ქართველ ექსპორტიორებს ტვირთების გადაზიდვის პრობლემა აქვთ
აუწყობელი ლოჯისტიკა
როდესაც მწარმოებელი პროდუქტის ექსპორტზე გატანას მოისურვებს, მას წინ არაერთი წინააღმდეგობა ეღობება. თუ მეწარმემ მოახერხა და ტვირთის ექსპორტზე გასატანად აუცილებელი დოკუმენტაცია მოაწესრიგა, ამ დროს კიდევ უფრო რთული ლოჯისტიკური პრობლემები იჩენს თავს.
ბევრ მათგანს პროდუქციის საზღვარგარეთ გასატანად ავია ტრანსპორტის გამოყენება უწევს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ საქმე მალფუჭებადი პროდუქტს ეხება. როგორც მეწარმეები ამბობენ, მათ გზაზე პრობლემების მთელი ჯაჭვი ჩნდება.
საავიაციო სატვირთო ტერმინალი, სადაც პროდუქცია უნდა დასაწყობდეს, მხოლოდ თბილისის აეროპორტს აქვს, რაც არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. საქართველოდან სატვირთო ავიარეისები არ არსებობს. შესაბამისად, ექსპორტიორებს სამგზავრო თვითმფრინავების გამოყენება უწევთ, სადაც ტვირთის განთავსება ასევე პრობლემატურია. განსაკუთრებით ცუდ დღეში მცირე მეწარმეები არიან, რომლებიც ექსპორტს დიდი მოცულობით არ ახორციელებენ და ტვირთი რეგულარულად არ გადააქვთ. გარდა ამისა, გადამზიდავები ხშირად სავალდებულო ტემპერატურულ რეჟიმს ვერ იცავენ, რასაც მალფუჭებადი პროდუქტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამ პრობლემებს ისიც ემატება, რომ ბევრი ქვეყნის მიმართულებით პირდაპირი რეისები არ არსებობს, რის გამოც პროდუქციამ დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელად რამდენიმე აეროპორტი უნდა გამოიცვალოს. პროდუქტი რამდენჯერმე გადატვირთვას ხშირად ვერ უძლებს და დამკვეთამდე დაზიანებული ჩადის. განსაკუთრებით ცუდ დღეში ხილის ექსპორტიორები აღმოჩნდნენ, მათ შორის ისინიც, ვინც საქართველოდან ცოცხალი კენკრის ექსპორტი სცადა.
„ჰოლანდიაში ვნახეთ დამკვეთი, ვინც ჩვენი ბიო ჟოლოს რეალიზაცია შემოგვთავაზა. რადგან ჰოლანდიის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი არ არსებობს, ტვირთს რამდენიმე სხვადასხვა თვითმფრინავის გამოცვლა დასჭირდა. გადამზიდავ კომპანიას, რომელსაც პროდუქტის ტრანსპორტირებაზე შევუთანხმდით, ლოჯისტიკა არ ჰქონდა გამართული და ტვირთს ერთ-ერთ აეროპორტში შემდეგი რეისისთვის ლოდინი დიდხანს დასჭირდა. დაგვიანების გამო კენკრა ადგილზე კარგ მდგომარეობაში ვერ ჩავიდა. ამის მიუხედავად, დამკვეთი მზადაა ჩვენთან ურთიერთობა წელსაც გააგრძელოს, მაგრამ ლოჯისტიკური პრობლემების გამო მიწოდებას როგორ მოვახერხებთ, არ ვიცი”, - ამბობს თეა ქუთათელაძე, „ამხანაგობა ქართული კენკრას” თანადამფუძნებელი.
ავიარეისების პრობლემას მომსახურების მაღალი ტარიფებიც ემატება. გადამზიდავი კომპანიები კილოგრამი კენკრის ტრანსპორტირებას საშუალოდ 5 ევროდ ანგარიშობენ.
„რადგან საქართველოდან სატვირთო რეისები არ არის, სამგზავრო რეისებით გვიწევს პროდუქტის წაღება. სამგზავრო თვითმფრინავში კი ადგილი ძალიან ცოტაა. თანაც, წინასწარ არ ვიცით, ბარგი რამდენი ექნებათ და ადგილი დარჩება თუ არა. ამის გამო, საექსპორტო ტვირთის ოდენობას წინასწარ ვერ გათვლი. ეს პრობლემას ქმნის. მცირე რაოდენობის ტვირთის ტრანსპორტირება კი ძვირი ჯდება. ამას „ლასარეს” საწყობის ტარიფიც ემატება. მათ ტერმინალში კილოგრამი ტვირთის დასაწყობება 80 თეთრი ღირს. საბოლოოდ, ასეთი მაღალი ტარიფი ჩვენ ისედაც ძვირ პროდუქტს კიდევ უფრო აძვირებს და საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებ კონკურენტულს ხდის.
მთავრობამ კარგო რეისიც რომ დანიშნონ, უნდა ივსებოდეს თვითმფრინავი. მთავრობა კერძო ავიაკომპანიას ტვირთის გადატანას ვერ დაავალებს. კომპანიას ტრანსპორტირება უნდა უღირდეს. ამისთვის კი ქვეყანაში კენკრის დიდი ნაკვეთები უნდა იყოს და უცხოეთიდან შესაბამისი შეკვეთაც უნდა არსებობდეს.. ერთმანეთზე გადაჯაჭვული პრობლემებია, რომელთა მოგვარება საკმაოდ რთულია”,- ამბობს Uvie's Berries-ის დამფუძნებელი ეკა ვეფხვაძე.
კომპანია „აგროლეინს” საქართველოში მოყვანილი მოცვი ექსპორტზე როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით გააქვს. საჰაერო გზით ტვირთის გადატანის შემთხვევაში პრობლემა თვითმფრინავში მცირე სივრცე და ტრანსპორტირების სიძვირეა. კომპანია „ფლაი დუბაის” მომსახურებით სარგებლობს. კომპანიის ტექნიკური დირექტორი ზვიად უზნაძე ამბობს, რომ „ფლაი დუბაისთან” მოლაპარაკება ტვირთისთვის მეტი ადგილის გამოყოფის მიზნით არც უცდიათ, რადგან ამის შანსი არ არსებობს.
ექსპორტიორები ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ მთავრობა მათ დაეხმარება და კარგო რეისების დამატებას ხელს შეუწყობს.
მაღალი ტარიფები გადაზიდვებზე
საქართველოდან ტვირთების გადაზიდვაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს. მათ მომსახურების სხვადასხვა პირობები აქვთ. ზოგიერთი მათგანი ექსპორტიორს ავალდებულებს ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფას პროდუქციის მაცივარ-კონტეინერში დალაგებით. ზოგი გადამზიდავი კი თავად უზრუნველყოფს ყველაფერს და ეს რა თქმა უნდა,ეს ფასზეც აისახება.
გადამზიდავი კომპანია „მინ ტრანსში” ამბობენ, რომ მათი ფასი კილოგრამზე 5 ევრო (მომსახურებაში შედის პირდაპირი რეისი, ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა, მეთვალყურე და სხვა გარანტიები) ექსპორტიორებისთვის ეძვირებათ და ხშირ შემთხვევაში 1 ევროზე მეტის გადახდა არ უღირთ. სახმელეთო გზით ტვირთის ტრანსპორტირების შემთხვევაში გადამზიდავი კომპანიის ქვედა რაოდენობრივი ზღვარი საშუალოდ 20 -22 ტონა, ხოლო საჰაერო გადაზიდვის შემთხვევაში 1 - 1.5 ტონაა.
ტვირთების გადაზიდვაზე მოლაპარაკება პირდაპირ ავიაკომპანიასთანაც შეიძლება. მაგალითად, „საქართველოს ავიახაზების” შემთხვევაშიც, მალფუჭებადი და სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთის გადაზიდვის ტარიფი 5 ევროა 1 კგ ტვირთზე, ევროპის და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. პროცედურა ასეთია: ფერმერს/დისტრიბუტორს ტვირთი მიაქვს ტერმინალში, მას შემდეგ, რაც ის გაივლის საბაჟო კონტროლს და ყველა დოკუმენტი ექნება წესრიგში, ტვირთავენ და ათავსებენ თვითმფრინავში.
თბილისის აეროპორტში სულ 3 სატვირთო ტერმინალია: „ლასარე”, „საქართველოს ფოსტა” და „თბილისის კარგო სერვისი”. თითოეული მათგანი კონკრეტული ავიაკომპანიებთან თანამშრომლობს.
სატვირთო გადაზიდვები 20%-ით შემცირდა, რაც აეროპორტის მაღალ ტარიფებს უკავშირდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული რეისებით 3 სატვირთო ავიაკომპანიას ემსახურება. სატვირთო რეგულარული ავიარეისები კვირაში 7 სიხშირით ხორციელდება. რეისებს ასრულებენ სატვირთო ავიაკომპანიები: თურქული Turkish Cargo, ლუქსემბურგის Cargolux-ი და აზერბაიჯანული Silk Way Airlines-ი. ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, ყველაზე მეტ რეგულარულ სატვირთო რეისს Silk Way Airlines-ი ასრულებს, კვირაში 3 სიხშირე. ხოლო რაც შეეხება Turkish Cargo-სა და Cargolux-ს ისინი საქართველოს მიმართულებით კვირაში 2-2-ჯერ დაფრინავენ. აქედან Silk Way Airlines-ს, როგორც გავარკვიეთ, მალფუჭებადი ტვირთები არ გადააქვს. რაც შეეხება ჩარტერულ რეისებს, თბილისის აეროპორტში ოპერირებენ შემდეგი ავიაკომპანიები:Yuzhmashavia, Ruby Star, Etihad Airways, Jupiter Jet-ი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის აეროპორტში სატვირთო რეისებით გადაზიდული ტვირთის ოდენობა მცირდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს აეროპორტის მეშვეობით 25,511 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, რაც დაახლოებით 20%-ით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელზე. 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტით 31,724 ტონა ტვირთის გატარება მოხდა, ხოლო 2016 წელს კი 34,065 ტონა. საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვის კლებას ავიაკომპანიების წარმომადგენლები ტერმინალების მაღალ ფასს უკავშირებს. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, მას სატვირთო ტერმინალი არ აქვს. მისი მშენებლობა სამომავლოდ იგეგმება. ამ პროექტისთვის Public Private Partnership (PPP) ფარგლებში 61,5 მილიონი ევროა გამოყოფილი.
ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტში ეწერა, რომ აუცილებელი იყო თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების კონცეფციის გადახედვა და ინვესტორის იდენტიფიცირება. ჩვენ ბუნებრივია, დავინტერესდით, რას აპირებს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამ მიმართულებით, გეგმავს თუ არა ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებას და ექსპორტის ხელშეწყობას. ამ კითხვებზე სამინისტროსგან პასუხებს ველოდებით, რასაც შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ
ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.