სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ნიდაგებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკვლევენ
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას წლის ბოლომდე გააკეთებს. ლაბორატორიაში ნიდაგის კვლევები ძირითადად სამეცნიერო მიმართულებით ჩატარდება. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე www.eugeorgia.info- სთან საუბარში აცხადებს, რომ წილკნის ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ნიადაგს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკვლევენ: „ეს იქნება სამეცნიერო ლაბორატორია, სადაც სკურპულოზური სამეცნიერო კვლევები ჩატარდება. ეს არ იქნება მარტო მინერალური ნივთიერებების, ჰუმუსისა და ნიადაგის ფიზიკური მაჩვენებლების განსაზღვრა, ფართო სპექტრის სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები ჩატარდება. ლაბორატორია თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, რომლის დახმარებითაც გაკეთდება მიწის კადასტრი. წინასწარ ძნელია იმის თქმა, რამდენი დრო დასჭირდება კვლევების დასრულებას, მაგრამ როცა მთელი საქართველოს ნიადაგები გამოკვლეული იქნება, გვეცოდინება სად რომელი ნიადაგი არის ვარგისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის და კონკრეტულად რომელი ფერმერული საქმიანობისთვის იქნება ის გამოსადეგი“. წილკნის ლაბორატორიას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პარალელურად სამეწარმეო პროფილი არ ექნება - ლაბორატორია კერძო მომსახურებას არ გასწევს და კერძო პირებისთვის კვლევებს არ ჩაატარებს. ამჟამად ფერმერებს ნიადაგის კვლევის სერვისს სამი ლაბორატორია სთავაზობს. ესენია: 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“, რომელიც ქალაქ ოზურგეთში მდებარეობს, კერძო ლაბორატორია „შპს მულტიტესტი“, რომელიც სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩის 13 ნომერშია განთავსებული და „ჰაინც ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის ლაბორატორია“, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს. ამ ლაბორატორიებს ფილიალები ჯერჯერობით არ აქვთ.