„კენკრის ფასი ყოველთვის დაბალი იქნება თუ მას ექსპორტზე არ გავიტანთ"
კენკრის მწარმოებლებისთვის წლევანდელი სეზონი პრობლემებით სავსე აღმოჩნდა. მხოლოდ მოცვი გაიყიდა იოლად და ხელსაყრელ ფასად, ხოლო კენკრის სხვა სახეობების რეალიზაცია გაჭირდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, უცხოეთის ბაზარზე. ფერმერებს პრობლემები ჰქონდათ პროდუქციის წარმოების და გაყიდვის სხვადასხვა ეტაპზე. როგორ აპირებენ მომავალში საქმიანობის გაგრძელებას კენკრის მწარმოებლები და პრობლემების გადალახვას, ამ საკითხებთან დაკავშირებით კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელს, ფერმერს, ელისო ღვინიაშვილს ვესაუბრეთ:
-წელს კენკრის მწარმოებლებს პრობლემები ჰქონდათ რეალიზაციის თვალსაზრისით. კონკრეტულად რა უშლის ხელს მწარმოებელს ამ პროცესში?
-სირთულეები უამრავი გვაქვს კენკრის მწარმოებლებს. წელს პირველი ჭარბ მოსავლიანობის წელი გვქონდა და შესაბამისად, ვიწვნიეთ ყველა პრობლემა, რაც შეიძლებოდა შეგვქმნოდა. საქმე ისაა, რომ დარგი ახალია, ჯერ არაა ჩამოყალიბებული და ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი არ არის გამართული. კენკრა
მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ სისტემა საათივით თუ არ არის აწყობილი, მოსავლის გაფუჭების საფრთხე იქმნება. სულ რამდენიმე გადამამუშავებელი საწარმო ამუშავდა, მაგრამ ჯერ ისინი ბაზარზე, მათთვისაც ფუნქციონირების პირველი წელი იყო, და კენკრის მწარმოებლებისთვის მხოლოდ მინიმალური ფასის შეთავაზება შეეძლოთ. სხვადასხვა მიზეზის გამო შოკური გაყინვის საწარმოებმა ვერ იმუშავეს. ვფიქრობ, მომავალი წელი ამ მხრივ, უკეთესი იქნება. უფრო მეტი გადამამუშავებელი და შოკური გაყინვის საწარმო შეძლებს პროდუქციის მიღებას და მწარმოებლებს მეტი ალტერნატივა გაგვიჩნდება.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ არსებობენ ისეთი დანადგარებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობები, რომლებიც უზრუნველყოფენ კენკრის უვნებლად შენახვას გარკვეული დროის განმავლობაში; არ გაგვაჩნია სპეციალური ცოდნა და ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია კენკრას სიცოცხლისუნარიანობის პერიოდი გაუხანგრძლივდეს და დახლამდე ხარისხიანი პროდუქტი პირვანდელი სახით მივიტანოთ. ჩვენთან ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ხილის და კენკრის ექსპორტიორი შუამავალი კომპანიები, რომლებსაც მოძიებული ექნებათ ბაზრები და ფერმერებთან ორგანიზებულად იმუშავებენ. ამასაც დრო და მეტი გამოცდილება სჭირდება.
წელს პრობლემა იყო შესაფუთი მასალაც- კენკრის სპეციალური კონტეინერები, ყუთები და ა.შ. ადგილობრივ საწარმოებს ჯერ არ აქვთ შესაბამისი ყალიბები, რომ კენკრისთვის საჭირო სხვადასხვა ასორტიმენტის კონტეინერები დაამზადონ და საწყობში საჭირო რაოდენობით ჰქონდეთ. იმპორტის შემთხვევაში, შესაფუთი მასალის მთლიანი კონტეინერი უნდა იყიდო, რაც დროში გაწელილი პროცესია.
პოტენციური მყიდველ-ექსპორტიორი ბოლო დღემდე ვერ გვეუბნებოდა, საბოლოო მყიდველი შეკვეთას ზუსტად რომელი დაფასოებით და შეფუთვით მოითხოვდა. ამის გამო, მწარმოებლები წინასწარ ვერ ვიჭერდით თადარიგს. მოკლედ, წელს ყველა მხრივ ექსტრემალურ პირობებში გვიწევდა მუშაობა.
-მოახერხეთ თუ არა წელს მაყვლის ექსპორტი და სად?
- პოტენციური მყიდველი გვყავდა დუბაიში, მაგრამ საჰაერო გზით კენკრის უვნებლად ჩატანა ვერ მოხერხდა. იგივე პრობლემა შეგვექმნა ყატარის და ევროპის მიმართულებითაც. პალეტზე დამაგრებული მაყვლის ყუთები, დანიშნულების ადგილზე დაზიანებული ჩავიდა. პროდუქტს აღარ ჰქონდა სარეალიზაციო სახე. მიმღები მხარე თავადაც დარწმუნდა, რომ დაზიანების მიზეზი არასწორი ტრანსპორტირება იყო, მაგრამ შედეგი მაინც წარუმატებელი იყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაყვლის საგემოვნო თვისებები, სიტკბო და იმ ნაწილის გარეგნული მხარე და ზომები, რაც არ დაზიანდა, ნამდვილად მოეწონათ.
წელს მაყვლის მცირე პარტია გავიდა რუსეთში. რუსეთში ექსპორტის მსურველმა დისტრიბუტორებმა კომუნიკაცია ჩვენთან მოსავლის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს, თუმცა, რეალურად მხოლოდ ერთი შეკვეთის გაგზავნა მოხერხდა. დამკვეთებს რუსეთიდან ბოლო მომენტამდე მოლოდინის რეჟიმში ვყავდით, რაც მუდმივად დაძაბულ რეჟიმს ქმნიდა. ბოლო მომენტამდე არ ვიცოდით, თუნდაც, როგორი შეფუთვით და რა რაოდენობით აპირებდნენ კენკრის შესყიდვას. გვქონდა შემთხვევა, რომ დაკრეფილი, დაფასოებული კენკრა საერთოდ არ წაიღეს და ამის გამო მწარმოებლებმა ვიზარალეთ. იყო შემთხვევა, როცა მოკრეფილი კენკრა დიდხანს გააჩერეს მაცივარში და იმდენად გვიან წაიღეს, რომ ადგილზე ჩატანილი უკვე შესაბამისი ხარისხის აღარ იყო. ექსპორტის პროცესი ძალიან ქაოტურად წავიდა, რაც ვფიქრობ, ჩვენი და დისტრიბუტორების გამოუცდელობის და ასევე, რუსული ბაზრის არასტაბილურობის ბრალია.
-მიმდინარე სეზონზე მაყვლის საშუალო გასაყიდი ფასი რამდენი იყო?
-ფერმერის სარეალიზაციო ფასი საკმაოდ ცვალებადი იყო და ეს ბუნებრივიცაა. ადრეულ სეზონზე, როცა რეალიზაცია ბაღების მცირე ნაწილიდან ხდებოდა, კილოგრამი მაყვალი 8-9 ლარი ღირდა. შემდეგ, როცა მოსავალი სხვა ბაღებშიც შემოვიდა, ფასმა 6 ლარამდე დაიწია, მოგვიანებით კი 5-4 ლარი გახდა. ივლისის მეორე ნახევარში მოსავლის სიჭარბემ კიდევ უფრო მეტად გამოიწვია ფასის დაწევა და ფერმერებს მაყვლის გაყიდვა 2.5-2 და ზოგჯერ 1,8 ლარად გვიწევდა. როგორც კი კახეთში მაყვალი შემცირდა, სანამ ქართლის მოსავალი შემოვიდოდა, ფასმა ცოტა მოიმატა. ამ დროს ქართლში კილოგრამი მაყვალი 3-4 ლარად იყიდებოდა. მეორე ხარისხის, ასე ვთქვათ, დაუხარისხებელ, გადაურჩეველ პროდუქტს ხილის გადამამუშავებელი საწარმოები თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში, კაპიკებში იღებდნენ. ვშიშობთ, რომ ასეთი დაბალი ფასებით მუშაობა აზრს დაუკარგავს კენკრის წარმოებას. კენკრის ფასი ყოველთვის დაბალი იქნება თუ მას ექსპორტზე არ გავიტანთ.
-რა გეგმები აქვთ მაყვლის მწარმოებლებს? რას აპირებთ სამომავლოდ? რა უნდა გაკეთდეს მისი რეალიზაციისთვის?
-როგორც უკვე აღვნიშნე, წელს სირთულეების სრული სპექტრი შეგვხვდა და ამან კარგად დაგვანახა სუსტი მხარეები და ამავე დროს, სამომავლო საჭიროებაც გამოკვეთა. მეორეს მხრივ, ამ სირთულეებმა კენკრის მწარმოებლები გაგვაერთიანა, რაც დაგვეხმარება მომავალი სეზონისათვის კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და გასაღების ბაზარი თავადაც მოვიძიოთ. ამისთვის უნდა ვიაროთ გამოფენებზე, დავეკონტაქტოთ პოტენციურ მყიდველებს და წინასწარ შევუთანხმდეთ სტანდარტებზე, რომლისთვისაც სეზონამდე გაცილებით ადრე მოვემზადებით. ჩვენი ამოცანაა მივიღოთ მეტი ინფორმაცია ტექნოლოგიებზე, რაც მოგვცემს კენკრის სრულფასოვნად შენახვის და ტრანსპორტირების საშუალებას. გალფის ქვეყნებში მალფუჭებადი ხილის გაუყინავი სახით მიწოდება ამერიკიდან, ესპანეთიდან პირდაპირი რეისებით ხდება და ეს სქემა მათთან დიდი ხანია მუშაობს. კენკრის მწარმოებლებმა წელს მივიღეთ მონაწილეობა უკრაინაში ჩატარებულ ორ სხვადასხვა ფორუმში, საიდანაც ბევრი ჩვენთვის საჭირო და აუცილებელი კონტაქტი და ინფორმაცია წამოვიღეთ. მსგავსი აქტივობები წელსაც იგეგმება და ამ მხრივ დახმარებას დონორი ორგანიზაციაც გვპირდება.
USAID -ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამამ ცოტა ხნის წინ დარგობრივი ასოციაციების ხელშემწყობი პროგრამა გამოაცხადა, რაც ასევე შანსია ჩვენი გაძლიერებისათვის და უნდა გამოვიყენოთ. მწარმოებლები ვთანხმდებით, რომ უპირველესი ამოცანა არის კვალიფიციური აგრონომების მომზადება და მწარმოებლების ტრენინგი, რათა გარანტირებულად ხარისხიანი პროდუქტი ვაწარმოოთ და პარალელურად, შევძლოთ დანახარჯების, თვითღირებულების შემცირება. ამის შემდგომ უნდა მოხდეს შენახვის, ტრანსპორტირების საკითხების დამუშავება, უცხოური ტექნოლოგიების ახლოს გაცნობა და ჩვენთან დანერგვა და შემდგომ, რეალიზატორებთან გასვლა. ღირებულებათა ჯაჭვში შემავალი ყველა ეტაპი თუ არ დავხვეწეთ, საექსპორტო ბაზარზე ვერ გავალთ. ეს, რაც აუცილებლად გამოიწვევს ფერმერთა მოტივაციის დაკარგვას, რიგ შემთხვევებში მათ გაკოტრებას და თითოეულ ჩვენგანზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, აუცილებელია მწარმოებლების, დონორების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა.
კარგი იქნებოდა, ამ პრობლემების მოგვარებაში გვერდით გვედგეს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი. მათ მიერ პარალელურად ხდებოდეს ჯიშების შესწავლა, დაავადებებზე დაკვირვება და ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიცემა. ისინი პარალელურად უნდა იძიებდნენ კენკრის გაციების, შენახვის, სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის უცხოურ ტექნოლოგიებს და შემდგომ ფერმერებს გვიზიარებდეს. ჩვენ საწარმოებს ეს ცოდნა და კვალიფიკაცია თუ არ ექნებათ და პროცესი დილეტანტურ დონეზე წარიმართა, ჩიხში აღმოვჩნდებით.
როცა ჩვენი პრობლემების შესახებ საუბარს ვიწყებთ, რიგი ჩინოვნიკებისაგან ვიღებთ პასუხად, რომ ღირებულებათა ჯაჭვის აწყობა და ბიზნესის მართვა, ჩვენი პასუხისმგებლობაა და სახელმწიფოსთან ამ მხრივ, პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. რეალურად, კენკრის მწარმოებლებს, საკითხი ასე არასდროს დაგვისვამს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. არასდროს გვქონია მოლოდინი, რომ ჩვენ მხოლოდ მოსავლის მოყვანაზე უნდა ვიზრუნოთ და მოვა მერე სახელმწიფო და რეალიზაციის პრობლემას გადაწყვეტს. კენკრის წარმოებამ რომ ფართო მასშტაბები მიიღო, ზუსტადაც რომ სახელმწიფო პროგრამების დამსახურებაა. ამის ინიციატორი და აგიტატორი სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო და არავინ უკარგავს. დღესაც რომ გრძელდება საწარმოების, სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსების პროგრამები - არც ამას. მაგრამ ვსვამ კითხვას: არსებობს სახელმწიფო დონეზე რაიმე კვლევა, კენკრის განვითარების სტრატეგია? საჭიროა თუ არა ერთობლივად ამაზე მუშაობა? ვინმეს დათვლილი აქვს, სად რა ჯიშის კენკრა უნდა გაშენდეს და რამდენ ჰექტარზეა მიზანშეწონილი? მოსავლის მიღების შემდგომ, მის მომსახურებას რამდენი გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობა სჭირდება? შეიძლება ვცდები, მაგრამ შესაძლოა ხვალ აღმოვაჩინოთ, რომ ამდენი საწარმო და სამაცივრე მეურნეობა არ ყოფილა საჭირო და ზოგი გაჩერდეს და გაკოტრდეს. სხვა ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მათი კვლევითი ცენტრები პოტენციურად მომგებიან კენკრის საადრეო და საგვიანო ჯიშების გამოყვანაზე მუშაობენ. ხოლო სახელმწიფო შეიმუშავებს რეგულაციებს, რათა არ მოხდეს ნებისმიერი სახის დაავადებული თუ არასერთიფიცირებული ნერგის შემოტანა და გაშენება.
ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში გამართული უნდა იყოს მელიორაციის სისტემები, მინიმუმ იქ, სადაც არხები უკვე არსებობს. ეკონომიკის სამინისტრო ჩვენთან ერთად უნდა მუშაობდეს პოტენციურ ბაზრებზე და საამისოდ უცხოეთში ჩვენი საელჩოების რესურსს უნდა იყენებდეს. მთელი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს კვალიფიციური აგრონომების, ტექნოლოგების მომზადებაზე. ამდენი ბაღის მოვლას, აშენებულ საწარმოს თუ სამაცივრე მეურნეობას, შესაბამისი რაოდენობის და კვალიფიკაციის კადრი სჭირდება და რაც შეიძლება მოკლე დროში. წყალში ჩაიყრება დონორთა თანხები და ჩვენი ინვესტიციებიც, თუ ისინი არ გვეყოლება. პირადად ჩემი პოზიციაა, პირველ რიგში, თანხები განათლებაზე და სპეციალისტების მოწვევაზე, ადგილობრივების მომზადებაზე, მათ უცხოეთში მივლინებებზე უნდა იყოს მიმართული. თანადაფინანსების პროექტები კი მას შემდეგ გაგრძელდეს, როცა მზად ვიქნებით. კენკრის ბიზნესი, რომელიც საქართველოში, სრულიად ახალი დარგია, ფერმერის დონეზე ვერ გაიმართება და იმედი მაქვს, ასე მარტო ჩვენ არ ვფიქრობთ.
კენკრის ბიზნესს ერთი საინტერესო სპეციფიკა აქვს: მწარმოებლები კონკურენტები კი არა, კომპანიონები არიან. ერთმანეთის გარეშე ვერ ქმნი რაოდენობას, ვერ აკმაყოფილებ მოთხოვნას, ამიტომ იძულებული ხარ, საკუთართან ერთად სხვა მწარმოებლების პროდუქციის ხარისხიც აკონტროლო, მზად იყო მათთან თანამშრომლობისთვის და კოოპერირებისთვის. წელს ამისი გამოცდილება უკვე მივიღეთ და ეს იმედს მაძლევს, მომავალი წლის გამოწვევებსაც ერთობლივად გავუმკლავდებით.
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.