Stopline.ge – ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების პირველი პლატფორმა საქართველოში
ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, იზრდება კიბერ ბულინგის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებისა თუ სექსუალური შევიწროების საფრთხეც. ამ ყველაფრის თავიდან აცილების მცდელობამ, პრობლემური კონტენტის აკრძალვის მეშვეობით კი, შესაძლოა, ცენზურის დაწესებამდეც მიგვიყვანოს. გამოსავალი, ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის იმ მექანიზმების გაცნობაა, რომლებითაც თავად შეძლებენ არასრულწლოვნების დაცვას. სწორედ ამიტომ, იქმნება პლატფორმა, რომელიც ბავშვებს, მოზარდებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარებაში დაეხმარება. Stopline.ge სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორიო ორგანიზაციებს დააკავშირებს ერთმანეთთან. როგორ გავხადოთ ინტერნეტი უსაფრთხო ბავშვებისთვის? – ამ კითხვაზე ყველა შესაძლო პასუხს მალე, სწორედ ამ პლატფორმაზე მიიღებთ.
Stopline.ge სამი მიმართულებით იმუშავებს:
- ცნობიერების ამაღლება – პლატფორმის სამიზნე აუდიტორია ოთხ ნაწილად იყოფა: ბავშვები და მოზარდები, მშობლები, მასწავლებლები და ოპერატორები – რაც სერვის და კონტენტ პროვაიდერებს მოიცავს. საიტზე განთავსდება საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაცია, ასევე, ევროკავშირის რეკომენდაციები ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩატარდება ფორუმები და საინფორმაციო შეხვედრები სკოლებში.
2. ონლაინ დახმარება – ყველას, ვისაც ინტერნეტ ქცევასთან დაკავშირებული დახმარების მიღება დასჭირდება, შეეძლება ონლაინ, ანონიმურად დაუკავშირდეს ფსიქოლოგებს და დახმარებაც ანონიმურადვე მიიღოს.
3. ცხელი ხაზი – მისი მეშვეობით მომხმარებლები, უშუალოდ, დანაშაულის შესახებ შეატყობინებენ პლატფორმას. ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება, ძალადობისკენ მოწოდება, კიბერ ბულინგი, სექსუალური შევიწროება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროება სწორედ ის საკითხებია, რომლის შესახებ ინფორმაციას საიტი მყისიერად გადასცემს შესაბამის ორგანოებს.
Stopline.ge მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ინიციატივითა და რესურსით შეიქმნა. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინტერნეტის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებში ცენზურის დაწესების რისკები დაინახეს. ორგანიზაციის დამფუძნებელი, უჩა სეთური ამბობს, რომ გამოსავალი არა აკრძალვა, არამედ საზოგადოების ინფორმირებაა: ,,ბავშვის უფლებაა, მიიღოს ინფორმაცია. მისთვის ყველა წყაროს გადაკეტვა არ არის სწორი, თუმცა, ფაქტია, რომ მოქმედება საჭიროა. პლატფორმა კეთდება იმისთვის, რომ ონლაინ ცენზურა არ დაწესდეს. აკრძალვებზე ეფექტური არის ცნობიერების ამაღლება. ინტერნეტის რეგულირების შესახებ ინიცირებული კანონპროექტები ცენზურის რისკებს შეიცავდა. ეს არ უნდა მოხდეს, ეს არის არასწორი მიდგომა. სჯობს თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად მივუდგეთ.“
უჩა სეთური დარწმუნებულია, რომ პლატფორმის წარმატებული ფუნქციონირების ერთ–ერთი გარანტი პრობლემის შესახებ ანონიმურად საუბარია: ,,როცა რამე ისეთი, ხდება, რაც არღვევს შენს უფლებებს, როცა საქმე კიბერ ბულინგს ეხება, მაგალითად, ძალიან რთულია, რომ ბავშვი მივიდეს მასწავლებელთან და ეს ყველაფერი უთხრას, ან თუნდაც მშობელთან და მით უმეტეს, პოლიციაში. ამ დროს მას სჭირდება რაღაც შუა რგოლი, ვისაც ანონიმურად შეატყობინებს პრობლემის შესახებ და რეაგირებასაც ანონიმურად, მყისიერად მიიღებს. Stopline.ge ეს იქნება რგოლი, რომლის ნდობა ყველას შეეძლება, სწორედ ანონიმურობის გარანტიების გამო.’’
უჩა სეთური აქცენტს მშობლების როლზეც აკეთებს. მისი თქმით, ბავშვების ხელმისაწვდომობა პრობლემურ კონტენტზე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აკონტროლებენ მათ მშობლები. ასევე, არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსგავსი პლატფორმა ქვეყანაში მხოლოდ ერთი იყოს, რადგან მომხმარებლები არ დაიბნნენ და ერთსა და იმაზე თემაზე, სხვადასხვა ინფორმაცია არ მივიდეს საზოგადოებამდე.
უსაფრთხო ინტერნეტის პლატფორმაში ჩაერთვება ეკონომიკის სამინისტრო, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, განათლების სამინისტრო, ევროსაბჭო, იუნისეფი, ინტერნეტ საზოგადოების წარმომადგენლობა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ რგოლების ერთმანეთთან დაკავშირების შემდეგ, შეიქმნება საბჭო, შესაბამისი კვოტებით, გადანაწილდება ფუნქციები, შემდეგ კი ბორდი პლატფორმასთან დაკავშირებულ პროცესებს წარმართავს.
მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას მიაჩნია, რომ პლატფორმის ფუნქციონირების მთავარი პლუსი ინტერნეტზე ცენზურის არდაწესება იქნება: ,,ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ინტერნეტი არის თავისუფალი. ჩვენ არ ვართ მომხმარებლები, რომლებმაც, არ ვიცით, რას ვუყუროთ. ჩვენ ვართ მომზადებული საზოგადოება, რომელიც ინტერნეტს უსაფრთხოდ, ცენზურის დაწესების გარეშეც მოიხმარს,“ – ამბობს უჩა სეთური.
Stopline.ge ამჟამად, მზადების პროცესშია. ახლა მთავარი სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმის გაფორმებაა, შემდეგ დასრულდება საიტი და ფუნქციონირებას დაიწყებს პირველი და უნიკალური პლატფორმა საქართველოში, რომლების არასრულწლოვნებს ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარებაში დაეხმარება და დაიცავს მათ უფლებებს ვირტუალურ სამყაროში.
მაია ჭანტურიძე