საქართველოში ბიზნეს კლასტერების განვითარება ძალას იკრებს
ბიზნეს კლასტერებს საქართველოში დიდი ხნის ისტორია არ აქვთ. პირველი კლასტერი სულ რაღაც 2,5 წლის წინ ჩამოყალიბდა. ეს ქართული ავეჯის კლასტერია იყო, რომელიც ავჭალაში, ავეჯის მწარმოებელთა უკვე არსებული გეოგრაფიული აგლომერაციის, „ხელოსანთა ქალაქის“ ბაზაზე შეიქმნა და დღეს 40-მდე მცირე და საშუალო საწარმოს აერთიანებს. ასევე 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა საქართველოს კინოკლასტერი, რომელიც დღეისთვის კინოწარმოების სფეროს 40-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. მოგვიანებით კი - საქართველოს აისიტი კლასტერიც დაფუძნდა. ეს უკანასკნელი საინფორმაციო-საკომუნიკაციო დარგში მოღვაწე 11 კომპანიას აერთიანებს, რომელთა ნაწილიც ერთიან სივრცეში, „მიონის” შენობაში არიან განთავსებული.
კერძო კომპანიების ბიზნეს კლასტერში გაერთიანების ძირითადი მიზანი მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებაა. საქართველოში კლასტერების ჩამოყალიბება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და GIZ-ის ტექნიკური დახმარებით მოხდა.
საქართველოში არსებული კლასტერების საქმიანობის შესახებ გვესაუბა GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) კომუნიკაციის ექსპერტი თეა კენჭაძე:
- ბიზნეს კლასტერის საპილოტე პროექტი GIZ-მა კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჯერ კიდევ 2014-2017 წლებში განახორციელა და შედეგად ქვევრის ღვინის კლასტერი შეიქმნა. 2016-2019 წლებში, უკვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში კი, GIZ-ს შესაძლებლობა მიეცა კიდევ ხუთი სექტორის მიმართულებით დაეწყო კლასტერული განვითარების ინიციატივების განხორციელება - ავეჯის წარმოება/ინტერიერის დიზაინი, კინოწარმოება, ტანსაცმლის წარმოება, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და თაფლის წარმოება/მეფუტკრეობა. ამ სექტორებეს შერჩევა მოხდა როგორც კლასტერული განვითარების პერსპექტივის, ისე მაღალი საექსპორტო პოტენციალის არსებობის გათვალისწინებით.
კლასტერული განვითარების ინიციატივას ავეჯის წარმოების, კინოწარმოებისა და აისიტის სფეროებში მოღვაწე კომპანიები დიდი ინტერესით შეხვდნენ. მათთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად და GIZ-ის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოში უკვე შექმნილია და ოფიციალურად დარეგისტრირებულია სამი კლასტერი - ქართული ავეჯის კლასტერი, საქართველოს კინოკლასტერი და საქართველოს აისიტი კლატერი. ტანსაცმლის წარმოებისა და თაფლის წარმოების/მეფუტკრეობის მიმართულებით კლასტერების შექმნა ახლო მომავალში იგეგმება.
ბიზნეს კლასტერის შექმნის წინაპირობას პოტენციურ წევრ-კომპანიებს შორის ნდობა, სექტორის განვითარების მიმართ ერთიანი ხედვის არსებობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, კლასტერის წევრები უკვე იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა, თანამშრომლობის გამოცდილება არ გააჩნდათ. ჩვენ მათ ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში და ასევე, საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაში დავეხმარეთ. შედგა მათი გაცნობითი ვიზიტები საზღვარგარეთ - მაგალითად, აისიტი კლასტერის წევრები ეწვივნენ ლატვიასა და ესტონეთში მოქმედ კლასტერებს მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კლასტერის წევრი კომპანიები კონკურენციას ინარჩუნებენ, მაგრამ იმავდროულად, მათ ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობა უჩნდებათ, რაც ცალკე კომპანიას შეიძლება არ ჰქონდეს. მაგალითად, ავეჯის კლასტერში შემავალმა ორმა კომპანიამ რესურსების გაერთიანებით შეძლეს სახელმწიფო ტენდერში წარმატებით მონაწილეობა და ერთობლივი პროექტის განხორციელება. ცალ-ცაკლე ისინი ამ ტიპის დაკვეთის შესრულებას ვერ გასწვდებოდნენ.
ავეჯის კლასტერის ფარგლებში პირველად მოხდა ქართველი დიზაინერების დაკავშირება ავეჯის მწარმოებლებთან. ამ ტიპის კავშირები ადრე არ არსებობდა, რაზეც ორივე მხარე ჩიოდა. ავეჯის მწარმოებლები ამბობდნენ, რომ დიზაინერების მიერ შექმნილი პროექტები ხშირად არ ითვალისწინებენ წარმოების სპეციფიკას და მათთან რთულად შესრულებადი დაკვეთები მიჰქონდათ. დიზაინერებს, თავის მხრივ, უჭირდათ სანდო მწარმოებლების მოძიება, რომლებიც მათ იდეებს ხორცს შეასხამდნენ. კლასტერის ფარგლებში, სწორედ მწარმოებლებსა და ინტერიერის დიზაინერებს შორის მჭიდრო პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა მოგვეცა, მათ შორის, საერთაშორისო ინდუსტრიულ გამოფენა-ბაზრობებზე მათი ერთობლივი მონაწილეობის ხელშეწყობის გზით, რამაც ისინი განსაკუთრებით დააახლოვა. დიზაინერები ესტუმრნენ კლასტერის წევრ კომპანიებს, ადგილზე გაეცნენ წარმოებას და ამ პროცესს უკვე კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა ერთობლივი პროექტების განხორციელების სახით.
- საქართველოს კინოკლასტერი როგორ ჩამოყალიბდა, როგორ მიმდინარეობდა ამ კლასტერის შექმნის პროცესი?
- აქაც კლასტერული განვითარების ინიციატივა სექტორში არსებული საჭიროებების კვლევის საფუძველზე და პროექტის წამყვანი სამთავრობო პარტნიორების - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „სწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტების გათვალისწინებით დაიწყო. საწყის ეტაპზე, კლასტერული განვითარებისთვის პოსტ-პროდუქციის სფეროს განვიხილავდით, თუმცა შემდგომ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა კინოწარმოების სექტორი სრულად მოგვეცვა.
კინოინდუსტრიის განვითარებას უაღრესად დიდი ეკონომიკური სარგებელი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას და კინოკლასტერის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც კინოწარმოების მიმზიდველი ლოკაციის პოპულარიზაცია წარმოადგენს. კინოკლასტერის წევრებს შორის არიან როგორც კომპანიები, ისე ცალკეული კინოპროფესიონალები, რომლებიც ქართული კინოინდუსტრიის განვითარების ერთიანი ხედვის გარშემო გაერთიანდნენ.
კინოკლასტერისთვის მნიშვნელოვანია სექტორში დასაქმებულთა პროფესიული უნარების განვითარება. თუმცა, პროფესიული კადრების მომზადება არამარტო კინოკლასტერის, არამედ ყველა კლასტერისთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს და ამ სექტორებში შესაბამისი კადრების ნაკლებობის პრობლემაზე მიუთითებს. ასევე მნიშვნელოვანია მიმართულებაა სახელმწიფოსთან დიალოგი სექტორისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საერთო ინტერესების ლობირება კინოკლაკლასტერის წევრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ისინი კლასტერს განიხილავენ, როგორც პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც შესაბამის უწყებებს სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ერთიან პოზიციას გააცნობენ და ამ გზით შესაბამისი პოლიტიკისა თუ კანონმდებლობის შემუშავებაში წვლილს შეიტანენ.
მნიშვნელოვანი საკითხია საერთაშორისო ფესტივალებსა და კინობაზრობებში მონაწილეობაც. აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ბაზრობებზე სტუმრობის შესაძლებლობა. ჩვენი პროექტის მხარდაჭერით კლასტერის წევრებს არაერთი ასეთი შესაძლებლობა მიეცა, რამაც კონკრეტული შედეგებიც მოიტანა - კლასტერის რამდენიმე წევრმა უცხოურ კომპანიებთან ერთობლივ წარმოებაზე კონტრაქტებიც გააფორმეს. ერთ-ერთია კომპანიაა „Magnet Films“ რომელმაც ევროპელ პარტნიორებთან კოპროდუქციის შესახებ შეთანხმებას კანის კინობაზრობაზე ვიზიტისას მიაღწია. ფილმი „უარყიფითი რიცხვები” ეკრანებზე ახლახანს გამოვიდა.
- როგორც ვიცით, გეოგრაფიულად ახლო მდებარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კლასტერის შესაქმნელად...
- დიახ. ზოგადად კლასტერების ერთ-ერთ ნიშანს მისი წევრი კომპანიებისა თუ ორგანიზაციების გეოგრაფიული სიახლოვე წარმოადგენს. ავჭალაში უკვე არსებობდა „ხელოსანთა ქალაქი”, სადაც 100-ზე მეტი მეწარმე თუ საწარმო საქმიანობდა. ამ საწარმოთა ნაწილი კლასტერში გაწევრიანდა. თუმცა, დღეისათვის კლასტერი უკვე გასცდა „ხელოსანთან ქალაქის“ ფარგლებს და მას ახალი წევრებიც შეუერთდნენ, მაგალითად, ქუთაისში მდებარე კომპანია „მადერა ჯორჯია”.
- შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელია დღეისათვის ყველაზე წარმატებული კლასტერი?
- წარმატების ინდიკატორი სამი კლასტერის შემთხვევაში სხვადასხვაა. კინოწარმოებაში წარმატების გაზომვა უფრო რთულია, რადგან ამ სფეროში შედეგს სწრაფად ვერ ვნახავთ. კონტრაქტმა შეიძლება შემოსავალი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ მოიტანოს. ავეჯის სფეროში კი კონკრეტული შედეგები უკვე გამოჩნდა - ერთობლივი პროექტებისა თუ დაკვეთების განხორციელების სახით.
- ბიზნეს სუბიექტებს უკვე შექმნილი აქვთ ხვადასხვა სახის გაერთიანებები. მაგალითად, ასოციაცია, კოოპერატივი. რა განხვავებაა მაგალითად, ასოციაციასა და კლასტერს შორის?
- მკაფიო განსხვავების პოვნა რთულია. კლასტერს ნაწილობრივ კოოპერატივის და ნაწილობრივ ასოციაციის ელემენტები გააჩნია. ასოციაცია ხშირად პოლიტიკის განმსაზღვრელიც არის, ლობისტია სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ეს ფუნქცია აქვს კლასტერსაც, მაგრამ არ აქვს კოოპერატივს, რომელიც უფრო კომერციული გაერთიანებაა. კომერციული ხასიათი აქვს კლასტერსაც. კლასტერს ასევე ჰყავს ხელმძღვანელი ორგანო - ბორდი და მენეჯერი, თუმცა თავისი ხასიათით ნაკლებად ფორმალიზებულია და მოქნილია.
-კლასტერებისთვის რაიმე ტიპის შეღავათების მიღებას თუ განიხილავს მთავრობა?
-კლასტერის წევრებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მთავრობასთან შეხვედრების დროს სექტორთან მიმართებაში შეღავათების საკითხი დააყენონ. კლასტერები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად არიან დარეგისტრირებული. მათო საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი კონკრეტული სექტორის ინტერესების გამოხატვაა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. მაგალითისთვის, კინოკლასტერი უცხოელი ინვესტორისთვის გაწეული მომსახურების დღგ-თი დაბეგვრის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც კლასტერის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრების დროს განიხილეს, შეაჯერეს პოზიციები, დაიწყო დიალოგი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთანაც. ავეჯის წარმოების სექტორში პროფესიული კადრების პრობლემაა და კლასტერი განიხილავს პროფესიული განათლების ხელშეწყობის კუთხით საჯარო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
საქართველოში, როგორც წესი, ერთ სექტორში მოღვაწე კომპანიებს უჭირთ ერთ მაგიდასთან დასხდომა და საერთო საჭიროებების განხილვა. ისინი ერთმანეთს მხოლოდ კონკურენციის ჭრილში განიხილავენ. კლასტერის შექმნის პროცესმა დაგვანახა, რომ მათ შეუძლიათ სექტორის განვითარების ერთიან ხედვაზე შეთანხმდნენ. მაგალითად, კინოკლასტერის წევრები შეთანხმდნენ საერთო ქცევის კოდექსზეც, რასაც ისინი თავიანთი საქმიანობისას დაიცავენ.
-რომელია სხვა პოტენციული სფეროები, რომელიც კლასტერად შეიძლება ჩამოყალიბდეს ?
- წინა პროექტის ფარგლებში დავიწყეთ მუშაობა ტანსაცმლის მწარმოებლებთან. მათ ვეხმარებოდით ბიზნესის სოციალური შესაბამისობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში (amfori BSCI). შედეგად, კომპანია „MPT Georgia“-მ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტი და უმაღლესი შეფასებაც მიიღო, რაც დამატებითი საერთაშორისო კონტრაქტების მოზიდვაში დაეხმარება. უკვე ახალი პროექტის „კალსტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ასევე ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა აფინანსებენ, GIZ-ი გააგრძელებს მუშაობას ამ სექტროში კლასტერის შექმნაზე.
ახალი პროექტის ფარგლებში იგეგმება კლასტერების შექმნა ტურიზმისა და სამშენებლო მასალების წარმოების სექტორებშიც. ამ უკანასკნელთან მიმართებაში, აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. ამის რესურსი არის და უნდა მოხდეს ამ კომპანიების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კლასტერში გაწევრიანების მსურველი კომპანიების მოძიება მიმდინარეობს. ტურიზმის მიმართულებით პროექტი იმუშავებს იმერეთსა და კახეთში და სამი თემატური კლასტერის შექმნას ისახავს მიზნად: ადგილობრივი ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის კლასტერი, ავთენტური სასტუმროების კლასტერი და კულტურული მემკვიდრეობის კლასტერი, სადაც გაერთიანდებიან შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისების მიმწოდებელი მეწარმეები და ორგანიზაციები. კონკრეტული აქტივობები ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას, მარკეტინგისა და ონლაინ პრეზენტაციის მიმართულებებით შესაძლებლობების განვითარებას და სხვ.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.