კლასტერები კოვიდ 19-ის პირობებში - ლიეტუვას გამოცდილება
(ნაწილი მეორე)
ბიზნესი საერთაშორისო მასშტაბით უზარმაზარ ზარალს ითვლის, რაც მას COVID-19 ეპიდემიის შედეგად გამოცხადებული შეზღუდვებმა მიაყენა. კრიზისმა ლიეტუვას ბიზნეს სექტორი აზარალა, როგორც დიდი, ასევე, საშუალო და მცირე საწარმოები. ამასთან, კარანტინის შექმნილ ვითარებაში კარგად გამოჩნდა ბიზნეს კლასტერების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, შესაბამისი ინფორმაციის სწრაფი გაცვლის თვალსაზრისით.
კერძოდ, კრიზისის პირობებში ბიზნეს კლასტერებმა მოკლე დროში შეძლეს ინფორმაციის მოპოვება წევრი კომპანიების მდგომარეობის შესახებ, ის დაუყოვნებლივ ხელისუფლებას მიაწოდეს, რის საფუძველზეც შემდეგ იღებენ კონკრეტული სექტორისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს. კლასტერული ქსელის მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ კოორდინირებულად და დროულად მოახდინოს რეაგირება მიმდინარე გამოწვევებზე და მიღებული გადაწყვეტილებები კლასტერში გაერთიანებულ კომპანიებში სწრაფადვე გაავრცელოს.
ვილნიუსის კინოკლასტერის კოორდინატორი რომანას მატულისი, რომელიც არა მხოლოდ კლასტერის, არამედ მთელი ქვეყნის აუდიოვიზუალური ინდუსტრიის ინტერესებს წარმოადგენს, ამბობს, რომ კლასტერის წარმომადგენლები მონაწილეობენ სხვადასხვა სამინისტროების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში, აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას კლასტერში შემავალი კომპანიებისთვის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენის შესახებ. კლასტერები წევრ კომპანიებს, იურისტების დახმარებით, აძლევენ რჩევებს თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე შენარჩუნების, კომპანიების ლიკვიდურობის უზრუნველყოფისა და კონტრაქტების შესრულების შესახებ. აგრეთვე, ფინანსისტებისგან იღებენ ონლაინ კონსულტაციას. ეს ყველაფერი გამოწვევების სწორად მართვას ისახავს მიზნად.
კითხვაზე, თუ რამდენად მზად იყვნენ კლასტერის წევრები კრიზისისთვის, კლასტერის ყველა კოორდინატორი ერთი და იგივე პასუხს სცემს: კრიზისის ასეთი სისწრაფით გავრცელებას ვერავინ წარმოიდგენდა. ძირითადი პრობლემა ყველა კომპანიაში იდენტურია: ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის საკითხები, გადამდები დაავადებების თავიდან აცილება. უფრო მეტიც, ზოგიერთ კომპანია ასევე დაზარალდა რუსული რუბლის ან დიდი ბრიტანეთის ფუნტის კურსის შემცირებამ, აგრეთვე, ნავთობის ფასის ვარდნამ.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვაში ეკონომიკური პრობლემების ნიშნები წლის დასაწყისშივე გამოჩნდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ პანდემია შეიძლებოდა ასე სწრაფად განვითარებულიყო და ბიზნესისთვის ასეთი ზიანი მიეყენებინა. მათი შეფასებით, რაც უფრო პატარა კომპანიაა, მით უფრო დაუცველია იგი არსებულ ვითარებაში. მთავარი კითხვა მათთვის ის არის, როგორ შეინარჩუნონ თანამშრომლები კრიზისის პირობებში. ამ დროს საწარმოები ცდილობენ, ნაკლებად მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღონ: თანამშრომლებს შვებულებას სთავაზობენ, აგრეთვე, ზოგიერთ თანამშრომელს მისცეს შვებულება ბავშვების მოვლისთვის. თუმცა, ზოგიერთ კომპანიაში მუშაობის შეჩერება გარდაუვალი გახდა.
ლიეტუვაში პანდემიამ სამომხმარებლო საქონლის მწარმოებლებს შორის, ყველაზე მეტი გავლენა კვების სექტორზე მოახდინა. „პირველი შთაბეჭდილება, რომ თითქოს კვების სექტორს ყველაზე ნაკლები პრობლემა აქვს, არაზუსტია”, - ამბობს SMART FOOD კლასტერის კოორდინატორი,- ჩვეულებრივ, კრიზისის დროს ძირითადი პროდუქტების კალათა ყველაზე მოთხოვნადია, მაგრამ სხვა პროდუქტებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. უცხოური ბაზრების შეკვეთები უქმდება და ონლაინ კომერცია შეჩერებულია, რადგან მომწოდებლები ბაზარზე ასეთი მკვეთრი ცვლილებისთვის მზად არ იყვნენ”.
პანდემიის გამო კვების სექტორში მსხვილ საწარმოებს ნაკლები ზარალი მიადგათ, რადგან მომხმარებლები ამჟამად უფრო მეტ პროდუქტს ყიდულობენ. მსხვილი საწარმოები ნაკლებად დაზარალდნენ, ვიდრე მცირე და საშუალო მწარმოებლები. მსხვილი კომპანიები ძირითადად უწყვეტი მომარაგების რისკი შეექმნა, ხოლო მცირე ბიზნესი თითქმის შეჩერებულია. ამ ეტაპზე მათ წარმოებაზე მოთხოვნილება არ არის. შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი ალტერნატიული გზა მათთვის ელექტრონული კომერციაა, მაგრამ ამ სფეროში გამოცდილების ნაკლებობა მაინც არსებობს.
რთული მდგომარეობაა აუდიოვიზუალური ინდუსტრიაში. როდესაც ლიეტუვაში საკარანტინო შეზღუდვები დაიწყო, კინო დარბაზები დაიხურა, გაუქმდა ყველა ღონისძიება, კინო და სარეკლამო შეკვეთები შეწყდა, შეჩერდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გადაღებები. ამან ვილნიუსის კინოკლასტერზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. კლასტერის წევრთა უმეტესობამ შემოსავლის 80-100% დაკარგა. "სექტორის მასშტაბით სიტუაცია კატასტროფულია,-ამბობს რომანას მატულისი, ვილნიუსის კინემატოგრაფიის კოორდინატორი,- კლასტერის წევრებმა ამ პერიოდისთვის უკვე 6 მილიონი ევროს ზარალი განიცადეს. ვფიქრობთ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, 2019 წელთან შედარებით, სექტორის შემოსავალი 50%–ით შემცირდება. შეუძლებელია ეს ინდუსტრია სახელმწიფო დახმარების გარეშე გადარჩეს".
ლიეტუვას პლასტმასის კლასტერში ამბობენ, რომ წევრი კომპანიების უმეტესობა ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს, თუმცა, ყველაფერი ისეთი ტემპით იცვლება, რომ ძნელია პროგნოზირება, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში ან თვეებში. კლასტერში ვარაუდობენ, რომ შეკვეთების შემცირება მოუწევთ, ამიტომ კომპანიები იძულებულები იქნებიან არა მხოლოდ წარმოება, არამედ სამუშაო საათებიც შეამცირონ ან მუშაობა საერთოდ შეაჩერონ. ადმინისტრაცია დისტანციურად მუშაობს, პერსონალი მინიმუმ 1-2 მეტრის დაშორებით მუშაობს, მაგრამ ქარხანაში დეზინფექციის მიუხედავად, რისკი კვლავ მაღალია.
ლიეტუვას სტომატოლოგიური ინოვაციების კლასტერის კოორდინატორი რენატა ჯილიენე ამბობს, რომ შეზღუდვებმა დაღი დაასვა ყველაფერს: წარმოებას, მარკეტინგსა და მკურნალობას. იმავდროულად, ზოგიერთმა სამეცნიერო კომპანიამ, COVID 19-ის აფეთქების შემდეგ, დაუყოვნებლივ მოარგო თავისი ბიზნეს მოდელი მოსალოდნელ გამოწვევებს. მაგალითად, მოთხოვნა გაიზარდა სს "Satimed"-ის პროდუქტებზე, რომლის საქმიანობა უკავშირდება ბიოტექნოლოგიისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების დანერგვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.
შექმნილი სიტუაციის საპასუხოდ, ლიეტუვაში კლასტერები ეძებენ გზებს, რათა დაეხმაროს მათ წევრებს ბიზნესის გადარჩენაში, გაატარონ სოციალური ინიციატივები. ამჟამად ლიეტუვაში მოქმედი კლასტერების უმეტესობა თანამშრომლობს ევროპულ კლასტერულ ალიანსთან და ცვლის ინფორმაციას უცხოელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. მეწარმეებმა დიდი ხანია იციან, რომ კლასტერში კრიტიკულ მასას აქვს მნიშვნელობა: კლასტერში რაც უფრო მეტი კომპანიაა, პროდუქტიულობა უფრო მაღალია და ინოვაციების მიღწევის მეტი შანსი არსებობს. ლიეტუვაში კლასტერები ამჟამად აქტიურად ცდილობენ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ მოიპოვონ ისეთი საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც მოქმედებს მთელ ევროპაში და კლასტერის კომპეტენციის აღიარებას ადასტურებს. სერთიფიცირება მათ მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ საერთაშორისო ქსელებში, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ, რაც საერთაშორისო მასშტაბით ახალი წევრების ჩართვის შანსსაც გაზრდის.
ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადგენილი, თუ რა ზიანი მიაყენა პანდემიამ ლიეტუვას ეკონომიკას. თუმცა, ანალიტიკოსები დანამდვილებით ამბობენ, რომ მოხდება შიდა და საგარეო მოთხოვნის მკვეთრად შემცირდება, ამიტომ მშპ–მ შეიძლება 10%-ით დაიკლოს. ხოლო თუ შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ამ შემთხვევაში, მშპ 8,1%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ქვეყნის მთავრობა აქტიურად ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და კორონავირუსის პირველი ტალღის შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნას.
კრიზისის დასაწყისში, ლიეტუვას ეკონომიკა ჯანსაღ მდგომარეობაში იყო. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, 2019 წელს ლიეტუვამ შესანიშნავად გაუძლო გლობალური ეკონომიკის შენელებას: მშპ გაიზარდა 3,9%-ით, იმ დროს, როცა ევროკავშირში მხოლოდ 1,5%-იანი ზრდა იყო. ლიეტუვა ევროკავშირის იმ სამ ქვეყნას შორის იყო, სადაც 2019 წელს მშპ–ის უფრო სწრაფი ზრდა დაფიქსირდა, ვიდრე 2018 წელს. COVID-19– ის დაწყებამდე, ზედიზედ სამი წელი, ლიეტუვას ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფად იზრდებოდა. ასეთი ზრდა გამოწვეული იყო სისტემური ცვლილებით, რასაც ლიეტუვას ეკონომიკის "გერმანიზაციას" უწოდებენ, რაც ნიშნავს ქვეყნის გარდაქმნას "მიგრანტი დონორიდან" "მიგრანტის მაგნიტად" ინვესტიციების მოზიდვის და მაღალი ღირებულების ექსპორტის სწრაფი ზრდის გამო. ასევე, სავაჭრო სექტორში მზარდი კონკურენციისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გამო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტრუქტურული ცვლილებების გამო, რაც ეკონომიკაში მოხდა, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასრულებისთანავე, ლიეტუვას ეკონომიკური ზრდა შეიძლება 4,6%-მდე დაჩქარდეს. არსებობს ორი მასშტაბური სახელმწიფო პროექტი, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც მოხმარების, ისე ვაჭრობის ზრდას. ერთი არის ეკონომიკური სტრიმულირების სტრატეგიული გეგმა, 2,5 მილიარდი ევროს მოცულობით,რომლის განხორციელება წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. თანხა მოხმარდება ინოვაციებისა და კვლევების ჩატარებას, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კლიმატის ცვლილებებსა და ენერგეტიკას, კერძოდ, განახლებადი ენერგიის გამოყენების სტიმულირებას(მაგალითად, წყალბადის გამოყენება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ენერგიის შესანახად). მეორე არის რეგიონალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტი Rail Baltica (ბალტიის ქვეყნების ინტეგრირება ევროპულ სარკინიგზო ქსელში 870 კმ-იანი სარკინიგზო ხაზით). ამ პროექტმა აქტუალობა COVID პანდემიის დროს შეიძინა. პროექტი ითვალისწინებს რიგასა და ტალინში საერთაშორისო სარკინიგზო ტერმინალების მშენებლობას და მაგისტრალური ხაზის მშენებლობის გაგრძელებას კაუნასიდან ლატვიის სახელმწიფო საზღვრამდე. მშენებლობა 2022 წელს დაიწყება. ამ პროექტს ნაწილობრივ უკავშირდება ქვეყანაში 5G ქსელის განთავსებაც.
პროექტის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ პროექტი გამოიწვევს მშპ-ს ზრდას, რაც ხელს შეუწყობს COVID-19- ის უარყოფითი გავლენის შემცირებას ეკონომიკაზე. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპტიმისტური პროგნოზი დიდწილად დაფუძნებულია სახელმწიფო საინვესტიციო გეგმებზე, რაც ზრდის ლიტვის ეკონომიკის მდგრადობას.
საერთაშორისო პროექტები ქართული კლასტერებისთვის
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლიეტუვაში არსებული კლასტერები აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის კლასტერულ ქსელებთან, მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში და მუშაობენ საკუთარ კლასტერში უცხოური კომპანიების მოზიდვისთვის. ამ თანამშრომლობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიის პირობებში შეიძინა. შესაბამისად, საინტერესო იქნება ის საერთაშორისო პროექტები, რომელში მონაწილეობის მიღება ქართული კლასტერებისთვის არის შესაძლებელი.
ეს პროექტებია:
uropean business research area (EBRA)
EBRA არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის მიზანია ტვინის კვლევასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინიციატივების მხარდაჭერა. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა უკვე არსებული და ახალი კლასტერებისთვის, რომლებიც აქტიურად ეწევიან კვლევით საქმიანობას. გარკვეული პერიოდულობით EBRA იღებს განაცხადებს კლასტერებისგან, რომლებიც მუშაობენ კლინიკური კვლევების მიმართულებით, გამარჯვებულ კლასტერებს კი სთავაზობს როგორც ფინანსურ, ასევე, სხვა სახის მხარდაჭერას მათი პროექტის განსახორციელებლად. ამ ეტაპისთვის EBRA-ს აქვს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი კლასტერებისთვის და განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 1-ლი იანვარია.
დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
The European Cluster Conference 2020
2020 წლის 10- 11 ნოემბერს, ევროპული კომისია კლასტერის მენეჯერებს, პოლიტიკის გამტარებლებს და სხვა დაკავშირებულ მხარეებს იწვევს ევროპული კლასტერების რიგით მე-7 კონფერენციაზე. დაინტერესებული კლასტერებისთვის ეს არის უნიკალური პლატფორმა კლასტერების პოლიტიკასთან დაკავშირებული არსებული და სამომავლო პრიორიტეტების განსახილველად, რეგიონალური თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად და კლასტერების სისტემაში ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხა მონაწილეებს შორის კავშირების დასამყარებლად. ევროპული კლასტერების კონფერენციის დასრულების შემდეგ, 11 და 12 ნოემბერს ჩატარდება დამატებითი ღონისძიება, სადაც კონფერენციის მონაწილეებს, წინასწარ ორგანიზებულ შეხვედრებზე, ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალება მიეცემათ, რაც შესაძლოა, წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდეს.
დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს
European Research and Innovation Days
ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღე არის ევროპული კომისიის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება, სადაც თავს იყრიან მკვლევარები, მეწარმეები და რიგითი მოქალაქეები, რათა იმსჯელონ და ისაუბრონ კვლევებისა და ინოვაციების მომავალზე ევროპასა და სხვა ქვეყნებში. ამ ღონისძიების მთავარი მიზანი არის კონტაქტების დამყარება ინდუსტრიის ექსპერტებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და რიგით მოქალაქეებს შორის, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, წლევანდელი ღონისძიება ონლაინ ფორმატით ჩატარდება. ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღე დაინტერესებულ პირებს 22 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს
The Brussels Economic Forum
ბრიუსელის ეკონომიკური ფორუმი არის ევროპული კომისიის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება. გასული 20 წლის მანძილზე, ფორუმმა შეძლო წინ წამოეწია ახალი პერსპექტივები და ხელი შეუწყო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ეკონომიკური გამოწვევების გარეშემო დებატების დაწყებას. ფორუმის მე-20, საიუბილეო ღონისძიება უკვე ჩატარდა 8 სექტემბერს, თუმცა, დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ სიახლეებს და დარეგისტრირდნენ 2021 წლისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.