ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ევროკავშირში პირველად მატყლი შევა
მატყლის პირველი საცდელი პარტია, რომელიც ბრიტანეთში უნდა შესულიყო, უკან - საქართველოში დაბრუნდა. როგორც გაირკვა, მიზეზი ის იყო, რომ ექსპორტიორი კომპანია - “ქართული მატყლი” ევროკავშირის მიკვლევადობის სისტემაში - TRACES-შიჩართული არ აღმოჩნდა.
კომპანია “ქართულ მატყლსა” და Curtis wool direct limited-ს შორის ხელშეკრულება 2015 წლის ივლისში გაფორმდა. ბრიტანული კომპანია 1 კგ გაურეცხავ ქართულ მატყლს 1,05 აშშ დოლარად ყიდულობდა. ამ ფასში შედიოდა ტრანსპორტირების ღირებულებაც.
დიდი ბრიტანეთიდან ქართული მატყლის უკან დაბრუნების მიზეზებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ სოხაძეს ვესაუბრეთ.
- როდესაც ქართული მატყლის ბრიტანეთში ექსპორტი იგეგმებოდა, ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, მაკა შუბლაძემ განგვიმარტა, რომ ექსპორტისთვის აუცილებელი იყო, ექსპორტიორი საწარმო ან ქარხანა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეესტრში ყოფილიყო დარეგისტრირებული, მატყლი შეფუთული ყოფილიყო უსაფრთხოდ, მშრალად და ის პირდაპირ იმ საწარმოში გაგზავნილიყო, სადაც მისი შემდგომი გადამუშავება მოხდებოდა. აქედან რომელი მოთხოვნა არ შესრულდა და რატომ დააბრუნა მატყლი უკან დიდმა ბრიტანეთმა?
- სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნის შესრულება აუცილებელია, მაგრამ, გარდა ამისა, საწარმო, საიდანაც მატყლი გაიგზავნა, აუცილებლად უნდა იყოს ჩართულიTRACES სისტემაში. ეს ევროკავშირის მიკვლევადობის სისტემაა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მწარმოებელი ყველა ის საწარმო, რომელიც ე. წ. მესამე ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შეტანას გეგმავს. კომპანია, რომელსაც დიდ ბრიტანეთში მატყლი გაჰქონდა, ამ სისტემაში ჩართული არ იყო.
- სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თუ იცოდა, რომ ამ კომპანიას მატყლი საექსპორტოდ დიდ ბრიტანეთში გაჰქონდა, თანამშრომლობდა თუ არა სააგენტო მასთან ევროკავშირის მოთხოვნების შესწავლის თვალსაზრისით? ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ჩავარდნა არ მოხდეს - არ შეილახოს ქვეყნის იმიჯი და ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით არც მოსახლოებაში გაჩნდეს სკეპტიციზმი.
- 2015 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე სურსათის ეროვნულ სააგენტოში არ ვმუშაობდი და დაზუსტებით ვერ გეტყვით, თანამშრომლობდა თუ არა კომპანია ჩვენს სააგენტოსთან. ვფიქრობ, რომ მეწარმემ იჩქარა და ევროკავშირის მოთხოვნები კარგად არ შეისწავლა.
არის გარკვეული მოთხოვნები. მაგალითად, მატყლი ისე უნდა იყოს შეფუთული და ისეთ საწარმოში, სადაც შესაფუთი მასალის დაბინძურება აბსოლუტურად გამოირიცხება, შეფუთული პროდუქცია მიღების საბოლოო ადგილამდე არსად უნდა გაიხსნას. ტრანსპორტირების დროსაც გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო: 24 საათით ადრე უნდა გაფრთხილდეს საბაჟო იმ ადგილზე, სადაც მატყლი ევროკავშირის საზღვარს გადაკვეთს. ბევრი ისეთი პროცედურაა, რომელიც მთლიანობაში რთული არ არის. უბრალოდ, ამ წესების ცოდნა და მათი ზედმიწევნით შესრულებაა საჭირო.
გეთანხმებით, ერთი შეცდომაც რომ გაგვეპაროს, ეს სამომავლოდ ძალიან ბევრ რამეს დააზარალებს. TRACES სისტემაში ამ კომპანიის ჩართულობის პრობლემას ძალიან მალე მოვხსნით. ამ თემაზე უკვე ვმუშაობთ. გამზადებული გვაქვს წერილი და ევროკავშირის მხრიდანაც არის მზაობა. ძალიან დაინტერესებულნი არიან ევროკავშირში, რომ ქართული პროდუქტი რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეს მათ ბაზარზე. გნებავთ ეს პოლიტიკას დააბრალეთ, გნებავთ მათ კეთილ ნებას, ეს ფაქტია. იქ ბევრი კეთილმოსურნე გვყავს და სწორედ მათი იმედი გვაქვს. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ევროკავშირში პირველად, ალბათ, სწორედ მატყლი შევა.
- შეგიძლიათ კონკრეტული თარიღი დაასახელოთ, როდისთვის შევა მატყლი ევროკავშირის ბაზარზე?
- კონკრეტული თარიღის დასახელება გამიჭირდება. მაქსიმუმ, ალბათ, 6 თვე დაგვჭირდება. შესაძლოა, უფრო ადრეც შევიდეს.
“ქართულ მატყლს” ბრიტანეთის ბაზარზე გასვლაში დახმარებას ორგანიზაცია Mercy Corps-ი უწევდა.
“ქართულ მატყლის” ხელმძღვანელი, ზაურ კულიევი მატყლის გატანას ახლა ინდოეთში აპირებს. ინდოეთში ჩატანილი 1 კგ მატყლის ფასი 0,70$ იქნება.