თეთრიწყაროს ახალგაზრდები ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივად სხვადასხვა სფეროებში დასაქმდნენ
ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ოთხწლიანი ინოვაციური პროექტი დაიწყო, რომელსაც „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" ეწოდება. პროექტი ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის ახორციელებს(RDFG).
პროექტის ძირითადი მიმართულებებია:
- „ლიდერ“ მიდგომის საფუძველზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შექმნა (LAG), რომელიც ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მეშვეობით ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანას ისახავს მიზნად;
- თემის მიერ ინიცირებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
- მეწარმეობაზე ორიენტირებული ფინანსური მექანიზმების, დასაქმების მოდელებისა და გარემოსთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების შექმნა.
პროექტი გასულ წელს დაიწყო და კიდევ სამ წელს გაგრძელდება. დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა მარტში დასრულდა და შედეგად, რეგიონში მცხოვრები უმუშევარი ახალგაზრდები ადგილობრივად, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმდნენ.
LAG
ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. თეთრიწყაროს LAG-ი 2017 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. განვითარების ჯგუფი, ისევე როგორც მისი მმართველი საბჭო, ადგილობრივი საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ამ დროისათვის ჯგუფში 97 ადგილობრივია გაწევრიანებული. ჯგუფი დაკომპლექტებულია „ლიდერ“ მეთოდოლოგიის სექტორული გადანაწილების პრინციპის დაცვით და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების (სრული შემადგენლობის 46%), კერძო სექტორისა (სრული შემადგენლობის 16%) და ადგილობრივი ხელისუფლების (სრული შემადგენლობის 38%) სექტორულ ერთობას. რეგიონის საჭიროებების შესწავლის შედეგად, თეთრიწყაროს LAG-მა უკვე შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. სტრატეგიაში გამოკვეთილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელზეც LAG-ი პროექტის გუნდთან ერთად მუშაობს. გაცემული გრანტების შედეგად განხორციელებული პროექტებით ადგილობრივი მოსახლეობა თავადვე შეძლებს თეთრიწყაროს განვითარებაში წვლილის შეტანას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აპლიკაციების გადარჩევის პროცესი. გრანტებისთვის ჯამურად მილიონ 100 ათასი ევროა გამოყოფილი.
ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით გამოვლენილი პრიორიტეტული მიმართულებებია:
- გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება
- სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა
- სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
- სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია
დასაქმების პროგრამა (employment shuttle)
აღნიშნული პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამა ხორციელდება. დასაქმების პროგრამა წამოადგენსRDFG-ს მოდელს, რომელიც სამ კომპონენტს აერთიანებს:
- მოკლევადიანი (ორდღიანი) ტრენინგები სამუშაოს მაძიებელთათვის, რომლის მონაწილეებიც ორი დღის განმავლობაში ივითარებენ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ძიების პროცესში.
- ხუთთვიანი ინოვაციური დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 20 აქტიური და მოტივირებული სამუშაოს მაძიებელი მენტორის დახმარებით ერთიან გუნდად მუშაობს, რათა მოხდეს თითოეული მათგანის ინტეგრაცია შრომით ბაზარზე.
- დასაქმების ფორუმები
22 წლის ნინო მეტრეველი დასაქმების პროგრამის წარმატებული ბენეფიციარია. ნინო პროგრამაში ჩართვიდან ერთი თვეში საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამსახურში დასაქმდა.
„პროგრამამ მიმახვედრა, რომ სამუშაოს ძიების პროცესში უამრავ შეცდომას ვუშვებდი. მაგალითად, გასაუბრებაზე სათანადოდ მომზადებული არ მივდიოდი, CV-სა და სამოტივაციო წერილსაც არ ვწერდი სტანდარტების მიხედვით. სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარი თავისა და უნარების განვითარებაზე, მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროგრამებში და შედეგს აუცილებლად მიიღებენ“- ამბობს პროგრამის მონაწილე.
პროგრამის მონაწილეები ადგილობრივად როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმდნენ. პროგრამის მენტორები აღნიშნავენ, რომ პროგრამის მონაწილეთა ერთობა იმდენად ძლიერია, ისინი ერთმანეთის დასაქმებაზეც ზრუნავენ. ცხრილში წარმოდგენილია დასაქმებული პროგრამის მონაწილეები:
გარდა დასაქმების პროგრამისა, პროექტის ფარგლებში კიდევ 3 დამატებითი პროგრამის განხორციელება იგეგმება. ესენია: პროფესიული გადამზადების პროგრამა, ფერმერთათვის სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და ახალგაზრდა ფემრეთა ცენტრები.
ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები
ENPARD თეთრიწყაროს მეორე მიმართულებაა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები, რომლის შექმნა RDFG-ის მოდელს ეფუძნება და აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს. ფერმერთა ცენტრები ადგილობრივი სკოლების ბაზაზეა განთავსებული, სადაც ახალგაზრდები თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს ეცნობიან. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა დაინახონ საკუთარი მომავალი სოფელში და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. ახალგაზრდები სწავლობენ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას და ეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში.
ამჟამად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის ფარგლებში 4 ფერმერთა ცენტრი ფუნქციონირებს - სამღერეთში, ბოგვში, ხაიშსა და თეთრიწყაროს #2 სკოლებში; ასევე მიმდინარეობს 2 ახალი ცენტრის ჩამოყალიბება - ჭივჭავის და ირაგის საჯარო სკოლებში. პროექტის დასასრულს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 18 ფერმერთა ცენტრი იფუნქციონირებს.
***
ENPARD-ის ფარგლებში LAG-ების საპილოტე პროექტი ყაზბეგში, ბორჯომსა და ლაგოდეხში წარმატებით განხორციელდა. ცხრილში წარმოდგენილია ამ მუნიციპალიტეტებში პროექტის შედეგად დასაქმებულთა და ბენეფიციართა რაოდენობა.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფები თეთრიწყაროს გარდა საქართველოს კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში: ქედაში, ხულოში, ახალქალაქსა და დედოფლისწყაროში შეიქმნა.
პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ 2020 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ბიუჯეტი 2.4 მილიონ ევროს შეადგენს. ზოგადად, ENPARD-II-ის ბიუჯეტი 50მილიონი ევროა, აქედან სოფლის განვითარების მომსახურებების გაფართოების ხელშეწყობაზე 32 მილიონ ევრო დაიხარჯება.
ქეთი მელქაძე