“ანოს სვით ქორნერი” - ყაზბეგის LAG-ის პროექტით დაფინანსებული კაფე ტურისტებს იზიდავს
“ანოს სვით ქორნერი” ყაზბეგში მდებარე კაფე-სანაყინეა, რომელიც ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ფარგლებში დაფინანსდა. კაფეს დამფუძნებლმა, მაია ბულაშვილმა LAG-ის პროექტის შესახებ ინტერნეტით შეიტყო და გადაწყვიტა ბედი ეცადა:
“2016 წელს სტუმრები მყავდა ევროპიდან, წავიყვანე რუმსში, თუმცა ადგილი არ იყო და ვერ შევედით. ვერც ახლომახლო ვიპოვეთ ჩვენთვის სასურველი ადგილი. რაღაცნაირად გული დამწყდა, რომ ჩემს სტუმრებს ისე ვერ ვასიამოვნე, როგორც მე მინდოდა. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ კარგი იქნებოდა გამეკეთებინა მყუდრო კაფე, სადაც შეიძლება შეხვიდე მეგობრებთან ერთად. გადავწყვიტე დამეწერა პროექტი, იქამდე კი სატელეფონო გამოკითხვა ჩავატარე და გამოვიკვლიე როგორი ტიპის კვების ობიექტს ანიჭებდნენ ქართველები უპირატესობას, როცა ჩადიოდნენ ყაზბეგში, საერთოდ ჩადიოდნენ თუ არა და ა.შ. პროექტის სამი ეტაპი გავიარე, საბოლოოდ დამაფინანსეს და ასე შეიქმნა კაფე “ანოს სვით ქორნერი”- ჰყვება თავის ისტორიას მაია ბულაშვილი eugeorgia.info-სთან.
კაფეს პროექტის ჯამური ღირებულება 25 ათასი ლარია, საიდანაც 30% დამფუძნებლის თანამონაწილეობაა. პროექტის ფარგლებში შეიძინეს დანადგარები, სკამები, ქოლგები, დამზადდა კაფეს კონსტრუქცია და მოეწყო ეზო, დასაქმდა სამი ადამიანი. “ანოს სვით ქორნერი” გასული წლის 24 აგვისტოს გაიხსნა და სეზონის ბოლომდე წარმატებით იმუშავა. კაფეს ერთადერთი პრობლემა სეზონურობაა, რის გამოც ოქტომბრიდან მაისამდე დახურულია. თუმცა, ივნისი-სექტემბრის პერიოდში კაფეს აქტიურად სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები.
მომავალში კაფე “ანოს სვით ქორნერი” საკუთარი ნაყინის წარმოებას და შესაბამისი დანადგარების შეძენას გეგმავს.
მაია ბულაშვილს მიაჩნია, რომ ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივების ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, იმისათვის, რომ ადგილობრივად განავითარონ თავიანთი ბიზნესი და მიიღონ სტაბილური შემოსავლები:
“გრანტით ძალიან კმაყოფილი ვარ. რომ არა ეს დაფინანსება საკუთარი რესურსით ნამდვილად ვერ შევძლებდი ამდენის გაკეთებას. ზოგადად, LAG-ის პროექტმა ბევრი რამ შეცვალა რეგიონში. პირველ რიგში შეიცვალა ადამიანების აზროვნება, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და ფიქრობენ, რომ ბევრი რამ მათთვის შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ყაზბეგში LAG შეიქმნა, უკეთესობისკენ შეიცვალა ადგილობრივების ცხოვრება”- ამბობს მაია ბულაშვილი.
ENPARD-ის საპილოტე პროგრამა პირველად ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ამოქმედდა. ბორჯომში აღნიშნულ პროგრამას ორგანიზაცია “მერსი ქორფსი”, ყაზბეგში “ადამიანი გაჭირვებაში”, ლაგოდეხში კი “ქეა საერთაშორისო სამხრეთ კავკასიაში” უძღვებიან და ის ევროკავშირის “ლიდერის” მეთოდოლოგიით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, PIN-ის მიერ განხორციელდა აქტიური საინფორმაციო კამპანია, ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) და შემუშავდა მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მომდევნო ეტაპზე, სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, PIN-ის მიერ გამოცხადდა საგრანტო კონკურსი. ამ დრომდე სულ ყაზბეგში დაფინანსებულია 96 ინიციატივა, რომელთაგან 62 დაფინანსდა LAG-I-ის, ხოლო 34 LAG-II-ის ფარგლებში. რაც შეეხება მიმართულებებს დაფინანსებული პროექტებიდან 21 წარმოადგენს სოფლის მეურნეობას, 26 -ტურიზმს, ხოლო დანარჩენი 49 არის როგორც სათემო პროექტები, ისე სხვადასხვა ბიზნეს ინიციატივები. ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1,198,802 ევროა. LAG-I 2017 წელს დასრულდა, ხოლო LAG-II 2019 წლის წლის აპრილამდე გაგრძელდება.
ქეთი მელქაძე