საქართველოში შემოტანილი საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება დღგ-სგან გათავისუფლდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს.
"საგადასახადო კოდექსში იქნება შეტანილი შემდეგი ცვლილებები: პირველი, ეს არის შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურების გათავისუფლება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ზოგიერთ შემთხვევაში უცხოელებს საქართველოში შემოაქვთ ნედლეული, მასალა. ხდება ქართული საწარმოების მიერ ამ ნედლეულის და მასალის გადამუშავება, მათთვის საბოლოო სასაქონლო სახის მიცემა და უკან ექსპორტზე გატანა. ნებისმიერი ექსპორტი საქართველოში გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, მაგრამ ეს მომსახურება არ იყო გათავისუფლებული. ჩვენ DCFTA საშუალებას გვაძლევს, რომ წავახალისოთ ასეთი ტიპის საწარმოების ფუნქციონირება, ამიტომ შემოვდივართ წინადადებით, რომ ეს პროცესი გათავისუფლდეს დღგ-სგან", - განაცხადა ხადურმა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, მარტივდება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმიც."საქართველოს კურორტებზე უკვე განვითარდა ისეთი მიმართულება, როგორიცაა ტურისტული ობიექტის აშენება და შემდეგ ცალკეული ნომრების გაყიდვა. ამავე დროს მფლობელებს საშუალება ეძლევათ, რომ როდესაც თავად არ ხმარობენ ამ ნომრებს, გააქირავონ ისინი. ხდება შეღავათების დაწესება, გამარტივდება ადმინისტრირება".
ახალი ცვლილებებით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ აღემატება 5 000 ლარს, შესაძლებელია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით გადავადებული იქნას ყოველგვარი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივისთანახმად ჩამოწერას დაექვემდებარება: 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება. 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს 2009 წლის შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმა.