Uvie's Berries ჟოლოსა და მაყვალს ფერმერებისგან შეისყიდის და ექსპორტზე გალფის ქვეყნებში გაიტანს
ხოლო ლურჯ მოცვს კომპანია ევროკავშირის ქვეყნებს მიაწვდის
რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა კენკრის მოყვანისას
ფერმერებმა მარწყვის პირველი მოსავალი უკვე მიიღეს. ამჟამად ისინი სხვა კენკროვანების რეალიზაციისთვის ემზადებიან. ჟოლოს მოკრეფა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით 15 ივნისიდან დაიწყება. ცოტა გვიან შემოვა მაყვალიც. ადგილობრივი კენკრის მწარმოებლები მოლაპარაკებებს უკვე დისტრიბუტორებთან აწარმოებენ. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ მყიდველებთან, რომლებიც საქართველოში მოწეულ კენკრას ექსპორტზე გაიტანენ.
ადგილობრივი ფერმერებისგან კენკრის შესყიდვას და ექსპორტს წელსაც აპირებს კომპანია Uvie's Berries. გასულ წელს კომპანიამ ლურჯი მოცვი გალფის ქვეყნებში(საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარი) გაიტანა. კომპანია წელსაც მზადაა ითანამშრომლოს ყველა ფერმერთან, ვინც ხარისხიან და სუფთა პროდუქციას მიაწვდის. ის ასევე განიხილავს შესაძლებლობას, რომ კენკრის მწარმოებლებს მისცეს შესაფუთი მასალები, ადგილზე გაუგზავნოს მანქანა-დანადგარები და მიავლინოს კონსულტანტები, რომლებიც აუხსნიან ფერმერებს, კენკრა როდის და როგორ უნდა მოიკრიფოს.
Uvie's Berries-ის დამფუძნებელი და დირექტორი ეკა ვეფხვაძე წლებია სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს და ამ სექტორში არსებულ პრობლემებსაც კარგად იცნობს. მას ექსპორტის შესახებ, ასევე, კენკრის წარმოებაში არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ:
-რამდენი და რა სახეობის კენკრა გაიტანეთ შარშან ექსპორტზე?
- შარშან 20 ტონა ლურჯი მოცვი გავიტანეთ გალფის ქვეყნებში. ხილის ნაწილი საკუთარი მოსავლი იყო, ნაწილი კი ადგილობრივი ფერმერებისგან შევისყიდეთ. ექსპორტს წელსაც ვგეგმავთ. ლურჯი მოცვის გარდა, გალფის ქვეყნებში ჟოლოს და მაყვალს გავიტანთ. ფერმერებთან წინასწარი შეთანხმება გვაქვს, მაგრამ ზუსტად რა რაოდენობის კენკრას შევიძენთ, ჯერ არ ვიცით. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი, რა ხარისხის მოსავალი ექნებათ.
ლურჯ მოცვის ექსპორტს წელს ევროკავშირის ქვეყნებშიც დავიწყებთ. ლურჯი მოცვი გურიაში 10 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. მოცვს დამატებით სხვა ფერმერებისგან შევიძენთ.
-ექსპორტის დროს მნიშვნელოვანი კომპონენტია კენკრის მიკრობიოლოგიური შემოწმება. საექსპორტო კენკრას სად ამოწმებთ, საქართველოში არსებულ ლაბორატორიაში თუ უცხოეთში?
- ჩვენს მიერ მოყვანილი მოცვის ნიმუშები ანალიზისთვის გერმანიაში გავაგზავნეთ საერთაშორისო სტანდარტის დანერგვისთვის აუცილებელი სრული სპექტრის კვლევაზე. კენკრას, რა თქმა უნდა, ადგილზე ამოწმებს იმპორტიორი ქვეყანაც, საკუთარ ლაბორატორიაში.
-თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი პრობლემები, რაც კენკრის წარმოებაში არსებობს?
- კენკრის წარმოებაში ძირითადი პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის არ არსებობა, ასევე, სამაცივრე მეურნეობის არქონა. მოსავლის შემდგომი მენეჯმენტის ტექნიკური ცოდნის ნაკლებობა, რაც ასევე, ბევრ სირთულეს ქმნის. რადგან მოსავლის არასწორად მოვლა- შენახვა ხილის ხარისხის და ვარგისიანობის ვადის მკვეთრ შემცირებას იწვევს. კენკრის მოყვანაზე დიდი პრობლემას მისი რეალიზება და მოსავლის მართვა წარმოადგენს. საქართველოში მოწეული კენკრის ოდენობა მცირეა დიდ ქსელებში შესაღწევად. გარდა ამისა, ნაკლებია წვდომა ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებულ სანერგეებთან.
- ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში კენკრის ბაღების გაშენება აქტიურად მიმდინარეობს. ბევრმა ფერმერმა გააშენა კენკრა. ჯერ კიდევ გასულ წელს ზოგიერთ მათგანს რეალიზაციის პრობლემა შეექმნა. ფერმერები ასევე დადგნენ მაცივრების პრობლემის წინაშეც.
-დიახ, კენკრის მასშტაბური გაშენება არც თუ დიდი ხანია დაიწყო, შესაბამისად, მოცვის ექსპორტისთვის საჭირო ტექნოლოგიების თუ გადამამუშავებელი და შემნახველი ობიექტების რაოდენობა ჯერ ძალიან მცირეა. რადგან დიდი ფართობის მქონე ფერმერების თუ კომპანიების რაოდენობა ძალიან ცოტაა, უმჯობესია, ადგილობრივმა მცირე ფერმერებმა საკუთარი მოსავალი ჩააბარონ ადგილობრივ საწყობს თუ გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც შემდეგ აღნიშნული პროდუქციის დახარისხებას და გაყიდვების ორგანიზებას მოახდენენ. მცირე ფერმერებისთვის ძალზედ რთულია საკუთარი სახსრებით და შესაძლებლობებით პროდუქციის ექსპორტი, მით უფრო ევროკავშირის ქვეყნებში. მათ კენკრის გატანა გაუჭირდებათ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე. მით უმეტეს, სანამ არ დანერგავენ GLOBAL GAP-ის სტანდარტს.
ნაკლები რესურსების არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია, კენკრის მოკრეფა, დაფასოება, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი მოხდეს პირდაპირ ბაღში, თუმცა, ასეთ შემთხვევებში არსებობს რისკები, რომ პროდუქტის უსაფრთხოების და ხარისხის თვალსაზრისით ბევრი ხარვეზი გაიპაროს.
-რამდენად აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის შანსი საქართველოში მოყვანილ კენკრას?
- ევროკავშირის მოთხოვნები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, როგორც გადაუმუშავებელი, ასევე გადამუშავებული პროდუქციის მიმართ. არსებობს მოთხოვნები, რომელიც უშუალოდ სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული.
ასევ, არის სხვა დამატებითი მოთხოვნები, რომლსაც ძირითადად უშუალოდ მყიდველები (დისტრიბუტორები, სავაჭრო ქსელები და ა.შ) მოითხოვენ.
-კონკრეტულად ეს რა სახის მოთხოვნებია?
-არსებობს აუცილებელი მოთხოვნები, მაგალითად, სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, როგორიცაა პესტიციდების და სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების არარსებობა პროდუქტში. ევროკავშირს დაწესებული აქვს ნარჩენების მაქსიმალური ზღვარი, რომელიც კენკრის იმპორტიორმა უნდა დაიცვას. გარდა იმ მოთხოვნებისა, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტის ვიზუალურ შეხედულებას, გემოს თუ სხვა. ევროკავშირის ქვეყნებში მოღვაწე ბიზნესი ვალდებულია, დაიცვას ადგილობრივი კანონმდებლობა და არ გაყიდოს დაბინძურებული თუ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროდუქცია.
უმეტესობა მათგანის თვალში პროდუქტის მიმწოდებელი უფრო სანდოა თუ გააჩნია ისეთი სერთიფიკატები, როგორიცაა BRC, GLOBAL GAP, ISO თუ სხვა. აღნიშნული სტანდარტების დანერგვა თავის თავში უკვე ითვალისწინებს პროდუქტის უვნებლობის, კონტროლის თუ სხვა მნიშვნელოვანი პროცესების კონტროლს მოცვის მოყვანიდან დაწყებული, მისი გაყიდვით დამთავრებული.
-როგორც ცნობილია, ასევე, მნიშვნელოვანია, შესაფუთი მასალაც. როგორ იქნება კენკრა დაფასოებული და შეფუთული…
- შესაფუთი მასალა დამზადებული უნდა იყოს საკვები პროდუქტების შესაბამისი მასალისგან. შეფუთვაზე ეტიკეტის მიწებების დროს არ უნდა იყოს გამოყენებული ტოქსიკური ნივთიერება. შეფუთა უნდა იყოს სუფთა და დაუზიანებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კენკრის მოკრეფის მომენტიდან საბოლოო კლიენტისთვის მოცვის მიწოდების ჩათვლით, კონტროლდებოდეს გარემო ტემპერატურა. ტემპერატურული ფაქტორი ერთ-ერთი უმთავრესია მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტის საღ მდგომარეობაში მიწოდების ჯაჭვში.
ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.