ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო" დაიწყო
ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო" დაიწყო.
პროგრამა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ეკონომიკური გუნდთან ერთად დღეს ტექნოლოგიურ პარკში წარუდგინა.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნესწინადადება აქვს და მისი განხორციელებისთვის საწყისი დაფინანსება სჭირდება.
პროგრამის პირობებია:
- „სტარტაპ საქართველოსგან" თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე;
- განმცხადებლის ფულადი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ფულადი ბიუჯეტის სულ მცირე 10%–ს.
- პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ყალიბდება ახალი ერთობლივი საწარმო (სტარტაპ კომპანია), რომლის თანადამფუძნებლებია პროგრამის ბენეფიციარი და „სტარტაპ საქართველო";
- ერთობლივ საწარმოში ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს სულ მცირე 50%–ს, საიდანაც სულ მცირე 10%–ი არის მისი ფულადი თანამონაწილეობა, ხოლო მინიმუმ 40% ეძლევა ბიზნესიდეის სანაცვლოდ. შესაბამისად, „სტარტაპ საქართველოს" წილობრივი მონაწილეობა შეადგენს მაქსიმუმ 50%–ს;
- ბენეფიციარს უფლება აქვს ჰქონდეს ერთობლივ საწარმოში 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილოება იმ შემთხვევაში, თუკი მისი ფულადი ან არაფულადი შენატანის ღირებულება აღემატება კომპანიის სადამფუძნებლო კაპიტალის 50%-ს;
- სტარტაპ საქართველო" რჩება ერთობლივ საწარმოში პარტნიორად არა უმეტეს 10 წლის ვადით. ბენეფიციარს ენიჭება „სტარტაპ საქართველოს" წილის კომფორტული პირობებით გამოსყიდვის უპირატესი უფლება.
მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეის შემთხვევაში:
- პროექტს შეაფასებენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები სილიკონ ველიდან (აშშ); საინვესტიციო დაფინანსება 100,000 ლარამდეა;
- ბენეფციარს არ მოითხოვება თანხობრივი თანამონაწილეობა;
- მისი წილობრივი მონაწილეობა კომპანიაში 95%-ს შეადგენს;
- წარმატებულ პროექტებს დამატებითი ინვესტიციების მოსაპოვებლად სილიკონ ველიში საერთაშორისო ინვესტორებს წარუდგენენ;
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, სამომავლოდ, ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
განაცხადების მიღება 2016 წლის 17 ივნისიდან, 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge.
პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა.