხადი 2014 წლის შემოდგომაზე შეიტანეს. პროექტი მცირებიუჯეტიანი იყო (7000 ევრო), მაგრამ ინტერესი გამოიწვია და 2016 წლის გაზაფხულზე უკვე ინტენსიური ბაღებიც ჰქონდათ და მცირე საწარმოს მოწყობაც შეძლეს. ამ საწარმოში შრობა, კალიბრირება, კუპაჟირება და პროდუქციის შეფუთვა მიმდინარეობს.
გარდა იმისა, რომ ENPARD-ის გრანტით ლავრისხევში საწარმოს მოწყობა-აღჭურვა და არამოტული მცენარეების ბაღისათვის წვეთოვანი სისტემის მოწყობა შეძლეს, „ოქსფამი“-ს პარტნიორი „ელკანა“-სგან საკონსულტაციო მხარდაჭერაც მიიღეს. კერძოდ: ბიზნესგეგმის მომზადება, კოოპერატივის ფინანსური და ადმინისტრაციული მართვის საკითხები, სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, არომატული ბალახების მოვლა-მოყვნა და ევროკავშირის ბაზარზე ექსპროტის რეგულაციებში კონსულტაციები კოოპერატივის განვითარებისთვის უმნიშვნელევონესი აღმოჩნდა.
„კონა“ არის სურნელის, გემოს, ვიზუალის, ხარისხის და ამბის კომბინაცია. ვუფრთხილდებით გარმოს, ჩვენი პროდუქცია ბიოდეგრადირებადი მასალით შეფუთულია. „კონა“ ფასეულობაზე დაფუძნებული ბრენდია. გემრიელი - მათთვის, ვისაც უყვარს სიამოვნება, სასარგებლო - მათთვის, ვინც მისდევს ჯანმრთელ ცხოვრების წესს, ხარისხიანი - მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, ცოტაა - რადგან რაც ძალიან კარგია, ბევრი ვერ იქნება“ , - ამბობს კოოპერატივის წევრი ნატალია ფარცხალაძე.
ამჟამად „კონა“ კოოპერატივის 5 წევრის გარდა 4 ადამიანსაც ასაქმებს. ბაზარზე გამოსვლიდან ერთი წლის თავზე გაყიდვების 23-ჯერ გაზრდის შემდეგ, მომავალ წელს მიმდინარე მოცულობის გაორმაგებას ელოდებიან, რადაგან მათ ჩაიზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე მზარდია. „კონა“ საიმედო პარტნიორი და დამატებითი შემოსავლის წყაროა სხვა კოოპერატივებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი ჩაი მთელი საქართელოს გემოებს მოიცავს. „თიანეთის ნობათი“ - თიანეთიდან, „არაგველები“ - ხევსურეთიდან, ასევე ფერმერები სამეგრელოდან, ლეჩხუმიდან, კახეთიდან და გურიიდან ნედლეულის მიმწოდებლები არიან.
ENPARD-ის დახმარებით „კონა“-ს ონლაინ მაღაზიაც www.kona.bio აქვს, რომლითაც უკვე სარგებლობენ თბილისშიც და რეგიონებშიც. „ბადაგი“, „ჩაიმანია“, „გემორჩეული“, „ჩიზქორნერი“, „ფრომაჟერი“, „ქართული კალათა“, „არისტეუსი“, „შავი ლომი“, „ლეილა“, „ტაბლა“ და „ანდროპოვი“ ის ობიექტებია, სადაც ამჟამად „კონა“-ს ჩაის დაგემოვნებაა შესაძლებელი. მათი ჩაი მალე „ფაბრიკასა“ და „რედისონშიც“ გამოჩნდება.
ბაზარზე გამოჩენიდან ერთი წლის თავზე, კონა კრეატიულ სიახლეს სთავაზობს ჩაის მოყვარულებს , კერძოდ 12 სხვადასხვა ყვალვილით დამშვენებულ ხელნაკეთ ერთჯერად ტომრებს. ეს ლიმიტირებული კოლექციაა, როგორც კოოპერატივის წარმომადგენლები ამბობენ „მაღალი მოდა (Haute couture) ჩაიში“. ეს ახალი პროდუქტი კონას კრედოს გაგრძელებაა - Pauca sed bona ასეთი წარწერაა გაკეთებული შეფუთვაზე, რაც ნიშნავს - ცოტა, მაგრამ საუცხოო.
კიდევ ერთი შემოქმედებით მიდგომა არის „კონა კუბი“. ეს ჩაისა და თამაშის შერწყმაა. უნიკალური დიზაინის ერთჯერადი ჩაის პაკეტი, რომელიც მომხმარებლის ჭიქას თავსახურად ეფინება.
წარმატებულ სტარტს სიძნელეებიც ახლავს. საქართველოში მრავალი არომატული მცენარის შეგროვების და მოყვანის ტრადიცია არ არის, შესაბამისად ნედლეულის მოპოვების მასშტაბები ძალზე შეზღუდულია. ამას გარდა, ადგილობრივი წარმოების შესაფუთი მასალების არასებობა საცალო წარმოებას ძალიან აძვირებს, რადგან ამ კუთხით ძვირ იმპორტზე დამოკიდებულები არიან. ამასთან „კონა“, როგორც გადამუშავებული პროდუქციის მწარმოებელი კოოპერატივი, ვერ სარგებლობს კოოპერატივებისათვის დაწესებული საგადასახადო შეღავათებით. სირთულეების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე და ევროკავშირშიც სოფელ ლავრისხევიდან „კონა“-ს მრავალფეროვანი გემოები სიყვარულით იგზავნება.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე