რას ვერჩი ქართულ სადღეგრძელოებს
ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.
ჩემი მოკლე ჭკუით, ყველა ეს ქართული სადღეგრძელო ერთი საშინელებაა, მაგრამ განსაკუთრებით გამაღიზიანებელი „საქართველოს გაუმარჯოს” და ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი) სადღეგრძელოები იყო.რას ვერჩი ამ ორ სადღეგრძელოს ან ამ პატიოსან ახალგაზრდებს
"საქართველოს გაუმარჯოს"
ამ სადღეგრძელოს ძირითადად ის ადამიანები ამბობდნენ (ბევრ მათგანს ვიცნობდი), ვისაც ამ ქვეყნის გამარჯვება და დიდხანს არსებობა საკუთარი მონაწილეობის გარეშე უნდოდა (ძლევაი საკვირველი). ცხადია, ეს ქვეყანა თავისი მოქალაქეების უმრავლესობის მონაწილეობის გარეშე ვერ გაიმარჯვებს და ეს ძლევაი საკვირველი არ მოხდება. ის ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნის გამარჯვება და დიდხანს არსებობა საკუთარი მონაწილეობის გარეშე უნდა, უმრავლესობაში არიან.
თუ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი მონაწილეობის გარეშე უნდა ქვეყნის გამარჯვება, სტატისტიკურად გაცილებით უფრო სავარაუდოა, რომ რომელიმე სუფრაზე უმეტესად ესეთი ხალხი მოხვდება (შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ გუშინ იმ სუფრაზე ამ ახალგაზრდებს ამ ქვეყნის გამარჯვება და დიდხანს არსებობა საკუთარი მონაწილეობის გარეშე უნდოდათ უფრო მაღალია ვიდრე იმის, რომ არ უნდოდათ). სხვათაშორის, „საქართველოს გაუმარჯოს” სადღეგრძელოს კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის ფუნქციონერებიც სვამდნენ. იმას კი არ ამბობდნენ საბჭოთა საქართველოს გაუმარჯოსო, ამბობდნენ საქართველოს გაუმარჯოსო და იმათ, რომ ამ ქვეყნის გამარჯვება არ უნდოდათ ხო ცხადია. ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ისინი სვამდნენ ამიტომ არავინ უნდა დალიოს. ეს ნიშნავს, რომ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ რას ვაკეთებთ ან რის გასაკეთებლად ვართ მზად, რომ ამ ქვეყანამ გაუმარჯვოს.
„საქართველოს გაუმარჯოს” სადღეგრძელოს მოსდევს ხოლმე სიყვარულის ახსნა, თუ როგორ გვიყვარს ეს ქვეყანა. სიყვარული, მათ შორის სამშობლოს სიყვარული, ინტიმური გრძნობაა და ხმამაღლა გამოცხადებისთანავე რაღაც სიყალბის ელფერს იძენს: საქართველო უამრავი მდგენელისგან შედგება. მე, მაგალითად, მიყვარს ქართული ენა და ყველა გზით ვცდილობ დავიცვა ეს ენა ბარბარიზმების არგამოყენებით და ამ ბარბარიზმების ჩამონათვალის შედგენით და გავრცელებით (ვიცი, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, ბარბარიზმები მსოფლიოს ამ ერთ უნიკალურ ენას 2-3 საუკუნეში ბოლოს მოუღებს). ძალიან მიყვარს ქართული მწერლობა და ამ ქვეყნის მატერიალური კულტურა და ვცდილობ როგორც ერთის, ისე მეორის პოპულარიზებას ამ ქვეყნის გარეთ. ძალიან მიყვარს ამ ქვეყნის ბუნება და ამ ბუნების ძეგლები და ვცდილობ როცა შემიძლია ყოველთვის ნაგვისგან გავწმინდო, თუნდაც ეს ნიშნავდეს საკუთარი თავის და სხვების იძულებას ტომრებით ვათრიოთ ნაგავი.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში არ მიყვარს უამრავი რამ და ამის გამო ამ ქვეყნის მიმართ, როგორც ინგლისურში ამბობენ, სიყვარულ-სიძულვილის დამოკიდებულება მაქვს. ეს ამბივალენტურობა და წინააღმდეგობრიობა არის ის, რის გამოც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქვეყანა მთლიანობაში მიყვარს. თუმცა იმის გამო, რაც ამ ქვეყანაში მიყვარს, უკვე წლებია ფსიქოლოგიურად ვამზადებ თავს ტყეში პარტიზანული ბრძოლისთვის, თუ რუსეთი ამ ქვეყანაში განმეორებით შემოიჭრება; ვიხდი, მაგალითად, არარეზიდენტისგან მიღებულ ანაზღურებაზე საშემოსავლო გადასახადს, რაც შენ უნდა დაბეგრო და თუ არ დარეგისტრირდები და არ დაბეგრავ, ვერც ვერავინ გაიგებს, რადგან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამას არ ამოწმებს. თუ ჩემს კუთვნილ ბინას ოდესმე გავაქირავებ, საშემოსავლოს აუცილებლად გადავიხდი. სამას ლარზე მეტი ღირებულების ონლაინ ნაყიდი ნივთის უფრო ნაკლებად ფასად ჩვენება არასდროს მიფიქრია და ყოველთვის სიხარულით ვიხდი დღგ-ს. ეს არის ჩემი მონაწილეობა.
რასაკვირველია, მიუხედავად ამ სიყვარულ-სიძულვილის დამოკიდებულებისა, ამ ქვეყნის გამარჯვება და დიდხანს არსებობა ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, მაგრამ არა მხოლოდ მინდა, ამაში ვმონაწილეობ კიდეც. საქართველოს ამ სადღეგრძელოს, როგორც ვთქვი, თითქმის ყოველთვის (გუშინდელი სუფრა უიშვიათესი გამონაკლისი იყო), მოჰყვება ხოლმე საქართველოს სიყვარულის ახსნები, ანუ თუ ეს სადღეგრძელო თქვი, შენც ავტომატურად მიეთვლები ამ ქვეყანაზე გაგიჟებით შეყვარებულთა რიცხვს. მე არ მინდა ვინმემ მაიძულოს ვთქვა ის, რომ მიყვარს ეს ქვეყანა, მაშინ როცა არ მიყვარს, ან მაინცდამაინც მე არ მაიძულოს, მაგრამ ამ სადღეგრძელოს მიუღებლობის გამო იძულებული ვიყო სხვებსაც დისკომფორტი შევუქმნა ჩემი დამოკიდებულების გამოხატვით.
სანამ ქართულ სუფრებზე დავდიოდი „საქართველოს გაუმარჯოს” სადღეგრძელოს ჩანაცვლებას ყოველთვის ვცდილობდი „ჩვენ ჩვენი წილი ვაკეთოთ” და „პასუხისმგებლობის გამოჩენის” შინაარსის სადღეგრძელოებით, მერე მივხვდი, რომ ამ სუფრების სიყალბეს და თვალთმაქცობას იმდენად ვეღარ ვიტანდი, იქ გაჩერება უბრალოდ აღარ შემეძლო.
„ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს” (როცა იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი)
გუშინ ამ მოლაშქრეებს სუფრაზე თამადამ, რომელიც საკუთარ თავს თამადას არ ეძახდა, გვითხრა, რომ ჩვენ, ამ მოლაშქრეებს, რომელთა უმეტესობაც იმ დღეს პირველად შევხვდით, ერთმანეთი გვიყვარს.
ჩემი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედი არის ის, რომ ადამიანები ძირითადად კარგები არიან და ცხოვრებაზე და ადამიანებზე გაბოროტებულ ადამიანებად მეჩვენებიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ადამიანები ძირითადად ცუდები არიან. შესაბამისად, საზოგადოდ, ადამიანები მიყვარს და ვენდობი და მჯერა მათი (თუ გინდათ დაარქვით ამას მოყვასის სიყვარული, თუ არა და რაც გინდათ). ძალიან არ მინდა ადამიანების ეს რწმენა ოდესმე შემერყეს და ვიქცე განხიბლულ ადამიანად (disillusioned ასე მოვთარგმნე), რადგან თუ ასე განვიხიბლე, მეეჭვება საკუთარ თავთან კონფლიქტს მოვერიო.
მიუხედავად ამისა, როცა კონკრეტულ ადამიანს დამიყენებ წინ და მე მეტყვი, ეს ადამიანი შენ გიყვარსო, მე ვერ გეტყვი, რომ მიყვარს. შეიძლება ეს ადამიანი მომწონდეს, დადებითი განწყობა მქონდეს, რაღაც თბილმა გრძნობებმა ამამოძრაოს მის მიმართ, მაგრამ როცა კონკრეტულ ადამიანს დამიყენებ, რომელსაც ვხედავ, რომლისაც მესმის, რომელსაც ვგრძნობ, გეტყვი, რომ ამ ადამიანის შესაყვარებლად დრო დამჭირდება, თუ საერთოდ შემიყვარდა. თუ სადღერძელოთი იმის თქმას მაიძულებ, რომ ყველა თანამოსუფრე მიყვარს, ან, როგორც ვთქვი, არ მაიძულებ, მაგრამ ყველა სვამს ამ სადღეგრძელოს და თუნდაც არ სვამდე, იგულისხმება, რომ უერთდები, პროტესტის გრძნობა მიჩნდება იმის გამო, რომ რაღაცას პირდაპირ ან ირიბად მაიძულებ.
აქ კორდელია გამახსენდა „მეფე ლირიდან”: მამას რომ უბრალოდ და მოკლედ უთხრა მიყვარხარო, მაშინ როცა მისმა ორმა დამ მამას, მეფე ლირს ქების და სიყვარულის ჰიმნები უძღვნეს და სამეფოს მოზრდილი ნაწილებიც მიიღეს ამ სიყალბის სანაცვლოდ, კორდელიამ კი თავისი გულწრფელობის და რეფლექსიით ნაკარნახევი პასუხის სანაცვლოდ ვერც ვერაფერი მიიღო. „მეფე ლირის” მოქმედება ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხდება. მართალია, პიესაში მოქმედება მთლიანად წარმოსახვითია და ისტორიულ ფაქტებს არ ეფუძნება, მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ მამისთვის ნათქვამი კორდელიას „მიყვარხარ”, არის სუფრაზე ახლადგაცნობილისთვის ნათქვამი „სავარაუდოდ მომწონხარ, მაგრამ (ჯერ) არ მიყვარხარ და ნუ მაიძულებთ ირიბად ან პირდაპირ ვთქვა ის, რასაც არ ვგრძნობ და არ ვფიქრობ”.
თუ სადღეგრძელოს დანიშნულება ის არის, რომ, როგორც სხვა ერები სვამენ სასმელს უსიტყვოდ, ქართველები ვერ დალევენ, რატომ არ შეიძლება, მაგალითად, პასუხისმგებლობის, მოხალისეობის, ან გადასახადების პატიოსნად გადამხდელების სადღეგრძელო დავლიოთ?! იმათი კი არა ვინც გადასახადს დაჭერის ან დაჯარიმების შიშით იხდის, არამედ იმათი, ვისაც სწამს გადასახადების გადახდის, იმის, რომ სხვანაირად ვერ იქნება მართალი საკუთარი სინდისის და სხვების წინაშე, რადგან გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ კითხვები რას ხმარდება შენი გადახდილი გადასახადი შეიძლება დასვა, მაგრამ თუ არ ეთანხმები იმას, რასაც ხმარდება, გადასახადი არ უნდა დამალო და თუ დამალავ სახელმწიფომ აუცილებლად და უპირობოდ უნდა გაგიშვას ციხეში (აბა მე რომ ვიხდი კოლექტიური მიზნების მიღწევისთვის გადასახადებს გიჟი ვარ?!). ვინმეს ოდესმე ამ ქვეყანაში რომელიმე ეს სადღეგრძელო თუ გსმენიათ?
სულ ვამბობ, რომ მძულს საკუთარი მორალისტური პათოსი და ძალიან არ მინდა ვინმემ სისხლმდინარე გულების (სოლ ბელოუს bleeding heart ასე მოვთარგმნე) კატეგორიას მიმაკუთვნოს, მაგრამ გუშინ ვიფიქრე, რომ ამ ქვეყანაში წარმოთქმული ამ უშინაარსო და ყალბი სადღეგრძელოების რაოდენობა კორელირებს ამ ქვეყნის განვითარებასთან. ამიტომ გუშინ ღამე, როცა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ამ საშინელი ტექსტების ხელახლა გაგონების გამო ვერ დავიძინე, ათას აბორიალებულ აზრთან ერთად ისეთი სისულელეც მომივიდა თავში, როგორიც, მაგალითად, საქსტატის მიერ ქვეყანაში წარმოთქმული სადღეგრძელოების რაოდენობის სტატისტიკის წარმოებაა. წლის მანძილზე დალეული სადღეგრძელოების რაოდენობას დამოუკიდებელ ცვლადად გამოვიყენებდი და დამოკიდებულ ცვლადად კიდევ მთლიან შიდა პროდუქტს ან რაიმე შედარებად საზომს, რომ ამ რეგრესიით დამენახა სად ვართ (მარტივად რომ ვთქვათ, მცირდება თუ იზრდება სადღეგრძელოების რაოდენობა და ამასთან ერთად იზრდება თუ მცირდება, ვთქვათ, მშპ).
მეორე პრობლემაა ამ სადღეგრძელოების მოსმენა. არ გიჩნდებათ კითხვა რატომ უნდა ვუსმენდეთ ამ აბსოლუტურ გულისამრევ სიყალბეს ასე მშვიდად. მაგალითად, გია ნოდია ამბობდა, სტალინის სადღეგრძელო რომ დაულევიათ, მეც რამდენჯერ ჩუმად ამიწევია ჭიქა მასპინძლები რომ არ გამენაწყენებინაო. გია ნოდიას ამ საქციელს ძალიან მიჭირს რამე დავარქვა. საქართველოს სიყვარულის ან რომელიმე ესეთ ცალყბა სადღეგრძელოს ამ არამზადა სტალინის სადღეგრძელოს ნამდვილად არ ვადარებ, მაგრამ როცა დასავლეთში განათლებამიღებული ეს ახალი თაობაც ამ ხმელ სიტყვებს ღეჭავს, გული მისკდება. არსად ევროპაში ან ამერიკაში არ მსმენია სუფრებზე და სხვა მსგავ შეკრებებზე ადამიანები ერთმანეთს ეუბნებოდნენ მიყვარხარო ან მითუმეტეს სიყვარულს ეფიცებოდნენ?! თქვენ თუ გსმენიათ იქნებ მითხრათ სად და როდის.
სადღეგრძელოს დანიშნულება, ჩემი მოკლე ჭკუით, არის უსურვო ვინმეს რაიმე კარგი ან ისურვო რაღაც კარგი, რაც გადამდები აღმოჩნდება სხვებისთვისაც და კარგის გაკეთებისკენ უბიძგებს ადამიანებს. მაგრამ სადღეგრძელოები იმ ტექსტებით, რა ტექსტებითაც ისმება ამ ქვეყანაში, სრულიად აუტანელია. რისკენ გვიბიძგებს შინაარსის და ყოველგვარი მოტივის და განზრახვისგან დაცლილი ამდენი სადღეგრძელო, გულისამრევი სიყალბის გარდა?! რატომ უნდა ვღეჭოთ და ვღეჭოთ და ვღეჭოთ ეს ხმელი სიტყვები გაუთავებლად?!
მე მგონია, რომ ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, ებრაელებმა, იაპონელებმა, გერმანელებმა და ზოგიერთმა სხვა ხალხმა მოიპოვა უფლება თქვან Long live America/Britain და ა.შ. ანუ ადღეგრძელონ საკუთარი ქვეყანა, რადგან ამ ხალხების უმრავლესობას საკუთარი ქვეყნის გამარჯვება და დიდხანს არსებობა საკუთარი მონაწილეობის გარეშე არ უნდა. მახსენდება როგორ მიყვებოდა ერთი ამერიკელი როგორ არ წავიდა ყოფილი თანამშრომლის წვეულებაზე, რომელიც ბიზნესში გადაბარგდა და სავარაუდოდ გადასახადებს მალავდა. იმ ამერიკელმა გააკეთა ის, რაც შეეძლო: თავისი საქციელით შეეცადა გაენაპირებინა გადასახადის დამმალველი. დიდი იმედი მაქვს, ჩვენთანაც ერთ დღეს ასე იქნება და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააცნობიერებს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე ეს ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს და დაფიქრდება საკუთარ როლზე. მანამდე საქართველოს ეს სადღეგრძელო კარგი იქნება უბრალოდ დავაპაუზოთ.
რაც შეეხება, „ჩვენი სიყვარულის, მეგობრობის და გაგების” ამბების სადღეგრძელოებს (სიტყვა „ამბავი” ამ სადღეგრძელოებში, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან მკლავდა), ესენი შეგვიძლია წარსულში სამუდამოდ დავტოვოთ ან არ დავტოვოთ და თან წავიღოთ მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ იქ მათი ადგილი არ იქნება. არჩევანი ჩვენზეა.
მიხეილ კუკავა