კოოპერატივი “დკ ქოლგა” შემოდგომაზე სალათის ფურცლის და ბროკოლის მოყვანას აპირებს
“დკ ქოლგა” სამეგრელოში არსებული კიდევ ერთი კოოპერატივია, რომელიც ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობდა. კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა სასათბურე მეურნეობა, კერძოდ კი მარწყვის წარმოებაა. კოოპერატივის წევრები სასათბურე მეურნეობით იქამდეც იყვნენ დაკავებული. სათბურებში მოჰყავდათ სხვადასხვა ბოსტნეული, ყვავილები და მწვანილები. მოგვიანებით კოოპერატივის წევრებმა შეისწავლეს მარწყვის სათბურში მოყვანის ტექნოლოგიები და გადაწყდა მისი მთლიან სათბურში მოყვანა. ამის შემდეგ კოოპერატივი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამაში ჩაერთო:
“2014 წლის დასაწყისში მივიღეთ დაბრუნებადი გრანტი 40 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარებში. სათბურები ჩვენი თანადაფინანსებით გავაშენეთ. გრანტის ფარგლებში კი პირველ რიგში შევიძინეთ ნერგები, ჩასარგავი ქოთნები და სტელაჟები, ასევე, საწვეთურები, მილები და ერთი სიტყვით, სათბურის მთლიანი შიდა აღჭურვილობა.”- ამბობს კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე, დავით კუჭუხიძე.
პროექტის ფარგლებში სათბურები 2500 კვ.მ-ზე გაშენდა ხოლო მოგვიანებით, დაემატა 1500 კვ. მ-მდე ახალი სათბურები. კოოპერატივის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ “დკ ქოლგა” ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია, გარდა ამისა, მეურნეობა მართალია გაიმართა, მაგრამ უამინდობამ და ფაროსანამ მნიშვნელოვნად შეამცირა მოსავლიანობა:
"სამეგრელოს რეგიონი ჭარბი ტენიანობით ხასიათდება, ასევე, მარტიდან აპრილამდე ამინდის მკვეთრმა ცვალებადობამ უარყოფითად იმოქმედა მოსავალზე. სათბურებში კლიმატ-კონტროლის სისტემა არ გვაქვს დამონტაჟებული და ევროსტანდარტებით არ არის მოწყობილი. თითო სათბურისთვის მინიმუმ 10 ათასი დოლარია საჭირო, ჯერჯერობით არ ვართ ისეთი ძლიერი ფერმერები, რომ ხუთივე სათბურის ევროსტანდარტებით გამართვა შევძლოთ” - ამბობს კოოპერატივის თავმჯდომარე.
გრანტის ფარგლებში კოოპერატივის წევრებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა საკითხებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, მარკეტინგი, მარწყვის მოყვანის ტექნოლოგიები, სურსათის უვნებლობა და სხვ.:
“სანამ ENPARD-ის პროგრამაში ჩავერთვებოდით ბევრი რამ არ ვიცოდით და მნიშვნელოვნად განვვითარდით და ჩამოვყალიბდით ბევრი მიმართულებით, რაც საჭიროა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის”- ამბობს დავით კუჭუხიძე.
კოოპერატივს მარწყვის მოყვანასთან დაკავშირებით სეზონურობის პრობლემა არ ჰქონია, რადგან გაშენდა რემოტატული ჯიშები. შემოდგომაზე იგეგმება ახალი ნერგების დარგვა, იმიტომ, რომ ძველი ნერგები უკვე ნაკლებ მოსავალს იძლევა, ხარისხიანი პროდუქტის მოსაყვანად კი ნერგები ყოველწლიურად უნდა შეიცვალოს. ახალი ნერგები ადგილზე გამოჰყავთ. ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში შესაძლებელია 10-12 ტონა მოსავლის მიღება. გარდა ამისა, შემოდგომაზე იგეგმება, სალათის ფოთლისა და ბროკოლის მოყვანაც:
“ზამთრის პერიოდში 2-ჯერ შეგვეძლება მოსავლის მიღება. გვაქვს ურთიერთობა სადისტრიბუციო ქსელებთან ბათუმსა და თბილისში. პროდუქცია მთლიანად ადგილობრივი ბაზრისთვის არის გამიზნული, ევროპის ბაზარზე ძალიან რთულია დღესდღეობით ლაპარაკი რადგან ჩვენ არ გვაქვს დიდი მოცულობები. ჩვენი მიზანია ჩავანაცვლოთ იმპორტი ადგილობრივი პროდუქტით, რადგან შეგვეძლება ბაზარი მოვამარაგოთ ოთხივე სეზონზე” - ამბობს კოოპერატივის თავმჯდომარე.
ახლო მომავალში კოოპერატივის თავმჯდომარე 15 ჰა-ზე ჟოლოსა და უეკლო მაყვლის გაშენებას გეგმავს, რომელიც უკვე ევროპის ბაზრისთვის იქნება გამიზნული. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით. იგეგმება პროგრამა “დანერგე მომავალში” ჩართვაც. “დკ ქოლგა” ახალი მიმართულების, მეფუტკრეობის განვითარებასაც აპირებს და უკვე მომავალი წლისთვის კოოპერატივის ბალანსზე 300 ოჯახი ფუტკარი იქნება.
ქეთი მელქაძე