ქვეყანაში ხარისხიანი თაფლის დეფიციტია
„ვისაც თაფლის ექსპორტის საშუალება გვაქვს, გაჩერებული ვართ"
ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 21 ტონა თაფლი გავიდა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველზე მაღალი მაჩვენებელია. 17,7 ტონის ექსპორტი აზერბაიჯანში მოხდა, რაც მთლიანი საექსპორტო მოცულობის 85%-ია(2017 წელს აზერბაიჯანში ექსპორტი 2,2 ათასი ტონა იყო). მცირე რაოდენობით თაფლი გავიდა ირანში, ჰონგ კონგში, ერაყში, ყატარში. იაპონიაში შარშან ქართული თაფლი არ გაყიდულა, განსხვავებით 2017 წლისგან, როცა ექსპორტზე 1 ტონა პროდუქტი გაიტანეს.
საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში აღარ არის თურქეთი, რომელიც წლების განმავლობაში ქართული თაფლის რეალიზაციის ძირითად ბაზარს წარმოადგენდა. ოფიციალური ექსპორტის გარდა ქართული თაფლი თურქეთში კონტრაბანდული გზითაც ხვდებოდა. მას შემდეგ, რაც თურქეთის ხელისუფლებამ თაფლის ქვეყანაში შეტანა აკრძალა, ქართველმა მწარმოებლებმა გასაღების ეს ბაზარი დაკარგეს.
ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტმა 2018 წელს მხოლოდ 134,2 კილოგრამი შეადგინა. 2017 წელს კი თაფლის ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. წელს იანვარში კი ორმა ქართველმა მწარმოებელმა გერმანიაში დაახლოებით 200 კილოგრამი თაფლი გაყიდა. გიორგი იაშვილმა და ვახტანგ ღლონტმა საკუთარი პროდუქტი საერთო „TAPLI“-ის ბრენდის ქვეშ გაიტანეს. თაფლის მორიგ პარტიას გასაგზავნად ისინი 20 აპრილისთვის ამზადებენ. გერმანიაში ამჯერად 1 ტონამდე თაფლი გაიგზავნება.
ვახტანგ ღლონტს საოჯახო მეურნეობა გურიაში აქვს, სადაც სკებიდან წელიწადში 5 ტონამდე თაფლს იღებენ. ადრე პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. ახლა მათი სამიზნე ევროკავშირის ბაზარი გახდა.
„ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, მაღალი ხარისხის თაფლი რომ მიგვეღო, რომელიც არ იქნებოდა დაბინძურებული. gtz-მა ჩამოიყვანა ჩვენთან ექსპერტები, რომლებიც ფუტკრის მოვლის ტექნოლოგიას გვასწავლიდნენ, როგორ მომხდარიყო ფიჭების ჩანაცვლება, თაფლის ე.წ. დაკუპაჟება, ტექნოლოგიური პროცესის დახვეწა, რომ მიგვეღო ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ევროპაში მაღალი სეგმეტის ბაზარზე შევიდოდა. თაფლი თანამედროვე ევროპული წესით მივიღეთ. ჩვენი თაფლი მოეწონათ და საკმაოდ დიდ ოდენობაზე არის მოთხოვნა. ამ ეტაპზე არ გვაქვს ამდენი. მაგრამ გადავწყვიტეთ ფერმერები გავაერთიანოთ, ვასწავლოთ მათ რა ტექნოლოგიით მოუარონ ფუტკარს და შემდეგ თაფლი ერთობლივად გავიტანოთ ევროპაში. ჯერ ეს ვერ მოხერხდება, რადგან ის მეთოდები, რასაც ადგილობრივი ფერმერების დიდი ნაწილი იყენებს, ევროპული მოთხოვნებისგან განსხვავდება. აღჭურვილობა, რაც ფერმერებს აქვთ, სტანდარტებს არ შეესაბამება, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები არ იციან, დაკუპაჟების და ანალიზის აღების ტექნოლოგია ევროპულისგან განსხვავდება. ისევ არის ანტიბიოტიკების პრობლემა. ფერმერები არარეგისტრირებულ პრეპარატებს იყენებენ. ბევრმა ეს პრეპარატები ამოიღო მოხმარებიდან, მაგრამ ის მაინც არის ჩარჩოებში დარჩენილი, რაც თაფლს აბინძურებს. მწარმოებლებმა რომ შეძლონ თაფლის ევროპაში გატანა, პრეპარატები შესაბამისი დოზით და სწორ დროს უნდა გამოიყენონ, როგორც ეს მითითებულია პრეპარატის ანოტაციაში, უნდა მოხდეს ჩარჩოების ჩანაცვლება და რაც მთავარია, ფუტკარი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში უნდა ჰყავდეთ”,- ამბობს ვახტანგ ღლონტი.
გიორგი იაშვილს მეურნეობა რაჭაში აქვს, ამბროლაურში. ის ცაცხვის თაფლს აწარმოებს. შარშან 10 ტონამდე პროდუქტი მიიღო. აქედან 980 კილოგრამი, რაც გერმანიაში საექსპორტოდ იყო განკუთვნილი, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ დაილუქა.
„ექსპერტები ბავარიიდან რამდენჯერმე ჩამოვიდნენ. ისინი მთლიან პროცესს უწევდნენ მონიტორინგს, სკიდან საწარმომდე. თაფლი შესამოწმებლად გერმანიაში გაიგზავნა, სადაც ლაბორატორიული შემოწმება წარმატებით გაიარა. მომავალში საექსპორტო თაფლის შემოწმება ასევე ევროპის ლაბორატორიაში მოგვიწევს. საქართველოში არსებული სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას მხოლოდ წინასწარი შემოწმებისთვის გამოვიყენებთ, ის არის ერთგვარად პირველი ფილტრი, იმის გასაგებად, რომ თაფლი დაბინძურებული არ არის. გერმანიიდან არის მოთხოვნა თაფლზე, მაგრამ ვერ დავაკმაყოფილებ, რაც არ უნდა ბევრი მოვიწიო, ამიტომ აუცილებელია, მეფუტკრეთა გაერთიანება. ბევრ ფერმერს აქვს სურვილი შემოგვიერთდეს, მაგრამ მათ მეურნეობებს ჯერ მონიტორინგი უნდა გავაკეთოთ”,-ამბობს eugeorgia.info- თან საუბრისას გიორგი იაშვილი.
მწარმოებლებს თაფლის რეალიზაცია უჭირთ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში თაფლის წარმოებამ 2,5 ათასი ტონა შეადგინა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 2,1 ათასი ტონა იყო. თუმცა, ეს ზუსტი მონაცემები არ არის. ქვეყანაში დაახლოებით 2-ჯერ მეტი თაფლი იწარმოება, მაგრამ მისი ზუსტი აღრიცხვა არ ხდება. მას შემდეგ, რაც თურქეთში თაფლის არალეგალური ექსპორტი შეწყდა, ქართველ მეფუტკრეებს რეალიზაცია გაუჭირდათ. როგორც მწარმოებლები ამბობენ, ექსპორტის აკრძალვას ლარის კურსის ვარდნა და ინფლაცია დაემატა, რამაც თაფლის მოხმარება შეამცირა. ბევრი მწარმოებელი მის რეალიზაციას ვერ ახერხებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თაფლის წარმოება თანდათან იზრდება, ადგილობრივი ფერმერებისთვის შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი პროდუქტის ექსპორტზე გატანაა. ამისთვის კი მათ ხარისხიანი თაფლის წარმოებაზე უნდა იზრუნონ.
ორგანიზაცია „ფუტკარა” -ს საქართველოდან თაფლის ექსპორტის დიდი გამოცდილება აქვს. მას ადგილობრივი მწარმოებლებისგან შესყიდული თაფლი ექსპორტზე უმეტესად აზიის ქვეყნებში გააქვს. „ფუტკარას” ხელმძღვანელი მიხეილ თეთრუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში ექსპორტის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ამაში უამრავი პრობლემა უშლის ხელს.
„ვისაც გვაქვს თაფლის ექსპორტის საშუალება, გაჩერებული ვართ. რამდენიმე მეფუტკრემ გაიტანა ევროპაში თაფლი, არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ მხოლოდ მისი მოსავალი და მცირე რაოდენობით. მათ იცოდნენ, რომ მისი თაფლი ხარისხიანი იყო, არ იყო დაბინძურებული. მე კი, გარანტია არ მაქვს, რომ ფერმერებისგან მიღებული თაფლის ნიმუშებში ნარჩენები არ აღმოჩნდება. ექსპორტს რეგულარული ხასიათი თუ არ მიეცა, ეს არ იქნება ბიზნესი. წინა წლებში 20 ტონაზე მეტი თაფლი გავიტანეთ აზიის ქვეყნებში. თუმცა, შემდეგ თაფლის დაბინძურების რისკის გამო გავჩერდით.
ბიზნეს- ოპერატორი ვარ, მაქვს საწარმო, შემიძლია თაფლი მთელი ქვეყნის მასშტაბით შევიძინო, მაგრამ ექსპორტზე რომ წავიღო, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდები. ევროპულ ლაბორატორიაში ანალიზის ჩატარება 1000 ევროზე მეტი ჯდება და შეიძლება ეს თანხა წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს. არადა, მინდა პროდუქტი რეგულარულად გავიტანო. შემსყიდველი უწყვეტი მიწოდების პირობას გვიყენებს, რომ დახლზე ქართული თაფლი მუდმივად იყოს. თუ თაფლს ევროპაში გავიტან, გერმანიის ან საფრანგეთის ლაბორატორიაში უნდა შევამოწმებინო. ხელისუფლებას შეუძლია დაგვეხმაროს, რომ ჩვენ ლაბორატორიაში რა კომპონენტზეც მოწმდება, იმ ანალიზის საფასური ნაწილობრივ მაინც დაგვიფინანსოს. წინასწარ მაინც ვიცოდეთ, რომ თაფლში დაბინძურება არ არის. ამის შემდეგ მას ევროპის ლაბორატორიაში უფრო დაზღვეულები გავგზავნით.
თაფლის სისუფთავე მხოლოდ ექსპორტისთვის არ უნდა გვინდოდეს. პირველ რიგში, შიდა ბაზარზე, ჩვენ მომხმარებელზე უნდა ვიფიქროთ. დღეს საქართველოში არ არის მეწარმე, რომელსაც საკუთარი ფინანსებით თაფლის ლაბორატორიაში შემოწმება შეძლოს. ამაშიც მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ბაზარი გაჯერებულია რისკის შემცველი თაფლით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დაბინძურებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში გაგზავნილ ბევრ ნიმუშში ნარჩენები აღმოჩნდა.
გვინდა ევროპულ სტანდარტების შესაბამისი თაფლის გადამამუშავებელი საწარმო გვქონდეს, სადაც მოხდება გადამუშავება, ერთგვაროვანი თაფლის მიღება, სტანდარტიზაცია, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვით მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა. აქვე უნდა მოხდეს დაფასოება, და ქართული ეტიკეტით გატანა. საწარმოს ვაკეთებთ, რომელსაც ISO სტანდარტი ექნება, მომზადებული რომ დავხვდეთ იმ პერიოდს, როცა შიდა ბაზარი ევროპაში ექსპორტისთვის მზად იქნება, -ამბობს eugeorgia.info- საუბრისას „ფუტკარას” ხელმძღვანელი მიხეილ თეთრუაშვილი.
ანტიბიოტიკების გამოყენება კვლავ პრობლემად რჩება
ანტიბიოტიკები თაფლისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ევროპის ლაბორატორიაში გაგზავნილი ქართველი მწარმოებლების ნიმუშების 50% -ში სწორედ ანტიბიოტიკების ნარჩენები აღმოჩნდა. ქვეყანაში ანტიბიოტიკების იმპორტი უკვე აიკრძალა, ხოლო ვისაც უკვე შემოტანილი აქვს, მან 2020 წლამდე უნდა გაყიდოს. თუმცა, არიან ფერმერები, რომლებიც ანტიბიოტიკებს აქტიურად იყენებენ. ანტიბიოტიკები, უმეტესად მეტრონიდაზოლი, ე.წ. „ამერიკული სიდამპლის" წინააღმდეგ გამოიყენება. ეს დაავადება ფუტკრისთვის ძალიან საშიშია, სწრაფად გადადის და ეპიდემიის სახე შეიძლება მიიღოს. განვითარებულ ქვეყნებში დაავადებულ სკას წვავენ, ხოლო საფუტკრეში ცხადდება კარანტინი. საქართველოში მეფუტკრეს არ აქვს დაზღვევა და ცხადია, მას ზარალის არავინ აუნაზღაურებს. ამიტომ მწარმოებლები თავის დაცვის მიზნით ფუტკარს ანტიბიოტიკით კვებავენ.
„ბევრი მეფუტკრე აღარ იყენებს ანტიბიოტიკს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მაინც მივცემ, რადგან მეშინია დაავადების. მათ ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ იყიდონ ანტიბიოტიკი. სუბსიდირებები ამ მიმართულებითაც არის საჭირო. როცა შეზღუდვას აწესებენ, სანაცვლოდ მეფუტკრეს რაღაც დამცავი მექანიზმი უნდა შესთავაზონ. კარგი იქნება, მათ ამერიკული სიდამპლის გამზომი ხელსაწყოები დაურიგონ. სამწუხაროდ, არ გვყავს პროფესიონალი ვეტერინარები. საკონსულტაციო ცენტრებში მეფუტკრეობის კუთხით განათლებული ვეტერინარები არ არიან. ფერმერი ფუტკრის ოჯახებს მუდმივად ამთაბარებს. მოსავლიან, ღალიან ადგილებში უამრავი საფუტკრე იყრის თავს. ერთი მოუწესრიგებელი ოჯახიც შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო. თუ სკები ვეტერინარის მიერ იქნება შემოწმებული და ექნება შესაბამისი ცნობა, გვეცოდინება, რომ ფუტკარი არის ჯანმრთელი. რომელიმე ერთი პრობლემის მოგვარება, შედეგს არ მოიტანს. საკითხების კომპლექსურად მოგვარება მოგვცემს მხოლოდ შედეგს.
საჭიროა, ფუტკრის ოჯახების პასპორტიზაცია, აღრიცხვა. მაგრამ მეფუტკრეები სკეპტიკურად უყურებენ აღრიცხვას, ეშინიათ მთავრობამ მერე გადასახადები არ დააკისროს. მათ უნდა აუხსნათ, რომ ეს მხოლოდ იმისთვის არის, რომ მომ სუფთა, ჯანსაღი პროდუქტი მივიღოთ”,- ამბობს მიხეილ თეთრუაშვილი.
ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.